განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/42-19 (N041141218004)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
13.02.2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი ზ---- ჭ---–-----ე
დაცვის მხარე
ბრალდებული გ------- კ-------–---–ი
მამის სახელი: გ-------
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: არმქონე
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
განათლება: საშუალო
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ი. პ------–ის ქ. N89
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
გ------- კ-------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 12 დეკემბერს, ღამის საათებში, ქალაქ ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის N23-ში განთავსებული, შპს „დეილის“ მაღაზიიდან, გ------- კ-------–---–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 1 ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს, სახელწოდებით ,,ცელსს“, რითაც შპს ,,დეილს“ მიადგა 21 ლარისა და 60 თეთრის ღირებულების ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2019 წლის 30 იანვარს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გ------- კ-------–---–ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს გ------- კ-------–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, გ------- კ-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, მოწმეთა: რ--------- გ--–--ის, გ--- ს---------ის, დ----- შ--–--------ის, თ------ი დ-----ის, თ------- ბ-----–--ის, ანა ქ------ს, ო----- ჭ--–--ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულ გ------- კ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალის დისკის დათვალიერების ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით; მოსამართლის განჩინებებით საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერად ცნობის შესახებ; ნასამართლობის ცნობით; განცხადებით; მიმართვის წერილებითა და შესაბამისი პასუხებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
გ------- კ-------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------- კ-------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: გ------- კ-------–---–მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული; ითანამშრომლა და ხელი შეუწყო გამოძიებას დანაშაულის სწრაფ გახსნაში; გ------- კ-------–---–ი არის 18 წლის, ის წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი ან/და შემჩნეული სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენაში; მოპარული ნივთის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი არ არის მნიშვნელოვანი დაზარალებულისათვის, თუმცა, ბრალდებულმა ნებაყოფლობით აანაზღაურა ეს ზიანი.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან, საზოგადოებრივი საშიშროებიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - ჯარიმის გამოყენებით, სამართლიანი ზომით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ სასჯელის უფრო მკაცრ სახეებთან შედარებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- კ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. მსჯავრდებულ გ------- კ-------–---–ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 500 (ხუთასი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
3.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალის დისკი და შპს ,,დეილის“ კუთვნილი, ქუთაისი, ბუხაიძის ქ. N23-ში მდებარე მაღაზიის ვიდეოჩანაწერები დისკზე - რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე