განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/553-18 (N041040618004)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
06.02.2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ------- ვ------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-----–- ქ-----–--ე
მამის სახელი: ა------ი
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, გ. ფ--------ის ქუჩა N12
ადვოკატი - ა---------– ქ-----–--ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ი-----–- ქ-----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 04 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე ქუთაისი, ფ--------ის ქუჩის N12-ში მდებარე სახლში ი-----–- ქ-----–--ეს მეუღლესთან, თ----- წ------–---–თან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოუვიდა შელაპარაკება, რა დროსაც მან მეუღლეს ხელი მოუჭირა მკლავის არეში და ასევე ხელი დაარტყა ბეჭის არეში. თ----- წ------–---–მა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
მოწმე ა-----–--- ბ------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, ის როგორც შემთხვევის დღეს ასევე ამჟამადაც მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 04 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რა დროსაც ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად ქ. ქუთაისში, ფ--------ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. შეტყობინების გადმოცემიდან მალევე იგი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ------- ო----თან ერთად სამსახურებრივი ავტომობილით გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, შეტყობინებაში დაფიქსირებულ მისამართზე. საცხოვრებელ სახლში შესვლისთანავე შენიშნა იატაკზე ფაიფურის ვაზის ვერცხლისფერი და თეთრი ნამსხვრევები. წინ შემოეგება ახალგაზრდა ქალბატონი, სახელად თ-----ი. იქ ასევე იმყოფებოდნენ ხანდაზმული ქალბატონი ე----- ქ-----–--ე, ი-----–- ქ-----–--ე და ჩვილი ბავშვი, რომელსაც ეძინა. ახალგაზრდა ქალბატონმა სახელად თ-----მა მათ განუმარტა, რომ მისმა მეუღლემ ი-----–- ქ-----–--ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მას შემდეგ რაც მას უარი უთხრა ლეპტოპის დალომბარდებაზე. ქალბატონს მარცხენა ფეხის კოჭზე ჰქონდა ღია დაზიანება სისხლმდენი ნაკაწრის სახით, რომელიც აჩვენა მასაც და გ------- ო----საც და განუმარტა, რომ მისმა მეუღლემ განაწყენების საფუძველზე ესროლა ვაზა, რის შედეგადაც მიიღო აღნიშნული დაზიანება. ასევე, მოუჭირა ხელი მკლავის არეში და დაარტყა ხელი ბეჭის არეში, რის გამოც იგი უჩიოდა ტკივილებს. დაზარალებულის დამაჯერებელი და თვალსაჩინო განმარტებების საფუძველზე მან და გ------- ო----მა მიიღეს ი-----–- ქ-----–--ის დაკავების გადაწყვეტილება. დაკავების გამო ი-----–- ქ-----–--ემ პოლიციელების თანდასწრებით მის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავებულს განუმარტეს მისი უფლებები. მას რაიმე წინააღმდეგობა არ გაუწევია, რის შედეგადაც გადაიყვანეს პოლიციის მ--- განყოფილებაში. აღნიშნულ მისამართზე საპატრულო პოლიცია მოვიდა მათ შემდეგ და მათ იქ ყოფნაში რაიმე მოქმედება არ განუხორციელებიათ. დაკავების ოქმი შეადგინა გ------- ო----მა, რასაც ისიც გაეცნო და მოაწერა ხელი, ვინაიდან კანონის დაცვით იყო შედგენილი. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ა-----–--- ბ------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია სრულად დაადასტურა მოწმე გ------- ო----მა სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებისას. (სასამართლო სხდომის ოქმი)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N1309721 04/06/2018 12:59 შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ,,105’’ საპატრულო ეკიპაჟიდან პატრულ-ინსპექტორმა დ. ა-–-----ემ აცნობა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების მორიგეს, რომ ქ. ქუთაისში, ფ--------ის ქ. N12-ში თ----- წ------–---–ს მეუღლემ ი-----–- ქ-----–--ემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, შედგება შემაკავებელი ორდერი. (ს.ფ.3).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 04 ივნისს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ზ---- ტ------ემ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი ქ. ქუთაისში, გ. ფ--------ის ქუჩის N12-ში განთავსებულ საცხოვრებელ ბინაში. ოქმის თანახმად ბინა მდებარეობს ფ--------ის ქუჩაზე გამავალ საავტომობილო გზიდან მარჯვენა მხარეს. ოქმის თანახმად, ე----- ქ-----–--ემ უარი განაცხადა მის საცხოვრებელ ბინაში შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარების შესახებ. ე----- ქ-----–--ეს განემარტა გადაუდებელი აუცილებლობით მის საცხოვრებლ ბინაში დათვალიერების ჩატარების შესახებ. მეორე სართულზე კორიდორში განთავსებულია ხის კომოდები, რომელთა გვერდითა შუა ადგილზე ტანსაცმლის საშრობი. აღნიშნულის ქვემოთ მიმოფანტულია თეთრი და ვერცხლისფერი ფერებში გადაწყვეტილი კერამიკული ვაზა, რომელიც დაილუქა კრიმინალისტიკური სამსახურის ერთ პაკეტში. კორიდორის პირდაპირ მდებარეობს მისაღები სასტუმრო ოთახი, სადაც განთავსებულია ხის ავეჯი, სკამები, პლაზმური ტელევიზორი. ე----- ქ-----–--ის განმარტებით კორიდორში დამსხვრეული ვაზა განთავსებული იყო სასტუმრო ოთახში კომოდზე. შემთხვევის ადგილი დასურათდა ექსპერტების მიერ. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის N11/გ-25 განჩინებით (ს.ფ. 23-28).
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში აღწერილი გარემოებები სრულად დაადასტურეს გამომძიებელმა ზ---- ტ------ემ და ექსპერტმა გ------ კ------მ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებისას. (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა CD დისკი, რა დროსაც შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებულ ფოტოსურათებზე ჩანს ერთ ადგილზე თავმოყრილი ვაზის ნამსხვრევები, რომელიც ნივთიერი მტკიცებულების სახით უშუალოდ იქნა წარმოდგენილი სასამართლო სხდომაზე გამჭვირვალე პაკეტში დალუქულ მდგომარეობაში.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი გ-- გ----------ე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა ბრალდების მხარემ არ წარმოადგინა მტკიცებულებად. ამასთან, სსსკ-ის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ის ვერ იქნება მიჩნეული დასაშვებ მტკიცებულებად.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 04 ივნისს გაცემული შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად ორდერის შედგენას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ თ----- წ------–---–ის და ე----- ქ-----–--ის ახსნა-განმარტებების თანახმად ი-----–- ქ-----–--ემ თ----- წ------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - აგინა, მოუჭირა ხელი მხრებში და დაუწყო რყევა, შემდეგ დაამსხვრია ვაზა და ესროლა, რაც მოხვდა ფეხზე და მიაყენა დაზიანება. შემაკავებელი ორდერის თანახმად ი-----–- ქ-----–--ეს აეკრძალა თ----- წ------–---–თან მიახლოვება. ( ს.ფ. 80-86).
დაზარალებულმა თ----- წ------–---–მა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (შესაბამისად ქმრის) წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ასევე კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე პირდაპირი მტკიცებულება ბრალდების დასადასტურებლად. ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ ი-----–- ქ-----–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე და სხვა წერილობით მტკიცებულებებზე, რომლებშიც ასახულია დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თუმცა, ამ ინფორმაციის პირველწყარომ სასამართლოს არ დაუდასტურა მათი ჭეშმარიტება.
კერძოდ, წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად პროკურორმა წარმოადგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმე - დაზარალებული და მანაც კანონიერი საფუძვლით განაცხადა უარი ჩვენების მიცემაზე.
ოჯახში ძალადობა:
სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.
საქმეზე დაკითხული მოწმეები: ზ---- ტ------ე, ა-----–--- ბ------ე, დ----- ნ-–-----ე და გ------- ო----ი არ არიან ძალადობის ფაქტის თვითმხილველნი, არამედ ისინი ავრცელებენ იმ პირებისგან მიღებულ ინფორმაციას, რომელთაც სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია. სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მათი ჩვენებები წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც არ იყო ირიბი სახის და რომლითაც დასტურდებოდა წარმოდგენილი ჩვენებები.
უფრო მეტიც, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არა მხოლოდ ი-----–- ქ-----–--ის ბრალეულობა შერაცხულ დანაშაულში, არამედ თვით ისეთი ძალადობის ფაქტიც კი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. კერძოდ, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულის სხეულზე არსებულ დაზიანების კვალს, ასევე ვერ წარმოადგინა დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის დამადასტურებელი რაიმე პირდაპირი მტკიცებულება. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, რომ მათ დაინახეს დაზარალებულის მარცხენა ფეხის კოჭის მიდამოში არსებული დაზიანება სისხლმდენი ნაკაწრის სახით, ეს ჩვენებები არ წარმოადგენს ძალადობის ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას, ვინაიდან სარწმუნოდ ვერ დგინდება, იყო თუ არა მათ მიერ ნანახი ნამდვილად დაზიანება, თუ იყო, ვინ და როდის მიაყენა ეს დაზიანება. ამასთან, ამ გარემოებების დადგენილად მიჩნევის შემთხვევაშიც კი მარცხენა ფეხის კოჭის არეში არსებული დაზიანება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან ბრალდების ფაბულის მიხედვით ი-----–- ქ-----–--ემ დაზარალებულზე ძალადობა განახორციელა მკლავისა და ბეჭის არეში. სასამართლო კი ვერ გასცდება წარდგენილი ბრალდების ფარგლებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც განაჩენის დადგენა მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ, გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით ი-----–- ქ-----–--ეს მსჯავრდება.
დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი დამაჯერებელი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ი-----–- ქ-----–--ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, ი-----–- ქ-----–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----–- ქ-----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ი-----–- ქ-----–--ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (ა------ ქ-----–--ე პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).
3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
3.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნამსხვრევები, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში - განადგურდეს.
3.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ დისკად - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4. გამართლებულ ი-----–- ქ-----–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე