გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.02.2019
საქმის ნომერი
231210018002654044
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
15.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 231210018002654044 (2-54/18 )

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 თებერვალი 2019 წელი დ. შუახევი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს

შუახევის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი ლილი დიასამიძე

მოსარჩელე- შპს “ ს---–-ა“

მოსარჩელის წარმომადგენელი - მა-----------–-ძე

მოპასუხე - ნა----–----------ძე

მოპასუხის წარმომადგენელი: ირ---–------–---ძე

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ნა----–----------ძეს შპს “ს---–-ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2738.19 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

1.3. მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად

 

სარჩელი ფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

მოსარჩელე შპს „ს---–-ას’’ და მოპასუხე ნა----–----------ძეს შორის 2018 წლის 25 იანვარს ელექტრონული ფორმით დაიდო N77332-1 სესხის ხელშეკრულება , რის საფუძველზეც მოპასუხე ნა----–----------ძეზე გაიცა სესხი 1400.00 ლარის ოდენობით . სესხის ვადა განისაზღვრა 366 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 71/2% , სესხის დაფარვა-გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით , ყოველთვიური შენატანებით ( ძირითად თანხას + პროცენტი) -166.10 ლარი. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის -ნარჩენ ძირი თანხის 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე .

 

მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2018 წლის 25 თებერვალს და ერიცხება დავალიანება 2738.19 ლარი. (საიდანაც ძირითად თანხას წარმოადგენს 1400.00 ლარი, პროცენტი -410.00 ლარი, პირგასამტეხლოს 928.19 ლარი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ნა----–----------ძის წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო

სხდომაზე მიცემული განმარტებით სასარჩელო მოთხოვნას ცნობს ნაწილობრივ, ეთანხმება რომ სესხის ძირითადი თანხა შეადგენს 1400 ლარს და პროცენტს 410.00 ლარს. არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ პირგასამტეხლოს, რომელიც შეადგენს 928.19 ლარს ვინაიდან დარიცხული პირგასამტეხლო არ მიაჩნია ვალდებულების დარღვევის პროპორციულად და თვლის, რომ დარიცხული პირგასამტეხლო მეტისმეტად მაღალია და შეუსაბამოდ ამძიმებს მის მდგომარეობას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 25 იანვარს მოპასუხე ნა----–----------ძეს ელექტრონული განაცხადის

საფუძველზე, სადაც მან ასევე ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, შპს ემას კრედიტის მიერ დაუმტკიცდა და გაიცა სესხი 1400.00 ლარის ოდენობით 366 დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, სესხი უნდა დაბრუნებულიყო სარგებელთან ერთად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება. (ს.ფ. 15-34)

 

3.1.2.კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი- სესხის ძირ თანხას ერიცხება წლიური 71.2% სარგებელი მის სრულ დაბრუნებამდე.

 

3.1.3. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 99.7%-ს.

 

3.1.4. სესხის დაფარვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელს ეკისრება ჯარიმა სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41%-ის ოდენობით ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

-სესხის ხელშეკრულება.

 

3.1.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებელმა დაარღვია მხარეთა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და არ დაფარა სესხის თანხა შეთანხმებულ ვადაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

-საგადასახადო ისტორია.

-ცნობა დავალიანების შესახებ

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავოა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ს---–-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამიტომ მოპასუხის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა წარმოშობილი დავალიანების თანხისა და სარგებლის დაკისრების შესახებ საფუძვლიანი და კანონიერია. ამასთანავე უნდა შემცირდეს პირგასამტეხლო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 316-ე, 115-ე, 417-418-ე, 420 მუხლები;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება სესხის ხელშეკრულებას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

როგორც დადგენილია, 2018 წლის 25 იანვარს მოპასუხე ნა----–----------ძეს ელექტრონული განაცხადის საფუძველზე, სადაც მან ასევე ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, შპს ემას კრედიტის მიერ დაუმტკიცდა და გაიცა სესხი 1400.00 ლარის ოდენობით 366 დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, სესხი უნდა დაბრუნებულიყო სარგებელთან ერთად. დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც აძლევს საფუძველს მოსარჩელეს მოითხოვოს სესხის თანხის დაბრუნება სარგებელთან ერთად ;

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში. იმავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივი ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ამ ნაწილში. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის 1400.00 ლარის მოთხოვნის ნაწილში, აღნიშნული საკმარისი საფუძველია მოპასუხისათვის აღნიშნული თანხის დასაკისრებლად. სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოვალის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმებულ ვადაში სესხის და სარგებლის თანხა სრულად გადახდილი არ იქნა. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის მხოლოდ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას, მიაჩნია რომ დარიხცული პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

 

ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი. დადგენილია, რომ სესხის ძირითადი თანხაა 1400 ლარი, ხოლო სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 928.19 ლარი, სესხის ძირითად თანხასთან მიმართებაში შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც, სასამართლოს მოსაზრებით, იგი ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს იურიდიულ ბუნებას და სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილე პირების კეთილსინდისიერების პრინციპს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს პრევენციული ხასიათი გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს სესხის ძირითადი თანხის რაოდენობასთან და არ უნდა გადაიქცეს მსესხებლის მიმართ სადამსჯელო ხასიათის ქმედებად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხის ოდენობიდან და დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობაა 200 ლარი, რისი გადახადაც ძირითად მოთხოვნასთან ერთად უნდა დაეკისროს მოპასუხე ნა----–----------ძეს

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო დავალიანების ძირი თანხის 1400.00 ლარისა ნაწილში, ანუ ფაქტობრივად ცნო მოთხოვნილი თანხის ნახევარი, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაბრუნდეს 25 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ამ საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა.

 

9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით;

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული (2018 წლის 25 ინვარს სესხის ხელშეკრულებით N77332-1) ხელშეკრულებით პირდაპირ არის გათვალისწინებული დავის არსებობის შემთხვევაში პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს ს---–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე ნა----–----------ძეს ( პ/ნ 61---------) დაეკისროს შპს „ს---–-ას“ ს/კ 400180914, სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2010 ლარი. (საიდანაც ძირითად თანხას წარმოადგენს 1400.00 ლარი, პროცენტი -410.00 ლარი, პირგასამტეხლოს 200 ლარი).

 

3. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

4. მოპასუხე ნა----–----------ძეს ( პ/ნ 61---------) დაეკისროს შპს „ს---–-ას“ ს/კ 400180914, სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 25 ლარის ოდენობით.

 

5. შპს ს---–-ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 25 ლარი მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ; (სს ,,თიბისი ბანკი", საგადასახადო დავალება N29, გადახდის თარიღი 11.09.2018. სახაზინო კოდი 300743150).

 

6. მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიექცეს აღსასრულებლად;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით შუახევის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: დაბა შუახევი რუსთაველის ქუჩა №34).

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს შუახევის მაგისტრატ სასამართლოში (მისამართი: დაბა შუახევი რუსთაველის ქუჩა №34). და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე