გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
231210018002683976 (2-59/18 )
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15.02.2019 წელი დ. შუახევი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს
შუახევის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი : ლილი დიასამიძე
მოსარჩელე: დუ-----------------ძე
მოსარჩელის წარმომადგენელი: გი---------–-ძე
მოპასუხე: შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გ------ების საჯარო სკოლა- წარმომადგენელი დირექტორი- შა-–-------------ძე
მოპასუხის წარმომადგენელი : გო--------–-ძე
მესამე პირი მოპასუხის მხარეზე : ეთ---------ძე
დავის საგანი: განაკვეთის შევსება დაწყებით კლასებში და სადამრიგებლო კლასის გადაცემა სპეციალისტისთვის.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დავალდებულდეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გ------ების საჯარო სკოლის დირექცია დუ-----------------ძეს , როგორც დაწყებითი კლასის სპეციალისტს, გადასცენ დაწყებითი კლასებში სადამრიგებლო კლასი და გაკვეთილების საათების ოდენობა შეუვსონ 18 საათამდე-განაკვეთამდე.
1.2. დავალდებულდეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გ------ების საჯარო სკოლის დირექცია , დუ-----------------ძეს გადაუხადოს მიუღებელი შემოსავალი 7 საათის საგაკვეთილო ღირებულების და სადამრიგებლო კლასის საფასური და სადამრიგებლო კლასისი საფასურის ანაზღაურება თვეში 100 ლარის ოდენობით 2018 წლის 17 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე .
1.3. დაეკისროს მოპასუხე მხარეს სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გ------ების საჯარო სკოლაში დაწყებით კლასებში საათები არ არის განაწილებული სპეციალობის მიხედვით. მოსარჩელე დუ-----------------ძე არის სპეციალობით დაწყებითი კლასის პედაგოგი, მაგრამ სადამრიგებლო კლასი აქვს არასპეციალისტ პედაგოგს, აქედან გამომდინარე 18 საათიანი დატვირთვის ნაცვლად მას აქვს დატვირთვა 11 საათი და მისი სურვილია განაკვეთის შევსება 18 საათამდე დაწყებით კლასებში, სადაც ფაქტობრივად არსებობს საათები, მაგრამ საათები გადაცემული აქვს არასპეციალისტ პედაგოგზე. მოსარჩელემ არაერთხელ დააყენა მოთხოვნა დირექციის წინაშე სადამრიგებლო კლასის გადაცემაზე და განაკვეთის შევსებაზე მაგრამ დირექციამ თხოვნა არ დააკმაყოფილა . მოსარჩელის უფლებები შელახულია, მან უშუალო შეხებით ვერ მიაღწია სკოლის დირექციასა და პედკოლექტივთან სასურველ მიზანს რომ დაცული იყო მისი ინტერესები და ის დასაქმებული ყოფილიყო მისი სპეციალობის მიხედვით და განაკვეთი შევსებული იყო 18 საათამდე და ამავდროულად მას ჰქონოდა სადამრიგებლო კლასი . ვინაიდან მას დაუსაბუთებლად უთხრეს უარი შესაბამისი ახსნა განმარტების გარეშე. მოითხოვს გადასცენ დაწყებითი კლასებში სადამრიგებლო კლასი და გაკვეთილების საათების შეუვსონ 18 საათამდე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ვინაიდან მას არ მიეცა 7 საათი დამატებითი გაკვეთილები, უნდა აუნაზღაურდეს მიუღებელი შემოსავალი 7 საათის საგაკვეთილო ღირებულების ხელფასის დარიცხვა 100 ლარის ოდენობით ყოველთვიურად.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გ------ების საჯარო სკოლის წარმომადგენლები წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამრთლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით არ ეთანხმებიან სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევენ რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და მიუთითებენ შემდეგ გარემოებებზე:
2018-1019 სასწავლო წელს დაწყებით კლასებში მოსარჩელე დუ-----------------ძესთან ერთად სამი პედაგოგი ასწავლის მოსწავლეებს, რომელთაგან თემურ დავითაძე არის დაწყებითი კლასების სპეციალისტი მაგისტრის აკადემიური ხარისხით, იზ---–---------აძე - ინგლისური ენის სპეციალისტი ბაკალავრის აკადემიური ხარისხით, ხოლო ეთ---------ძე - ზოგადტექნიკური დისციპლინებისა და შრომის სპეციალისტი, საშუალო სკოლის ზოგადტექნიკური დისციპლინების მასწავლებლის კვალიფიკაციით, ასევე მაგისტრის აკადემიური ხარისხით, რომელსაც წლების განმავლობაში გავლილი აქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსები, როგორც დაწყებითი კლასების მიმართულებით ასევე სხვა მოდულებში. რაც შეეხება დუ-----------------ძეს ის 2007 წლიდან მუშაობს დაწყებითი კლასების მასწავლებლად, მაგრამ მას ამ პერიოდის განმავლობაში არ გაუვლია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა თუ სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული არცერთი სახის ტრენინგ-კურსი.
დუ-----------------ძეს ვერ გადაეცემა 18 საათი და კლასის დამრიგებლობა, რადგან დაწყებით კლასებში ასწავლიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლები, რომლებსაც კათედრაზე გაუნაწილდათ საათები , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლაში დამრიგებელი შეიძლება იყოს იმავე სკოლის მასწავლებელი, ამასთანავე კლასის დამრიგებელი ვალდებულია სკოლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გამოცხადდეს სკოლაში და არ წავიდეს სკოლიდან სანამ არ დასრულდება სასწავლო პროცესი. დუ-----------------ძე პედაგოგიურ საქმიანობასთან შეთავსებით მუშაობს აიპი "შუახევის სოციალური სერვისების ცენტრის თემის სამედიცინო პუნქტის" ექთნად სოფელ ტ----ში და ბუნებრივია მისი ამ საქმიანობიდან გამომდინარე მას მოუწევს გამოძახების შემთხვევაში სკოლიდან პაციენტთან წასვლა, რის გამოც იძულებული გახდება მიატოვოს სადამრიგებლო კლასი. შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო , არ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე დუ-----------------ძე 2007 წლიდან მუშაობს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გ------ების საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა განმარტებები
3.1.2. დუ-----------------ძეს 2012 წლის 26 ოქტომბერს მიღებული აქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომი, რომლის მიხედვითაც განათლების ფაკულტეტის 2009 წლის 29 ივლისის N14 გადაწყვეტილებით დუ-----------------ძეს მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი დაწყებით განათლების სპეციალობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დუ-----------------ძის დიპლომი
3.1.3. 2018 წლის 01 სექტემბერს სსიპ. შუახევი მუნიციპალიტეტის სოფელ გ------ების საჯარო სკოლასა (დირექტორის შა-–-------------ძის სახით) და დუ-----------------ძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დუ-----------------ძე მიღებული იქნა სსიპ. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გ------ების საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლად. ხელშეკრულება დადებულია ერთი წლის ვადით, ხელშეკრულების მიხედვით მხარეები გაეცნენ ყველა პირობებს, განაცხადეს თანხმობა და დაადასტურეს ხელმოწერით. დასაქმებული გაეცნო შრომის შინაგანაწესს და დაადასტურა ხელმოწერით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2018 წლის 01 სექტემბრის №01-27/03 შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 14-15).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის ძირითად სადავო გარემოებას წარმოადგენს დაწყებითი კლასის სადამრიგებლოდ მასწავლებლ ეთ---------ძეზე გადაცემის და მოსარჩელეზე სასწავლო განაკვეთის 18 საათამდე შეუვსებლობის კანონიერება, რაც მოსარჩელის მტკიცებით, გამოწვეულია მის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომით.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
მოსარჩელე დუ-----------------ძეს უნდა დაეკისროს მტკიცების ტვირთი, რომ საათების განაწილებისას მასზე 11 საათის განსაზღვრა და სადამრიგებლო კლასის მიუცემლობა უკანონოა, განპირობებულია სკოლის დირექტორის მის მიმართ დისკრიმანაციული მიდგომითა და პირადი ინტერესით.
3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.6. თავის არგუმენტების დასადასტურებლად მოსარჩელე დუ-----------------ძე განმარტავს შემდეგს: 2007 წლიდან მუშაობს გ------ების საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად და 2012 წლამდე არცერთი შენიშვნა არ ჰქონია. აღნიშნული პერიოდიდან მის მიმართ დაიწყო საყვედურების გამოცხადება იმ მიზნით, რომ მისთვის წაერთმიათ საათები და გადაეცათ არასპეციალისტისათვის. აღნიშნულზე მიმართა პროკურატურას, თუმცა არ დაიწყეს გამოძიება. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მისი დიპლომი საკმარისია, რომ ჰქონდეს პრიორიტეტი სხვა პედაგოგებთან შედარებით და სერთიფიკატები, რომლებიც წარმოდგენილია მოწინააღმდეგე მხარის მიერ, არ უნდა იყოს სხვა სპეციალობის მასწავლებლის - ეთ---------ძის მასთან გათანაბრების საფუძველი. მისი დიპლომი საკმარისია იმისათვის რომ არ გაიაროს ტრენინგები. რაც შეეხება მეორე სამსახურისა და დაგვიანების საკითხს, მიდგომა აქაც დისკრიმინაციულია, რადგან მასწავლებელი იზ---–---------აძე, რომელიც არის სხვა სკოლიდან, არის მე-12 კლასის დამრიგებელი გაკვეთილები აქვს მხოლოდ ორშაბათს და სამშაბათს, სამი დღე კი საერთოდ არ არის სკოლაში. ასევე შო---------–-ძე არის მასწავლებელი 80 წელს გადაცილებული და 26 საათი დატვირთვა აქვს ქართულ ენაში, მათ შორის მეხუთე-მეექვსე კლასებში, რომლებიც გადის დაწყებით კლასებში და დირექტორს შეეძლო მასზე საათების გადანაწილება, რაც არ გააკეთა. 2012 წლიდან 2016 წლამდე ჰქონდა სადამრიგებლო კლასიც, მაღალი განაკვეთიც, რაც უკანონოდ იქნა შემცირებული. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დირექციისა და პედაგოგთა მხრიდან მის მიმართ მიდგომა იმდენად დისკრიმინაციულია, რომ პედაგოგიური კოლექტივის მიერ მოწყობილ ექსკურსიაზეც კი არ იწვევენ.
თავისი განმარტების დასადასტურებელ მტკიცებულებად მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა მტკიცებულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ,,როცა საუბარი არის დაწყებითი კლასის პედაგოგზე, უპირატესობა ენიჭება დაწყებითი განათლების დიპლომს.“
მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოსარჩელის ზემო დასახელებულ მტკიცებას.
მოპასუხე გ------ების საჯარო სკოლის წარმომადგენელი - დირექტორი შა-–-------------ძე განმარტავს, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის გ------ების საჯარო სკოლაში დაწყებით კლასებში სამი პედაგოგი მუშაობს, საათების განაწილება მოხდა სასწავლო წლის დასაწყისში და დუ-----------------ძეს არ გამოუხატავს არავითარი პრეტენზია, რაც დადასტურებულია პედაგოგიურ საბჭოს ოქმების წიგნში. რაც შეეხება საათების განაწილებას და დაწყებით კლასის დამრიგებლობას, კანონი არ ზღუდავს რომ სადამრიგებლო კლასი გადაეცეს სკოლის ნებისმიერ მასწავლებელს. ეთ---------ძე, ვის მიმართაც მოსარჩელეს აქვს პრეტენზია, წლეებია არის დაწყებითი კლასის დამრიგებელი, რომელიც პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, აქვს მაღალი განათლება და გამოცდილება, გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი კვალიფიკაციის ასამაღლებლად და აქვს სათანადო სერთიფიკატები. სკოლა არის მცირე კონტიგენტიანი, 4 საფინანსო კლასია და 3 სადამრიგებლო, 12 მასწავლებელია და არცერთს არ გააჩნია 10 საათზე მეტი დატვირთვა. არცერთი სამართლებრივი აქტი არ ზღუდავს მასწავლებელს რომ იყოს დაწყებითი კლასის დამრიგებელი, მითუმეტეს ეთ---------ძე დაწყებით კლასებს ასწავლის 2003 წლიდან. მას 2016 წლამდე უფრო ნაკლები საათები ჰქონდა ვიდრე დუ-----------------ძეს. დუ-----------------ძის მრავალი დარღვევების და საყვედურების მიუხედავად ჰქონოდა შესაძლებლობა გამოსწორებულიყო და სკოლაში კადრი რომ არ შემცირებულიყო თავი შეიკავეს მის გათავისუფლებაზე, მისი ხასიათიდან გამომდინარე მის მიმართ ხორციელდება გარკვეული დათმობები, არ დადის ტრენინგებზე, თუმცა ამის მიუხედავად აქვს თანამშრომლებთან კონფლიქტები და უსაფუძვლო დავები სხვადასხვა ინსტანციებში.
მოპასუხე გ------ების საჯარო სკოლის წარმომადგენელი შუახევის რესურსცენტრის იურისტი გო--------–-ძე განმარტავს, რომ დუ-----------------ძის მიმართ არავითარ დისკრიმინაციას არ აქვს ადგილი, პირიქით, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვეაში სამი პედაგოგი აღმოჩნდებოდა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. სკოლის დირექტორს სხვა უფლება არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ თანაბარ სიტუაციაში ჩაეყენებინა ყველა პედაგოგი. რაც შეეხება ეთ---------ძეს, ეს პედაგოგი დიდი ხანი მუშაობს ამ მიმართულებაზე, ამ სპეციალობით, აქვს დიდი გამოცდილება და ცოდნა, აქვს უპირატესობა, რომ არის სერთიფიცირებული პედაგოგი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი ტრეინინგ კურსები, შესაბამისად მასზე სადამრიგებლო კლასის გადაცემა კანონიერია და დირექტორის გადაწყვეტილება ამ მხრივ არავის დისკრიმინაციაში არ აყენებს.
საქმეზე მესამე პირად ჩართული ეთ----------ძის განმარტებით, მოსარჩელის მტკიცება, რომ გ------ების საჯარო სკოლაში ასწავლიან არასპეციალისტი პედაგოგები სინამდვილეს არ შეესაბამება. დაწყებით კლასებში ასწავლის თვითონ (ეთ----------ძე) და გააჩნია შესაბამისი განათლება. გავლილი აქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში და სხვა აკრედიტირებულ ორგანიზაციებში ტრენინგ კურსები დაწყებითი კლასის მიმართულებით, ასევე სხვა მოდულებში, რომელიც აძლევს სრულ უფლებას მუშაობდეს დაწყებითი კლასის მასწავლებლად, მას აქვს მაგისტრის დიპლომი, ხოლო დუ-----------------ძეს ბაკალავრის დიპლომი. საათების განაწილება მოხდა სასწავლო წლის დასაწყისში კათედრების მიერ, საათები განაწილდა ობიექტურად და სწორად, რომლის მიმართ მოსარჩელე დუ-----------------ძეს პრეტენზია არ ჰქონია . საათების განაწილებისას გათვალისწინებული იქნა ის რომ მურად თურმანიძე მეზობელ სოფელ ტ----ში მუშაობს ექთნის თანამდებობაზე, დროულად არ ცხადდება სკოლაში, ხშირად არღვევს საშემსრულებლო დისციპლინას და მიღებული აქვს საყვედურებიც, საერთოდ არ აქვს მონაწილეობა მიღებული სპეციალობის მიხედვით ტრენინგ კურსებზე. არ აქვს გავლილი შესაბამისი სერთიფიცირება , რომელიც გაამართლებდა მის სასარჩელო მოთხოვნას საათების განაკვეთის შევსებაზე. თვითონ არის კონფლიქტური პიროვნება და კოლეგა პედაგოგებს ჩუმად ჩაუწერა საუბრები, შესაბამისად არავის არ აქვს მასთან ურთიერთობის სურვილი და ყველა ერიდება, თუმცა არც თვითონ გამოხატავს სურვილს კოლექტივთან ერთად ექსკურსიაზე ან სხვა ღონიძიებაზე დასასწრებად.
თავიანთი არგუმენტების დასამტკიცებლად გარდა ახსნა განმარტებისა მოპასუხე მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებები: პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმი, კათედრის სხდომის ოქმები, ეთ---------ძის სერთიფიკატები და სიგელები, ბრძანებები დუ-----------------ძეზე საყვედურებისა და სასტიკი საყვედურის გამოცხადების, ხელფასის დაკავების შესახებ, ბრძანება საათობრივი ბადის დამტკიცების შესახებ, ბრძანება ვაკანტური საათების გადანაწილების შესახებ, ბრძანება საათობრივი ბადის დამტკიცების შესახებ
მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა და მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა მის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომისა და ამ საფუძვლით მასზე სხვებთან შედარებით, ნაკლები საათების გადანაწილება, ან ამ საფუძვლით კლასის მასზე სადამრიგებლოდ გადაცემაზე უარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------ების საჯარო სკოლის დირექციის მოქმედება კანონიერია, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რაც იქნება დასაბუთებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა განმარტებები
-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის წერილი,-პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმი,- კათედრის სხდომის ოქმები,-ეთ---------ძის სერთიფიკატები და სიგელები
-ბრძანებები დუ-----------------ძეზე საყვედურებისა და სასტიკი საყვედურის გამოცხადების, ხელფასის დაკავების სესხებ.
- ბრძანება საათობრივი ბადის დამტკიცების შესახებ
- ბრძანება ვაკანტური საათების გადანაწილების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს კონსტიტუცია.
-საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსი.
-საქართველოს კანონი ”ზოგადი განათლების შესახებ”.
-,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრს შესახებ“ საქართველოს კანონი
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის თავისუფლება. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში. ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას განახორციელოს დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვა, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფილია ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი);
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის" მე-2 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
შრომის კოდექსი ემსახურება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობის მოწესრიგებას და მისი უმთავრესი მიზანია დასაქმებულს, როგორც დამსაქმებლისადმი დაქვემდებარებულ და მასზე ერთგვარად დამოკიდებულ სუბიექტს შეუქმნას სამართლებრივი გარანტიები უფლებათა დაცვის კუთხით, რაც საჭიროა იმის გამო, რომ ხშირად დამსაქმებელი აშკარად უპირატეს მდგომარეობაშია დასაქმებულთან მიმართებაში და მის ნებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობა.
შრომითი ურთიერთობისთვის დამახასიათებელია ფორმალურად თანასწორ სუბიექტებს შორის ფაქტობრივად უთანასწორო დამოკიდებულება, რაც საჭიროებს განსაკუთრებულ მოწესრიგებას.
სამართლიანი გათანაბრების და შრომითი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაბალანსებული დაცვის მიზნით კონსტიტუციით და საერთაშორისო აქტებით დაწესებულია სახელმწიფოს ვალდებულება დაადგინოს მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვის გარანტიები.
მართალია, შრომის კანონმდებლობა დასაქმებულის ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული და სამართლებრივ გარანტიებს ქმნის დასაქმებულის დასაცავად, რათა არ მოხდეს მისი რაიმე შეზღუდვა სამსახურში. სწორედ ესაა შრომის სამართლის იდეაც, თუმცა აუცილებლად დაცულ უნდა იქნეს დამსაქმებლის ინტერესები დასაქმებულის თვითნებობისა თუ სხვა მართლსაწინააღმდეგო ქცევებისგან.
დამსაქმებელი, ამ შემთხვევაში სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გ------ების საჯარო სკოლა, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მომზადება და აკისრია ვალდებულება, რომ მასზე დაკისრებული საზოგადოებრივი ფუნქციები შეასრულოს კვალიფიციურად, საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად, კვალიფიციურად განახორციელოს თანამშრომელთა დასაქმებისა და შრომის ანაზღაურების დადგენილი რეგულაციები, ესაჭიროება კვალიფიციური და დისციპლინირებული დასაქმებულები, განსაკუთრებით კვალიფიციური და დისციპლინირებული მასწავლებლები.
6.3. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის ღ1 პუნქტის მიხედვით, მასწავლებელი არის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთ საგანს მაინც ასწავლის;
მასწავლებლის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია აღნიშნული კანონის 21-მუხლით, რომლის მიხედვით
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელს უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს დაწესებულებას მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;
ბ) მიიღოს შრომის ანაზღაურება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმატივების მიხედვით;
გ) აიმაღლოს კვალიფიკაცია, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ უფლებამოსილია მოითხოვოს ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
11. მასწავლებელი ვალდებულია:
ა) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება;
ა1) უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინება სასწავლო პროცესში;
ბ) იზრუნოს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;
გ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
დ) ჩაერთოს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში
ე) დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
დასახელებული მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და უდავო, რომ 2018 წლის 01 სექტემბერს სსიპ. შუახევი მუნიციპალიტეტის სოფელ გ------ების საჯარო სკოლასა (დირექტორის შა-–-------------ძის სახით) და დუ-----------------ძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დუ-----------------ძე მიღებული იქნა სსიპ. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გ------ების საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლად. ხელშეკრულება დადებულია ერთი წლის ვადით, ხელშეკრულების მიხედვით მხარეები გაეცნენ ყველა პირობებს, განაცხადეს თანხმობა და დაადასტურეს ხელმოწერით. დასაქმებული გაეცნო შრომის შინაგანაწესს და დაადასტურა ხელმოწერით.
კათედრის სხდომის ოქმით, საათობრივი ბადის დამტკიცებისა და ვაკანტური საათების გადანაწილების შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანებებით გადანაწილებული იქნა სასწავლო განაკვეთები და განისაზღვრა საათების ოდენობა.
მოსარჩელე მიუთითებს, სკოლის დირექტორის მის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომასა და უფლებამოსილების გადამეტებაზე.
სკოლის დირექტორის ფუნქციები განსაზღვრულია ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 43.-ე მუხლით, რომლის თანახმად,1. სკოლის დირექტორი:
ა) ახორციელებს სკოლის მართვას;
ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში, გარდა ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს;
დ) შეიმუშავებს საშტატო განრიგს;
დ1) უფლებამოსილია მოწვეული მასწავლებლისა და შემცვლელი მასწავლებლისათვის დაადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები; (
ე) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში;
ვ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებთან და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას;
ზ) უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
6.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ სკოლის დირექციამ კანონით დადგენილ ფარგლებში სწორად განსაზღვრა მასწავლებელთა შორის საათების გადანაწილების საკითხი, შედგა შესაბამისი ოქმები და მასწავლებლებთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულებები. მოსარჩელე დაეთანხმა შრომის ხელშეკრულებაში ასახულ პირობებს, პრეტენზია არ განუცხადებია და ხელი მოაწერა ხელშეკრულებასა და ოქმებს.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებას დირექციის მიერ დუ-----------------ძეზე დისკრიმინაციული მიდგომაზე, რაც თუნდაც იმით გამოიხატა, რომ მოპასუხემ შესაგებელში წარმოადგინა სხვა პედაგოგის მხოლოდ სერთიფიკატები და სიგელები, მისი დადებითი პოზიციის დასაფიქსირებლად, ხოლო დუ-----------------ძის მიმართ წარმოადგინა ბრძანებები დისციპლინარული სახდელების დადების შესახებ, რითაც წარმოაჩინა დუ-----------------ძის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო კვლავ მიუთითებს სამოაქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესზე, რომელიც წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. შესაბამისად მოპასუხემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რითაც ადასტურებდა, რომ დუ-----------------ძეს განვლილ პერიოდში სამსახურის არაჯეროვანი შესრულებისათვის დაკისრებული აქვს დისციპლინარული სახდელები, ხოლო მასწავლებელ ეთ---------ძეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად განვლილი აქვს ტრენინგ-სემინარები. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დუ-----------------ძე ეთანხმებოდა და არცერთხელ არ გაუსაჩივრებია მის მიმართ მიღებული ბრძანება დისციპლინარული სახდელის დადების შესახებ.
6.5. ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრს შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
ამავე კანონის მეორე მუხლის მიხედვით, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. მეორე და მესამე ნაწილებით დადგენილია პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის შემადგენლობა.
პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებით ვერ იქნა დადგენილი დუ-----------------ძის მიმართ რაიმე სახის დისკრიმინაციული მიდგომის ფაქტი.
6.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ დუ-----------------ძის სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 50 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხე მხარეს მოსარჩელის მიერ საქმის სასამართლო განხილვისათვის გადახდილი ბაჟი და სხვა თანხები, მათ შორის იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი არ დაეკისრება.
რაც შეეხება მოპასუხის მიერ გაწეულ ხარჯებს, რისი ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც მას გააჩნდა, გაწეული ხარჯების შესახებ რაიმე მტკიცებულება და მოთხოვნა არ წარმოუდგენია.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წინამდებარე საქმეში გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 364-367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დუ-----------------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი,ნიუ-პორტისქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით (ეს წესი არ მოქმედებს მოპასუხე შუახევის მუნიციპალიტეტის გ------ების საჯარო სკლის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად) შუახევის მაგისტრატი სასამართლოს ( მისამართი დაბა შუახევი, რუსთაველის ქუჩა N34) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს შუახევის მაგისტრატ სასამართლოში ( მისამართი დაბა შუახევი, რუსთაველის ქუჩა N34) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ედღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე