გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.02.2019
საქმის ნომერი
330210018002739312
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
04.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/34276 - 18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - ო-–---------–-–---–ი

წარმომადგენლები - ბ---------–---–ი, მ----------------–---–ი

მოპასუხე - გ--------–----–---–ი

დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის გაზრდა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე გ--------–----–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის, თ------–----–---–ის (დაბადებული 2-----–-–------------------) სასარგებლოდ, თ------–------------------–- სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის №-------- განჩინებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდა და მისი განსაზღვრა 200 (ორასი) ლარით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 27 ნოემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

მოსარჩელე ო-–---------–-–---–ს და მოპასუხე გ--------–----–---–ს ჰყავთ საერთო შვილი, 2----–-–------------------ დაბადებული თ------–----–---–ი. მხარეებს შორის რამდენიმე წელია შეწყვეტილია ოჯახური თანაცხოვრება. არასრულწლოვანი თ------–----–---–ი ცხოვრობს დედასთან, ო-–---------–-–---–თან. იგი დამოუკიდებლად ზრდის არასრულწლოვანს და თვითონ უზრუნველყოფს ბავშვის ფინანსურ თუ სხვა სახის საჭიროებას. მოსარჩელე დასაქმებულია სამედიცინო კლინიკაში და მას საკმაოდ მძიმე რეჟიმში უწევს მუშაობა და მისი ანაზღაურება არ არის საკმარისი ბავშვის ყველა საჭიროების უზრუნველსაყოფად. 2016 წლის 13 დეკემბერს თ------–------------------–-- სასამართლომ განჩინებით დაამტკიცა მხარეთა შორის მორიგების აქტი, რომლის მიხედვითაც, მოპასუხეს დაეკისრა ყოველთვიურად 80 (ოთხმოცი) ლარის გადახდა ბავშვის სასარგებლოდ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე არ იყო დასაქმებული. დღეის მდგომარეობით, გ--------–----–---–ი არის დასაქმებული ხ----–------------–--------- პოზიციაზე და აქვს მუდმივი შემოსავალი. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვი არის 13 წლის და მისი საჭიროებები თანდათან იზრდება, ამასთან, ბავშვის მამას გააჩნია სტაბილური შემოსავალი, სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული ალიმენტი არ არის საკმარისი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის, ალიმენტის გადახდევინება კი მიზნად უნდა ისახავდეს ბავშვის ინტერესების დაცვას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას.

 

მოპასუხე გ--------–----–---–ს ო-–---------–-–---–თან წლებია უკვე არანაირი ურთიერთობა აღარ აკავშირებს, თუმცა შვილთან, თ------–----–---–თან მოპასუხეს აქვს მუდმივი კავშირი და მათ შორის თბილი ურთიერთდამოკიდებულებაა. მოპასუხე მხარე ალიმენტის თანხას ყოველთვის იხდიდა, მიუხედავად იმისა, რომ მას სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია, ყოველთვის ცდილობდა, არასრულწლოვანს შეძლებისდაგვარად დახმარებოდა. ამჟამად, მოპასუხე არსად არ არის დასაქმებული და მისი ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამასთან, მოპასუხე იმყოფება ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში და ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–------------------- დაბადებული ზ--------–----–---–ი. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე უმუშევარია, ასევე არ არის დასაქმებული მისი მეუღლე, ნ-----------ე, მოპასუხე და მისი ოჯახი იმყოფებიან მოპასუხის მეუღლის დედის კმაყოფაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, გ--------–----–---–ი ვერ შესძლებს მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ო-–---------–-–---–ს და გ--------–----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------------ შეეძინათ შვილი, თ------–----–---–ი. მხარეები რამდენიმე წელია ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი თ------–----–---–ი ცხოვრობს დედასთან, ო-–---------–-–---–თან ერთად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 04 თებერვლის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 04 თებერვლის სხდომის ოქმი);

- თ------–----–---–ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 19).

 

3.1.2. თ------–------------------–-- სასამართლომ 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელე ო-–---------–-–---–ს და მოპასუხე გ--------–----–---–ს შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობით: მხარეები თანხმდებიან, რომ გ--------–----–---–ი ო-–---------–-–---–ის საბანკო ანგარიშის მეშვეობით 2017 წლის 15 იანვრიდან ყოველი თვის 15 რიცხვში თ------–----–---–ის (დ---------------–--–-) აღზრდისათვის ალიმენტის სახით გადაიხდის 80 (ოთხმოცი) ლარს, თ------–----–---–ის სრულწლოვანებამდე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თ------–------------------–- სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინება, საქმე N-------- (ს.ფ. 17-18).

 

3.1.3. მოპასუხე გ--------–----–---–ი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია ნ-----------ესთან. მათ ქორწინების პერიოდში, 2-----–-–------------------ შეეძინათ შვილი, ზ--------–----–---–ი; მოპასუხე მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს თ------–----------------ს ს------–-----------–---–ში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 04 თებერვლის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 04 თებერვლის სხდომის ოქმი);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 60).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე მხარე დასაქმებულია ე------ პოზიციაზე და შეთავსებით მუშაობს ორ სხვადასხვა ს--------------ში.

სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, ო-–---------–-–---–ს 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე უფიქსირდება ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ. კერძოდ, მოსარჩელე ო-–---------–-–---–ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის თებერვლის თვეში - 543.75 ლარს, მარტის თვეში - 621.09 ლარს, აპრილის თვეში - 729.38 ლარს, მაისის თვეში - 630.94 ლარს, ივნისის თვეში - 661.88 ლარს, ივლისის თვეში - 684.38 ლარს, აგვისტოს თვეში - 716.72 ლარს, სექტემბრის თვეში - 598.59 ლარს, ოქტომბრის თვეში - 615.47 ლარს, ნოემბრის თვეში - 657.66 ლარს, დეკემბრის თვეში - 1371.56 ლარს, 2018 წლის თებერვლის თვეში - 547.97 ლარს, მარტის თვეში - 616.88 ლარს, აპრილის თვეში - 702.66 ლარს, მაისის თვეში - 674.53 ლარს, ივნისის თვეში - 747.66 ლარს, ივლისის თვეში - 716.72 ლარს, აგვისტოს თვეში - 650.63 ლარს, სექტემბრის თვეში - 640.78 ლარს, ოქტომბრის თვეში - 587.34 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 1----------–--–- გაცემული ცნობა N------------, დანართი (ს.ფ. 31-32);

 

3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, მოპასუხე გ--------–----–---–ს 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე არ უფიქსირდება ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ. ასევე, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, გ--------–----–---–ის მიერ 2016 წლის მაისის თვიდან 2018 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 1----------–--–- გაცემული ცნობა N------------ (ს.ფ. 31);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 0----------–--–- გაცემული ცნობა (ს.ფ. 59).

 

3.2.3. მოპასუხე გ--------–----–---–ი ბოლო რამდენიმე თვეა არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ალიმენტს არასრულწლოვანი თ------–----–---–ის სასარგებლოდ. მოპასუხე მხარის მითითებით, იგი არ არის დასაქმებული, არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. იგი თავის ოჯახთან ერთად იმყოფება სხვა პირების კმაყოფაზე. მას მატერიალურად ეხმარებიან თავისი მშობლები და ასევე, მეუღლის მშობლებიც. საქმის მასალებით, მოპასუხე მხარის მიერ არასრულწლოვანი თ------–----–---–ისათვის ფინანსური კუთხით დახმარების გაწევის ფაქტი არ დადასტურდა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 04 თებერვლის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 04 თებერვლის სხდომის ოქმი);

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას, აუცილებელია, ალიმენტვალდებული მშობლის კმაყოფაზე მყოფი სხვა პირების უფლებების და ინტერესების გათვალისწინება, მოპასუხე გ--------–----–---–ის ოჯახური და მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა, ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე და 1234-ე მუხლები;

’’ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე ო-–---------–-–---–მა მოითხოვა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს განჩინების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა და ამასთან, გაიზარდა არასრულწლოვანი ბავშვის რჩენისათვის აუცილებელი ხარჯის ოდენობაც.

 

ო-–---------–-–---–ს და გ--------–----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------------ შეეძინათ შვილი, თ------–----–---–ი. მხარეები რამდენიმე წელია ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი თ------–----–---–ი ცხოვრობს დედასთან, ო-–---------–-–---–თან ერთად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

თ------–------------------–-- სასამართლომ 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელე ო-–---------–-–---–ს და მოპასუხე გ--------–----–---–ს შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობით: მხარეები თანხმდებიან, რომ გ--------–----–---–ი ო-–---------–-–---–ის საბანკო ანგარიშის მეშვეობით 2017 წლის 15 იანვრიდან ყოველი თვის 15 რიცხვში თ------–----–---–ის (დ---------------–--–-) აღზრდისათვის ალიმენტის სახით გადაიხდის 80 (ოთხმოცი) ლარს, თ------–----–---–ის სრულწლოვანებამდე. როგორც მხარეთა განმარტებიდან ირკვევა, მოპასუხე გ--------–----–---–ი იხდიდა დაკისრებულ ალიმენტს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდის მიზნით, თუმცა ბოლო პერიოდია, რამდენიმე თვეა არ გადაუხდია დადგენილი ალიმენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა, მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. დადგენილია, რომ გ--------–----–---–ი სასამართლოს განჩინების მიღების დროისათვის არ იყო დასაქმებული და არ ჰქონდა მატერიალური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, მოპასუხე გ--------–----–---–ს 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე არ უფიქსირდება ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ. ასევე, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, გ--------–----–---–ის მიერ 2016 წლის მაისის თვიდან 2018 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე დასაქმებულია ხ----–------------–--------- პოზიციაზე და აქვს სტაბილური შემოსავალი, თუმცა, აღნიშნულ გარემოებას თავად გ--------–----–---–ი უარყოფს. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის დასაქმებისა და მატერიალური შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდგომ შეიცვალა მოპასუხე მხარის ოჯახური მდგომარეობაც. გ--------–----–---–ი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია ნ-----------ესთან. მათ ქორწინების პერიოდში, 2----–-–------------------ შეეძინათ შვილი ზ--------–----–---–ი; მოპასუხე მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს თ------–----------------ს ს------–-----------–---–ში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის გაზრდას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება მოპასუხის დასაქმებისა და შემოსავლის არსებობის თაობაზე. ამასთან, სასამართლოს განჩინებით მოპასუხისათვის საალიმენტო ვალდებულების დადგენის შემდეგ, ასევე, შეიცვალა მოპასუხის კმაყოფაზე მყოფი პირთა რაოდენობა. მას შეეძინა მეორე არასრულწლოვანი შვილი, რომლის რჩენის ვალდებულება მეუღლესთან, ნ-----------ესთან ერთად აკისრია გ--------–----–---–ს. მოპასუხის განმარტებით, მისი მეუღლე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია შემოსავალი. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა მხოლოდ არასრულწლოვანი თ------–----–---–ის, არამედ მოპასუხესთან მცხოვრები არასრულწლოვანი შვილის ინტერესიც - მიიღოს მშობლისაგან რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. გარდა ამისა, მოპასუხე მიუთითებს მის გართულებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაზეც მოსარჩელე მხარეს საწინააღმდეგო პოზიცია არ დაუფიქსირებია.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან და ის ყოველ კონკრეტულ საქმეში შეფასებულ უნდა იქნეს ბავშვის მოთხოვნილებებსა და მშობლის შემოსავალს შორის სამართლიანი და გონივრული ბალანსის დაცვის საფუძველზე. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ მართალია, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შეიცვალა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და საარსებო მინიმუმის ოდენობაც, თუმცა აღნიშნული გათვალისწინებული უნდა იქნეს არა მხოლოდ არასრულწლოვანი თ------–----–---–ის, არამედ მოპასუხესთან მცხოვრები არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების დაცვის ჭრილშიც, რომელიც, მცირე ასაკიდან გამომდინარე, საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და მზრუნველობას. ორივე მშობელს თანაბრად ეკისრებათ პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვი განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება მოპასუხე მხარის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც შესაძლებელია გამხდარიყო დადგენილი ალიმენტის ოდენობის გაზრდის საფუძველი. მოპასუხე ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ იხდის ალიმენტს დადგენილი ოდენობითაც კი. უფრო მეტიც, მოპასუხეს ამჟამად აკისრია მეორე არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულებაც, რის გამოც, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ცვლილების (გაზრდის) საფუძველი. მართალია, მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს, თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ო-–---------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა, სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მოპასუხე გ--------–----–---–ისათვის, არასრულწლოვანი შვილის, თ------–----–---–ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე ო-–---------–-–---–ი სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი მოპასუხე გ--------–----–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისათვის პროცესის ხარჯების ასანაზღაურებლად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ო-–---------–-–---–ის სარჩელი, მოპასუხე გ--------–----–---–ის მიმართ, ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა