გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2947-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე
მოსარჩელე - გი--------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 22 მარტის №M---------------- გადაწყვეტილება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტით შპს ბ----------------------–-------- უნივერსიტეტში სარგებლობაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება გი--------------–---–ის მოთხოვნა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტით შპს ბ----------------------–-------- უნივერსიტეტში სარგებლობის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის მონაცემების მიხედვით, 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, რექტორის 2016 წლის 14 სექტემბრის №--------- ბრძანებით, გი--------------–---–ი ჩაირიცხა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფ------- ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე და მოიპოვა 70%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი, 1575 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 22 მარტის №M---------------- გადაწყვეტილება - ს.ფ. 18-19;
3.2. რეესტრის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, რექტორის 2017 წლის 18 სექტემბრის №0------რძანებით, გი--------------–---–ი ჩაირიცხა შპს „ბ----------------------–-------- უნივერსიტეტში“ ს-----------–------------–-------- ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 22 მარტის №M---------------- გადაწყვეტილება - ს.ფ. 18-19.
3.3. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 19 ოქტომბრის №9-------- ბრძანებით, გი--------------–---–ს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 19 ოქტომბრის №9-------- ბრძანება - ს.ფ. 15-16.
3.4. გი--------------–---–მა 2018 წლის 28 თებერვალს სახელმწიფო სასწავლო გრანტით სარგებლობის თაობაზე განცხადებით მიმართა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 22 მარტის №M---------------- წერილით გი--------------–---–ს ეცნობა, რომ 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოპოვებული გრანტით ვერ ისარგებლებდა შპს „ბ----------------------–-------- უნივერსიტეტში“, ვინაიდან აღნიშნულ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ ბრძანება (რექტორის 2017 წლის 18 სექტემბრის №0------რძანება) წინ უსწრებდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის შეჩერების ბრძანებას (რექტორის 2017 წლის 19 ოქტომბრის №9-------- ბრძანება).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 22 მარტის №M---------------- გადაწყვეტილება - ს.ფ. 18-19.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გი--------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანება (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია)
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, 23-ე მუხლის თანახმად კი სარჩელი შეიძლება აღიძრას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 22 მარტის №M---------------- გადაწყვეტილება ბათილად ცნობა, რომლითაც გი--------------–---–ს უარი ეთქვა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტით შპს ბ----------------------–-------- უნივერსიტეტში სარგებლობაზე და მოპასუხის - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, დავალდებულება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება გი--------------–---–ის მოთხოვნა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტით შპს ბ----------------------–-------- უნივერსიტეტში სარგებლობის თაობაზე. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 22 მარტის №M---------------- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. განათლების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 35-ე მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება; სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში; სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება; სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესი, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპები და წესები განსაზღვრულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ასევე ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს. აღნიშნული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის „ჰ10“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო სასწავლო გრანტი არის სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტისათვის ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად; სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, ასევე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „პ“ ქვეპუნქტი). სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, რომელიც სავალდებულოა ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის (51-ე მუხლის მე-4 პუნქტი). ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების დოკუმენტს, ამასთან სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით (54-ე მუხლი). სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია (63-ე მუხლის მე-3 პუნქტი). სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირსა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლებიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე (მე-80 მუხლის პირველი პუნქტი).
„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესი და პირობები“ დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლითაც დადგენილია სტუდენტისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის, დაწესებულებებს შორის მობილობის საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანისა და სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის შემთხვევაში მასზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესი და პირობები. აღნიშნული ბრძანების მე-8 მუხლით დადგენილია სტუდენტისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის შენარჩუნების წესი. მითითებული ნორმის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მფლობელ სტუდენტს შეუწყდა/შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი და შემდეგ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლა განაგრძო იმავე ან სხვა დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე, სტუდენტი მის მიერ თავდაპირველად მოპოვებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს გამოიყენებს ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად. ამ შემთხვევაში სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად და მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით.
ამდენად, ზემოაღნშნული წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს სტუდენტის მიერ თავდაპირველად მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას იმავე ან სხვა დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: 1. გრანტის მფლობელ სტუდენტს შეუწყდა/შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი და 2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემდგომ განაგრძო სწავლა იმავე ან სხვა დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, რექტორის 2016 წლის 14 სექტემბრის №--------- ბრძანებით გი--------------–---–ი ჩაირიცხა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფ------- ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე და მოიპოვა 70%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი, 1575 ლარის ოდენობით.
ასევე, დადგენილია, რომ 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, რექტორის 2017 წლის 18 სექტემბრის №0------რძანებით გი--------------–---–ი ჩაირიცხა შპს „ბ----------------------–-------- უნივერსიტეტში“ ს-----------–------------–-------- ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 19 ოქტომბრის №9-------- ბრძანებით კი, გი--------------–---–ს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო.
გი--------------–---–მა 2018 წლის 28 თებერვალს 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოპოვებული გრანტით სარგებლობის თაობაზე განცხადებით მიმართა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო ცენტს. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ გი--------------–---–ის 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოპოვებული გრანტით შპს „ბ----------------------–-------- უნივერსიტეტში“ სარგებლობაზე უთხრა უარი იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ ბრძანება (რექტორის 2017 წლის 18 სექტემბრის №0------რძანება) წინ უსწრებდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის შეჩერების ბრძანებას (რექტორის 2017 წლის 19 ოქტომბრის №9-------- ბრძანება).
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ნორმატიული შინაარსი აწესრიგებს ისეთ სამართალურთიერთობას, როდესაც სტუდენტს მის მიერ თავდაპირველად მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტით სარგებლობის უფლება აქვს იმავე ან სხვა დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე, თუ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელ სტუდენტს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლა განაგრძო იმავე ან სხვა დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე. შესაბამისად, მოცემული ნორმის მიზნას წარმოადგენს სტუდენტისთვის მის მიერ თავდაპირველად მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის შენარჩუნება სტუდენტის სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის პირობებში და სწორედ კანონმდებლის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, ის გარემოება, რომ სხვა სასწავლო დაწესებულებაში ჩარიცვა წინს უსწრებს სტუდენტის სტატუსის შეჩერებას, მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხია, რომელიც არ შეიძლება გახდეს მოსარჩელესთან მიმართებაში უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი და რომლის არსებობამაც არ შეიძლება გამოიწვიოს დაინტერესებული პირის ინტერესისა და კანონით გარანტირებული უფლების შეზღუდვა.
სასამართლო ნორმის განმარტებასთან დაკავშირებით იზიარებს რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებას (საქმეზე №ბს-735-719 (კ-12), რომელშიცც საკასაციო სასამართლო აღნიშნავს ,,კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამდენად, კანონის განმარტებისას, დადგენილ უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული განმარტებით ვერ მიიღწევა. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს _ ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს _ გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა“.
ზემოაღნიშნული პრინციპის დაცვით „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების'' მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის განმარტება კი ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, ბათილად უნდა იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 22 მარტის №M---------------- გადაწყვეტილება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტით შპს ბ----------------------–-------- უნივერსიტეტში სარგებლობაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება გი--------------–---–ის მოთხოვნა 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტით შპს ,,ბ----------------------–-------- უნივერსიტეტში'' სარგებლობის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გი--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 22 მარტის №M---------------- გადაწყვეტილება;
3. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება გი--------------–---–ის მოთხოვნა 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტით შპს ,,ბ----------------------–-------- უნივერსიტეტში'' სარგებლობის შესახებ.
4. მოპასუხე სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას დაეკისროს მოსარჩელე გი--------------–---–ის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე თამარ მეშველიანი