განაჩენი

სისხლის სამართლის 15.02.2019
საქმის ნომერი
010100119002804836
დავის ტიპი
126
თარიღი
15.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002804836

საქმე N1-92/19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13.02. 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ალ------------------ძე

 

ბრალდებული: ზა--–--------------ძე

მამის სახელი: ხა----

დაბადებული: 1-.11.1981 წელი

პირადი ნომერი: 6---------8

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–-სი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქ. ბათუმი, მე--------–---------------------.

 

ადვოკატი - ზვ-------------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 1- დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ)

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171050818013

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. ბათუმში, ი. ჭა-------ს ქუჩა N---–------------ში, ზა--–--------------ძემ, არასრულწლოვანი შვილების - გი-----ი და მე------------------ეების თანდასწრებით, ყელის არეში ხელის მოჭერით, სახის არეში ხელის დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს (ოჯახის წევრს) ნა----–---------------ვას, რამაც ნა----–---------------ვას ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

2.1. საქმის არსებითი განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (არსებითი სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. ბრალდებულმა ზა--–--------------ძემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 05 აგვისტოს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნა----–---------------ვას, რასაც ინანიებს; (იხ ოქმი);

 

2.4. სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 19.09.2018წ. დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემების მიხედვით, ნა----–---------------ვას აღენიშნებოდა ნაჭდევები კისრის და მარჯვენა ლოყის არეში. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

2.6. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2.7. საქმეში არსებული მონაცემებით დადგენილია, რომ ზა--–--------------ძე არის რეგისტრირებულ ქორწინებაში ნატაია დოროფეევასთან.

 

2.9. სასამართლოს, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით ( მოწმეების: ნა----–---------------ვას, მე------------------ის, გი-----ი ღო----------ის, ირ-----------ის გამოკითხვის ოქმები, შეტყობინების ოქმი, შემაკავებელი ორდერის ოქმები, ქორწინების აქტის ჩანაწერი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზა--–--------------ძემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება;

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მხარეთა მიერ შეთანხმებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ზა--–--------------ძის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით და საქმის განხილვისას მოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ზა--–--------------ძეს ჰქონდა განზრახვა, ხელეყო დაზარალებულის ჯანმრთელობა ფიზიკური ძალის გამოყენებით; და ეს განახორციელა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით;

 

სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ზა--–--------------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტით(2018 წლის 1- დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) , რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, ოჯახში შექმნას ოჯახის ცხოვრების მშვიდი გარემო;

 

5.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

5.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ორასიდან ოთხას საათამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

 

5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასამართლო ჩადენილი დანაშაულის და ბრალდებულის პიროვნების, მისი წარსულის გათვალისწინებით არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ამჟამად მისი იზოლირება მოხდეს საზოგადოებისაგან, სასამართლო მიზანშეწონილად ასევე არ მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ სასჯელის ისეთი სახის დანიშვნას, რაც გამოიწვევს გარკვეული პერიოდით მისი ქცევის გაკონტროლებას საამისოდ უფლებამოსილი უწყების მხრიდან, რადგან ბრალდებული დასაქმებულია არაერთ დაწესებულებაში, ის არის პროფესიით ექიმი; მისივე განმარტებით არის ქირურგი და სისტემატიურად იმაღლებს კვალიფიკაციის დონეს, რის გამოც უწევს ხშირად საზღვრის კვეთაც; მის კმაყოფაზეა ოჯახის წევრები; დაზარალებულთან შერიგებულია, წერილობითი დოკუმენტის წარმოდგენა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ამჟამად წასულია საქართველოს ფარგლებს გარეთ, ასევე ბრალდებულის განმარტებით, მომავალში გამოირიცხება მისი მხრიდან რაიმე სახის კონფლიქტი;

 

5.6. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ზა--–--------------ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, მის კმაყოფაზე არიან შვილები და ოჯახის წევრები - თვლის, რომ მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,ქვეპუნქტით - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; აღნიშნული - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ზა--–--------------ძის პიროვნების გათვალისწინებით - სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ზა--–--------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 1- დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზა--–--------------ძის მიმართ 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - ზა--–--------------ძეს (პ/ნ 6---------8) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N1/25202, დასტურის №ა 0-----).

 

ნივთიერი მტკიცებულება _ საქართველოს შსს სსიპ 112-დან მოწოდებული შეტყობინების აუდიოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე