განაჩენი

სისხლის სამართლის 15.02.2019
საქმის ნომერი
170100119002824066
დავის ტიპი
126 1
თარიღი
15.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5-19

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

15 თებერვალი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მა-------------–--ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - სე----------–-------------------ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–-------------- პირადი ნომერი - 5----------, საშუალო განათლებით, ცოლ-შვილიანი, უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–--- რაიონი, სოფელი ბ------–----.

 

ადვოკატი - მა------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

თარჯიმანი - კა---–--------------ი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქ. წ--–--–-, ა------------–-- ქუჩაზე, სე---------------მა პირადი უთანხმოების ნიადაგზე, სახეში მუშტისა და ფეხის მუცლის არეში დარტყმით იძალადა ედ---------------ზე, რითაც მას მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII). განსახილველ საქმეში ბრალდებულ სე---------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა უდავოდ ცნეს. ბრალდებულმა სასამართლოსგან შესაბამისი განმარტების მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რასაც დაეთანხმა მისი ადვოკატი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის არსებითი განხილვისას მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

3. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში მითითებულ გარემოებებს, კერძოდ: ბრალდებულმა სე---------------მა აღიარა ჩადენილი დანაშაული და გამოკითხვისას განმარტა, რომ რუსეთის ფედერაციაში ყოფნისას, სადაც სამუშაოდ დადის, დაურეკა მეუღლემ, რომელიც ახალი მოყვანილი ჰყავდა და უთხრა, რომ ღამით ვიღაცა ფანჯარაში უნათებდა და იყურებოდა, ხოლო შემდეგ იცნო, რომ იგი იყო ედ---------------ი, რომლისგანაც შეიძინეს თივა და პირადად ნახვისას იცნო. აღნიშნული მიზეზით, 2018 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 13:30 საათზე ავტომანქანით მოძრაობისას დაზარალებული დაინახა ქუჩაში, მივიდა მასთან და მუშტი დაარტყა სახეში მარცხენა მხარეს ცხვირის მიდამოში, რა დროსაც იგი უკან გაიწია და მოუქნია ფეხი, რომელიც მოხვდა მუცელში მსუბუქად, რა დროსაც დაზარალებულს შეამჩნია სისხლი ტუჩთან. აღნიშნულს შეესწრო ე------ ძმა და მნ-–--------------ი, რომელიც ჩაუდგა შუაში. აღნიშნული დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროსაც; ანალოგიური დაადასტურა დაზარალებულმა ედ---------------მა იმ განსხვავებით, რომ მან არაფერი იცის მის სახლში მინათების შესახებ, ასევე მისმა ძმამ გე-------------------მა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ორივე დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, მეორე დარტყმისას წაიქცა იქვე ხეზე და დაიზიანა ხელი, რაც ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროსაც დაადასტურა; ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტური სიტუაცია დაადასტურა მოწმე მნ-–--------------მა, რომელმაც გამოარიდა ბრალდებული; მოწმე გო-----------მა აღნიშნა, რომ მან ნახა შემთხვევიდან მალევე ე-----, რომელსაც ტუჩზე და ცხვირზე ემჩნეოდა სისხლი; მოწმე ან-------------მა განმარტა, რომ 2018 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 13:30 საათზე მაღაზიიდან გამოსვლისას შეამჩნია ორ ბიჭს შორის გაწევ-გამოწევა; მოწმე ხო-------–------------მა (ბრალდებულის მეუღლე) განაცხადა, რომ აგვისტოს თვეში, შუაღამით, ვიღაც ანათებდა მის ფანჯარაზე, რომელის სახეც დაინახა, ხოლო შემდეგ მასთან სახლში სტუმრობისას ამოიცნო ედ---------------ი, რაც უამბო მეუღლეს; მოწმე ვა--------------------მაც აღნიშნა ედ---------------ის მათთან მისვლის ფაქტი; სამედიცინო ბარათი #254-ის მიხედვით, ედ---------------ს აღენიშნება სისხლნაჟღენთი ცხვირის მარცხენა ნესტოდან, ასევე მარჯვენა ხელის მტევნის ზედაპირზე ექსკორაციები; სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის შესაბამისად, სამედიცინო ბარათის მონაცემებით, ედ---------------ს დაუდგინდა მარჯვენა მტევნის გარეთა ზედაპირზე ნაჭდევები, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობის დადგენა შუძლებელია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია). “სხვაგვარი ძალადობა”, როგორც თავად ტერმინი მიუთითებს, ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ამგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიუხედავად, აღნიშნული არ იწვევს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას, ამასთან მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ძალადობასა და ფიზიკურ ტკივილს შორის. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ ძალადობრივ ქმედებას ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას აყენებს, ხოლო სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში, მაგ: ხელის ერთხელ დარტყმაში, თმებით თრევაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის #397აპ-14).

 

6. სასამართლოს შეფასებით, ერთი მხრივ, დასტურდება სე---------------ის მიერ ედ---------------ის ცემის ფაქტი და არა სხვაგვარი ძალადობის, როგორც ეს ბრალდების შესახებ დადგენილებაშია აღნიშნული, ვინაიდან თუნდაც უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტების შესაბამისად, აშკარაა, რომ სახეზეა ცემა და არა სხვაგვარი ძალადობა. ის გარემოება, რომ ერთი დარტყმა ხდება ხელით და მეორე ფეხით არ წარმოადგენს ქმედების ცემად დაკვალიფიცირების გამომრიცხველ გარემოებას. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის მხოლოდ დანაშაულის „იარაღი“, არამედ ძალადობის ხასიათი და ფორმა, იგივე დარტყმების რაოდენობა. აღნიშნული, საბოლოო ჯამში, გავლენას არ ახდენს სე---------------ის ქმედების კვალიფიკაციაზე, ვინაიდან ორივე ძალადობის ფორმაა, ორივე სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციითაა გათვალისწინებული და აღნიშნული არ ახდენს გავლენას ქმედების კვალიფიკაციაზე, მით უმეტეს არ ამძიმებს მის პასუხისმგებლობას.

 

7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა სე---------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ედ---------------ის მიმართ ჩაიდინა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა სე---------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა მისი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებითი სტანდარტის თვალსაზრისით. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც სე---------------ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

8. სე---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარა ჩადენილი დანაშაული და ინანიებს მის ჩადენას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი. სე---------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

10. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

11. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების ჩამორთმევით ან უამისოდ. იმავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

 

12. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სე---------------მა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა ჩადენილი დანაშაული და ინანიებს მის ჩადენას (მისი განცხადებით არასწორად მოიქცა და უბრალოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ დაავიწყდებოდა და ამგვარი რამ არც მოხებოდა, იმ მომენტში იყო განერვიულებული), ასევე წარსულში არ არის ნასამართლევი, აგრეთვე სახდელდადებული რაიმე სერიოზული დარღვევისათვის, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე, რომელიც არ მუშაობს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ოჯახის ძირითადი შემოსავალია საზღვარგარეთ სეზონური სამუშაოების შესრულება (აპრილიდან სექტემბრამდე, სხვა დროს არ მუშაობს), აგრეთვე აღსანიშნავია, რომ სასამართლოს შეფასებით, დაუშვებელია სასჯელმა მიიღოს შურისძიების სახე, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია მისთვის ძირითადი სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთასთან ან ნაწილობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებული სასჯელები, როგორებიცაა თავისუფლების აღკვეთა და შინაპატიმრობა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ 1000 ლარიანი ჯარიმის გამოყენება იქნება პროპორციული და ადეკვატური დასჯის ღონისძიება სე---------------თან მიმართებით, დანაშაულის ხასიათის, გამოყენებული ხერხისა და საშუალების, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ არის დამამაძიმებელი გარემოებები. გარდა ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ სე---------------თან მიმართებით ეფექტური იქნება სასჯელის ორმაგი ფორმა, ჯარიმასთან ერთად საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა, შესაბამისად, მას დამატებით სასჯელად უნდა დაენიშნოს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით (სსკ-ის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად, ხოლო 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება ორმოციდან რვაას საათამდე ვადით), რაც დამატებითი ზემოქმედების სახეს შეიძენს მასთან მიმართებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სე---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარი. სე---------------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.

 

2. სე---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებები - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს - სე---------------ს.

 

3. საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მანვე განსაზღვროს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის სახე. თუ მსჯავრდებული უარს განაცხადებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე ან ჯიუტად თავს აარიდებს მას, ეს სასჯელი შეიცვლება ჯარიმით, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით.

 

4. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი