გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5282-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი მანანა გოგიბედაშვილი; ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - მ-------------------–--–---–-------ი
წარმომადგენლები- მ----------–---–ი; ნი------–---ე
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - ლა------------–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 ივლისის №1--------- გადაწყვეტილება სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
1.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ-------------------–--–---–-------ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამდენად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე მ-------------------–--–---–-------ი საქართველოში შემოვიდა 2--------- წელს (2:33:19 სთ.) სასაზღვრო გამშვებ პუნქტ - თბილისის აეროპორტის საშუალებით (TBILISI_AIRPORT).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ინფორმაცია (ს. ფ. 67)
3.1.2 სს ,,თ----------–-’’ მ-------------------–--–---–-------ი (პასპ. ნოემრი: 15-------) არის ანგარიშ(ებ)ის მფლობელი და ხელმისაწვდომი ნაშთი ანგარიშ(ებ)ზე 17/07/2018 წლის მდგომარეობით შეადგენდა 2 300.00 დოლარს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სს ,,თ------------’’ ცნობა (ს. ფ. 76).
3.1.3. საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს „პ-------–------ის სახელობის სამედიცინო აკადემიის“ სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, ი------–------ის მიერ 2017 წლის 17 ივლისს გაცემული N11-- ცნობა, რომლის თანახმად მ-------------------–--–---–-------ი ნამდვილად სწავლობს პ-------–------ის სახელობის სამედიცინო აკადემიაში, მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - მედიცინა მე-4 კურსი. პროგრამის მოცულობა შეადგენს 360 კრედიტს. სასწავლო წელი კი სრულდება 2019 წელს.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შპს „პ-------–------ის სახელობის სამედიცინო აკადემიის“ სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, ი------–------ის მიერ 2017 წლის 17 ივლისს გაცემული N11-- ცნობა (ს.ფ 75)
3.1.4. 2018 წლის 17 ივლისს მ-------------------–--–---–-------მა (დაბ: 1--------- წ.) განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მას დაევალა ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე ”საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არ არსებობის შესახებ ცნობის წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლოობის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 18.07.2018 წლის №1---------/07 გადაწყვეტილებები გამოქვეყნდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მ-------------------–--–---–-------ის განცხადება (ს.ფ. 20-21)
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 ივლისის №1---------/7 გადაწყვეტილებები. (ს.ფ 62)
- მ-------------------–--–---–-------ის პასპორტი (ს.ფ 24-26)
3.1.5. საქმეზე წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ მ-------------------–--–---–-------მა განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტი/ინფორმაცია არ წარადგინა, ამის გამო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის და მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 ივლისის №311/ს ბრძანების თანახმად სააგენტომ, 2018 წლის 26 ივლისის N1--------- გადაწყვეტილებით განუხილველად დატოვა 2018 წლის 17 ივლისის №1--------- განცხადება, მ-------------------–--–---–-------ის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 17 ივლისის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ 59-60).
3.1.6. საქმეზე წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
2018 წლის 19 ივლისის N10-------- გადაწყვეტილება, რომლითაც მ-------------------–--–---–-------ის 2018 წლის 17 ივლისის N10-------- განცხადება დაკმაყოფილდა და ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ”საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მ-------------------–--–---–-------ს გადაუვადდა საქართველოდან გასვლის ვალდებულება 2018 წლის 24 ივლისიდან 2018 წლის 16 აგვისტომდე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 19 ივლისის №10-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 69-70).
3.1.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 18 ივლისის №1---------/07 წერილით მ-------------------–--–---–-------ს განუმარტა, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ არ არის წარდგენილი საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დაევალა საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 2018 წლის 26 ივლისამდე. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე წერილით დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge -ზე განთავსება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 ივლისის №1---------/07 წერილი (ს.ფ. 62).
3.1.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 18 ივლისის №1---------/07 წერილით მ-------------------–--–---–-------ს განუმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა ხარვეზი, კერძოდ, სააგენტოში არ იყო ცნობა ერაყის რესპუბლიკიდან ნასამართლეობის შესახებ. შესაბამისად, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და N10-------- განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით დაევალა, ერაყის რესპუბლიკიდან, შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სათანადო წესით დამოწმებული ცნობის სააგენტოში წარდგენა, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არ არსებობის შესახებ. აღნიშნული მტკიცებულების წარდგენისათვის განმცხადებელს განესაზღვრა ვადა 2018 წლის 9 აგვისტომდე. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, უცხოელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალების საფუძველზე უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. ამავე წერილით დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge -ზე განთავსება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 ივლისის №1---------/07 წერილი (ს.ფ. 66).
3.1.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 18 ივლისს №1---------/1 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა – არსებობდა თუ არა მ-------------------–--–---–-------ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის №10---------- წერილი (ს.ფ. 65).
3.1.9. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 13 აგვისტოს SSG 8------------ წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მ-------------------–--–---–-------ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 13 აგვისტოს SSG 8------------ წერილი (ს.ფ. 78).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ-------------------–--–---–-------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ასაჩივრებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 ივლისის №1--------- გადაწყვეტილებას, რომლითაც მ-------------------–--–---–-------ის განცხადება საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.
სასამართლო მიუთითებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებაზე, რომლითაც განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. მე-4 პუნქტის მიხედვით, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე. ხოლო მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ბ“ პუნქტის მუხედვით ბინადრობის ნებართვა სასწავლო ნებართვის მიზნით, გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით; ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მითითებული საკანონმდებლო აქტის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
6.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 17 ივლისს მ-------------------–--–---–-------მა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ნებართვის გაცემა. ამავე დღეს განმცხადებელს გაეცნო და ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც მ-------------------–--–---–-------ს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე ასევე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov..
„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის და „მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, მ-------------------–--–---–-------ს დაევალა ხარვეზით დადგენილი დოკუმენტის წარმოდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2018 წლის 26 ივლისამდე.
განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე წერილით დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge -ზე განთავსება.
კანონმდებლობის თანახმად, დადგენილია გადაწყვეტილების მხარისათვის გაცნობის წესი და ის პროცედურები, რომლებიც ემსახურება მხარის ინფორმირებას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელმა შესაბამისი განაცხადის ფორმის წარდგენის შემდგომ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან მიიღო სამახსოვრო ბარათი, რომლის თანახმადაც მას ეცნობა გადაწყვეტილების გაცნობის წესი და მისი გამოქვეყნების პროცედურა, რის შემდგომაც განმცხადებელს შეეძლო თვალყური ედევნებინა მისი განცხადების განხილვის მიმდინარეობისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ განცხადების ჩაბარების ეტაპზე განცხადების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი იბარებს მისთვის წარდგენილ განაცხადსა და თანდართულ საბუთებს, თუმცა მის კომპეტენციას არ მიეკუთვნება წარდგენილი მოთხოვნასთან ერთად თანდართული მასალის სრულყოფილების შემოწმება და მოქალაქისათვის მითითება, თუ რა დამატებითი დოკუმენტის წარდგენა არის საჭირო. აღნიშნულ ფუნქციას ახორციელებს უშუალოდ საქმის განმხილველი პირი, რომელიც შესაბამისი გადაწყვეტილებით აცნობებს დაინტერესებულ პირს, დამატებით თუ რა დოკუმენტის წარდგენა არის საჭირო მის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოში განცხადების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი, ვალდებულია ჩაიბაროს განმცხადებლების მიერ წარდგენილი დოკუმენტები.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ სასწავლო ბინადრობის მოპოვების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას ადგენს ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების მე-6 მუხლი. შესაბამისად, მოთხოვნის წარდგენამდე განმცხადებელს უნდა გამოეჩინა უფრო დიდი წინდახედულება, ვინაიდან ინფორმირებული იყო, თუ რა დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე მოიპოვებოდა შესაბამისი ნებართვა. ამასთანავე, განმცხადებლისთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე განმარტებული იყო შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდის მონაცემები და მითითებული იყო მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობის შესახებ.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას მასზედ, რომ მ-------------------–--–---–-------მა არ უზრუნველყო იმ საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოსათვის წარმოსადგენად, შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 26 ივლისს მიიღო კანონშესაბამისი N1---------/7 გადაწყვეტილება საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 ივლისის N1---------/7 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მ-------------------–--–---–-------ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მ-------------------–--–---–-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე მერი გულუაშვილი