გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.02.2019
საქმის ნომერი
330210018002295385
კატეგორია
დავის ტიპი
სერვიტუტი
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/3884-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი

მოსარჩელე: ნო-------------------ი, პ/ნ 25---------

წარმომადგენელი: ხა--------------ი

მოსარჩელე: ავ--------–------------ი, პ/ნ 01---------

მოპასუხეები: ირ----–-------–---ა, პ/ნ 01---------, გი----------–-–---–ი, პ/ნ 01---------

დავის საგანი: აუცილებელი გზის უფლების დადგენა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

აუცილებელი გზით სარგებლობის მიზნით ნო-------------------სა და ავ--------–------------ს ნება დაერთოთ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან და საცხოვრებელ სახლთან, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ზ------------–---–------------------–---------------------------------------------, დასაკავშირებლად ისარგებლონ ირ----–-------–---ასა და გი----------–-–---–ის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ზ------------–---–------------------–---------------------------------------------, და მოსარჩელეებს მიეცეთ მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება, კერძოდ, ისარგებლონ მოპასუხეების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გამავალი გზით როგორც ფეხით, ასევე მიეცეთ უფლება ავტომანქანა (მხოლოდ ერთი ავტომანქანა) მოპასუხეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გამავალი გზით გააჩერონ მოსარჩელეთა სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის ეზოში.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეები არიან სადავო მისამართზე მდებარე სახლის მესაკუთრეები. ეზო, რომელშიც მდებარეობს მხარეთა საცხოვრებელი სახლი, არის შემოღობილი და მხარეთა გარდა, სხვა მაცხოვრებლები, ან მესაკუთრეები ეზოში მდებარე უძრავ ნივთს არა ჰყავს. მოსარჩელე მხარეს ჰყავს მანქანა, რომელსაც თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ვერ აყენებს, რადგან დამოუკიდებელი ჭიშკარი სამანქანე გზისთვის მოსარჩელეებს არა აქვთ. ეზოში შემავალი ჭიშკარი, რომლითაც ეზოში მანქანის შეყვანაა შესაძლებელი, აქვთ მოპასუხეებს, მაგრამ მოპასუხეები არ არიან თანახმა, მისცენ მოსარჩელეებს შესაძლებლობა, შეიყვანონ ავტომანქანა მხარეთა საცხოვრებელი სახლის ეზოში. მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ საფეხმავლო გზისთვის მოსარჩელეებს მართალია თავიანთი ჭიშკარი და გზა აქვთ, მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ მოპასუხეები მათ ხელს შეუშლიან საფეხმავლო გზით სარგებლობაში, ამიტომ, მოსარჩელეები ითხოვენ როგორც საავტომობილო, ასევე საფეხმავლო გზით სარგებლობის უფლების დადგენას. მოსარჩელეებმა გამნარტეს, რომ ვინაიდან მოპასუხეები მოსარჩელეებს არ აძლევენ ეზოში მანქანის შეყვანის უფლებას, მოსარჩელე ავ--------–------------ი, რომლის საკუთრებადაც არის აღრიცხული ოჯახის კუთვნილი ავტომანქანა, იძულებულია მანქანა გააჩეროს სახლთან მიმავალი ქუჩის დასაწყისში, ცენტრალურ გზაზე, მეთვალყურეობის გარეშე, რაც ავტომანქანის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ვინაიდან მათ საცხოვრებელი ეზო ირგვლივ მთლიანად შემოსაზღვრულია ბეტონის კედელითა და სხვა მესაკუთრეთა მიწის ნაკვეთებით, ერთადერთი აუცილებელი მისასვლელი გზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გავლით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიიჩნიეს, რომ მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. მოპასუხეებმა განმარტეს, რომ მათ სადავო მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლი იყიდეს 2015 წელს, ხოლო მოსარჩელეებმა - 2017 წელს და სახლის ყიდვისას, მოსარჩელეებისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ მათ ავტომანქანის ეზოში შეყვანისა და საცხოვრებელ სახლში შესასვლელ კიბესთან გაჩერების შესაძლებლობა არ ექნებოდათ ეზოს სიმცირის გამო. მოპასუხეებმა განმარტეს, რომ მოსარჩელეებს აქვთ თავიანთი კუთვნილი საფეხმავლო გზა, ხოლო საავტომობილო გზით სარგებლობის უფლების დადგენის რაიმე აუცილებლობა არ არსებობს. მოპასუხეებმა მიიჩნიეს, რომ მოპასუხეთა საკუთრების უფლება, რომელიც აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, არ შეიძლება შეიზღუდოს მოსარჩელეთა სურვილების გამო; აუცილებელი საავტომობილო გზის დადგენის შემთხვევაში, მოსპასუხეები ვეღარ შეძლებენ თავიანთი კუთვნილი, ისედაც მცირე ზომის მიწის ნაკვეთის გამოყენებას თავიანთი სურვილისამებრ და იძულებულნი იქნებიან, არ განათავსონ თავიანთი კუთვნილი ნივთები სადავო გზაზე და ითმინონ მოსარჩელეთა ავტომანქანის გამონაბოლქვი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ნ-----–--------------–----------------------------–-------------------------------–------------------------------------------------------------------, 2017 წლის 1-----–---- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 1------------დან აღრიცხული იყო ნო-------------------ის საკუთრებად (ს.ფ. 34-25). 2018 წლის 1-------------ის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით N0----------------- 2018 წლის 16 ოქტომბრიდან აღრიცხულია ავ--------–------------ისა და ნო-------------------ის თანასაკუთრებად (ს.ფ. 249-250).

 

3.1.2. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ზ------------–---–-------------------------------–------------------------------------------------------------------, 2015 წლის 1 აპრილიდან რეგისტრირებულია გი----------–-–---–ისა და ირ----–-------–---ას თანასაკუთრებად (ს.ფ. 49-51).

 

3.1.3. მხარეთა ახსნა-განმარტების, საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო გეგმისა და გამიჯვნის შესახებ შედგენილი ნახაზებით დადგენილია, რომ მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით N0--------------- და მოპასუხეთა კუთვნილი უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით N0--------------- წარმოადგენდა ერთ მთლიან უძრავ ნივთს საკადასტრო კოდით N0---------------, რომელიც გამიჯვნის შედეგად დარეგისტრირდა ორ დამოუკიდებელ ნივთად, 219 კვ.მ. და 48 კვ.მ. მიწის ნაკვეთებად, მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (ს.ფ. 52-55).

 

3.1.4. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 2----------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ უძრავ ნივთებს საკადასტრო კოდებით N0--------------- და N0--------------- აქვთ აუცილებელი საფეხმავლო კავშირი საჯარო გზასთან. ამავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზემომითითებულ უძრავ ნივთებს არ გააჩნიათ გამყოფი საზღვარი (ღობე) და სარგებლობა ხდება ცენტრალური გზიდან საერთო შესასვლელით. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მონაცემების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ნაკვეთების გამყოფი სასაზღვრო მიჯნის (ღობის) მოწყობა ნაკვეთების გამყოფ წითელ ხაზზე, ირ----–-------–---ასა და გი----------–-–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში ცენტრალური გზიდან შესასვლელი კარის ღიობის სიგანე დარჩება 2 მეტრი, ხოლო ნო-------------------ს ცენტრალურ გზასთან დასაკავშირებლად დარჩება საფეხმავლო გზა სიგანით 1 მეტრი (ს.ფ. 135-141).

 

3.1.5. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 2-----–---- დასკვნით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ნ-----–--------------–---------------------------–---------------–- მდებარე, საჯარო რეესტრში N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში ავტომობილით მოხვედრა ფაქტობრივი მდგომარეობით შესაძლებელია მხოლოდ მის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული ბეტონის საფარის მქონე შესასვლელით, რომლის ძირითადი ნაწილი მოქცეულია N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს (წითელ ხაზებს) შიგნით, ხოლო დარჩენილი ნაწილით N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს (წითელ ხაზებს) შიგნით. N0--------------- მიწის ნაკვეთში ავტომობილით მოხვედრა ფაქტობრივი მდგომარეობით შესაძლებელია მხოლოდ N0--------------- მიწის ნაკვეთის გავლით. ამავე დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, ნ-----–--------------–---------------------------–---------------–- მდებარე N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოსახვედრად ალტერნატიული საავტომობილო გზის მოწყობა (სხვა მიმართულებით), ისე რომ არ მოხდეს სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების წარმოება და მოსაწყობმა გზამ არ გაიაროს N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნავეთი, შეუძლებელია. ექსერტიზის დასკვნით ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ნ-----–--------------–---------------------------–---------------–- მდებარე N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილში არსებულ საჯარო გზაზე, რომელიც წარმოადგენს ერთ გასასვლელიან საავტომობილო გზას და რომლის სიგანე დაახლოებით შეადგენს 3.8 მ-ს, ავტომობილის გაჩერების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება სხვა ავტომობილის მოძრაობა (ს.ფ. 184-195).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება შესაძლოა შეიზღუდოს კანონის ძალით ან სახელშეკრულებო ვალდებულებით. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით დაცული აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება, როდესაც მესაკუთრეს შესაძლოა დაეკისროს თავისი საკუთრებით სარგებლობის თმენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომელთა არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ Nას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წ.).

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს გარემოებაზე, რომ განსახილველ დავაზე სასამართლომ ჩაატარა ადგილზე დათვალიერება, რის შედეგადაც ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ მხარეთა საცხოვრებელ ეზოს, რომელშიც განთავსებულია მხარეთა საკუთრებად აღრიცხული საცხოვრებლები, აქვს კავშირი საჯარო გზასთან, ვინაიდან მხარეთა საცხოვრებელ ეზოში შემავალი ჭიშკარი სწორედ საჯარო გზაზე მდებარეობს, რაც დასტურდება ასევე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 2-----–---- დასკვნით, რომელითაც დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ნ-----–--------------–---------------------------–---------------–- მდებარე N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილში გადის საჯარო გზა, რომელიც წარმოადგენს ერთ გასასვლელიან საავტომობილო გზას და რომლის სიგანე დაახლოებით შეადგენს 3.8 მ-ს; ამ გზაზე ავტომობილის გაჩერების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება სხვა ავტომობილის მოძრაობა (ს.ფ. 184-195). ამასთან, ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე საავტომობილო გზით სარგებლობის უფლების დადგენას ითხოვს, რადგან მანქანა ეზოს გარეთ უყურადღებოდ რჩება დღისითაც და ღამითაც, რის გამოც არ არის უზრუნველყოფილი ავტომანქანის უსაფრთხოება. ადგილზე დათვალიერების შედეგად ასევე დადგინდა, რომ მოსარჩელე მხარე მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლთან საავტომობილო გზით მიდის ეზოს ჭიშკრამდე; ჭიშკართან არსებული გზა არის ვიწრო და არ იძლევა ავტომანქანის დიდი ხნით დატოვების შესაძლებლობას (ს.ფ. 200-201).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა საავტომობილო გზით სარგებლობის უფლების დადგენის თაობაზე უსაფუძვლოა და მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, რადგან განსახილველ საქმეში ერთმნიშნვნელოვნად დგინდება, რომ მოსარჩელე მხარე თავისუფლად სარგებლობს თავისი საკუთრებით და აუცილებელი გზის უფლების დადგენის მოთხოვნა დაყენებულია მხოლოდ ავტომანქანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც ვერ იქნება შეფასებული, როგორც მოპასუხეთა საკუთრების უფლების შეზღუდვის საკმარისი საფუძველი. როგორც ზევით განიმარტა, აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა და მოპასუხეებზე თმენის ვალდებულების დაკისრება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური (და არა სუბიექტური) ფაქტორებით, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, ერთმნიშნვნელოვანია, რომ საავტომობილო გზით სარგებლობის უფლების დადგენას მოსარჩელე სუბიექტური ფაქტორის გათვალისწინებით ითხოვს იმ გარემოებაზე იმითითებით, რომ მოსარჩელეთა ოჯახის კუთვნილი ავტომანქანა მეთვალყურეობის გარეშე რჩება, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. გარემოება, რომ მოსარჩელეთა კუთვნილ უძრავ ნივთს აქვს საფეხმავლო კავშირი საჯარო გზასთან დასტურდება როგორც ექსპერტიზის დასკვნით, ასევე თავად მოსარჩელეთა განმარტებით, რის გამოც მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ მოპასუხეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საფეხმავლო გზით სარგებლობის უფლების დადგენის მოთხოვნაზეც. სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეებს მოპასუხეთა ბრალეულობით ხელი შეეშლებათ თავიანთი საკუთრებით სარგებლობაში და ვერ ისარგებლებენ თავიანთი კუთვნილი საფეხმავლო გზით, მოსარჩელეები უფლებამოსილნი არიან, მოპასუხეებისგან მოითხოვონ ხელშეშლის აღკვეთა საქართველოს სამოქალაო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

7. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით (ს.ფ. 15-16). ასევე, წარმოდგენილია ექსპერტიზის ჩატარების მიზნით 300 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის დამადასტურებელი ქვითარი (ს.ფ. 182-183). თავის მხრივ, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ექსპერტიზის ჩატარების მიზნით 200 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის დამადსტურებელი ქვითარი (ს.ფ. 142-144). ვინაიდან სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, არ არსებობს მოპასუხეთათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით გაწეული თანხის დაკისრების საპროცესო სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, მოსარჩელეებს მოპასუხეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოპასუხეთა მიერ ექსპერტიზის დასკვნისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 268-ე-270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნო-------------------ისა და ავ--------–------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ნო-------------------ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. ნო-------------------სა და ავ--------–------------ს ირ----–-------–---ას სასარგებლოდ დაეკისროთ 200 ლარის გადახდა ირ----–-------–---ას მიერ ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე