განაჩენი

სისხლის სამართლის 18.02.2019
საქმის ნომერი
330100119002815801
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#1/2---19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 თებერვალი 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: თ-- კ------–---

ადვოკატი: გ------- გ--–-----

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: მ------ რ-----ე

მამის სახელი: ო-----

დაბადებული: 1---------–-

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----------–----------------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 1---------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი

აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა

დაკავების დრო: 15.12.2018წ. 01:15 საათი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ მ------ რ-----ის მიმართ, საქრთველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: მ------ რ-----ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 12 დეკემბერს, დილის საათებში, თბილისში, დ------------–-, თ--------------------------ში ყოფნის დროს ი---- კ-----–---–ს, რომელიც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას მ------ რ-----ეთან ერთად, ტელეფონის მეშვეობით, სახის დამახინჯებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ------ რ-----ე, რის შედეგადაც ი---- კ-----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები, შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც გამოკვლევის გარეშე იქნა სასამართლო სხდომაზე მიღებული, თუმცა სასამართლოს მიერ აღნიშნული მტკიცებულებების და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, ბრალდებულის მიმართ გამოიკვეთა ბრალის დადგენილებაში მითითებული და მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებისაგან განსხვავებული გარემოებები.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა ამავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარეები შეთანხმდნენ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, ვერ გახდება პირის წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების საფუძველი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ეკისრება ბრალმდებელს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებაა კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ან ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება, ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზეც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ, ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა, თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა და დამნაშავეა თუ არა იგი.

რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, მოსამართლის შინაგანი რწმენის ფორმირებისათვის ასევე მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის შეფასებაც, რომელსაც ბრალდებული აწვდის სასამართლოს.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.

რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

რაც შეეხება ქმედების გადაკვალიფიცირების საკითხს, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთის მხრივ, იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულში არ დაედოს მსჯავრი, რაც არ ჩაუდენია და, მეორე მხრივ, საერთოდ არ გამოირიცხოს პირს ბრალეულობა დანაშაულში.

იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით, საჭიროა დადგინდეს, რომ ძალადობის მსხვერპლი იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, განმარტებულია იმ პირთა ჩამონათვალი, თუ ვინ ითვლება ოჯახის წევრად, კერძოდ: ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, რაც მოცემულ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება.

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ის გარემოება, რომ ი---- კ-----–---–ი და მ------ რ-----ე თითქოსდა ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, რაც გახდა კიდეც საფუძველი 111-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების დაკვალიფიცირების, უტყუარად არ დასტურდება მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შინაარსიდან გამომდინარე.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2018 წლის 12 დეკემბერს, დილის საათებში, თბილისში, დ------------–-, თ--------------------------ში ყოფნის დროს ი---- კ-----–---–ს ტელეფონის მეშვეობით, სახის დამახინჯებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ------ რ-----ე, რის შედეგადაც ი---- კ-----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ჩხრეკის ოქმებით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ მ------ რ-----ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში მისი ნასამართლობა.

სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მ------ რ-----ეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ------ რ-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

მ------ რ-----ე (პ№1----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა, სრულად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით მ------ რ-----ის მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელი ჯარიმა - 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით და საბოლოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ------ რ-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მ------ რ-----ეს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2018 წლის 15 დეკემბრის 01 საათი და 15 წუთიდან.

მ------ რ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - მ------ რ-----ის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ტეტრაჰიდროკანაბინოლი და გამომშრალი მარიხუანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

ბრალდებულ მ------ რ-----ის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი პნევმატური პისტოლეტი და ერთი ცალი პნევმატური თოფი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე