გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/7478-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე - სა---------–----–-----------------------------
წარმომადგენელი - ოთ-----------–---
მოპასუხე - შპს „ა----“
წარმომადგენელი - ან------------–-
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „ა----სათვის“ მოსარჩელე სა---------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 464.04 ლარის გადახდის დაკისრება. სა---------–----–-----------------------------სა და შპს „ა----ს“ შორის 2017 წლის 24 აგვისტოს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შ------------------------------ათვის მიეწოდებინა მყარი დისკები 45 კალენდარული დღის ვადაში, არაუგვიანეს 2017 წლის 08 ოქტომბრისა და მეხსიერების ბარათები 30 კალენდარული დღის ვადაში, არაუგვიანეს 2017 წლის 23 სექტემბრისა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა - 2 578 ლარს. მიმწოდებელი კომპანიის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების მიწოდების ვადა, კერძოდ, მეხსიერების ბარათების მიწოდება, ნაცვლად 2017 წლის 23 სექტემბრისა განხორციელდა 2017 წლის 6 ოქტომბერს, 13 კალენდარული დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების - 2 578 ლარის 1.8%-ის ოდენობით, რაც გადაცილებული პერიოდის გათვალისწინებით, შეადგენს - 464.04 ლარს. შ------------------------------ მიერ შპს „ა----ს“ გაეგზავნა შეტყობინება შესყიდვების ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს ოდენობისა და ნებაყოფლობით გადახდის თაობაზე. კომპანიის მიერ პირგასამტეხლოს გადახდა არ მომხდარა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „ა----მ“ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა და განმარტა, რომ სა---------–----–-----------------------------სა და შპს „ა----ს“ შორის 2017 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული N--- ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმება N1-ის თანახმად, საქონლის მიწოდების ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 16 ოქტომბერი, ხოლო შპს „ა----ს“ მიერ საქონელი მიწოდებულ იქნა 2017 წლის 6 ოქტომბერს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სა---------–----–-----------------------------სა და შპს „ა----ს“ შორის 2017 წლის 24 აგვისტოს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შ------------------------------ათვის მიეწოდებინა მყარი დისკები 45 კალენდარული დღის ვადაში, არაუგვიანეს 2017 წლის 08 ოქტომბრისა და მეხსიერების ბარათები 30 კალენდარული დღის ვადაში, არაუგვიანეს 2017 წლის 23 სექტემბრისა.
ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 2 578 ლარით.
მხარეთა შორის 2017 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების 4.1. პუნქტისა და დანართი N1-ის თანახმად, მყარი დისკების მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის განმავლობაში, ხოლო მეხსიერების ბარათების - ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
ხელშეკრულების 10.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობებს ვერ შეასრულებს (შესრულების ვადა, ხარისხი) ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, შემსყიდველი უფლებამოსილია: ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 1.8%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების დანართი N1;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. შპს „ა----მ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეასრულა ვალდებულება, რის გამოც სა---------–----–-----------------------------სა და შპს ,,ა----ს“ შორის 2017 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა შეთანხმება №1 მხარეთა შორის 2017 წლის 24 აგვისტოს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებული მეხსიერების ბარათების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 16 ოქტომბერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება N1;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. შპს „ა----ს“ მიერ „მეხსიერების ბარათი A ტიპის“ მიწოდებულ იქნა 2017 წლის 26 სექტემბერს, რის გამოც მას დაეკისრა ჯარიმა 139 ლარის ოდენობით. აღნიშნული ჯარიმა გადახდილ იქნა 2017 წლის 12 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ------------------------------ 05.10.2017 მიმართვა;
- 26.09.2017 მიღება-ჩაბარების აქტი;
- 12.10.2017 საგადახდო დავალება N1---------;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. შპს „ა----ს“ მიერ შ------------------------------ათვის „მეხსიერების ბარათის B ტიპის“ მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 06 ოქტომბერს. მეხსიერების ბარათის ღირებულება შეადგენდა 50 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 06.10.2017 მიღება-ჩაბარების აქტი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. შპს „ა----ს“ და სა---------–----–-----------------------------ს შორის 2017 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული №--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქონლის მიწოდების ვადის დარღვევის გამო, დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 1.8%, ჯამში - 464.04 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ------------------------------ 31.10.2017 მიმართვა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმებით, შემსყიდველი-სა---------–----–----------------------------- დაეთანხმა შესრულების მიღებას ვადაგადაცილებით, რაც არ გამორიცხავს ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლით დადგენილია მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევები. კერძოდ, ასეთად ჩაითვლება თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. ხოლო, ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, კი ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გამომრიცხველ გარემოებად მიუთითებს, რომ სა---------–----–-----------------------------სა და შპს „ა----ს“ შორის 2017 წლის 24 აგვისტოს გაფორმებულ N--- ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებაზე, რომლის თანახმად, საქონლის მიწოდების ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 16 ოქტომბერი. ამავე შეთანხმებაში, აღნიშნულია, რომ შემსყიდველი მიწოდების ვადის გაგრძელებაზე დაეთანხმა საჯარიმო სანქციების გათვალისწინებით.
დადგენილია, რომ შპს "ა----მ" პროდუქცია მიაწოდა 2017 წლის 06 ოქტომბერს. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან- 2017 წლის 24 სექტემბრიდან -06 ოქტომბრამდე, პერიოდი წარმოადგენს შპს „ა----ს“ მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადისგადაცილებას, რის გამოც სა---------–----–----------------------------- უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სა---------–----–-----------------------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე, 477-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
2017 წლის 24 აგვისტოს სა---------–----–-----------------------------სა (შემსყიდველი) და შპს „ა----ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №--- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრული სხვადასხვა სახის კომპიუტერული პროდუქციის შესყიდვა (C-----------). ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა - 2 578 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო შესყიდვის ობიექტის მიწოდება განეხორციელებინა დანართი №1-ით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.
დადგენილია, ასევე, რომ შპს „ა----მ“ ჯეროვნად არ შეასრულა მასსა და სა---------–----–-----------------------------ს შორის 2017 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, საქონელი მიწოდებულ იქნა ვადაგადაცილებით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
2017 წლის 24 აგვისტოს სა---------–----–-----------------------------სა და შპს „ა----ს“ შორის გაფორმებული №--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 10.3. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ შემსყიდველი უფლებამოსილია დანართი №1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტელო ხელშეკრულების ღირებულების 1.8%-ის ოდენობით. ამასთან, დადგენილია, რომ შპს „ა----მ“ ჯეროვნად არ შეასრულა მასსა და სა---------–----–-----------------------------ს შორის 2017 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, მისაწოდებელი საქონელი შემსყიდველისათვის მიწოდებულ იქნა ვადადარღვევით, რის გამოც შემსყიდველის მიერ დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 1.8%, ჯამში - 464.04 ლარის ოდენობით.
სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე, თუკი მიმწოდებლის მხრიდან დაირღვეოდა საქონლის მიწოდების ვადები. მოპასუხემ სადავოდ გახადა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, ხოლო მის ოდენობაზე შედავება არ განახორციელა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოიხმოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, კერძოდ: „საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში სასამართლო მხოლოდ ხელმძღვანელობს მხარეთა შეჯიბრს. ამ პროცესში მონაწილეობენ მოთხოვნის კრედიტორი, რომლის მიმართაც დარღვეულია ვალდებულება და მოვალე/მოპასუხე, რომელიც მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებას - პირგასამტეხლოს მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალგანაკვეთად. ამ დროიდან, უკვე სასამართლო იწყებს პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას. საგულისხმოა, რომ ამ პროცესში მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი, თუმცა საგულისხმოა, რომ თუ მხარე სადავოდ არ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას (გონივრულობას), მაგრამ საერთოდ გამორიცხავს მისი დაკისრების წინაპირობების არსებობას, უპრიანია სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობაც შედავებულად მიიჩნიოს და შეაფასოს მისი გონივრულობა. ასეთ ვითარებაში ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს მხარის ნება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არათუ პირგასამტეხლოს ოდენობას ხდის სადავოდ, არამედ საერთოდ პირგასამტეხლოს დაკისრებას არ ეთანხმება“ (№ას-318-301-2017, 05.05.2017 წელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით - 464.04 ლარის დაკისრება, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღვრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. (იხ. სუსგ. №ას-181-181-2018; 23 მარტი, 2018 წელი).
დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილის მიწოდება განახორციელა ვადის დარღვევით. მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ნორმატიულ დანიშნულებიდან გამომდინარე, მისი ოდენობა საქონლის მიწოდების ვადის თითოეული დარღვევიდან გამომდინარე შემცირდეს 1.8%-დან 0.06%-მდე და დასაკისრებელი თანხის ოდენობა ნაცვლად 464.04 ლარისა განისაზღვროს - 15.46 ლარით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.
7. საპროცესო ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოსარჩელე - სა---------–----–----------------------------- გათავისუფლებულია სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. სა---------–----–-----------------------------ს სარჩელი შპს „ა----ს“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე შპს „ა----ს“ მოსარჩელე სა---------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 15.46 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე შპს „ა----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამასთან, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს.
მოსამართლე მაკა ჭედია