გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.02.2019
საქმის ნომერი
100310019002793613
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
11.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310019002793613

საქმე № 3/1-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11.02. 2019 წელი ქ.საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილება;

წარმომადგენელი: ნ---- მა-----–---–ი;

 

მოპასუხეები: მა---- რე----–---–ი, მ--- ნო----ე

 

დავის საგანი: უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მა---- რე----–---–ს (პ/ნ 3----------) დაეკისროს ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხის 150 (ასორმოცდაათი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება (უკან დაბრუნება).

 

1.2. მოპასუხე მ--- ნო----ეს (პ/ნ 3----------) დაეკისროს ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხის 320 (სამასოცი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება (უკან დაბრუნება).

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოპასუხეები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში და სხვადასხვა დროს მათი ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მაჩვენებლის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ წარმოადგენდნენ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტებს. სააგენტოს ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხეებს დაენიშნათ შემწეობა.

ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური დახმარების ადმინისტრირების დეპარტამენტის 2018 წლის 09 აგვისტოს N 04/4---- მომართვის საფუძველზე მოსარჩელე განყოფილებისათვის ცნობილი გახდა მოპასუხეების ოჯახის წევრებზე გარკვეული შემოსავლის დაფიქსირება. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N 126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად ოჯახებმა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის მიზნით განაცხადის შევსებისას და სააგენტოში ჩაბარებისას რიგ სხვა ვალდებულებებთან ერთად დაადასტურეს თანხმობა ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული ან სოციალურ - ეკონომიური მდგომარეობის შეცვლის შესახებ ეცნობებინათ სააგენტოსათვის ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.

მოპასუხეებმა დაარღვიეს სააგენტოს ინფორმირების ზემოთაღნიშნული ვალდებულება, რასაც შედეგად მოჰყვა საარსებო შემწეობის არასწორად (ზედმეტად) დარიცხვა მა---- რე----–---–ისათვის (პ/ნ 3----------) 150 (ასმორცდაათი) ლარის, ხოლო მ--- ნო----ისათვის (პ/ნ 3----------) 320 (სამასოცი) ლარის ოდენობით.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის განყოფილების მიერ მოპასუხეებს არასწორად/უკანონოდ მიღებული საარსებო შემწეობის თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ნებაყოფლობით დაბრუნების მოთხოვნით ინდივიდუალურად გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები. მიუხედავად არაერთი სატელეფონო ზარისა მოპასუხეებს არანაირი ქმედება არ განუხორციელებიათ თანხის ბიუჯეტში ანგარიშზე აღდგენასთან დაკავშირებით.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ბენეფიციარებს შორის ადგილი აქვს კანონისმიერ ორმხრივ ვალდებულებით ურთიერთობებს და ბენეფიციარების მხრიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა განაპირობებს მათ პასუხისმგებლობას სააგენტოს მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მა---- რე----–---–მა მოცემულ სარჩელზე შესაგებელი არ შემოიტანა და ასევე სასამრთლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, მისი განმარტებით განცდის მძიმე სოციალურ პირობებს და თვლის, რომ თანხა რომელსაც სოციალური სამსახური ედავება არ უნდა დაბრუნდეს ბიუჯეტში.

 

მოპასუხე მ--- ნო----ეს შესაგებელი არ შემოუტანია წარმოდგენილ სარჩელზე და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი. მან მიუთითა, რომ განიცდის მძიმე სოციალურ პირობებს, თანხა რომელსაც სოციალური სამსახური ედავება არ უნდა დაბრუნდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. მოპასუხე მა---- რე----–---–ის (პ/ნ 3----------) ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში საიდენტიფიკაციო კოდით: 0-----------. დადგენილია, რომ მა---- რე----–---–მა 2015 წლის 31 ი--–--- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სოციალური დახმარების დანიშვნა. ამავე განცხადებაზე ხელმოწერით იგი დაეთანხმა დაკისრებულ ვალდებულებას სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების და/ან იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება დაუყონებლივ ეცნობებინა უფლებამოსილი პირისათვის.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, მა---- რე----–---–ის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება, ვინაიდან ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა - 54680 ერთეულით.

დადგენილია, რომ მა---- რე----–---–ი ოჯახი იღებდა საარსებო შემწეობას. 2018 წლის 09 აგვისტოს N 04/4--- წერილით დადასტურდა მა---- რე----–---–ის ოჯახის წევრზე თ-- ქვ--–-----ე (პ/ნ 3----------) - გარკვეული შემოსავალი, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველი გახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მა---- რე----–---–ის განცხადება (ს.ფ.21 )

- გადაწყვეტილება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ (ს.ფ.22)

- 2019 წლის 09 აგვისტოს N 04/4--- წერილი ბენეფიციარის ოჯახის წევრზე გარკვული შემოსავლის დაფიქსირების შესახებ (ს.ფ.27-29)

- ელექტრონული ვერსია შემოსავლის დაფიქსირების შესახებ (ს.ფ.30)

- მხარის ახსნა - განმარტება (იხ.სხ. ოქმი)

 

3.1.2. დადგენილია, რომ მა---- რე----–---–ის ოჯახმა ზედმეტად მიიღო საარსებო შემწეობის თანხა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ბენეფიციარს წერილობით განემარტა თანხის დაბრუნების ვალდებულების შესახებ, რაც დღემდე არ განუხორციელებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2019 წლის 09 აგვისტოს N N 04/4--- წერილი ბენეფიციარის ოჯახის წევრზე გარკვული შემოსავლის დაფიქსირების შესახებ (ს.ფ.27-29)

- ელექტრონული ვერსია შემოსავლის დაფიქსირების შესახებ (ს.ფ.30)

- სოციალური სამსახურის 01. 1-- 2018 წლის და 01.1-.2018 წლის წერილები თანხის დაბრუნების თაობაზე (ს.ფ.23-26)

- მხარის ახსნა - განმარტება (იხ.სხ. ოქმი)

 

3.1.3. მოპასუხე მ--- ნო----ის (პ/ნ 3----------) ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში საიდენტიფიკაციო კოდით: 0----------- და იღებდა საარსებო შემწეობას.

 

დადგენილია, რომ მ--- ნო----ემ (პ/ნ 3----------) 2017 წლის 11 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სოციალური დახმარების დანიშვნა. ამავე განცხადებაზე ხელმოწერით იგი დაეთანხმა დაკისრებულ ვალდებულებას სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების და/ან იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება დაუყონებლივ ეცნობებინა უფლებამოსილი პირისათვის.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, მ--- ნო----ის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება, ვინაიდან ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა - 22470 ერთეულით.

 

დადგენილია, რომ მ--- ნო----ის ოჯახი იღებდა საარსებო შემწეობას. 2018 წლის 09 აგვისტოს N 04/4--- წერილით დადასტურდა ოჯახის წევრზე - კ---ა ნო----ეზე (პ/ნ 3----------) გარკვეული შემოსავალი, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველი გახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მ--- ნო----ის განცხადება (ს.ფ.15)

- გადაწყვეტილება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ (ს.ფ.16)

- 2018 წლის 09 აგვისტოს N 04/4--- წერილი ბენეფიციარის ოჯახის წევრზე გარკვული შემოსავლის დაფიქსირების შესახებ (ს.ფ.27-29)

- ელექტრონული ვერსია შემოსავლის დაფიქსირების შესახებ (ს.ფ.30

- მხარის ახსნა - განმარტება (იხ.სხ. ოქმი)

 

3.1.4. დადგენილია, რომ მ--- ნო----ის ოჯახმა ზედმეტად მიიღო საარსებო შემწეობის თანხა 320 (სამასოცი) ლარის ოდენობით. ბენეფიციარს წერილობით განემარტა თანხის დაბრუნების ვალდებულების შესახებ, რაც დღემდე არ განუხორციელებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2018 წლის 09 აგვისტოს N 04/4--- წერილი ბენეფიციარის ოჯახის წევრზე გარკვული შემოსავლის დაფიქსირების შესახებ (ს.ფ.27-29)

- ელექტრონული ვერსია შემოსავლის დაფიქსირების შესახებ (ს.ფ.30)

- სოციალური სამსახურის 01. 1-- 2018 წლის და 01.1-.2018 წლის წერილები თანხის დაბრუნების თაობაზე (ს.ფ.17-20)

- მხარის ახსნა - განმარტება (იხ.სხ. ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 385-ე და 394-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

6.2.,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა:

„ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;

მოპასუხეებმა - მა---- რე----–---–მა და მ--- ნო----ემ დაარღვიეს სააგენტოს ინფორმირების ზემოთაღნიშნული ვალდებულება რის შედეგადაც მა---- რე----–---–ს ზედმეტად დაერიცხა 150 (ასორმოცდაათი) ლარი, მ--- ნო----ეს 320 (სამასოცი) ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე - მა---- რე----–---–ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 150 ლარის, ხოლო მ--- ნო----ის მიმართ - 320 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის „ა“ პუნქტისა და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

6.4.სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით „დამტკიცდა სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი.“

 

მითითებული წესის მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. ამავე წესის მე-5 მუხლი კი ადგენს, რომ საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).

 

6.4. სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი.

 

მითითებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას; ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ამავე დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს, შესაბამის ორგანოს თუ დაწესებულებას.

 

6.6. განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ მა---- რე----–---–ი და მ--- ნო----ე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე იღებდნენ სოციალურ დახმარებას. ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ მოპასუხეებს დაუფიქსირდათ გარკვეული შემოსავალი, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია, კანონით დადგენილ ვადაში არ აცნობა სააგენტოს.

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვ.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ სააგენტოს უფლებამოსილება განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლით, რომლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია: არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესზე“, რომლის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მომდევნო თვიდან. ამ წესის მიზნებისათვის, გარემოების დადგენის თვედ მიიჩნევა: ა) გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვალების თვე; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 16 წლის ასაკის შესრულების თვე; გ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში – სააგენტოში ოფიციალური მონაცემ(ებ)ის შემოსვლის თვე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-91 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით, თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

6.8.სასამართლო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მა---- რე----–---–ის მიერ ზედმეტად მიღებული თანხა შეადგენს 150 ლარს, ხოლო მ--- ნო----ის მიერ ზედმეტად მიღებული თანხა შეადგენს 320 ლარს რომლის უკან დაბრუნება ადმინისტრაციულმა ორგანომ რამდენჯერმე უშედეგოდ მოითხოვა. კერძოდ, დადგენილია რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2018 წლის 01 ო----------- №04-06-11/1--- და 2018 წლის 01 ნ--------- №04-06 – 11/1--- (ს.ფ. 23-26) წერილით მა---- რე----–---–ს ეცნობა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დაფიქსირდა ინფორმაცია მა---- რე----–---–ის ოჯახის წევრის - თ-- ქველაძის (პ/ნ 3----------) შემოსავლის შესახებ, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2018 წლის 01 ო----------- №04-06-11/1--- და 2018 წლის 01 ნ--------- №04-06 – 11 /1--- (ს.ფ. 17-20) წერილით მ--- ნო----ეს ეცნობა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დაფიქსირდა ინფორმაცია მ--- ნო----ის ოჯახის წევრის - კ---ა ნო----ის (პ/ნ 3----------) შემოსავლის შესახებ და ვინაიდან აღნიშნული არ ეცნობა სააგენტოს, ადგილი აქვს ფულადი სოციალური დახმარების არასწორად გაცემას, რაც წარმოშობს თანხის დაბრუნების ვალდებულებას. მოპასუხეს - მა---- რე----–---–ს მიღებული აქვს ოჯახის სახელზე გაცემული საარსებო შემწეობა 150 ლარის, ხოლო მ--- ნო----ეს 320 ლარის ოდენობით, რომლის დაბრუნებაც მოპასუხე მხარის მიერ არ განხორციელებულა.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნას მოთხოვილი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის შესაბამისად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

 

6.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამდენად, მოპასუხე - მა---- რე----–---–ს უნდა დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, უკანონოდ მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების - 150 (ასორმოცდაათი) ლარის, ხოლო მ--- ნო----ეს 320 (სამასოცი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 24-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს.ს.ი.პ. ,, სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების სარჩელის დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მა---- რე----–---–ს (პ/ნ 3----------) დაეკისროს უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების 150 (ასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

1.2. მ--- ნო----ეს (პ/ნ 3----------) დაეკისროს უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების 320 (სამას ოცი) ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქუჩა №3) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი