გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210018002728750
2-1232-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
26 თებერვალი, 2018 წელი, ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,ლ--------------“
წარმომადგენელი ნ--------–-შვილი
მოპასუხეები მ-------–---------–---–------------–------------შვილი
დავის საგანი თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს სოლიდარულად გადახდეთ ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ 8 200 ლარი და 97 თეთრი, საიდანაც 4518 ლარი ძირი თანხაა, 2 304 ლარი და 37 თეთრი - პროცენტი და 1378 ლარი 60 თეთრი - პირგასამტეხლო;
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2014 წლის 10 მარტს ,,ლ-------------სა" და მ-------–---------შვილს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხა იყო 6 000 ლარი, ყოველთვიური გადასახადი - 150 ლარი და 73 თეთრი, წლიური 17.50%. ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2019 წლის 1 მარტამდე;
იმავე დღეს, ,,ლ-------------თან" დადებული თავდებობის ხელშეკრულებით, ნა----–------------შვილმა იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად მისი ვალდებულების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხაა 8997 ლარი და 46 თეთრი. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხეებმა არ შეასრულეს ვალდებულება - დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი და მათი დავალიანება 2018 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, 16 412 ლარი და 11 თეთრი იყო, მაგრამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა 9 589 ლარი და 74 თეთრი მოსარჩლემ შეამცირა 1505 ლარამდე და სარჩელით მოითხოვა 8327 ლარი და 37 თეთრის გადახდა. საქმის განხილვისას, ნა----–------------შვილმა გადაიხადა 126 ლარი და 40 თეთრი, რითიც შემცირდა პირგასამტეხლო 1505 ლარი - 1378.60 ლარამდე და შესაბამისად - სარჩელით მოთხოვნილი თანხაც (იხ. ცნობა დავალიანების შესახებ ს.ფ.19; მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება, ახსნა-განმარტება. 2019 წლის 18 იანვრის მოსამზადებელი სხდომის ოქმი: 16:06:55-16:07:43);
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2014 წლის აგვისტოს შემდეგ ვალდებულება არ შეუსრულებია, თანხა არ გადაუხდია ვალის დაფარვის მიზნით. შესაბამისად, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოთხოვნა ხანდაზმულია და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 10 მარტს ,,ლ-------------სა" და მ-------–---------შვილს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხა იყო 6 000 ლარი, ყოველთვიური გადასახადი - 150 ლარი და 73 თეთრი, წლიური 17.50%. ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2019 წლის 1 მარტამდე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2014 წლის 10 მარტს, ,,ლ-------------თან" დადებული თავდებობის ხელშეკრულებით, ნა----–------------შვილმა იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად მისი ვალდებულების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხაა 8997 ლარი და 46 თეთრი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.28-29);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი და მათი დავალიანება 2018 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, 16 412 ლარი და 11 თეთრი იყო, მაგრამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა 9 589 ლარი და 74 თეთრი მოსარჩლემ შეამცირა 1505 ლარამდე და სარჩელით მოითხოვა 8327 ლარის და 37 თეთრის გადახდა. საქმის განხილვისას, ნა----–------------შვილმა გადაიხადა 126 ლარი და 40 თეთრი, რითიც შემცირდა პირგასამტეხლო 1505 ლარი - 1378.60 ლარამდე და შესაბამისად - სარჩელით მოთხოვნილი თანხაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.19)
- მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება, ახსნა-განმარტება. (2019 წლის 18 იანვრის მოსამზადებელი სხდომის ოქმი: 16:06:55-16:07:43);
3.1.4. მ-------–---------შვილმა რამოდენიმეჯერ გადააცილა გადახდის ვადას და 2014 წლის 1 აგვისტოს შემდეგ თანხა საერთოდ აღარ გადაიხადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი მ-------–---------შვილის ანგარიშიდან (ს.ფ.73)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ 2014 წლის აგვისტოს შემდეგ, ვალდებულების შესრულების მიზნით თანხა არ გადაუხდია და შესაბამისად, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (2018 წლის 19 ნოემბერი) მოთხოვნა ხანდაზმულია;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 129-ე, 137-ე მუხლები; 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 420-ე, 626-ე, 891-ე მუხლები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები,6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება.
სამოქალაქო კოდექსის: 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას;
ნა----–------------შვილის ანგარიშიდან ამონაწერით დგინდება, რომ მ-------–---------შვილის კრედიტის დასაფარად თანხა რამოდენიმეჯერ გადაიხადა (ძირი თანხის, პროცენტის, პირგასამტეხლოს დასაფარად) 2014 წლიდან 2015 წლის 22 დეკემბრამდე პერიოდში, შემდეგ - 2016 წლის 25 იანვარს და მოცემული დავის სასამართლოში განხილვისას - 2019 წლის 16 იანვარს. ამდენად, აღნიშნული ქმედებით, მოპასუხე მხარის მიერ, აღიარებულია განსახილველი მოთხოვნის არსებობა.
აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოდგენილა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის, რადგან, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ასევე სამი წელია ხანდაზმულობის ვადა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნებისა. მოცემულ შემთხვევაში კი ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილი იყო იმ პერიოდში, როდესაც მოპასუხე ვალდებულებას ასრულებდა - სესხის დასაფარად თანხას იხდიდა - 2016 წლის 25 იანვრამდე (როდესაც პირგასამტეხლო გადაიხადა), სარჩელი სასამართლოში აღიძრა 2018 წლის 19 ნოემბერს - სამოქალაქო კოდექსის მითითებული მუხლით დაწესებული ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე. გარდა ამისა, მოპასუხემ, სასამართლოში საქმის განხილვის დროს სესხის დასაფარად პირგასამტეხლოს თანხის შეტანითაც - 2019 წლის 16 იანვარს, აღიარა მოთხოვნის არსებობა;
316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;
317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მისგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;
891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში მ-------–---------შვილსა და ბანკს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რითიც გათვალისწინებული იყო პროცენტი. მოპასუხეს ვალი უნდა დაებრუნებინა შეთანხმებული გრაფიკით. მან დაარღვია გრაფიკი, რამოდენიმეჯერ გადააცილა გადახდის ვადას და 2014 წლის 1 აგვისტოს შემდეგ, თანხა საერთოდ აღარ გადაიხადა, რაც უფლებას აძლევს კრედიტორს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ძირითადი მსესხებლისა და ნა----–------------შვილისაგან, რომელიც თავდებად დაუდგა კრედიტორის წინაშე მ-------–---------შვილს და სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად;
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამავე ტიპის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის Nას-103-99-2016 განჩინებაში აღნიშნულია: პირგასამტეხლოს განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს“;
პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობისას, ,,სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვ. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, ამით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს“;
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს გაცემული სესხის ოდენობას, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობას - რომ ვალდებულება არ სრულდება ძირითადი მსესხებლის მიერ 2014 წლის აგვისტოს შემდეგ და თავდების მიერ - 2016 წლის 25 იანვრის შედეგ, მანამდეც ზედიზედ რამოდენიმეჯერ გადააცილა მოპასუხემ გადახდის ვადას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 873-ე მუხლით მინიჭებული უფლებით კრედიტის გამცემს შეეძლო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა, რადგან გათვალისწინებული იყო კრედიტის დაბრუნება ნაწილ- ნაწილ, კრედიტის ამღების მიერ ზედიზედ ორი ვადის გადაცილების შემთხვევაში, კრედიტორმა კი სასამართლოს მომართა 2018 წლის ნოემბერში, რითიც ხელი შეეწყო პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდას;
ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს, - განისაზღვროს 800 ლარით;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;
სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;
131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, თუმცა, აღიარებს, რომ სესხის დაფარვის გრაფიკი დაარღვია, არ უარყოფს, რომ მოთხოვნილი თანხა ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარეა;
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნა----–------------შვილის ანგარიშიდან ამონაწერით დგინდება, რომ მას, მ-------–---------შვილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად, გადახდილი აქვს 2824 ლარი და 6 თეთრი. თავდებობის ხელშეკრულებით, მისი პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა იყო 8997 ლარი და 46 თეთრი, რასაც უნდა გამოაკლდეს მის მიერ უკვე გადახდილი თანხა და სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხეებისათვის სოლიდარულად გადასახდელად დაკისრებული თანხის ოდენობაში, მისი პასუხისმგებლობა განისაზღვროს 6 173 ლარით და 40 თეთრით;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;
სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხა - დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად - 228 ლარი და 68 თეთრი,ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:
1.1. მ-------–---------შვილს და ნა----–------------შვილის სააქციო საზოგადოება ,,ლ--------------ს" სასარგებლოდ დაეკისროთ 7622 ლარის და 37 თეთრის სოლიდარულად გადახდა, საიდანაც 4518 ლარი ძირი თანხაა, 2 304 ლარი და 37 თეთრი - პროცენტი და 800 ლარი - პირგასამტეხლო;
1.2. ნა----–------------შვილის პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა განისაზღვროს 6173 ლარით და 40 თეთრით;
2. მ-------–---------შვილს და ნათელა ცხოვრებაშვილს სააქციო საზოგადოება ,,ლ--------------ს" სასარგებლოდ გადახდეთ 228 ლარი და 68 თეთრი - მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი