გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2019
საქმის ნომერი
080210018002349817
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/864-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

24 იანვარი, 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ნ----- გავაშელაშვილი

 

მოსარჩელე - ლ--–- მ--–-------;

წარმომადგენელი - ლ---- ჭ--–--ე;

მოპასუხე - სსიპ ქ------------- საჯარო სკოლა;

დირექტორი - გ--- ჯ------ე;

წარმომადგენელი - მ------ თ----------ე, მ----------–---–ი;

დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2018 წლის 15 თებერვლის ოქმი N4.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის 2018 წლის 15 თებერვლის დისციპლინური კომიტეტის N4 და N5 ოქმების საფუძველზე, სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დირექტორის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს გამოცემული ბრძანება N1/კ-04.

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობს სსიპ ქ------------- საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. 2017 წლის 25 დეკემბერს სსიპ ქ------------- საჯარო სკოლას განცხადებით მიმართა ამავე სკოლის მე-11 პირველი კლასის მოსწავლეებმა და მოითხოვეს ლ--–- მ--–-------ს დაეტოვებინა მათი კლასი, რადგან ის თითქოს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მოსწავლეებს, რაც აბსურდული და არასწორია. 2017 წლის 24 იანვარს მოსარჩელემ მიმართა სკოლის დირექტორს და დააფიქსირა განცხადებაში, რომ პედაგოგ ლ--–- გ---–------ისა და ნ---- მ-–---–---ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას. 38-ე საჯარო სკოლის დირექტორის მიერ დისციპლინური კომიტეტის მიმართ შედგენილია ორი წარდგინება: 1. 2018 წლის 17 იანვარს და 2. 2018 წლის 26 იანვარს. მე-2 წარდგინებით დგინდება, რომ დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარის მიმართ დაფიქსირებულია შესაძლო დისციპლინური გადაცდომა.

 

2018 წლის 26 იანვარს ნ---- მ-–---–---მა N39 განცხადებით (რეგისტრირებული: 20.01.2018 წელს) მიმართა 38-ე საჯარო სკოლის დისციპლინურ კომიტეტს და მოითხოვა მისი წევრობიდან და თავმჯდომარეობიდან გადადგომა, რადგან მის მიმართ განიხილებოდა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომა და მოითხოვა აცილება. 2018 წლის 29 იანვარს, 15:00 საათზე დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილა ნ---- მ-–---–---ის განცხადება აცილების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა. შესაბამისი საოქმო გადაწყვეტილებით ნ---- მ-–---–---ი 29.01.2018 წელს აცილებული იქნა სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის წევრობიდან და დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარის ნაცვლად არჩეულ იქნა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის დისციპლინური კომიტეტის წევრი, მე-11 მე-2 კლასის მოსწავლე ლ------ ფ----------ე. მიმდინარე წლის 15 თებერვალს სსიპ ქ------------- საჯარო სკოლაში ჩატარდა დისციპლინური კომიტეტის სხდომა, შემდეგი დღის წესრიგით:

1. სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლ--–- მ--–-------ს შესაძლო დისციპლინური გადაცდომის - სამსახურებრივ მოვალეობათა ან/და სკოლის შინაგანაწესის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების საკითხის განხილვა;

2. სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლ--–- მ--–-------ს შესაძლო დისციპლინური გადაცდომის - კონფლიქტური სიტუაციის შექმნის საკითხის განხილვა;

3. სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლ--–- მ--–-------ს შესაძლო დისციპლინური გადაცდომის - სიტყვიერი შეურაცხყოფის საკითხის განხილვა;

4. სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლის გ--------- დ----–--ს შესაძლო დისციპლინური გადაცდომის საკითხის განხილვა;

5. სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლის ლ--–- გ---–------ის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის საკითხი.

 

აღნიშნულ დისციპლინური კომიტეტის სხდომაში, კომიტეტის წევრისა და კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსით მონაწილეობდა თავად ნ---- მ-–---–---ი, მიუხედავად იმისა, რომ 29.01.2018 წლის სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა გამოსცა სხდომის ოქმი N2 და ნ---- მ-–---–---ი აცილებული იქნა დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარეობიდან და ამავე კომიტეტის წევრობიდან. ანალოგიური იკვეთება სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2018 წლის 15 თებერვლის N4 და N5 ოქმებშიც, რაც ასევე დარღვევაა. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული N1/კ-04 ბრძანების პირველ და მეორე ნაწილებში წერია, რომ დისციპლინური სახდელი დაედო პედაგოგ ლ--–- მ--–-------ს სკოლის შინაგანაწესის მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის, თუმცა შინაგანაწესის რომელ მოთხოვნაზეა საუბარი ეს მოსარჩელისათვის გაუგებარია. ასევე აღნიშნულია, რომ ლ--–- მ--–-------მ შექმნა კონფლიქტური სიტუაცია, თუმცა მისთვის უცნობია ვის მიმართ ან როდის მოხდა აღნიშნული კონფლიქტი. როგორც სხდომაზე გაჟღერდა და ასევე ოქმებშია დაფიქსირებული, ლ--–- მ--–-------ს მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია არც მოსწავლეთა და არც სხვა პირების მიმართ, შესაბამისად, მას არაკანონიერად და არასწორად დაედო სახდელიც. ამდენად, ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ლ--–- მ--–------- ნამდვილად მუშაობს 38-ე საჯარო სკოლაში პედაგოგად 2016 წლის 01 სექტემბრის შრომის ხელშეკრულების საფუძველზე. ის ვალდებული იყო დაეცვა საჯარო სკოლის შინაგანაწესით და ხელშეკრულებით გათვალისიწინებული მოთხოვნები. 2017 წლის 25 დეკემბერს და 2018 წლის 15 იანვარს მოსარჩელის საქციელთან დაკავშირებით მოსწავლეებმა განცხადებით მიმართეს სკოლის ადმინისტრაციას. მოსარჩელის მოთხოვნა, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2018 წლის 15 თებერვლის N4 ოქმი, უსაფუძვლოა, რადგან იგი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილობის საფუძველი.

 

მოსარჩელე ცდილობს შეგნებულად შეცდომაში შეიყვანოს სასამართლო მცდარ ფაქტებზე მითითებით და მის მიერ არასწორად გაგებულ დისციპლინური წარმოების წესების დაუსაბუთებელი აპელირებით. სკოლას მიმართა მე-11 კლასის მოსწავლეებმა ლ--–- მ--–-------ს მიერ შექმნილი გაუსაძლისი სიტუაციის გამო. იგი გამუდმებით არღვევდა როგორც სკოლის შინაგანაწესს, ასევე ,,მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანებას. ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების მიხედვით ,,მასწავლებელი ვალდებულია დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი და შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები“. მოსარჩელე შეგნებულად ცრუობს როცა ამბობს, რომ არ არსებობს მტკიცებულებები რომლითაც დადგინდებოდა, რომ ლ--–- მ--–------- არღვევდა შინაგანაწესს. იგი უხეშად და არაეთიკურად მიმართავდა ბავშვებს, არამიზნობრივად ხარჯავდა საგაკვეთილო დროს და ფლანგავდა საკუთარი ოჯახის წევრების ქებაში ან კოლეგებისა და მოსწავლეების ლანძღვაში. უწოდებდა მათ პროვოკატორებს, დებილებს, ოროსნებს, უზრდელებს, უვიცებს. მოსწავლეებს ულანძღავდა მშობლებს და მასწავლებლებს. შეგნებულად ქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციას. თავად უბიძგა მოსწავლეებს, რომ გარიდებოდნენ გაუსაძლის საგაკვეთილო პროცესს და აღარ დასწრებოდნენ გაკვეთილს, თვითონ კი სიტუაციის დარეგულირების ნაცვლად კვლავ განაგრძობდა შინაგანაწესისა და მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევას. მის მიერ მოსწავლეების გაკვეთილიდან უმიზეზოდ გაძევება, საუბარი იმაზე, რომ თავადაც არ ჰქონდა გაკვეთილის ჩატარების სურვილი, მშობლებისა და პედაგოგების შეურაცხყოფა დასტურდება მოსწავლეების ახსნა-განმარტებებით.

 

აღნიშნული ქმედებით მოსარჩელემ დაარღვია შინაგანაწესი, რომლის მიხედვითაც დისციპლინურ გადაცდომად ითვლება ,,მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა“. ამასთან მოსარჩელეს დისციპლინურმა კომიტეტმა არაერთხელ თხოვა ეთანამშრომლა კომიტეტთან და მიეცა ახსნა-განმარტება, რაზედაც ის კატეგორიულ უარს აცხადებდა, უფრო მეტიც, უხეშად პასუხობდა მათ და ემუქრებოდა.

 

ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ დისციპლინური კომიტეტისათვის არ უნდა ეხელმძღვანელა არჩეულ თავმჯდომარეს, რადგან სკოლის მართვაში მონაწილეობს მოსწავლე, მოსწავლეთა თვითმართველობის გზით, იგი ასევე არის დისციპლინური კომიტეტის სრულუფლებიანი წევრი და მას შეუძლია გაუძღვეს სხდომას, ამას კანონი არ უკრძალავს. ამდენად, მიაჩნიათ, რომ დისციპლინური კომიტეტის სხდომები კანონის სრული დაცვითაა ჩატარებული და არ არსებობს მათი ბათილობის საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 01 სექტემბრის N5-16 შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ლ--–- მ--–------- დასაქმებულია სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

 

ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.3. პუნქტის მიხედვით, დასაქმებული ვალდებულია: შეასრულოს საჯარო სკოლის შინაგანაწესით და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები; იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დაიცვას მოსწავლის უფლებები და ინტერესები; მოემზადოს თითოეული გაკვეთილისათვის და ეფექტიანად განახორციელოს სასწავლო პროცესი; დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდისა და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან. დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 01 სექტემბრის N5-16 შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 69-72).

 

3.1.2. 2017 წლის 25 დეკემბერს და 2018 წლის 15 იანვარს სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის მე-11 პირველი კლასის მოსწავლეებმა და მოსწავლეთა მშობლებმა განცხადებით მიმართეს სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დირექტორს და მოითხოვეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლ--–- მ--–------- არ შესულიყო კლასში პედაგოგად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 25 დეკემბერს სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის მე-11 პირველი კლასის მოსწავლეების და მშობლების განცხადება (ს.ფ. 18-19).

- 2018 წლის 15 იანვრის სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის მე-11 პირველი კლასის მოსწავლეების და მშობლების განცხადება (ს.ფ. 66-68).

 

3.1.3. 2018 წლის 24 იანვარს სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დირექტორს განცხადებით მიმართა ლ--–- მ--–-------ს წარმომადგენელმა და მოითხოვა რეაგირება პედაგოგების - ლ--–- გ---–------ის და ნ---- მ-–---–---ის მიმართ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 24 იანვრის ლ--–- მ--–-------ს წარმომადგენლის განცხადება (ს.ფ. 20).

 

3.1.4. 2018 წლის 17 იანვარს სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დირექტორმა, 2017 წლის 25 დეკემბრის და 2018 წლის 15 იანვრის ამავე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეების და მშობლების განცხადების საფუძველზე, წარდგინებით მიმართა სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე ნ---- მ-–---–---ს და მოითხოვა მოკვლევის წარმოება სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლ--–- მ--–-------ს მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 17 იანვარს სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დირექტორის წარდგინება (ს.ფ. 21-22).

 

3.1.5. 2018 წლის 26 იანვარს სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დირექტორმა, ლ--–- მ--–-------ს 2018 წლის 24 იანვრის განცხადების საფუძველზე, წარდგინებით მიმართა სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე ნ---- მ-–---–---ს და მოითხოვა მოკვლევის წარმოება სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის მასწავლებლების - გ--------- დ----–--ს, ლ--–- გ---–------ის და ნ---- მ-–---–---ის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 26 იანვარს სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დირექტორის წარდგინება (ს.ფ. 23-24).

 

3.1.6. სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დირექტორს ახსნა-განმარტებებით მიმართეს მე-11 პირველი კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა, რომლებიც ადასტურებდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლ--–- მ--–-------ს მიერ სკოლის შინაგანაწესის და ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დარღვევას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის მოსწავლეების: ნ---- მ------ის, მ------ კ--------ის, ლ------ თ----ის, თ----- ნ------ის, თ---–- გ-------ის, ზ. ჯ--------ას, მ----- ნ----–------ის, ნ--- ს-----------ის, ა-–---- ვ------–-–---–ის, რ. ყ-----–---–ის, ლა-----–---აძის, ა-----–---აძის, მშობლების: თ-- მ------–---ს, მ--- მ---------ის, ლ--–- კ--------ის, ნ----- ი------ს და თ----- ჯ----–--ის ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 102-132).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 26 იანვარს სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დისციპლინურ კომიტეტს აცილების შესახებ განცხადებით მიმართა ნ---- მ-–---–---მა და განმარტა, რომ ვინაიდან სხდომაზე განიხილება სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დირექტორის წარდგინება მისი (ნ---- მ-–---–---ის) შესაძლო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე, ითხოვა მისი აცილების საკითხის განხილვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნ---- მ-–---–---ის განცხადება (ს.ფ. 25).

3.2.2. 2018 წლის 29 იანვრის სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმი N2-ის მიხედვით განხილულ იქნა ამავე კომიტეტის თავმჯდომარის თვითაცილების შესახებ განცხადება და დადგენილ იქნა რომ: აცილებულ იქნეს დისციპლინური კომიტეტის წევრი ნ---- მ-–---–---ი.

 

ამის შემდგომ სხდომამ განიხილა დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საკითხი და დაადგინეს რომ: დისციპლინური კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე ნ---- მ-–---–---ის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით არჩეულ იქნეს ლ------ ფ----------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 29 იანვრის სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დისციპლინარული კომიტეტის სხდომის ოქმი N2 (ს.ფ. 26-27).

3.2.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 15 თებერვლის სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის დღის წესრიგი იყო შემდეგი:

1. სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლ--–- მ--–-------ს შესაძლო დისციპლინური გადაცდომის - სამსახურებრივ მოვალეობათა ან/და სკოლის შინაგანაწესის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების საკითხის განხილვა;

2. სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლ--–- მ--–-------ს შესაძლო დისციპლინური გადაცდომის - კონფლიქტური სიტუაციის შექმნის საკითხის განხილვა;

3. სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლ--–- მ--–-------ს შესაძლო დისციპლინური გადაცდომის - სიტყვიერი შეურაცხყოფის საკითხის განხილვა;

4. სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლის გ--------- დ----–--ს შესაძლო დისციპლინური გადაცდომის საკითხის განხილვა;

5. სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლის ლ--–- გ---–------ის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის საკითხის განხილვა.

 

N1 საკითხის განხილვა

 

სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლ--–- მ--–-------ს შესაძლო დისციპლინური გადაცდომის - სამსახურებრივ მოვალეობათა ან/და სკოლის შინაგანაწესის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების საკითხის განხილვას თავმჯდომარეობდა ნ---- მ-–---–---ი. ახსნა-განმარტება ჩამოერთვათ მე-11 კლასის მოსწავლეებს და მშობლებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ: ლ--–- მ--–------- გაკვეთილზე სხვა თემებზე საუბრობდა და ცდებოდა გაკვეთილები. საუბრის თემა ძირითადად იყო მისი შვილები და კლასის დამრიგებელი გ--------- დ----–--. მოსწავლე თ---–- გ-------ემ აღნიშნა, რომ ნახევარი გაკვეთილი გადიოდა ქალბატონი ლ--–-ს მიერ თავის შვილებზე საუბარში. მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ ლ--–- მ--–------- გაკვეთილზე ფორმალურად შედიოდა. მოსწავლე ნ---- მ------ის განმარტებით, დრო ეთმობოდა არა გაკვეთილის თემას, არამედ ოჯახის პირად ცხოვრებას. მოსწავლეებმა: მ----- ნ----–------ემ, ნ--- ს-----------ემ და თ----- ნ------ემ აღნიშნეს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე არ ხდებოდა გრამატიკული მასალის შესწავლა და მხოლოდ ლიტერატურით შემოიფარგლებოდნენ.

 

სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ლ--–- მ--–-------მ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების გაკეთებაზე უარი განაცხადა.

 

კენჭისყრით დადგინდა რომ: სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ლ--–- მ--–-------ს დისციპლინარული გადაცდომისათვის, კერძოდ, სამსახურებრივ მოვალეობათა და სკოლის შინაგანაწესის შეუსრულებლობისათვის, ასევე ეთიკის ნორმების დარღვევისათვის დისციპლინური სახდელის სახით გამოეცხადოს საყვედური.

 

N2 საკითხის განხილვა

 

სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლ--–- მ--–-------ს შესაძლო დისციპლინარული გადაცდომის - კონფლიქტური სიტუაციის შექმნის საკითხის განხილვას თავმჯდომარეობდა ნ---- მ-–---–---ი. ახსნა-განმარტება ჩამოერთვათ მე-11 კლასის მოსწავლეებს და მშობლებს, რომლებმაც განაცხადეს რომ: ლ--–- მ--–------- კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნიდა სკოლაში. ისინი აღნიშნავდნენ, რომ მოსწავლეებს უმიზეზოდ უშვებდა საგაკვეთილო პროცესიდან, ასევე უხეშად მოიხსენიებდა დამრიგებელ გ--------- დ----–--ს და მის შვილს, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლეა. ხშირად ამბობდა ,,როგორი დამრიგებელიც გყავთ ისეთი კლასი ხართო“. ის არ ცდილობდა ბავშვების მოსმენას, მიმართავდა დამცინავად და მათ ადარებდა თავის შვილებს. უმიზეზოდ ან მცირე მიზეზებით აგდებდა საგაკვეთილო პროცესიდან. ის ერეოდა მათ პირად ცხოვრებაში და უქმნიდა პრობლემებს.

 

კენჭისყრით დადგინდა რომ: სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ლ--–- მ--–-------ს დისციპლინარული გადაცდომისათვის, კერძოდ, კონფლიქტური სიტუაციის შექმნისათვის (არაერთგზის) დისციპლინური სახდელის სახით გამოეცხადოს საყვედური. რეკომენდაცია მიეცეს სკოლის დირექტორს სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის მასწავლებელ ლ--–- მ--–-------ს დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის პირად საქმეში შეტანასთან დაკავშირებით.

 

N3 საკითხის განხილვა

 

სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლ--–- მ--–-------ს შესაძლო დისციპლინური გადაცდომის - სიტყვიერი შეურაცხყოფის საკითხის განხილვას თავმჯდომარეობდა ნ---- მ-–---–---ი. ახსნა-განმარტება ჩამოერთვათ მე-11 კლასის მოსწავლეებს და მშობლებს, რომლებმაც განაცხადეს რომ: ლ--–- მ--–------- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მოსწავლეებსა და მშობლებს, ასევე დამრიგებელ გ--------- დ----–--ს. ის გაკვეთილზე იყენებდა სიტყვებს: ,,ზოგიერთი აქ მართლა დებილები ხართ“, ,,თქვენ ხართ პროვოკატორები“, ბავშვებს უწოდებდა ,,ოროსნებს, უზრდელებს“. მშობელმა თ-- მ------–--ემ აღნიშნა, რომ ლ--–- მ--–-------მ დირექტორის კაბინეტში უთხრა: ,,არ გრცხვენია ოთხი შვილის დედას, სხვის ჭკუაზე რომ დადიხარ, აშკარად გეტყობა რომ დარიგებული ხარ და საკუთარი აზრი არ გაგაჩნია“, კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ კი მიაძახა: ,,თუ როგორ არ მოგბეზრდა ამდენი კლოუნობა“.

 

კენჭისყრით დადგინდა რომ: სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ლ--–- მ--–-------ს დისციპლინური გადაცდომისათვის, კერძოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის დისციპლინარული სახდელის სახით გამოეცხადოს სასტიკი საყვედური. რეკომენდაცია მიეცეს სკოლის დირექტორს სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის მასწავლებელ ლ--–- მ--–-------ს დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედურის პირად საქმეში შეტანასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 15 თებერვლის სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმი N4 (ს.ფ. 28-39).

- 2018 წლის 17 იანვრის, 18 იანვრის და 02 თებერვლის აქტი (ს.ფ. 136-138).

3.2.4. 2018 წლის 15 თებერვალს სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის მიერ ასევე განხილული იქნა სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის პედაგოგის ნ---- მ-–---–---ის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის შესახებ, რომელსაც თავმჯდომარეობდა ლ------ ფ----------ე. გამოკითხვის შედეგად დისციპლინურმა კომიტეტმა დაადგინა რომ: სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის ნ---- მ-–---–---ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო, მის წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინარული დევნა შეწყდეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 15 თებერვლის სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმი N5 (ს.ფ. 40-42).

3.2.5. 2018 წლის 20 თებერვალს სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დირექტორის N1/კ-04 ბრძანებით: 1. სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლ--–- მ--–-------ს სკოლის შინაგანაწესის დარღვევისათვის, კერძოდ, სამსახურებრივ მოვალეობათა და სკოლის შინაგანაწესის შეუსრულებლობისათვის, აგრეთვე, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის, გამოეცხადოს საყვედური.

2. სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლ--–- მ--–-------ს დისციპლინური გადაცდომისათვის, კერძოდ, კონფლიქტური სიტუაციის შექმნისთვის (არაერთგზის), გამოეცხადოს საყვედური.

3. სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლ--–- მ--–-------ს დისციპლინური გადაცდომისათვის, კერძოდ, მოსწავლეების სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის, გამოეცხადოს სასტიკი საყვედური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 20 თებერვალს სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დირექტორის N1/კ-04 ბრძანება (ს.ფ. 43-44).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

ბრძანებაში მოყვანილი გარემოებების დასადასტურებლად მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მოწმეები. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ნ---- ს-----------ემ, ნ---- მ------ემ, თ---–- გ-------ემ, ლ------ თ----ემ განმარტეს, რომ: მოსარჩელე გაკვეთილზე იმ თემებს არ ასწავლიდა, რაც პროგრამით იყო გათვალისწინებული. ისმენდნენ მისი ოჯახის ამბებს, შეურაცხყოფას აყენებდა ჯგუფს, უძახოდა ,,გაუნათლებლებს“, ,,უწიგნურებს“, ,,პროვოკატორებს“, ,,ოროსნებს“ კონკრეტულად კი ვინმეს შეურაცხყოფას არ აყენებდა. გაკვეთილზე იყო დაძაბული მდგომარეობა. გაურკვეველი მიზეზების გამო მოსწავლეებს უშვებდა გაკვეთილიდან, ჭამდა გაკვეთილზე (მოწმეები: თ---–- თ----ე, ლ------ თ----ე), გაკვეთილს არ ხსნიდა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა მშობლებმა შ------- მ--–--ემ და თ-- მ------–--ემ განმარტეს, რომ მათი შვილების გადმოცემით იციან, რომ მოსარჩელე აყენებს ბავშვებს შეურაცხყოფას, მთელ ჯგუფს უწოდებს „გაუნათლებლებს“, ,,ღორებს“. არ ასწავლიდა ბავშვებს, დასცინოდა მათ და მთელ კლასს აყენებდა შეურაცხყოფას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნენ ასევე სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის პედაგოგები: ნ---- მ-–---–---ი, ლ--–- გ---–------ი და გ--------- გ-------. ნ---- მ-–---–---მა განმარტა, რომ ლ--–- მ--–-------მ სადისციპლინო კომიტეტთან არ ითანამშრომლა და კომიტეტს ახსნა-განმარტება არ მისცა. ლ--–- გ---–------ის განმარტებით, მოსარჩელეს ყველა კლასთან ჰქონდა ურთიერთობა გაფუჭებული და იყო კონფლიქტები. მასთან უშვებდა მოსწავლეებს მოსამზადებლად, შემდგომ ვერ გააგზავნა და ამის გამო გაუფუჭდათ ურთიერთობა. მოწმე გ--------- გ-------ს განმარტებით, ბავშვებს ,,გაუნათლებლებს“ ეძახდა, უშვებდა გაკვეთილებიდან და ერთ მოსწავლეს ლ--–- მ--–-------ს გამო სკოლიდანაც კი უნდოდა წასვლა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასამართლოს სხდომის ოქმები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა განმარტებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს კონსტიტუცია.

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

- ,,მასწავლებელთა დისციპლინარული წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის N167/ნ ბრძანება.

- ,,მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით, ერთი მხარე, დასაქმებული (მოსარჩელე) იღებს ვალდებულებას, შეასრულოს სამუშაო კვალიფიკაციის, თანამდებობისა და დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, რისთვისაც იღებს შრომის ანაზღაურებას.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოსარჩელის მხრიდან, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას.

 

დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით მეტად მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ, მისთვის მინიჭებული უფლებების კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, უფლებამოსილია დასაქმებულის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ესა თუ ის ზომა, თუმცა, ეს უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამ თუ იმ დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი გადაცდომა (დარღვევა) უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით; დამსაქმებელმა დასაქმებულის ქმედება მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით უნდა შეაფასოს, რა დროსაც უნდა გაირკვეს დარღვევის (გადაცდომის) პასუხისმგებლობის ზომასთან ადეკვატურობა (შესაბამისობა). დამსაქმებელმა უნდა გამოიყენოს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. გადაცდომის (დარღვევის) დროს უნდა აირჩეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის.

 

მოსარჩელე ლ--–- მ--–-------ს მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური და სასტიკი საყვედური, შესაბამისობაშია მისი მხრიდან, შრომითი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ხარისხთან. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივ მოვალეობათა და სკოლის შინაგანაწესის შეუსრულებლობისათვის, აგრეთვე მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა, კონფლიქტური სიტუაციის შექმნა (არაერთგზის) და მოსწავლეების სიტყვიერი შეურაცხყოფა - პირდაპირ უთითებს სსკ-ის 361-ე მუხლის დარღვევაზე - დასაქმებულის მხრიდან ვალდებულების არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებაზე. რაც უფრო სერიოზულია დასაქმებულის თანამდებობა, მით უფრო მაღალი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს ის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

 

6.2. ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს ადმინისტრაციული ავტონომია, რასაც ახორცილებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომლის ერთ-ერთ სუბიექტს წარმოადგენს სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო-სამეურვეო საბჭო. სწორედ სამეურვეო საბჭოა უფლებამოსილი წარმართოს სკოლის საქმიანობა ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნეს მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის და შექმნას საჭირო პირობები მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის.

 

ამ მიზნების განსახორციელებლად საჯარო სკოლის დირექცია და სამეურვეო საბჭო ქმნის სკოლის შინაგანაწესს, რომლის უპირობო შესრულება სავალდებულოა როგორც მოსწავლეებისათვის ისე, საჯარო სკოლაში მომუშავე პირებისათვის, მითუმეტეს, პედაგოგებისათვის, რომლებიც უშუალო მონაწილეობას ღებულობენ მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

 

მითითებული კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, მასწავლებელი ვალდებულია შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, სკოლის დირექტორი ახორციელებს სკოლის მართვას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებთან და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას. უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში.

 

ამავე კანონის 38.1.„ლ“ პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის საკითხებს განიხილავს, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით არჩეული დისციპლინური კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედიან თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე.

 

გარდა ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა, სასწავლო დაწესებულებებში ასევე მოქმედებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი’’, რომელიც ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მასწავლებლებზე, რომლებიც ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამავე ბრძანების მე-6 მუხლის თანახმად, მასწავლებელი თანაბარი პატივისცემით ეპყრობა სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა.

 

მოცემული დავის განხილვისას, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების, ასევე საქმეში განთავსებული წერილობითი მტკიცებულებების, ახსნა- განმარტებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ დასტურდება მოსარჩელის მიერ სკოლის შინაგანაწესისა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის წესების დარღვევის ფაქტები.

 

6.3. ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისთვის გათვალისწინებული ზემოქმედების ზომა, ხოლო მე-19 მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სკოლის შინაგანაწესი ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს.

 

„მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანების მე-4 მუხლის თანახმად, მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას. მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს მოსწავლის აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას. მასწავლებელი სასწავლო პროცესის განმავლობაში, ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს, მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება ავალდებულებდა, შეესრულებინა საჯარო სკოლის შინაგანაწესითა და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები, ეზრუნა თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დაეცვა მოსწავლის უფლებები და ინტერესები, ეზრუნა მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, დაეცვა მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი.

 

6.4. ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მოსწავლეს უფლება აქვს დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისგან. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო 21-ე მუხლის 11 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მიხედვით, მასწავლებელი ვალდებულია დაიცვას ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი", შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტის მიხედვით, სკოლის შინაგანაწესი ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, ამასთან, სკოლის შინაგანაწესს ამტკიცებს სკოლის სამეურვეო საბჭო სკოლის დირექტორის წარდგინებით. სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის შინაგანაწესის მე-22 მუხლის ,,ა“, ,,ე“, ,,პ“ და ,,უ“ ქვეპუნქტის - სამსახურებრივ მოვალეობათა და სკოლის შინაგანაწესის შეუსრულებლობისათვის, აგრეთვე მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის, კონფლიქტური სიტუაციის შექმნისთვის (არაერთგზის) და მოსწავლეების სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის გამოიყენება დისციპლინური სახდელი - საყვედური, ხოლო სასტიკი საყვედური შეიძლება იქნეს გამოყენებული მოსწავლეების სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის.

 

შინაგანაწესის პირველი მუხლის თანახმად, შინაგანაწესი ვრცელდება სკოლის მასწავლებლებზე, თანამშრომლებზე, მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებზე და სავალდებულოა შესასრულებლად. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, სკოლის მასწავლებლებისა და თანამშრომლების მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსით და შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. სკოლის საქმიანობისთვის ხელშეწყობა, სკოლის მისიის შესრულება, სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნა და ჩამოყალიბება წარმოადგენს შინაგანაწესის მიზანს (შინაგანაწესის მე-2 მუხლი).

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლებაზე შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული და აუცილებელია სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე-10 მუხლში, დასაშვებ შეზღუდვათა ჩამონათვალი უფრო ვრცელი, მაგრამ გაცილებით კონკრეტულია, რომლის მიხედვით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება დაექვემდებაროს იმ პირობებს, შეზღუდვებს ან სასჯელს, რომლებიც განსაზღვრულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთი შეზღუდვები შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ სხვადასხვა ლეგიტიმური მიზნები აქვთ მათ შორის არის სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვა. ვინაიდან, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსით, სკოლის შინაგანაწესითა და ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილია მასწავლებლის მიერ სხვა მასწავლებლის, მოსწავლის მიმართ ისეთი სახის შეფასებისა და აზრის გამოხატვა, რაც შეურაცხყოფს მათ პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას, მოსარჩელის მიერ საჯაროდ, სკოლის შენობაში მასწავლებლების, მოსწავლეების, ასევე მშობლის წინაშე სხვა მასწავლებელთა მიმართ გამონათქვამები ,,ღორები“, ,,გაუნათლებლები“, ,,უწიგნურები“, ,,პროვოკატორები“, ,,ოროსნები“, არ შეიძლება ჩაითვალოს მისი მხრიდან მართლზომიერ ქმედებად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, სკოლის დირექტორი ახორციელებს სკოლის მართვას და ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს. ამ ამოცანის შესრულება კი შეუძლებელია მასწავლებლის მხრიდან მუდმივი წინააღმდეგობისა და კონფლიქტის ინიცირების პირობებში, რომლის არსებობა დადასტურებულია საქმის მასალებით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელის მოქმედებები, საკმარის პირობას წარმოადგენდა, როგორც დისციპლინური კომიტეტისათვის, ისე დირექტორისათვის, გამოეყენებიათ დისციპლინური სახდელები.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სკოლის დისციპლინური კომიტეტისა და დირექტორის გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, დასაბუთებულია და არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6.6. რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ოქმზე ხელის მოწერა არ შეეძლო ნ---- მ-–---–---ს, რადგან იგი აცილებული იყო, ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

,,მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბერის ბრძანების მე-4 მუხლის თანახმად დისციპლინური გადაცდომის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოა დისციპლინური კომიტეტი.

 

ამავე ბრძანების მე-5 მუხლის თანახმად, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია: ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა.

 

მე-8 მუხლის თანახმად, დისციპლინური კომიტეტის სხდომას ხსნის და დახურულად აცხადებს დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული (არჩეული) სხდომის თავმჯდომარე. სხდომის თავმჯდომარეს სხდომა მიჰყავს დღის წესრიგის შესაბამისად.

მე-10 მუხლის მიხედვით, დისციპლინურ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინური კომიტეტის ის წევრი, რომელიც: ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში.

დისციპლინური კომიტეტის წევრი ვალდებულია დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარეს აცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.

 

მე-11 მუხლის მიხედვით, დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს დისციპლინური კომიტეტის წევრის აცილების საფუძველი, უფლება აქვს წერილობით განუცხადოს მას აცილება. აცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს. დისციპლინური კომიტეტის წევრის აცილების საკითხს წყვეტს დისციპლინური კომიტეტი ამ წევრის მონაწილეობის გარეშე.

 

ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე ნ---- მ-–---–---მა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მიმართა კომიტეტს, რათა მომხდარიყო მისი თვითაცილება, რადგან არსებობდა სკოლის დირექტორის წარდგინება მისი შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტის შესახებ.

 

კომიტეტმა განიხილა მისი განცხადება თვითაცილების თაობაზე და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: 2018 წლის 29 იანვრის სსიპ ქ------------- საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმი N2-ის მიხედვით განხილულ იქნა ამავე კომიტეტის თავმჯდომარის თვითაცილების შესახებ განცხადება და დადგენილ იქნა, რომ: აცილებულ იქნეს დისციპლინური კომიტეტის წევრი ნ---- მ-–---–---ი.

 

ამის შემდეგ სხდომამ განიხილა დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საკითხი და დაადგინა, რომ: დისციპლინური კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე ნ---- მ-–---–---ის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის განხილვასთან დაკავშირებით არჩეულ იქნეს ლ------ ფ----------ე.

 

ამდენად, მოსარჩელის და მისი წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნ---- მ-–---–---ი არ იყო უფლებამოსილი მონაწილეობა მიეღო 2018 წლის 15 თებერვალს დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე ლ--–- მ--–-------ს საკითხის განხილვაში, უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ლ--–- მ--–-------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა