გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240310118002603625
(3/59-2--8)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12.02.2--9 წ. ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ჯე---–------------–ი
მოპასუხე - ზუ------------–---–ი
წარმომადგენელი - თე-----------------ია
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ზუ------------–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) დაეკისროს საჯარიმო თანხა 18000 ლარის ოდენობით.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგს: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 06.03.2--7 წლის N6-- ბრძანებით, ზუ------------–---–ი გაწვეულ იქნა სსიპ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე, მსმენელად, ხოლო 2--7 წლის 2- თე------–-დან ზუ------------–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 29/04/2--3წლის 358 ბრძანებით დამტკიცებული უმცროს ოფიცერთა კურსზე ჩარიცხულ პირებთა გასაფორმებელი კონტრაქტი N13--, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა ექვსი წლით, თუმცა 23/05/2--8 წელს ზუ------------–---–მა პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა და გენერალური შტაბის უფროსის 02-------8 წლის N382- ბრძანებით საქართველოს შეირაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის N25-ე უზრუნველყოფის ბატალიონის სამხედრო ასეულის აფთიაქის უფროსი ლეიტენანტი ზუ------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან კონტრაქტის პირობების დარღვევით. სარჩელის თანახმად, კონტრაქტის 6.2.1 პუნქტით განისაზღვრა სამხედრო მოსამსახურის ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის მოქმედების ოთხი წლის სამსახურის გავლის პერიოდში ვადამდე დაითხოვება საკონტრაქტო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ის უპირობოდ ვალდებულია კონტრაქტის შეწყვეტიდან ჯარიმის სახით აანაზღაუროს 18000 ლარი (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან ერთი თვის ვადაში). მიხედავად იმისა, რომ იგი დათხოვნილი იქნა კონტრაქტის დარღვევით აღნიშნული თანხა ზუ------------–---–ს ამ დრომდე არა აქვს გადახდილი ჯარიმის თანხა.. ზუ------------–---–ი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს 02-------8 წლიდან, ხოლო 2-/02/2--7 წლის N13-- კონტრაქტის 6.2.1 პუნქტის თანახმად, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევისათვის მას ეკისრება ჯარიმა 18000 ლარის ოდენობით. ვინაიდან ზუ------------–---–ის შეიარაღებულ ძალებში ნამსახურების ვადა შეადგენს ერთ წელს, ოთხ თვესა და ექვს დღეს, იგი ექცევა კონტრაქტის 6.2.1 პუნქტის რეგულირების სფეროში. ზუ------------–---–ი მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად ვალდებულებას ასრულებდა ქალაქ სენაკში დისლოცირებულ სამხედრო ქვედანაყოფში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს ზუ------------–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) დაეკისროს საჯარიმო თანხა 18000 ლარის ოდენობით. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 და 251 მუხლებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317-ე, 361.2-ე მუხლებსა და 2-.02.2--7 წლის N13-- კონტრაქტის 6.2.1. პუნქტებს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ არ სცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. დაზუსტებული შესაგებლით წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ზუ------------–---–ი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2--7 წლის 06 მარტის ბრძანება N6-- გაიწვიეს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის მომზადების საკანდიდატო კურსზე მსმენელად. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზუ------------–---–ს შორის 2--7 წლის 2- თებერვალს გაფორმდა კონტრაქტი N13--, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 06 წლით და მოპასუხე დაინიშნა მე-2 ქვეითი ბრიგადის 25-ე უზრუნველყოფის ბატალიონის სამხედრო ასეულის აფთიაქის უფროსად ისე, რომ მოსარჩელეს არ გაუთვალისწინებიათ კონტრაქტში მისი განათლება. კერძოდ, ზუ------------–---–ს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მიენიჭა-ფარმაციის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. მოპასუხემ მიუთითა კონტრაქტი N13---ის 6.2 მუხლზე, სადაც აღნიშნულია-„თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს’’, ოთხი წლის სამსახურის გავლის პერიოდში (კონტრაქტის 6.2.1 მუხლი) ჯარიმდება 1800 ლარის ოდენობით’’. მოპასუხემ განმარტა, რომ აღნიშნული კონტრაქტი არ ითვალისწინებს მოსამსახურის მიერ სამსახურის 01 წლის, 04 თვისა და 06 დღის გასვლამდე კონტრაქტის მოშლისას პასუხისმგებლობას. ხელშეკრულებაში არ მომხდარა ცვლილება, რომელიც შეიძლება განხორციელებულიყო მხარეთა შეთანხმებით; მოსარჩელის მიერ დაირღვა 2--7 წლის 2- თებერვალს გაფორმებული კონტრაქტი N13---ის 1.2 მუხლი, კერძოდ, კონტრაქის 1.2.1-ე მუხლის მიხედვით, სამინისტრო კისრულობს ვალდებულებას ‘’სამხედრო მოსამსახურეს გადაუხადოს ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესით და უზრუნველყოს სამხედრო სამსახურით და შესაბამისი სასამსახურო და სოციალური პირობებით’’. ქვედანაყოფი დისლოცირებული იყო სენაკში და ზუ------------–---–ს ჰყავდა მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი; სამინისტრომ თავის მხრივ არ შეასრულა კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულება, ვერ უზრუნველყო მოპასუხე შესაბამისი სამსახურით და სოციალური პირობებით, რაც გახდა მის მიერ პატაკის დაწერის საფუძველი. სამინისტრომ არ გაითვალისწინა, რომ ზუ------------–---–ი მაგისტრატია და სწავლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ზუ------------–---–მა 2--8 წლის 25 მაისს პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა 2--7 წლის 2- თებერვალს გაფორმებული კონტრაქტი N13---ის ვადამდე შეწყვეტა იმ საფუძვლით, რაომ ქვედანაყოფი დისლოცირებული იყო სენაკში და ზუ------------–---–ს ჰყავდა მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდიბარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები მიცემულ საქმეზე არ გამოვლენილა.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირადი შემადგენლობისადმი 06/03/2--7 წლის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ N6-- ბრძანებით, ზუ------------–---–ი გაწვეულ იქნა სსიპ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე, მსმენელად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის N6-- ბრძანება
3.2.2. 2--7 წლის 2- თე------–-დან სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე ჩარიცხული მსმენელი, რეზერვის რიგითი ზურაბ გურამის ძე ღვინიაშვილი, გაწვეულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად; ზუ------------–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 29/04/2--3წლის 358 ბრძანებით დამტკიცებული უმცროს ოფიცერთა კურსზე ჩარიცხულ პირებთა გასაფორმებელი კონტრაქტი N13--, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა ექვსი წლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კონტრაქტი N13--
3.2.3. მხარეთა შორს დადებული კონტრაქტის საგანია: მოსამსახურე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ამ კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნები; ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით და პირობებით იმსახუროს სამინისტროს სამხედრო სამსახურში. სამინისტრომ თავის მხრივ იკისრა ვალდებულება სამხედრო მოსამსახურეს გადაუხადოს ანაზღაურება.
- კონტრაქტი N13--, მუხლი 1;
3.2.4. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის მოქმედების ვადა შეადგენს მსმენლად ყოფნის პერიოდისა და კურსის დასრულების შემდეგ ოფიცრად 6 (ექვსი) კალენდარული წლის ვადით სამხედრო სამსახურის ჯამს. კონტრაქტის მოქმედება იწყება მსმენლად ჩარიცხვის დღიდან და ეს თარიღი აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კონტრაქტი N13--, მუხლი 2;
3.2.5.კონტრაქტით, კონტრაქტის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია მოსამსახურეს წარმოეშვა და გამოიყენა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება განთავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კონტრაქტი მუხლი 6.1.1.
3.2.6. თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1. 6.1.4. 6.1.5. 6.1.6. 6.1.7. 6.1.8. 6.1.9. პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას დაეკისრება ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს შემდეგი თანხები:
6.2.1. ოთხი წლის სამსახურის გავლის პერიოდში 18000 ლარის ოდენობით
6.2.2. ოთხი წლის სამსახურის გავლის შემდეგ 10000 ლარის ოდენობით;
6.2.3. 6.2, 6.2.1 და 6.2.2. პუნქტებით განსაზღვრული ფინანსური პასუხისმგელობა სამინისტროსთვის (სახელმწიფო ბიუჯეტისათვის) ანაზღაურებულ უნდა იქნას კონტრაქტის შეწყვეტიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კონტრაქტი მუხლი 6.2; 6.2.1; 6.2.3.
3.2.7. 23/05/2--8წელს ზუ------------–---–მა პირადი პატაკით მიმართა 25-ე უზრუნველყოფის ბატალიონის მეთაურს მაირს ზ. გოგოლაძეს. პატაკის თანახმად, იგი შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობს 2--7 წლიდან. 2--8 წლის 23 მარტიდან ირიცხება მე-2-ე ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასულის აფთიაქის უფროსად. ამჟამად პირადი პრობლემების გამო, კერძოდ, ცხოვრობს თბილისში, ჰყავს მეუღლე და მცირე წლოვანი შვილი, ამასთან, მეუღლე დასაქმებულია პეესპეში და ხშირად უწევს ღამის 12 საათამდე სამსახურში ყოფნა. ამასთან, არის მაგისტრანტი, ამჟამად ააქვს აკადემიური ერთი წლით აღებული, ამ პირობებიდან გამომდინარე, ვერ უთავსებს სამსახურს და აპირებს მუშაობის დაწყებას სამოქალაქო სამსახურში, აღარ აქვს სურვილი იმსახუროს შეიარაღებულ ძალების რიგებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობს ზემდგომებთან, დათხოვნილ იქნას საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პატაკი.
3.2.8. 02-------8 წლის ლეიტენანტ ზურაბ გურამის ძე ღვინიაშვილი პირადი პატაკის საფუძველზე დაითხოვეს სამსახურიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 02-------8 წლის ბრძანება MO-------------.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ საქართველოს თადაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი, 251-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ პუნქტი, 65-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 32--ე, 317-ე, 316-ე და 407-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის 2--7 წლის 2- თე------–-ს N13-- კონტრაქტის დარღვევის შედეგად წარმოშობილი ჯარიმის ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა სამხედრო მოსამსახურეებით. სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხის ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. სასამართლოს მაიჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, დაარღვია თუ არა ზუ------------–---–მა მასთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის ჯარიმის დაკისრებას;
დადგენილია, რომ ზუ------------–---–მა პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს, სადაც აღნიშნა, რომ აღარ აქვს სურვილი, გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, ითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა პირადი პატაკის საფუძველზე - კონკრეტულად აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ამასთან, სწავლობს მაგისტრატურაში და აღებული აქვს აკადემიური ერთი წლის ვადით.
ზუ------------–---–ი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2--8 წლის 0-----–--ის ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკით) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
ეს აქტი მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა; ამასთან, მას არ წარმოუდგენია ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი მტკიცებულება;
სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ზუ------------–---–თან კონტრაქტი სწორედ ამ აქტითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლების მითითებით.
სამხედრო მოსამსახურე ზუ------------–---–ი ვალდებული იყო ემსახურა ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში; კონტრაქტის მოქმედების ვადა შეადგენს მსმენლად ყოფნის პერიოდისა და კურსის დასრულების შემდეგ ოფიცრად 6 (ექვსი) კალენდარული წლის ვადით სამხედრო სამსახურის ჯამს. კონტრაქტის მოქმედება იწყება მსმენლად ჩარიცხვის დღიდან და ეს თარიღი აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, განსახილველ შემთხვევაში 2--7 წლის 2- თე------–-დან, რაც ამავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან. (კონტრაქტი, მუხლი 2); როგორც დადგინდა, მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა მისი პატაკის გამო, ანუ მისი პირადი თხოვნით მისივე მიზეზების საფუძველზე (კონტრაქტის 6.1 პუნქტი), შესაბამისად, მას კონტრაქტის 6.2. პუნქტის მიხედვით, წარმოეშობა ფინანსური ვალდებულება ოთხი წლის სამსახურის გავლის პერიოდში -18000 ლარის გადახდისა. ზუ------------–---–ი სამსახურიდან დათხოვნილ იქნა 02-------8 წლიდან, ანუ, შეიარაღებულ ძალებში ნამსახურების ვადა შეადგენს ერთ წელს, ოთხ თვესა და ექვს დღეს, იგი ექცევა კონტრაქტის 6.2.1 პუნქტის რეგულირების სფეროში.
ზუ------------–---–თან მიმართებაში კონტრაქტის 6.11 პუნქტით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევას, რაც არ იწვევს ფინანსურ ვალდებულებას, ადგილი არ აქვს;
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 6.1. პუნქტის საფუძველზე, ეს იძლევა მისი ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.
ფინასურ ოდენობასთან დაკავშირებით კი სასამართლო განმარტავს შემდეგს:
პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.
იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 18 000 ლარი - მოცემულ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვს მისი გონივრული შესაბამისობის დადგენას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში.
მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერსები.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კონტრაქტით 18 000 ლარი ჯარიმა გათვალისწინებულია კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლის შინაარსის მიუხედავად, შეწყვეტის ნებისმიერი მიზეზის არსებობისას;
კონტრაქტის მიხედვით, 18000 ლარი ერთნაირად ეკისრება სამხედრო მოსამსახურეს, რომელთანაც კონტრაქტი წყდება, მაგალითად, იმისათვის, თუ მას დაეკისრა ადმინისტრაციული პატიმრობა, ან/და მან ჩაიდინა წვრილმანი ხულიგნობა, ან წარმოეშვა და გამოიყენა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება განთავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან, იმ შემთხვევაშიც, თუ, მაგალითად, მოსამსახურე მისი ბრალით გაირიცხა სამხედრო სასწავლებლიდან.
მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კონტრაქტით ერთნაირად ეკისრება პირგასამტეხლო სამხედრო მოსამსახურეს, რომელთანაც კონტრაქტი ბრალის სიმძიმისა და ხარისხის მიხედვით განსხვავებული საფუძვლებით შეიძლება შეწყდეს.
აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, და ,,დაწესებულია” მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს შეხედულებით და სურვილით.
როგორც აღინიშნა, მითითებული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის ადმინისტრაციულ ორგანოსთან ვერტიკალურ დაქვემდებარებაში ყოფნას, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადად უფლებები, ხოლო სამხედრო მოსამსახურის - ძირითადად ვალდებულებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარ პირობებში, ჯარიმის 18 000 ლარით განსაზღვრა, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული;
მოცემულ შემთხვევაში, კონტრაქტის შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძვლის მხედველობაში მიღებით, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, და ,,დაწესებულია” მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით; მოპასუხეს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იმსახურა ერთ წელს, ოთხ თვე და ექვსი დღე..
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფინანსური პასუხისმგებლობა ოდენობა უნდა განისაზღვროს 5000 ლარით, რითაც დაცული იქნება როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები;
კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფორმების ძირითად საფუძვლად მიჩნეული უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ.
ამასთან, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს იმასაც, რომ, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას; კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად გულისხმობს იმას, რომ კონტრაჰენტმა მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინეტერესები.
საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი, რომლის ოდენობაც უნდა განისაზღვროს 5000 ლარით.
პირგასამტეხლოს ამ ოდენობით განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნებულ სახელმწიფოს თავდაცვის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობას, ასევე ამ პროცესში სამხედრო მოსამსახურეთა კანონიერი ინტერესებსა და უფლებებს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
მოცემულ შემთხვევაში, 5 000 ლარის 3%-ი 150 ლარია, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, მე-9, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ზუ------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხე ზუ------------–---–ს (პ/ნ 0----------) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა 13000 ლარის ოდენობით მოპასუხე ზუ------------–---–ზე დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
4. მოპასუხე ზუ------------–---–ს (პ/ნ 0----------) სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32) სენაკის რაიონულ სასამართლოში (მდებარე ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ. 247) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით.
მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე