გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/29304-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 თებერვალი 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი - თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე : ა---–-------------ა
მოპასუხე: სს „თ--–--ი“
დავის საგანი: დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა და მისი შედეგების აღმოფხვრა,მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა და მისი შედეგების აღმოფხვრა;
1.2. 2016-2018 წლებში არასწორად, ზედმეტად დარიცხული და მოსარჩელის მიერ გადახდილი ელექტროენერგიის ღირებულების-92 ლარის, ასევე მოსარჩელის მიერ რეალურად მოუხმარებელი, ზედმეტად დარიცხული და მოპასუხის მიერ სოციალურ სუბსიდიაში გამოქვითული ელექტროენერგიის საფასურის-230 ლარის, როგორც ქონებრივი ზიანის, სარჩელის აღძვრის გამო საქმის მასალების ასლებში გახარჯული თანხის- 11 ლარის, ჯანმრთელობის გაუარესების გამო მედიკამენტების შეძენაში გახარჯული თანხის - 65 ლარის და სარჩელის აღძვრის შემდგომ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე დამატებით მოთხოვნილი, მკურნალობაზე გაწეული ხარჯის -153,51 ლარის- ანაზღაურება;
1.3. მორალური ზიანის 2000 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება ძირითადად შემდეგ გარემოებებს:
2018 წლის 1 აგვისტოს, მოსარჩელისათვის გახდა ცნობილი, რომ მოიმატა მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯმა, მრიცხველი აჩვენებდა ელექტროენერგიის მოხმარებას მაშინაც კი, როდესაც მოსარჩელეს გამორთული ჰქონდა ყველა ელექტროხელსაწყო და არ მოიხმარდა ელექტროენერგიას. მან მიმართა ამ პრობლემის გამო სს „თ--–--ს“, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელის მოსაზრებით მის მრიცხველზე დაერთებული იყო სხვა პირი და ხორციელდებოდა დენის დატაცება, მოსარჩელეს მოპასუხე სს „თ--–--მა“ გამოუცვალა მრიცხველი, თუმცა დენის დატაცება კვლავ გაგრძელდა, მოსარჩელე მიიჩნევს რომ მრიცხველის დაზიანებას კი არ ჰქონდა ადგილი, არამედ ელექტროენერგიის დატაცებას. 2016-2018 წლებში დატაცებულმა ელქტროენერგიამ თანხობრივად შეადგინა 92 ლარი, ამავე მიზეზით სუბსიდიებში არასწორად გამოიქვითა 230 ლარი. მოპასუხემ არ გამოასწორა არსებული დარღვევები. აღნიშნულის შედეგად მოსარჩელეს გაუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოუწია მკურნალობის ხარჯის გაწევა, მოპასუხემ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსხვავებულობის ნიშნით განახორციელა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული ქმედება, რომელიც უნდა შეწყვიტოს და მისი შედეგები აღმოფხვრას, ასევე უნდა აანაზღაუროს მორალური ზიანი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ შესაგებელი დაამყარა ძირითადად შემდეგ გარემოებებზე: მოპასუხემ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება მოსარჩელის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის დარღვევას, მრიცხველი შემოწმდა ადგილზე, შემდგომში მოიხსნა და გაიგზავნა ლაბორატორიულ შემოწმებაზე, დაფიქსირდა გარკვეული ცდომილება აღრიცხვიანობის მხრივ და შესაბამისად გადაანგარიშებული იქნა ზედმეტად დარიცხული ელექტროენერგიის საფასური და გასწორდა დარიცხვა,3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე არის მოპასუხე სს „თ--–--ის“ აბონენტი, მოპასუხე აწვდის ელექტროენერგიას მოსარჩელეს და შესაბამისად ისინი იმყოფებიან ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში. მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი; შესაგებელი), სააბონენტო ქვითრის ასლი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელის კუთვნილი ელქტროქსელიდან და მრიცხველიდან ელექტროენერგიის სხვა პირის მიერ არალეგალურად მოხმარების-დატაცების ფაქტი არ დასტურდება.
სს „თ--–--ის“ შესაბამისი სპეციალისტების მხრიდან შემოწმდა მოსარჩელის ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძი, რაზედაც 2018 წლის 2 აგვისტოს შედგა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი, აქტის თანახმად დადგინდა, რომ აღრიცხვის კვანძი იყო წესრიგში და არალეგალური ხაზი არ დაფიქსირებულა. აბონენტს მიეცა რეკომენდაცია მრიცხველის შეცვლის თაობაზე-ლაბორატორიული შემოწმებისათვის. 2018 წლის 27 აგვისტოს მოსარჩელეს მოეხსნა არსებული მრიცხველი და დაედგა ახალი მრიცხველი, ძველი გაიგზავნა ლაბორატორიულ შემოწმებაზე, რაზედაც შედგა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი 2018 წლის 27 აგვისტოს. ლაბორატორიის მიერ შემოწმდა მრიცხველი და შპს „ს----------–-------------–-------–-------ს“ მიერ გაიცა დასკვნა და ოქმი №1---მრიცხველის უვარგისობის შესახებ, გაზომვის შედეგების თანახმად მრიცხველი აღრიცხავდა ელექტროენერგიას დასაშვებ ცდომილებაზე ზევით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე სს „თ--–--ის“ კომერციული და ტექნიკური პრეტენზიების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების შედეგად მოხდა მოსარჩელის სააბონენტო ბარათზე დარიცხული ელექტროენერგიის ხარჯის კორექტირება მრიცხველის ცდომილების გათვალისწინებით და შესწორების ვაუჩერით მოხდა დარიცხვის კორექტირება.
2018 წლის 12 სექტემბერს სს “თ--–--ის“ შესაბამისი სპეციალისტები კვლავ გამოცხადდნენ აღრიცხვიანობის შესამოწმებლად, რაზედაც შედგა შესაბამისი აქტი, რომ აბონენტმა კონტაქტზე უარი განაცხადა, რის გამოც ვერ მოხერხდა ბინაში შესვლა და დადგმული სიმძლავრეების აღწერა, ხოლო მრიცხველის შემოწმება ვერ მოხერხდა ტვირთის უქონლობის გამო;
მოსარჩელე არ ეთანხმება მოპასუხეს, რომ ადგილი ჰქონდა მრიცხველის მიერ ელექტროენერგიის ცდომილებით აღრიცხვას და მიუთითებს, რომ მოპასუხეს უნდა გამოევლინა ელქტროენერგიის დატაცების ფაქტი. ელექტროენერგიის დატაცება გულისხმობს არალეგალური დაერთების არსებობას, როდესაც მოსარჩელის აღრიცხვის კვანძიდან ხდება ელექტროენერგიის მოხმარება, ასეთი ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად საქმის განხილვა მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები, ხოლო 102-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე სარჩელში მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა, ხოლო შესაგებელში მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი-მოპასუხის მხარეზე.
მოპასუხემ შეამოწმა მოსარჩელის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის სისტემა და ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი არ გამოვლინდა. მოსარჩელეს სს „თ--–--ის“ შემოწმების პარალელურად შეეძლო თავადაც მოეხდინა ალტერნატიული შემოწმება, თუ არ ეთანხმებოდა სს „თ--–--ის“ კვლევის შედეგებს. ასეთის დადასტურების შემთხვევაში კვლავ მიემართა სს „თ--–--ისთვის“ ელექტროენერგიის არალეგალური მოხმარების ფაქტის აღსაკვეთის მოთხოვნით. ასეთს საქმის მასალებით ადგილი არ ქონია. მტკიცებულება: სს თ--–--ის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტების ასლები, შპს „ს----------–-------------–-------–-------ს“ დასკვნის და ოქმი №1---ის ასლები;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს .
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტის და მისი შედეგების აღმოფხვრის, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დავალდებულებას. მოცემული სამოქალაქო დავა გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან. საქმის მასალებით არ დასტურდება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. დისკრიმინაციული, მართლსაწინააღმდეგო ქმედება სახეზეა როდესაც დამრღვევი მხარის მხრიდან არ ხდება უზრუნველყოფა იმის, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად ისარგებლოს მოსარჩელემ. მოსარჩელე მიიჩნევს რომ მოპასუხემ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, სხვაგვარი ცხოვრების წესის გამო ჩააყენა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. სავარაუდოდ მოსარჩელე გულისხმობს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით მის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებას („დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი).
საქმის მასალებით არ დასტურდება იკვეთებოდა თუ არა საერთოდ სს „თ--–--ის“ ქმედებებში რაიმე კავშირი აბონენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით, მოსარჩელე მიუთითებს რომ მას ჰქონდა დასმული დიაბეტის დიაგნოზი, თუმცა მოპასუხის ქმედების გამო გაუმწვავდა ამ დაავადებიდან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა დისკრიმინაციულ ჭრილში სს „თ--–--ის“ ქმედების კონკრეტული შინაარსი მოსარჩელის მხრიდან სარჩელით ვერ საბუთდება.
5.2. მოსარჩელე არის სს „თ--–--ის“ აბონენტი. შესაბამისად სს „თ--–--ი“ მას აწვდის ექლქტროენერგიას, სამართლებრივ ურთიერთობას საფუძვლად უდევს ხელშეკრულება.
უნდა შეფასდეს ჰქონდა თუ არა სს თ--–--ის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევას და შესაბამისად პირველ რიგში დასტურდება თუ არა მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამავე კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
5.3. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხამრებლის შესაბამისი პარამეტრების ელექტროენერგიით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესების და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. მე-3 პუნქტის თანახმად ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება აღრიცხოს ინდივიდუალურად. ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობები, ელექტროდანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარებისაგან. მე-4 პუნქტის თანახმად ელექტროენერგიის მრიცხველი, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელექტროდანადგარები დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ აბონენტის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების და გამართულად მუშაობის კუთხით სს “თ--–--მა“ მისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელა რიგი ქმედებები, უპასუხა აბონენტის პრეტენზიას, ის ფაქტი რომ არ გამოვლინდა ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი, აღნიშნული მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის რაც მოცემულ დავაში ვერ განხორციელდა. შესაბამისად რადგან სახეზე არ არის ვალდებულების დარღვევა მოპასუხის მხრიდან შესაბამისად პასუხისმგებლობის ამ ელემენტის გამორიცხვით მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების პირობა.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
7.სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 259-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა---–-------------ას სარჩელი სს „თ--–--ის“ წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელბა და აღდგენა დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე