გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.02.2019
საქმის ნომერი
130310019002795239
კატეგორია
დავის ტიპი
უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა–არარსებობის დადგენის შესახებ
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-3-2019

(130310019002795239)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 თებერვალი 2019 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მევლუდ ხათაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ფარეიშვილი

მოსარჩელე - პ----- ხ-------–---–ი

წარმომადგენელი - მ--- ქ------–---–ი

მოპასუხე - სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ატოცის საჯარო სკოლა

წარმომადგენელი - ლ---- ქ----–---–ი, მ------ ძ--------ი

დავის საგანი: სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელემ მოითხოვა აღიარებულ იქნეს პ----- ხ-------–---–ის მიერ 1999-2000 სასწავლო წელს ქარელის რაიონის სოფ. ატოცის საშუალო სკოლაში არასრული საშუალო განათლების მიღების (9 კლასის დამთავრების) ფაქტი (იხ. სხდომის ოქმი 21/02/2019).

 

მოსარჩელე უთითებს, რომ 1999-2000 სასწავლო წელს დაამთავრა ქარელის რაიონის სოფ. ატოცის საშუალო სკოლის 9 კლასი და მიიღო არასრული საშუალო განათლების ატესტატი. სკოლიდან გამოვიდა, რადგან უნდოდა რაიმე სპეციალობის შესწავლა. ამჟამად, აქვს სურვილი მიიღოს სრული ზოგადი და უმაღლესი განათლება, რისთვისაც სჭირდება არასრული საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ატესტატი, რომელიც სკოლამ 2000 წელს მისცა, დაკარგა. მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქარელის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ატესტატის დუბლიკატის გაცემა. ამ სამსახურის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დუბლიკატის გაცემაზე, რადგან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წერილის მიხედვით, იძებნება მხოლოდ მისი სკოლაში ჩარიცხვისა და მერვე კლასიდან მეცხრე კლასში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია, ასევე, დაცულია ატესტატების გაცემის ჟურნალი. სხვა დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა ატესტატის დუბლიკატის გასაცემად არ მოიპოვება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს მის მიერ არასრული საშუალო განათლების მიღების ფაქტის აღიარებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის საჯარო სკოლის წარმომადგენელმა შესაგებელში სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ხოლო სასამართლოს სხდომაზე მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ სრულად ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე ნამდვილად სწავლობდა სოფ. ატოცის საშუალო სკოლაში და დაასრულა 9 კლასი. თუმცა სკოლაში არ ინახება დირექტორის ბრძანება (შესაბამისი ჩანაწერი ბრძანებების წიგნში) მის მიერ 9 კლასის დასრულების შესახებ.

 

3. მე-3 პირის პოზიცია

 

საქმეში მესამე პირი არ ჩართულა

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. პ----- ივანეს ძე ხ-------–---–ი დაბადებულია 1985 წლის 18 მაისს ქარელის რაიონის სოფ. ჭვრინისში, პირადი ნომერი 4---------- (ს.ფ. 19-20);

 

4.2. პ----- ხ-------–---–ი ატოცის საშუალო სკოლის დირექტორის 1991 წლის 20 აგვისტოს N1 ბრძანებით ჩაირიცხა ჭვრინისის დაწყებითი სკოლის პირველ კლასში. მან 2000 წელს დაამთავრა ქარელის რაიონის ატოცის საშუალო სკოლის ცხრა კლასი და მის სახელზე გაცემულია არასრული საშუალო განათლების მოწმობა N437535 (ს.ფ. 15-18).

 

4.3. მოსარჩელემ მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქარელის სამოქალაქო რეეესტრის სამსახურს ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით. სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა განცხადება გადაუგზავნა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ მიმართა ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სოფ. ატოცის საჯარო სკოლიდან გამოითხოვა პ----- ხ-------–---–ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია. სკოლიდან გადაგზავნილი კორესპონდენციის მიხედვით, სკოლაში იძებნება პ----- ხ-------–---–ის ჩარიცხვის და მე-8 კლასიდან მე-9 კლასი გადაყვანის შესახებ ინფორმაცია და ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი, ხოლო მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება და არც საქართველოს ეროვნულ არქივს არ აქვს გადაცემული ცენტრალიზებულ დაცვაზე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქარელის სამოქალაქო რეეესტრის სამსახურის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით პ----- ხ-------–---–ის მოთხოვნა ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე არ დაკმაყოფილდა. (ს.ფ. 13-14).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ პ----- ხ-------–---–ის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების გაცემის წესით“.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

7.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის N113/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – საინფორმაციო სისტემა) განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ქმნის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზას (შემდგომში – მონაცემთა ელექტრონული ბაზა), რომლიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, შეფასება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება.

 

7.3. იმავე ბრძანების მე-5 მუხლის მიხედვით, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის გამცემი ორგანოა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახური. ბრძანების მე-7 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ახდენს მოსწავლის შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმებას. თუ დაინტერესებული პირის მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციას, ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილ პირს საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებულ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმაზე, მართვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გადააქვს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაცია და გასცემს ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატს. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მოსწავლის მონაცემების არ-არსებობის შემთხვევაში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად პირს შეუძლია წარადგინოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი: ა) შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ პირის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომერ ი და გამოცემის თარიღი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი; ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ან სასამართლოს გადაწყვეტილება საბაზო ან სრული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის ფაქტი.

 

7.4. როგორც სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი პ----- ხ-------–---–მა დაამთავრა ქარელის რაიონის სოფ. ატოცის საშუალო სკოლის ცხრაა კლასი და მიიღო არასრული საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, მის მიერ მიღებული განათლების დამადასტურებელი ადმინისტრაციული აქტი ვერ იქნა მოძიებული, რის გამოც იგი ითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის დადგენას სასამართლოს მიერ. ამდენად, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და აღიარებულ იქნეს პ----- ხ-------–---–ის მიერ ქარელის რაიონის სოფ. ატოცის საშუალო სკოლის ცხრა კლასის დამთავრების ფაქტი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გადახდისაგან.

 

მოპასუხე სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის საჯარო სკოლამ სასამართლოს მთავარ სხდომამდე (შესაგებელში) მიუთითა, რომ ნაწილობრივ ცნობს სარჩელს, თუმცა შესაგებლის შინაარსიდან და სხდომაზე მხარის წარმომადგენლის განმარტებიდან გამომდინარე უნდა ჩაითვალოს, რომ მან სრულად ცნო სარჩელი, რადგან ფაქტობრივად დაადასტურა ის ფაქტი, რომ პ----- ხ-------–---–მა დაამთავრა სოფ. ატოცის სკოლის ცხრა კლასი.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით, სასამართლომ

 

გადაწყვიტა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დადგენილად იქნეს ცნობილი პ----- ხ-------–---–ის (პ/ნ 4----------) მიერ 1999-2000 სასწავლო წელს ქარელის რაიონის სოფ. ატოცის საშუალო სკოლაში არასრული საშუალო განათლების მიღების (9 კლასის დამთავრების) ფაქტი;

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. N7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ. ხაშური, კოსტავას ქ. N15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი