გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.02.2019
საქმის ნომერი
120310018002790545
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
15.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2790545-3/222-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15.02.2019წ ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გია ბერაია

სხდომის მდივანი მარიამ სუხიაშვილი

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - მ-------------–-აია

მოპასუხე - ჯ----–-------------ო

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ჯ----–-------------ოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ,,სამხედრო მოსამსახურე’’ ჯ---ლ მა---------ოს შორის 2017 წლის 24 ივლისს დაიდო კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’ სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე. სამხედრო სამსახურის ვადა წინამდებარე კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა 4 წლით, რომლის ვადის ათვლა იწყებოდა კონტრაქტის გაფორმებიდან - ე.ი 2017 წლის 24 ივლისიდან და სრულდებოდა 2021 წლის 24 ივლისს.

 

კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის’’ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე ‘’ ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან ( შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში), ჯარიმის სახით აენაზღაურებინა ,,სამინისტროსათვის’’ 3 000 (სამი ათასი) ლარი.

 

ჯ---ლ მა---------ომ 13.11.2018 წლის პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა და გენერალური შტაბის უფროსის 16.11.2018 წლის N70-- ბრძანების თანახმად, ჯ---ლ მა---------ო გათავისუფლდა თანამდებობიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტოს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბერს N737 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ჯ---ლ მა---------ოს კონტრაქტის გაფორმებიდან ამავე კონტრაქტის დარღვევამდე (ვადამდე შეწყვეტამდე) ნამსახურები აქვს 2 წელზე ნაკლები, შესაბამისად სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ მას ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა კონტრაქტის 7.3 პუნქტის მიხედვით 3 000 ლარის ოდენობით, რაც მას ამ დრომდე აუნაზღაურებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ჯ----–-------------ოს შესაგებელი არ შემოუტანია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ,,სამხედრო მოსამსახურე’’ ჯ---ლ მა---------ოს შორის 2017 წლის 24 ივლისს დაიდო კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’ სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე. სამხედრო სამსახურის ვადა წინამდებარე კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა 4 წლით, რომლის ვადის ათვლა იწყებოდა კონტრაქტის გაფორმებიდან - ე.ი 2017 წლის 24 ივლისიდან და სრულდებოდა 2021 წლის 24 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2017 წლის 24 ივლისის №38--/17 კონტრაქტი(იხ.მტ. ს.ფ.14-21).

-25.07.2017 წლის N25-4 გენერალური შტაბის უფროსის ბრძანება.(ს.ფ.22)

 

3.2. კონტრაქტის 7.3. პუნქტით განისაზღვრა "სამხედრო მოსამსახურის" ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს "სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2017 წლის 24 ივლისის N38--/17 კონტრაქტი(იხ.მტ. ს.ფ.14-21).

 

3.3. ჯ---ლ მა---------ომ 13.11.2018 წლის პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა და გენერალური შტაბის უფროსის 16.11.2018 წლის N70-- ბრძანების თანახმად, ჯ---ლ მა---------ო გათავისუფლდა თანამდებობიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტოს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბერს N737 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 13 ნოემბრის №149--7 პატაკი(იხ.მტ. ს.ფ.23).

-გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 16 ნოემბრის №70-- ბრძანება(იხ.მტ. ს.ფ.24).

 

3.4.ჯ---ლ მა---------ოს კონტრაქტის გაფორმებიდან ამავე კონტრაქტის დარღვევამდე (ვადამდე შეწყვეტამდე) ნამსახურები აქვს 2 წელზე ნაკლები, შესაბამისად სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ მას ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა კონტრაქტის 7.3 პუნქტის მიხედვით 3 000 ლარის ოდენობით, რაც მას ამ დრომდე აუნაზღაურებია.

 

- ცნობა ფინანსური პასუხიმდგებლობის განსაზღვრის შესახებ(იხ.მტ. ს.ფ.25-26).

--2017 წლის 24 ივლისის N38--/17 კონტრაქტი(იხ.მტ. ს.ფ.14-21).

-გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 16 ნოემბრის №70-- ბრძანება(იხ.მტ. ს.ფ.24).

-25.07.2017 წლის N25-4 გენერალური შტაბის უფროსის ბრძანება.(ს.ფ.22)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის N119 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.

 

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს.

 

ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილებას და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტროს და მეორეს მხრივ მოპასუხე ჯ----–-------------ოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა ორივე მათგანის როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები.

 

ხოლო ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

დადგენილი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ,,სამხედრო მოსამსახურე'' ჯ----–-------------ოს შორის 2017 წლის 24 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე.

 

-2017 წლის 24 ივლისის №38--/17 კონტრაქტის 3.3· პუნქტის თანახმად, თუ "სამხედრო მოსამსახურე" მიეკუთვნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ იმ კატეგორიას, რომელიც არ ექვემდებარება სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) გავლას, მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის 3.2· პუნქტის მოქმედება. ამ შემთხვევაში, კონტრაქტის მოქმედებასა და სამსახურის გავლის ვადა, შეადგენს 4 (ოთხ) წელს, რომელიც აითვლება ამ კონტრაქტის გაფორმების თარიღიდან.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 13 ნოემბერს ჯ----–-------------ომ პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს და მიუთითა, რომ აღარ აქვს სურვილი გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტაქტო სამსახური, ითხოვა შუამდგომლობა რათა დათხოვნილი იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით. კონკრეტულად მას აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება, მას სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს . არ გააჩნია არანაირი პრეტენზია ზემდგომ ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან. ის გაცნობილი არის კონტრაქტის პირობების დარღვევის შედეგებს რაზეც იგი თანახმაა. ასევე გაცნობილი არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 27 მარტის N161 ტელეფონოგრამას.

 

2018 წლის 16 ნოემბერს ჯ----–-------------ო ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტის ,,თ" (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) საფუძველზე გათავისუფლდა სამხედრო საკონტრაქტო სამსახურიდან.

 

2017 წლის 24 ივლისის №38--/17 კონტრაქტის 7·3. პუნქტის თანახმად, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული "სამხედრო მოსამსახურე" მე–3 მუხლის 33. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს "სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

მოპასუხის მიერ ჯარიმის თანხა დღემდე გადახდილი არ არის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარემ, რადგან მოპასუხე ჯ----–-------------ო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 16 ნოემბრის MOD 3 18 000070-- ბრძანებით, პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, შესაბამისად მას უნდა დაეკისროს კონტრაქტის 7.3. პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კონტრაქტის 7.3. პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელი დაკმაყოფილდა შესაბამისად ძალაში უნდა დარჩეს 2019 წლის 03 იანვრისგანჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა,სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ჯ----–-------------ოს ( პ/ნ 47-------91) დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ჯარიმის თანხის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.

 

3. ჯ----–-------------ოს ( პ/ნ 47-------91) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ.№7ა), ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.

 

მოსამართლე გია ბერაია