განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001948189
საქმე №1-452/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2- თებერვალი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ დ-------------ის
ადვოკატის _ ზ-----------------ის
ბრალდებულის - გ------- დ------ს
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №092160317001 საქმე :
ბრალდებულ გ------- დ------ს მიმართ
მამის სახელი: ა---------–-
დაბადებული: 21.10.---- წელი
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლობა: არმქონე
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–---
დასაქმებული: ბ--------------–----–----------------–--------------–-----–---------–-----------------–----–----------––--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ------------------------------------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი - მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. გ------- დ------, 2014 წლის 5 სექტემბერს დაინიშნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლად მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენდა მოხელეს. იგი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 10 აგვისტოს N698 ბრძანებით განისაზღვრა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების განმახორციელებელ მერიის მოხელედ (მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში).
2. გ------- დ------ს, როგორც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2017 წლის 27 იანვარს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატიდან გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 იანვრის წერილი და თანდართული მასალები და ეთხოვა საქართველოს კანონმდებლობის დაცვით განეხორციელებინა "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება.
3. გ------- დ------ს, როგორც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სამსახურის შესახებ კანონითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ევალებოდა სრულყოფილად გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მოეხდინა ხელვაჩაურის არქივის 2016 წლის 20 ოქტომბრის წერილში (საარქივო ცნობაში) დასახელებული ჯ-------–-----ის კომლის სარგებლობაში არსებული 0.10 ჰა მიწის ფართობის (რომელზედაც განთავსებული იყო 1951 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი) და ჯ-------–-----ის კომლის წევრის მ----- ღ-–-----ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარდგენილ, შპს ,,ნარინჯი-XXI’’ის მიერ 2017 წლის 20 იანვარს მომზადებულ, ქალაქ ბათუმში, მ---------------------–---–- მდებარე 1000კვ/მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა ან/და უარი ეთქვა მათი იდენტურობის დადგენაზე, შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
4. გ------- დ------მ, დაათვალიერა შპს ,,ნარინჯი-XXI"-ის მიერ 2017 წლის 20 იანვარს მომზადებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული, ქალაქ ბათუმში, მ---------------------–---–- მდებარე 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. დათვალიერების დროს სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მიწის ნაკვეთების იდენტურობის საკითხი არ შეისწავლა სიღრმისეულად, შეადგინა საქართველოს იუსტიციის მინისტრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ,,მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის ფორმით’’ განსაზღვრული უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი, თუმცა გამოიჩინა დაუდევარი დამოკიდებულება მოვალეობებისადმი, მასში არ ასახა დათვალიერების შედეგები, შემოიფარგლა მხოლოდ ნაკვეთის ზერელე მიმოხილვით და მიუხედავად იმისა, რომ მიწის ნაკვეთზე არ იდგა ხელვაჩაურის არქივის 2016 წლის 20 ოქტომბრის წერილში (საარქივო ცნობაში) მითითებული საცხოვრებელი სახლი ან/და სხვა რაიმე შენობა/ნაგებობა და არც იმის კვალი არსებობდა, რომ ოდესმე მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო რაიმე შენობა/ნაგებობა, ასევე მიწის ნაკვეთს არ გააჩნდა შემოღობა ან სხვა სასაზღვრო მიჯნა, ნაკვეთზე აღმოჩენებული იყო მრავალწლიანი ტყის მცენარეები და მასზე არ შეინიშნებოდა სასოფლო სამუშაოების წარმოების კვალი, შესაბამისად, ადვილად დასადგენი იყო, რომ ხელვაჩაურის არქივის 2016 წლის 20 ოქტომბრის წერილში (საარქივო ცნობაში) დასახელებული ჯ-------–-----ის კომლის სარგებლობაში არსებული 0.10 ჰა მიწის ფართობი და ჯ-------–-----ის კომლის წევრის მ----- ღ-–-----ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ, ქალაქ ბათუმში, მ---------------------–---–- მდებარე 1000კვ/მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არ იყო ერთმანეთის იდენტური, გ------- დ------მ, 2017 წლის 10 თებერვალს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი - N5 ბრძანება ნაკვეთების იდენტურობის თაობაზე. ბრძანება გ------- დ------ს მიერ გადაიგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რის საფუძველზეც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში, მ---------------------–---–- მდებარე, 92,502 ლარის ღირებულების 1000კვ/მ მიწის ნაკვეთი 2017 წლის 16 თებერვალს დარეგისტრირდა მ----- ღ-–-----ის და ჯ-------–-----ის (კომლის წევრების) თანასაკუთრებად.
5. გ------- დ------ს ზემოთ დასახელებული ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიზნები, სახელმწიფომ (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ) დაკარგა საკუთრების უფლება ქალაქ ბათუმში მ---------------------–---–- მდებარე 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთზე, რითაც განიცადა 92 502 ლარის ოდენობის ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულბის გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია :
6. მოწმე ს------ ც-----ს, ს/ს "აჭარის კურორტების" დირექტორის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2006 წლიდან ს/ს "აჭარის კურორტების" საკუთრებაშია 7020 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, მდებარე მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, თ----------------ე შესახვევში. აღნიშნულ ნაკვეთზე უნდა მოეწყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა. მის მოსაზღვრედ მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, დაახლოებით, ერთი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი. 2006 წლამდე მასზე შენობა-ნაგებობა არ მდგარა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების კვალი არ ეტყობოდა, მოდებული იყო ეკალ-ბარდი. "აჭარის კურორტებმა" განიზრახეს ამ ნაკვეთის გამოყენება რეკრეაციული ზონის მოსაწყობად. ნახაზის შედგენისას, შეიტყვეს, რომ ნაკვეთი საკუთრებაში დაირეგისტრირა მ----- ღ-–-----მა, როგორც ნაკვეთით მოსარგებლემ, რაც საეჭვოდ მოეჩვენათ, რადგან ამ ნაკვეთზე სარგებლობის კვალი არ აღინიშნებოდა, ამიტომ ფირმას, რომელიც მათ ორგანიზაციას უწევს იურიდიულ მოსახურებას, მიმართეს თხოვნით გაერკვია ამ ნაკვეთის მ----- ღ-–-----ის მიერ საკუთრებად დარეგისტრირების კანონიერება.
7. მოწმე ვ----– კ----–---–მა, შპს "ე----------------------" დირექტორმა, საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ მათი ფირმა 2011 წლიდან იურიდიულ მომსახურებას უწევს ს/ს "აჭარის კურორტებს", რომლის დირექტორმა მიმართა თხოვნით შეესწავლათ მწვანე კონცხის დასახლებაში, თამარ მეფის მე-3 შესახვევში, მათ საკუთრებაში არსებული 7020 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 1000 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის საკურებაში დარეგისტრირების ფაქტთან დაკავშირებული გარემოებები. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს ნაკვეთი რეგისტრირებული იყო მ----- ღ-–-----ის საკუთრებაში, რაც იწვევდა ეჭვს, რადგან საარქივო ცნობის თანახმად, ამ მიწაზე უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი სახლი და ბოსელი, თუმცა მოწმემ პირადად დაათვალიერა ადგილი და თავისი თვალით იხილა, რომ არანაირი ნაგებობა ან ასეთი ნაგებობის კვალი ნაკვეთზე არ არსებობდა, მას არც მოვლა-პატრონობის ნიშნები ეტყობოდა. ამიტომ გაურკვევლი იყო როგორ დაადგინა მწვანე კონცხის ტერიტორიულ ერთეულში ბათუმის მერიის წარმომადგენელმა გ------- დ------მ ამ ნაკვეთის იდენტურობა სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის აზომვით ნახაზზე ასახულ ნაკვეთთან. შესაბამისად, გადაწყვიტეს მიემართათ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის განცხადებით, რათა სამართალდამცავ ორგანოს შეესწავლა ამ ნაკვეთის მ----- ღ-–-----ის საკუთრებაში რეგისტრაციის კანონიერება.
8. მოწმე ა---------– ლ------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ხელვაჩაურის არქივში, არქივის უფროსის თანამდებობაზე. არქივში დაცულია ინფორმაცია მწვანე კონცხის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეების ქონების შესახებ. 1996-2006 წლებში მახინჯაურის სასოფლო საბჭოს საკომლე წიგნში არსებული ინფორმაციის თანახმად, მწვანე კონცხში მცხოვრები გ------ ღ-–-----ი იყო კომლის უფროსი 1996 წელს, გარდაიცვალა 1997 წელს და კომლის უფროსი გახდა მისი შვილი ჯ-------–-----ი. გ------ ღ-–-----ის გარდაცვალების შემდეგ კომლს მფლობელობაში ჰქონდა 82 კვ/მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც აგებულ იქნა 1951 წელს, ბოსელი, აგებული 1966 წელს. ჩანაწერების მიხედვით კომლს სულ მფლობელობაში ჰქონდა 0.10 ჰა, ანუ 1000 კვ/მ. ფართობის მიწის საკარმიდამო ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო მათი საცხოვრებელი სახლი 82 კვ/მ. ფართის. აღნიშნული ოჯახის მფლობელობაში სხვა მიწის ნაკვეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად იქნებოდა ინფორმაცია აღნიშნული საკომლე წიგნში.
9. ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს მოწმე შ------- ფ---------ემ - ხელვაჩაურის არქივის მთავარმა სპეციალისტმა.
10. საქმეში წარმოდგენილი, ხელვაჩაურის არქივში დაცული საკომლე წიგნის 1996-2006 წლების ჩანაწერების თანახმად, მწვანე კონცხში მცხოვრები გ------ ღ-–-----ი იყო კომლის უფროსი 1996 წელს, შემდეგ კომლის უფროსი გახდა ჯ-------–-----ი. მათ კომლს მფლობელობაში ჰქონდა 0.10 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო 82 კვ/მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, აგებული 1951 წელს, ბოსელი, აგებული 1966 წელს.
11. მოწმე გ------- დ------ის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის უფროსი. 2016 წლის 1 სექტემბერს საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა მ----- ღ-–-----მა დაბა მახინჯაურში მდებარე 2800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირების მოთხოვნით. განცხადებას ერთვოდა მიწის ნაკვეთის და შენობის ტექნიკური დახასიათება, სიტუაციური გეგმა, აზომვითი ნახაზი, საკადასტრო გეგმა. ხელვაჩაურის არქივიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 1996-2006 წლის საკომლე ჩანაწერებში მ----- ღ-–-----ს და მის ოჯახს სარგებლობაში გააჩნდა 0,10 ჰა კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 82 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და ბოსელი. გამომდინარე იქიდან, რომ საკომლე ჩანაწერების მიხედვით ღ-–-----ს 0,10 ჰა კვ.მ. მიწის ნაკვეთი გააჩნდა, განცხადებით კი 2800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას მოითხოვდა, საჯარო რეესტრმა მოსთხოვა მას საკომლე ჩანაწერის მიხედვით 1000 კვ.მ. მიწის ფართობის შესაბამისობაში არსებული კორექტირებული აზომვითი ნახაზი, რაც მ----- ღ-–-----მა მოგვიანებით წარმუდგინა კიდეც. აღნიშნულის შემდეგ საჯარო რეესტრმა ბათუმის მერიას მიმართა წერილით და აცნობა, რომ მიმდინარეობდა სარეგისტრაციო წარმოება მ----- ღ-–-----ის განცხადების საფუძველზე მ---------------------–---–- მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ნაკვეთის იდენტურობა. მერიას ეთხოვა განეხილა საკომლე ჩანაწერში გადმოცემული ინფორმაციის, რომლის თანახმად, ღ-–-----ს და მის ოჯახს სარგებლობაში ჰქონდათ 0.10 ჰა კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული 1951 წელს აგებული 82 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლით და 1966 წელს აგებული ბოსლით, - იდენტურობის საკითხი მ----- ღ-–-----ის მიერ 1000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის თაობაზე წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ ნაკვეთთან. 2017 წლის 10 თებერვალს საჯარო რეესტში ელექტრონული სახით მიღებულ იქნა მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ბათუმის მერიის წარმომადგენლის გ------- დ------ს ბრძანება, რომლითაც ეს უკანასკნელი ადასტურებდა ზემოაღნიშნულ ინფორმაციაში მითითებული ნაკვეთების იდენტურობას, რის საფუძველზეც დაკმაყოფილდა მ----- ღ-–-----ის მოთხოვნა და მოხდა 1000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება მის საკუთრებად.
12. ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს მოწმე ხ----- ბ-----ემ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის ოფისის რეგისტრატორმა.
13. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 5 სექტემბრის №პ/1190 ბრძანების თანახმად, გ------- დ------ დაინიშნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლად მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში.
14. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 31 დეკემბრის №პ/1812 ბრძანების თანახმად, გ------- დ------ დაინიშნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში 2015 წლის 1 იანვრიდან.
15. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 10 აგვისტოს N698 ბრძანების თანახმად, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების განმახორციელებელ პირებად განისაზღვრნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.
16. საქმეში წარმოდგენილია მ----- ღ-–-----ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადების ასლი უფლების რეგისტრაციის თაობაზე და თანდართული მასალები - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
17. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 იანვარს ბათუმის მერიისადმი გაგზავნილი წერილით ირკვევა, რომ მერიას გადაეგზავნა მ----- ღ-–-----ის მიერ უფლების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაცია და ეთხოვა შეესწავლა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხი "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესის და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქ/პუნქტის საფუძველზე.
18. მოწმე ვ------- გ-------ის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ არის ბათუმის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი. საქართველოს ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია ხორციელდება "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესის და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე. როდესაც საჯარო რეესტრის მიერ ვერ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ნაკვეთის იდენტურობა, საჯარო რეესტრის მიერ მერიაში იგზავნება წერილი იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლის თანახმად, იდენტურობის საკითხს ადგენს მერიის წარმომადგენელი კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში. ის ვალდებულია უშაუალოდ ადგილზე შემოაწმოს უძრავი ნივთი და შეადგინოს დათვალიერების ოქმი. მოცემულ შემთხვევაშიც გ------- დ------ს ადგილზე გასვლით უნდა გადაემოწმებინა ნაკვეთების იდენტურობის საკითხი, შეედგინა დათვალიერების ოქმი, უნდა აღეწერა იყო თუ არა ამ ნაკვეთზე განთავსებული სახლი ან ბოსელი, მათი არარსებობა უნდა დაეფიქსირებინა დათვალიერების ოქმში. თუ იდენტურობის დადგენა ვერ მოხდებოდა, დ------ს არ უნდა გაეცა ბრძანება იდენტურობის დადასტურების შესახებ. ოქმი, რომელიც ბრალდებულმა შეადგინა, ხარვეზიანია, არ ჩანს ნაკვეთების იდენტურობის ნიშნები, არ არის ასახული კონკრეტული ინფორმაცია თუ რა დადგინდა უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერებისას.
19. ანალოგიური განმარტებები მისცა სასამართლოს მოწმე ნ------ დ------ემ - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის უფროსმა.
20. მოწმე გ---- გ-------–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს შპს "ნარინჯი-21"-ში და მის მოვალეობას წარმოადგენს საკადასტრო აზომვითი ნახაზების შედგენა. მ----- ღ-–-----ის მიმართვის საფუძველზე, ამ უკანასკნელთან ერთად ადგილზე დაათვალიერა მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, თ----------------ე შესახვევში მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შეადგინა აზომვითი ნახაზი და დაასურათა. აღნიშნულ ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა არ იდგა, არც მისი კვალი ჩანდა. საარქივო ცნობა არ უნახავს და შესაბამისად, საკადასტრო ნახაზის შედგენისას არ იყო მისთვის ცნობილი, რომ ნაკვეთზე უნდა მდგარიყო შენობა ან უნდა ყოფილიყო მისი კვალი. ნაკვეთს არ ემჩნეოდა არც სარგებლობის ნიშნები. იმავე ნაკვეთთან დაკავშირებით მოგვიანებით დაუკავშირდა მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ბათუმის მერიის წარმომადგენელი გ------- დ------ და სთხოვა გაყოლოდა მას ნაკვეთის დასათვალიერებლად. გაჰყვა, აჩვენა ნაკვეთი, დ------მ შეადგინა ოქმი. დათვალიერების პროცესში დ------ არ დაინტერესებულა დაედგინა ამ ნაკვეთზე რაიმე ნაგებობის არსებობის ფაქტი, ან იყო თუ არა ასეთი ნაგებობის კვალი. მხოლოდ ნაკვეთის საზღვრების დადგენაში სთხოვა დახმარება გ-------–--ეს.
21. 2017 წლის 8 თებერვლის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმში, რომელიც საჯარო რეესტრის მიმართვის საფუძველზე შეადგინა მერიის წარმომადგენელმა მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში - გ------- დ------მ, გ---- გ-------–--ის მონაწილეობით, მითითებულია მხოლოდ მიწის ნაკვეთის მისამართი, მესაზღვრეების ვინაობა. ოქმში არსებული გრაფა - დათვალიერების და გამოკვლევის შედეგები - ცარიელია.
2-. 2017 წლის 10 თებერვალს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის - მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში - გ------- დ------ს მიერ გაცემული N 5 ბრძანების თანახმად, დადგინდა აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანო - ხელვაჩაურის არქივის 2016 წლის 20 ოქტომბრის N01-20/962 წერილის საფუძველზე ჯ-------–-----ის კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთის და მ----- ღლონის მიერ 2016 წლის 1 სექტემბრის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
23. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2017 წლის 16 თებერვალს მ----- ღ-–-----ი დარეგისტრირდა ქ. ბათუმში, მ---------------------–---–- მდებარე 1000 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ.
24. 2017 წლის 16 მარტს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს გამომძიებლის მიერ გ------- დ------ს, მ-----, დ----- და ზ------ ღ-–-----ების მონაწილეობით ჩატარებული მიწის ნაკვეთის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ დათვალიერდა მწვანე კონცხის დასახლებაში, თამარ მეფის მე-3 შესახვევში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელზეც რაიმე ნაგებობა არ დგას, ნაკვეთი დაუმუშავებელია. იგივე დასტურდება ფოტო-ცხრილით, რომელიც ერთვის დათვალიერების ოქმს.
25. დაზარალებულის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა - გ-------– ხ----–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ გ------- დ------ს მიერ გაცემული უკანონო ბრძანების შედეგად, რომლის საფუძველზეც მოქალაქე მ----- ღ-–-----მა საკუთრებად დაირეგისტრირა მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, თამარ მეფის მე-3 შესახვევში მდებარე მიწა, არსებითად დაირღვა სახელმწიფოს ინტერესი და მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
26. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 29 მარტის №001733317 საქონელთმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ქ. ბათუმი, მ---------------------–---–- მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №0-.3-.2------ 1 კვ. მეტრის საბაზრო ღირებულება 2017 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 35. 00 აშშ დოლარს, შესაბამისად, მთლიანი 1000.00 კვ. მეტრის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 35000.00 აშშ დოლარს, რაც ეროვნული ბანკის ვალუტის იმდროინდელი გაცვლითი კურსის (1 აშშ დოლარი = 2.6429 ლარი) შესაბამისად შეადგენდა - 92 502.00 ლარს.
27. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ------–------ემ.
28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.
29. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.
30. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.
31. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებაც - ბრალდებულ გ------- დ------ს ჩვენება.
32. ბრალდებულმა გ------- დ------მ სასამართლოს განუმარტა, რომ არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას, რომლის თანახმად, მან, როგორც ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვისთვის, ამ შემთხვევაში მ----- ღ-–-----ისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად. რეალურად მას არ ჰქონია არანაირი ინტერესი მ----- ღ-–-----ისთვის მიენიჭებინა უპირატესობა. არანაირი ურთიერთობა ამ პირთან არ აქვს, რასაც ღ-–-----იც დაადასტურებდა სასამართლოს წინაშე დაკითხვისას, ბრალდების მხარეს მისი ჩვენება რომ არ მოეხსნა გამოსაკვლევის მტკიცებულებების ნუსხიდან. აღიარებს და ადასტურებს, რომ მოუვიდა შეცდომა, არაჯეროვნად შეასრულა თავისი მოვალეობები, რამაც გამოიწვია მიწის საკუთრებაში გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც რეალურად არ სარგებლობდა მისით. შესაბამისად, ქმედება, რომელიც განახორციელა, გულისხმობს გაუფრთხილებელ დანაშაულს, გათვალისწინებულს სსკ-ის 342-ე მუხლით და არა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
33. ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ სასამართლოში წარმოდგენილი, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი სასამართლოს უქმნის საფუძვლიან რწმენას, რომ გ------- დ------ს მიერ ჩადენილია სწორედ სამსახურებრივი გულგრილობა, რაც მოვალეობების არაჯეროვან შესრულებაში გამოიხატა.
34. სსკ 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს ყავს სპეციალური სუბიექტი -- მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა და არც ერთი მხარე არ ხდის სადავოდ იმ ფაქტს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 31 დეკემბრის №პ/1812 ბრძანების თანახმად, გ------- დ------ დაინიშნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში 2015 წლის 1 იანვრიდან. შესაბამისად, გ------- დ------ იყო მოხელე. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 10 აგვისტოს N698 ბრძანების თანახმად, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების განმახორციელებელ პირებად განისაზღვრნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, შესაბამისად, მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ასეთი უფლებამოსილება მიენიჭა მერის წარმომადგენელს გ------- დ------ს. მოწმეების - გ------- დ------ის, ხ----- ბ-----ის ჩვენებებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 იანვარს ბათუმის მერიისადმი გაგზავნილი წერილით დასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც 2016 წლის 1 სექტემბერს მ----- ღ-–-----მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისს და მოითხოვა დაბა მახინჯაურში მდებარე 2800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირება, გაირკვა, რომ მის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული ნაკვეთის აღწერილობა, ფართობი, ეწინააღმდეგებოდა ხელვაჩაურის არქივიდან გამოთხოვილი ინფორმაციას, რომლის თანახმად, 1996-2006 წლის საკომლე ჩანაწერებში მ----- ღ-–-----ს და მის ოჯახს სარგებლობაში გააჩნდა 0,10 ჰა კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 82 კვ.მ. საცხოვრებელი სახლით და ბოსლით. გამომდინარე იქიდან, რომ საკომლე ჩანაწერების მიხედვით ღ-–-----ს 0,10 ჰა კვ.მ. მიწის ნაკვეთი გააჩნდა, განცხადებით კი 2800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას მოითხოვდა, საჯარო რეესტრმა მოსთხოვა მას საკომლე ჩანაწერის მიხედვით 1000 კვ.მ. მიწის ფართობის შესაბამისობაში არსებული კორექტირებული აზომვითი ნახაზი, აღნიშნულის შემდეგ კი საჯარო რეესტრმა ბათუმის მერიას მიმართა წერილით და აცნობა, რომ მიმდინარეობდა სარეგისტრაციო წარმოება მ----- ღ-–-----ის განცხადების საფუძველზე მ---------------------–---–- მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ნაკვეთის იდენტურობა. მერიას ეთხოვა განეხილა საკომლე ჩანაწერში გადმოცემული ნაკვეთის იდენტურობის საკითხი მ----- ღ-–-----ის მიერ 1000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის თაობაზე წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ ნაკვეთთან. მოწმე ვ------- გ-------ის, რომელიც მერიის იურიდიული განყოფილების უფროსია, ასევე მოწმე ნ------ დ------ის - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის უფროსის ჩვენებების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია ხორციელდება "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესის და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე. როდესაც საჯარო რეესტრის მიერ ვერ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ნაკვეთის იდენტურობა, საჯარო რეესტრის მიერ მერიაში იგზავნება წერილი იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლის თანახმად, იდენტურობის საკითხს ადგენს მერიის წარმომადგენელი კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში. ის ვალდებულია უშაუალოდ ადგილზე შემოაწმოს უძრავი ნივთი და შეადგინოს დათვალიერების ოქმი. მოცემულ შემთხვევაშიც გ------- დ------ს ადგილზე გასვლით უნდა გადაემოწმებინა ნაკვეთების იდენტურობის საკითხი, შეედგინა დათვალიერების ოქმი, უნდა აღეწერა იყო თუ არა ამ ნაკვეთზე განთავსებული სახლი ან ბოსელი, მათი არარსებობა უნდა დაეფიქსირებინა დათვალიერების ოქმში. მოწმე გ---- გ-------–--ის ჩვენებით, რომელიც გ------- დ------სთან ერთად მონაწილეობდა ნაკვეთის დათვალიერებაში, ირკვევა, რომ დ------ არ დაინტერესებულა იდენტურობის საკითხის სიღრმისეული შესწავლით, რაც მისდამი საჯარო რეესტრის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა, უფრო მეტიც, არც უხსენებია ეს თემა, მხოლოდ ნაკვეთის საზღვრების დადგენა მოახდინა გ-------–--ის დახმარებით. იგივე ფაქტი დასტურდება დათვალიერების ოქმითაც, რომელშიც არაფერია ნათქვამი დათვალიერების შედეგებთან დაკავშირებით და ნაკვეთის თაობაზე მასში მხოლოდ ზერელე ინფორმაციაა გადმოცემული. იმ შემთხვევაში, თუ გ------- დ------ პირნათლად შეასრულებდა მასზე, როგორც მერის წარმომადგენელზე დაკისრებულ ვალდებულებას, არ გამოიჩენდა დაუდევარ დამოკიდებულებას საკითხისადმი, ადგილზე გასვლისას სრულყოფილად დაათვალიერებდა ნაკვეთს, რომლის იდენტურობის დადგენასაც ითხოვდა მისგან საჯარო რეესტრი, დარწმუნდებოდა, რომ ნაკვეთის აღწერილობა არ შეესაბამებოდა საარქივო ცნობაში გადმოცემულ ინფორმაციას, არ არსებობდა ნაგებობა, არც მისი კვალი, რომელიც საარქივო ცნობის შესაბამისად, უნდა ყოფილიყო ამ ადგილას საცხოვრებელი სახლის და ბოსლის, ან მათი ნანგრევების სახით. ნაკვეთს არ აღენიშნებოდა დამუშავების კვალი, მოდებული იყო მასზე ეკალ-ბარდი. შესაბამისად, მოვალეობების ჯეროვანი შესრულების პირობებში გ------- დ------ არ გასცემდა ბრძანებას ნაკვეთების იდენტურობის დადასტურების თაობაზე, მ----- ღ-–-----ის საკუთრებად ვერ დარეგისტრირდებოდა სადავო მიწა და არ დაირღვეოდა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი. ფაქტი იმისა, რომ არსებითად დაირღვა სახელმწიფოს ინტერესი, დადასტურებულია სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი, ზემოთ უკვე განხილული მტკიცებულებებით, რომელთა მიხედვითაც საკმაოდ დიდი ღირებულების, სტრატეგიული და ეკონომიკური თვალსაზრისით მიმზიდველი, ზღვასთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთი, სახელმწიფოს საკუთრებიდან სრულიად უსაფუძვლოდ, სახელმწიფო მოხელის მიერ მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად გადავიდა კერძო პირის საკუთრებაში, რომელსაც არ გააჩნდა მასზე საკუთრების მოპოვების კანონიერი საფუძველი.
35. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა, სრულად დადასტურდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში გ------- დ------ს მიერ, რომელსაც მერის 2016 წლის 10 აგვისტოს N698 ბრძანების თანახმად ევალებოდა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება და მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთების იდენტორობის საკითხის შესწავლა, - მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითიდ არღვევა გამოიწვია.
36. საქმის განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
37. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა" დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
38. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
39. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
40. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
41. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
42. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
43. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა გ------- დ------ს მიერ სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
კვალიფიკაციის შეცვლა:
44. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- დ------ს ბრალად ედება მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
45. საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ მოხელე მოქმედებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, მაგრამ მისი ქმედება ეწინააღმდეგება საჯარო (სახელმწიფო, საზოგადოებრივ, სამსახურებრივ) ინტერესებს. ამასთან, იგი ასეთ ქმედებას უნდა ახორციელებდეს თავისთვის ან სხვისთვის (ნათესავი, მეგობარი, ნაცნობი და ა.შ.) რაიმე გამორჩენის (მატერიალური სიკეთის) ან უკანონო უპირატესობის მიღების მიზნით, რითაც ის არსებითად არღვევს ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებას ან საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ, ისე პასიურ ქმედებაში, ანუ მართლსაწიმააღმდეგო მოქმედებაში ან უმოქმედობაში. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მართლსაწინააღმდეგო შედეგი გულისხმობს ფიზიკური და იურიდიული პირების კანონიერი ინტერესებისათვის ან საზოგადოებისა და სახელმწიფო ინტერესებისათვის ზიანის ფაქტობრივ მიყენებას. ამასთან, აუცილებელია, რომ ზიანი იყოს არსებითი, რაც სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს.
46. გ------- დ------ს ბრალი წარედგინა განზრახი დანაშაულისთვის, რომელიც მიმართულია სხვისთვის - მ----- ღ-–-----ისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, თუმცა ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება არა თუ ადასტურებს, არამედ არც კი მიუთითებს დ------ს მხრიდან არსებულ რაიმე ინტერესზე, მის სურვილზე, განზრახვაზე თავისი მოქმედებით უპირატესობა მიენიჭებინა და გამორჩენის მიღებაში დახმარებოდა მ----- ღ-–-----ს. არ არსებობს ინფორმაცია საერთოდ ამ პირებს შორის არსებულ რაიმე სახის ურთიერთობაზეც კი, არა თუ ისეთზე, რომელიც უბიძგებდა დ------ს წინასწარგანზრახულად წასულიყო დანაშაულზე ამ ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე, რასაც ღ-–-----ის მიერ გამორჩენის მიღება - იმ ნაკვეთის საკუთრებად დარეგისტრირება მოჰყვებოდა, რომელზეც რეალურად მას ასეთი უფლება არ უნდა გასჩენოდა. მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ბრალდების მხარის გადაწყვეტილებაზე, როდესაც მან დასაკითხი პირების სიიდან მოხსნა საქმის მთავარი მოწმე - მ----- ღ-–-----ი და არ გამოიკვლია მისი ჩვენება. ამდენად, კონკრეტულად რა პირადი მოტივები გააჩნდა ბრალდებულ დ------ს მ----- ღ-–-----ისთვის უპირატესობის მისანიჭებლად, აბსოლუტურად გაურკვეველია ბრალდების ფორმულირების მიხედვით და ასეთადვე დარჩა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ. სასამართლო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულება არ შეიცავს რაიმე მინიშნებასაც კი, არათუ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რაიმე სახის პირადი ინტერესის არსებობასთან დაკავშირებით ბრალდებულის მხრიდან მ----- ღ-–-----თან მიმართებაში. მტკიცებულებათა გამოკვლევისას ბრალდების მხარის მიერ მოწმეთათვის დასმული არც ერთი შეკითხვა არ შეეხებოდა ასეთი პირადი მოტივის და ინტერესის არსებობის გარკვევას.
47. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ გ------- დ------მ გამიზნულად, მ----- ღ-–-----ისთვის გამორჩენის მისაღებად და უპირატესობის მისანიჭებლად ჩაიდინა დანაშაული.
48. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
49. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
50. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
51. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
52. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
53. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- დ------ს მიმართ სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი კვალიფიკაცია - არასწორია, უნდა შეიცვალოს ბრალდებულის სასიკეთოდ და მის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 3-2-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სამართლებრივი შეფასება :
55. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- დ------მ, როგორც მოხელემ, ჩაიდინა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულბის გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით .
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები :
55. გ------- დ------ს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
56. გ------- დ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
57. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
58. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
59. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
60. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
61. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
62. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ------- დ------ს უნდა დაენიშნოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით, 2000 (სამი ათასი) ლარის ოდეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
64. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებაა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
65. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - ამოღებული დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის ოფისიდან, ხელვაჩაურის არქივიდან ამოღებული ამონაწერი საკომლო წიგნიდან და გ------- დ------ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - უნდა დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებულ გ------- დ------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ბრალდებული გ------- ა---------–-ს ძე დ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გ------- დ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ნივთმტკიცებები - ამოღებული დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის ოფისიდან, ხელვაჩაურის არქივიდან ამოღებული ამონაწერი საკომლო წიგნიდან და გ------- დ------ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი