გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.10.2018
საქმის ნომერი
010310016001516236
კატეგორია
დავის ტიპი
საბაჟო-საგადასახადო ურთიერთობასთან დაკავშირებით
თარიღი
19.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310016001516236

N3-727/16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი - ინეზა ტარიელაძე

 

მოსარჩელე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ზუ---- ქა–----ე

მოპასუხე – შპს „ბა-----“

წარმომადგენელი - ო----- წუ-–-----ე

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ბა-----სთვის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 24-------) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ, 2013 წლის 1-ლი იანვრიდან, 2016 წლის 1-ელ მარტამდე პერიოდში გადასახდელი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის, 611-,87 (ექვსიათას ასცხრამეტი ლარი და 87 თეთრი) ლარის დაკისრება.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „სა----------------“ ახორციელებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე წარმოქმნილი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას. მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახური აწარმოებს იმ პირთა რეესტრს (აღრიცხვას), რომლებიც წარმოქმნიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.

მოპასუხე, შპს „ბა-----“ მიეკუთვნება იმ ორგანიზაციას, რომელიც თავისი საქმიანობის შედეგად წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური მონაცემების მიხედვით, მოპასუხეს 2013 წლის 1-ლი იანვრიდან ერიცხება დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი. მიუხედავად წერილობითი და ზეპირი გაფრთხილებისა, მოპასუხე არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, კერძოდ არ იხდის დასუფთავების მოსაკრებელს, რის გამოც მერია იძულებული გახდა, მიემართა სასამართლოსთვის.

„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №--- დადგენილებაში თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №- დადგენილებით და 2013 წლის 30 აპრილის №1- დადგენილებით შეტანილი ცვლილებების - „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №31 დადგენილების, „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 27 ნოემბრის №31 დადგენილების შესაბამისად, 2013 წლის 1-ლი იანვრიდან, 2016 წლის 1-ელ მარტამდე მოპასუხეს გადასახდელი აქვს დასუფთავების მოსაკრებელი 611-,87 ლარის ოდენობით.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახური აწარმოებს იმ პირთა რეესტრს (აღრიცხვას), რომლებიც წარმოქმნიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.

მოპასუხე (შპს „ბა-----“ მიეკუთვნება იმ ორგანიზაციას, რომელიც თავისი საქმიანობის შედეგად წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. რეესტრის წარმოება ხორციელდება ს.ს. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ბილინგ სისტემის ან შპს „ბათუმის წყლის“ რეესტრის მეშვეობით.

ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად, მოპასუხეს 2013 წლის 1-ლი იანვრიდან, 2016 წლის 1-ელ მარტამდე გადასახდელი აქვს დასუფთავების მოსაკრებელი 611-,87 ლარის ოდენობით.

მიუხედავად არაერთი წერილობითი და ზეპირი გაფრთხილებისა, მოპასუხე თავს არიდებს მოსაკრებლის გადახდას, რის გამოც აუცილებელი გახდა სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა.

 

2.1.მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე მხარემ, შპს „ბა-----ს“ წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო იმ გარემოების გამო, რომ ქ. ბათუმში, დავით აღმაშენებლის ქუჩა №6-ში მდებარე საწარმოს ფართები იჯარის ხელშეკრულებით სხვადასხვა პირებზეა გაცემული და ისინი იყვნენ ვალდებულები, რომ გადაეხადათ აღნიშნული მოსაკრებელი, ხოლო შპს „ბა-----ს“ დირექტორისთვის უცნობი იყო დავალიანების თაობაზე. მას შემდეგ, რაც ქალაქ ბათუმის მერიამ მოსაკრებლის გადახდა შპს „ბა----ს“ მოსთხოვა, დირექტორი ყველა ღონეს ხმარობს, რომ მოიჯარეებს გადაახდევინოს, მოსაკრებლის დავალიანება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „სა----------------“ ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას, დერატიზაციას, დეზინსექციას, სამედიცინო ნარჩენების გაუვნებელყოფას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „სა----------------“ -ს ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და წესდება.

 

3.1.2. შპს „ბა-----“ რეგისტრირებულია მეწარმე იურიდიულ პირად, მისი საიდენტიფიკაციო კოდია - 24-------, იურიდიული მისამართია ქ. ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №6.

შპს „ბა-----“ მიეკუთვნება იმ ორგანიზაციას, რომელიც თავისი საქმიანობის შედეგად წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №27 დადგენილებით დამტკიცებული დებულება ().

 

3.1.3. თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №--- დადგენილებით, ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული იქნა ადგილობრივი მოსაკრებელის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი. დადგინდა მოსაკრებლის გადამხდელი პირები, მოსაკრებლის ოდენობა, გადახდის წესი. ასევე დადგენილია, რომ 2011 წლის 31 იანვრის №- დადგენილებით და 2013 წლის 30 აპრილის №1- დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილებები კერძოდ: იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის რაოდენობა თვეში განისაზღვრა შემდეგი ფორმულით: M=(N X C X K)/12, საიდანაც M არის - მოსაკრებლის რაოდენობა თვეში, N - ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში, C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება, K - ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა, ადგილი, საწოლი, მოსწავლე).

დადგენილია, რომ 2011 წლის 31 იანვრის №- დადგენილებით, C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება შეადგენს - 15 ლარს, ხოლო 2013 წლის 30 აპრილის №1- დადგენილებით, C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება შეადგენს - 9 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №--- დადგენილება;

 

3.1.4. დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №2------ მიმართვით, შპს „ბა-----ს“ დირექტორს ეცნობა, რომ 2013 წლის 1-ელი იანვრიდან, 2016 წლის 1-ელ მარტამდე მდგომარეობით ერიცხებოდა მიმდინარე დავალიანება - 611-,87 (ექვსიათას ასცხრამეტი ლარი და 87 თეთრი) ლარის ოდენობით.

შპს „ბა-----ს“ მიერ დავალიანება არ დაფარულა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის №2------- წერილი;

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- ,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება: საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და მათი განაკვეთების განსაზღვრა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში, საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი საქართველოს კონსტიტუციისა და ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.

„ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით.

„ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელია - მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.

„ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლებას და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.

დასახელებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნარჩენების წარმომქმნელმა შეიძლება მოახდინოს მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.

„ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მე-15 მუხლის თანახმად, ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდისაგან.

 

6.2. თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №--- დადგენილებით, ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული იქნა ადგილობრივი მოსაკრებელის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი. დადგინდა მოსაკრებლის გადამხდელი პირები, მოსაკრებლის ოდენობა, გადახდის წესი. ასევე დადგენილია, რომ 2011 წლის 31 იანვრის №- დადგენილებით და 2013 წლის 30 აპრილის №1- დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილებები კერძოდ: იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის რაოდენობა თვეში განისაზღვრა შემდეგი ფორმულით: M=(N X C X K)/12, საიდანაც M არის - მოსაკრებლის რაოდენობა თვეში, N - ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში, C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება, K - ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა, ადგილი, საწოლი, მოსწავლე).

დადგენილია, რომ 2011 წლის 31 იანვრის №- დადგენილებით, C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება შეადგენდა - 15 ლარს, ხოლო 2013 წლის 30 აპრილის N1- დადგენილებით, C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება შემცირდა და შეადგენს - 9 ლარს.

 

6.3. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 100 % წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „სა----------------“ ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას, დერატიზაციას, დეზინფექციას, სამედიცინო ნარჩენების გაუვნებელყოფას.

შპს „ბა-----“ რეგისტრირებულია მეწარმე იურიდიულ პირად, მისი საიდენტიფიკაციო კოდია - 24-------, იურიდიული მისამართია ქ. ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №6.

შპს „ბა-----“ მიეკუთვნება იმ ორგანიზაციას, რომელიც თავისი საქმიანობის შედეგად წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. რეესტრის წარმოება ხორციელდება ს.ს. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ბილინგ სისტემის ან შპს „ბათუმის წყლის“ რეესტრის მეშვეობით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №2------ მიმართვით, შპს „ბა-----ს“ დირექტორს ეცნობა, რომ 2013 წლის 1-ელი იანვრიდან, 2016 წლის 1-ელ მარტამდე მდგომარეობით ერიცხებოდა მიმდინარე დავალიანება - 611-,87 (ექვსი ათას ას ცხრამეტი ლარი და 87 თეთრი) ლარის ოდენობით.

შპს „ბა-----ს“ მიერ დავალიანება დღემდე არ დაფარულა.

 

6.4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №3 დადგენილების დანართი 1-ის, კერძოდ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული მოსაკრებლის გამოანგარიშების და გადახდის შესახებ“ ინსტრუქციის მე-7 მუხლით განსაზღვრულია მოსაკრებლის გადამხდელთა უფლებები და მოვალეობები:

1. ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურში ან ოპერატორთან დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად;

2. ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას. ასევე მესაკუთრე ფიზიკური პირი რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა აცნობოს სამსახურს ან ოპერატორს, რომელიც გავლენას მოახდენს გადასახდელი მოსაკრებლის გაანგარიშებაზე. აბონენტი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილების დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტი. (ცნობა სასწავლებლიდან, გარდაცვალების, დაბადების ან ქორწინების მოწმობა, სულადობის ცვლილების შესახებ ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობა, ან მინიმუმ სამი მეზობლის მიერ ხელწერით დადასტურებული განაცხადი და ა.შ);

3. საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე;

4. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს;

5. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე;

6. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ან/და ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები; მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ გაზრდილი მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე;

7. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა განხორციელდება სამსახურის ან ოპერატორისადმი შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან; 8. ორგანიზებული ბაზრობის მომწყობი პირი ვალდებულია წარუდგინოს შესაბამის სამსახურს ან/და ოპერატორს ინფორმაცია ბაზრობაზე არსებული სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტების საქმიანობის სფეროს და დაკავებული ფართობის შესახებ;

9. წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.

ამდენად, აღნიშნული ინსტრუქციის მე-7 პუნქტის თანახმად, შპს „ბა-----“ ვალდებული იყო, თუ თვითონ არ განახორციელებდა ისეთ საქმიანობას, რომელიც წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს და ასეთ საქმიანობას მოიჯარეები განახორციელებდნენ, ამის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, უნდა ეცნობებინა სამსახურის ან ოპერატორისათვის და წარედგინა კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი.

ნორმატიული აქტით მოცემული რეგულაციის თანახმად, ასეთი ინფორმაციის მიუწოდებლობის პირობებში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა ვერ განხორციელდებოდა,შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ შპს ,,ბა----ს“ სწორად ერიცხებოდა დასუფთავების მოსაკრებელი, 2013 წლის 1-ლი იანვრიდან, 2016 წლის 1-ელ მარტამდე პერიოდშიც.

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლოს იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ შპს „ბა-----ს“ მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 30 მარტის №2------ წერილით განსაზღვრულია არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობის გამო შპს „ბა----ს“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ წარმოეშვა ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის საფასურის გადახდის ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

სასამართლო უდავოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ საფუძვლიანია, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შპს „ბა-----ს“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა.

კანონის დასახელებული ნორმებისა და დადგენილ გარემოებათა საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებული და საფუძვლის მქონეა, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე მხარეს, შპს „ბა----ს“ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, 611-.87 (ექვსიათას ასცხრამმეტი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი) ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამასთან სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე შპს „ბა----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (ს/№24-------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. შპს ,,ბა----ს“ (ს/კ 24-------) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (ს/№24-------) სასარგებლოდ დაეკისროს 611-.87 (ექვსიათას ასცხრამმეტი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი) ლარის გადახდა;

3. შპს „ბა----ს“ (ს/კ 24-------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან, 14 დღის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე