გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.10.2018
საქმის ნომერი
010310118002385858
კატეგორია
დავის ტიპი
ჯარიმები
თარიღი
12.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310118002385858

საქმე №3-178/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - ი--- ბე-----იშვილი

წარმომადგენელი - და---- მი--------ე

მოპასუხე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

– ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

წარმომადგენელი - მ--- ჭყ-----

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ი--- ბე-----იშვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ი--- ბე-----იშვილის დაჯარიმების და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტის) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილებისა და ი--- ბე-----იშვილის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, ქალაქ ბათუმის მერის 2018 წლის 19 მარტის №0---- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

ი--- ბე-----იშვილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 ივნისს „არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ №მ/1--- ბრძანების (მშენებლობის სანებართვო მოწმობის ნომერი - №0-----) საფუძველზე, ქ. ბათუმში, გო------–ის ქ. №5-/ვა–----–----–ას ქ. №4-----ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე აწარმოებდა, აივნის რეკონსტრუქცია-მიშენებას.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 22 სექტემბერს გაიცა №2-- მითითება, რომლითაც ი--- ბე-----იშვილს მიეთითა სამშენებლო შეუსაბამობაზე, კერძოდ ფილის გაბარიტების დარღვევაზე.

აღნიშნულის საფუძველზე, 2017 წლის 10 ნოემბერს ი--- ბე-----იშვილმა №10------------ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვა, პროექტში ცვლილებების შეტანა, რომლითაც გამოსწორდებოდა №2-- მითითების პირობები.

2017 წლის 27 ნოემბერს (ანუ, 17 დღის შემდგომ), ი--- ბე-----იშვილს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეცნობა, რომ 10 ნოემბრის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელებული იქნა, 3 თვის ვადით, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება კი დღემდე არ მიღებულა.

2017 წლის 7 დეკემბერს, ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა მითითების პირობების შესრულება და საბოლოოდ, 2018 წლის 30 იანვარს მიიღო №1-- დადგენილება, რომლითაც ქ. ბათუმში, გო------–ის ქ. №5-/ვა–----–----–ას ქ. №4-----ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მიმდინარე აივნის რეკონსტრუქცია-მიშენების გამო ი--- ბე-----იშვილი დაჯარიმდა 1 000 ლარით.

დადგენილება ი--- ბე-----იშვილმა ერთჯერადად გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაგრამ ვიცე-მერის 2018 წლის 19 მარტის №0---- ბრძანებით, საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ზედამხედველობის სამსახური მოქმედებდა კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რადგანაც მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ი--- ბე-----იშვილს განხორციელებული მშენებლობის პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად, პროექტში ცვლილების შეტანისთვის ჰქონდა წარდგენილი განცხადება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელსაც გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა. ზედამხედველობის სამსახური უნდა დალოდებოდა მისაღებ გადაწყვეტილებას და უნდა მიეცა მოსარჩელისთვის შესაძლებლობა, გამოესწორებინა სამშენებლო სამართალდარღვევა, რომლის პროცედურაც დაწყებული იყო მითითებით განსაზღვრულ ვადაში. ადმინისტრაციული წარმოების ვადა უსაფუძვლოდ გაგრძელდა 3 თვით და ამითაც იქნა დარღვეული მისი უფლებები, რაც არ გაითვალისწინა ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომაც, ქ. ბათუმის მერიამ.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი შელახული უფლების აღდგენის მიზნით, იძულებულია აღძრაა სარჩელი და მოითხოვოს, უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარის, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 22 სექტემბრს გაიცა №2-- მითითება, რომ ი--- ბე-----იშვილმა განახორციელა ქ. ბათუმში, გორგასალის ქუჩა №5-/ვა–----–----–ას ქუჩა №4-----ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აივნის სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მშენებლობა, კერძოდ, მშენებლობისას შემცირებულია პროექტით გათვალისწინებული აივნის ფილის გაბარიტები. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამეხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის №2-- მითითებით ი--- ბე-----იშვილს განესაზღვრა, რომ დაუყონებლივ შეეჩერებინა სამშენებლო სამუშაოები და ობიექტი მოეყვანა სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში. ზედამხედელობის სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის №2-- მითითება იმავე დღეს ჩაიბარა მოსარჩელემ.

ზედამხედველობის სამსახურმა 2017 წლის 7 დეკემბრის შემოწმების აქტის საფუძველზე დაადგინა, რომ ი--- ბე-----იშვილის მიერ არ იყო შესრულებული 2017 წლის 22 სექტემბრის №2-- მითითების პირობები, კერძოდ მას არ განუხორციელებია ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანა, რის შემდგომაც ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 30 იანვარს გამოცემული იქნა №1-- დადგენილება, რომლითაც ი--- ბე-----იშვილის მიერ ქ. ბათუმში, გორგასალის ქუჩა №5-/ვა–----–----–ას ქუჩა №4-----ში მიმდინარე მშენებლობა ჩაითვალა სამშენებლო სამართალდარღვევად და იგი სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით განხორციელებული მშენებლობის წარმოების გამო დაჯარიმდა, 1000 ლარით, ასევე, დადგინდა სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით განხორციელებული მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტაციასთან შესაბამოსობაში მოყვანა.

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ი--- ბე-----იშვულმა განმარტა, რომ მას 2017 წლის 10 ნოემბერს შეტანილი ჰქონდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში განცხადება, პროექტში ცვლილების განხორციელების თაობაზე (ცვლილების პროექტით) და 2017 წლის 27 ნოემბრის წერილით ეცნობა ადმინისტარციული წარმოების 3 თვის ვადის გაგრძელების თაობაზე. იგი მიიჩნევდა, რომ ამ მოტივით ზედამხედევლობის სამსახურის დადგენილება იყო უსწორო და საჩივრის ფარგლებში უნდა გაუქმებულიყო.

ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს გააჩნია კანონმდებლობით გათვალსიწინებული ვადები და შესაბამსიად იგი არ იყო უფლებამოსილი დალოდებოდა არქიტექტურის სამსახურის მიერ პროექტში ცვლილების განხორციელბის თაობაზე ბრძანების გამოცემას. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოქმედი კანონმდებლობით შემოწმების აქტის გამოცემიდან ორი თვის ვადაში ქ. ბათუმის მერია ვალდებულია, მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

ამდენად, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მიმართული ჰქონდა პროექტში ცვლილების განხორციელბის მიზნით არქიტექტურის სამსახურისათვის, ვერ გახდებოდა მის მიმართ დაჯარიმების თაობაზე დადგენილების არ გაცემის და საქმის სხვაგვარად დასრულების სამართლებრივი საფუძველი.

„პროდუქტის უსაფრთხოეისა და თაისუფალი მიმო-ცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო ი--- ბე-----იშვილი დაეჯარიმებინა 1000 ლარით და დაედგინა სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერება, მითითებით გათვლისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ი--- ბე-----იშვილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 ივნისს „არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ №მ/1--- ბრძანების (მშენებლობის სანებართვო მოწმობის ნომერი - №0-----) საფუძველზე, ქ. ბათუმში, გო------–ის ქ. №5-/ვა–----–----–ას ქ. №4-----ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე აწარმოებდა, აივნის რეკონსტრუქცია-მიშენებას.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 22 სექტემბერს გაიცა №2-- მითითება, რომლითაც ი--- ბე-----იშვილს მიეთითა სამშენებლო შეუსაბამობაზე, კერძოდ აივნის ფილის გაბარიტების დარღვევაზე და მიეცა წინადადება, გამოვლენილი დარღვევის ნებაყოფლობით გამოსწორებაზე, კერძოდ, სამშენებლო სამუშაოების დაუყონებლივ შეჩერებისა და ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანაზე, ან შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 ივნისის №მ/1--- ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. 2017 წლის 10 ნოემბერს ი--- ბე-----იშვილმა №10------------ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა, შეთანხმებულ პროექტში ცვლილებების შეტანა, რომლითაც გამოსწორდებოდა №2-- მითითების პირობები.

2017 წლის 27 ნოემბრის №2------- წერილით ი--- ბე-----იშვილს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ ეცნობა, რომ 10 ნოემბრის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდა, სამი თვის ვადით, იმ საფუძვლით, რომ განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადაიგზავნა აჭარის ა.რ. კულტურული მემკიდრეობის საბჭოზე განსახილველად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ი--- ბე-----იშვილის 2017 წლის 10 ნოემბრის №10------------ განცხადება;

- არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2017წ. 27.11. №2------- წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. 2017 წლის 7 დეკემბერს, ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა 2017 წლის 22 ივნისის №მ/1--- მითითების პირობების შესრულება და დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მითითება არ იყო შესრულებული, რამდენადაც მშენებარე ობიექტი არ იყო პროექტთან შესაბამისობაში მოყვანილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 7დეკემბრის შემოწმების აქტი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. 2018 წლის 15 იანვარს ზედამხედველობის სამსახურში ჩატარდა ი--- ბე-----იშვილის სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული საქმის ზეპირი მოსმენა, სადაც მონაწილეობდა ი--- ბე-----იშვილის მეუღლე, კობა ჩაგანავა, რომელმაც განმარტა, რომ შეთანხმებულ პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე დოკუმენტაცია მომზადებული და შეტანილი ჰქონდა, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურში და მოითხოვა ვადა, არქიტექტურის სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

ზედამხედველობის სამსახურმა 2018 წლის 30 იანვარს მიიღო №1-- დადგენილება, რომლითაც ქ. ბათუმში, გო------–ის ქ. №5-/ვა–----–----–ას ქ. №4-----ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მიმდინარე აივნის რეკონსტრუქცია-მიშენების გამო, ი--- ბე-----იშვილი დაჯარიმდა 1 000 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის ოქმი;

- ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილება ი--- ბე-----იშვილმა ერთჯერადად გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ზეპირ მოსმენაზე, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ი--- ბე-----იშვულმა განმარტა, რომ მას 2017 წლის 10 ნოემბერს შეტანილი ჰქონდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში განცხადება, პროექტში ცვლილების განხორციელების თაობაზე (ცვლილების პროექტით) და 2017 წლის 27 ნოემბრის წერილით ეცნობა ადმინისტარციული წარმოების 3 თვის ვადის გაგრძელების თაობაზე, ხოლო ზედამხედველობის სამსახური არ დაელოდა არქიტექტურის სამსახურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, რის გამოც იგი მიიჩნევდა, რომ ამ მოტივით ზედამხედევლობის სამსახურის დადგენილება იყო უკანონო და საჩივრის ფარგლებში უნდა გაუქმებულიყო.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 19 მარტის №0---- ბრძანებით, ი--- ბე-----იშვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 19 მარტის №0---- ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელობის მქონეა დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ი--- ბე-----იშვილის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

_ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.

_ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილება „მშენებლობის

ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“.

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები განისაზღვრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს“ პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით. ამავე კანონის 1-ლი მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს, ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 1-ლი მუხლის თ) ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს, სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.

ამავე კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა.

ამ მუხლის ბ) პუნქტის მიხედვით, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით;

სასამართლოს მიერ დადგენილია, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შემოწმების შედეგად გამოავლინა, რომ ი--- ბე-----იშვილი სანებართვო პირობების დარღვევით განახორციელებდა მშენებლობას, კერძოდ, ადგილი ჰქონდა სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის განხორციელების ფაქტი მოსარჩელე მხარის მიერ დადასტურებული იქნა საქმის სასამართლო განხილვის დროს და ეს სადავო არ გამხდარა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, მას შემდეგ, რაც 2017 წლის 22 სექტემბერს გამოავლინა ი--- ბე-----იშვილის საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიმდინარეობის ფაქტი, გაუჩნდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, დაეწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მის მიმართ და გაეცა №2-- მითითება, სამშენებლო სამუშაოების დაუყონებლივ შეჩერებისა და ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანაზე, ან შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენაზე.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

25-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულია, რომ თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ი--- ბე-----იშვილმა მითითების ვადაში, 2017 წლის 10 ნოემბერს №10------------ განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მერიას და შესათანხმებლად წარუდგინა ქ. ბათუმში, გო------–ის ქ. №5-/ვა–----–----–ას ქ. №4-----ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლის აივნის რეკონსტრუქცია-მიშენების პროექტში შესატანი ცვლილება, ნაწარმოებ მშეენბლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, რომლითაც შესრულდებოდა №2-- მითითების პირობები.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას ამოწმებს 3 დღეში. ხარვეზის შემთხვევაში ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

სასამართლო განმარტავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების ვადაა, არა უმეტეს 18 დღე;

ამავე დადგენილების 52-ე მუხლით, რომლითაც განსაზღვრულია არქიტექტურული პროექტის შეთანხმების წესი, დადგენილია, რომ სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შესაბამისობა დადგენილ სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებით განსაზღვრულ პარამეტრებთან და გამოიტანოს გადაწყვეტილება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 17 დღისა გადაწყვეტილება წარუდგინოს ნებართვის გამცემს.

ამასთან, ნებართვის გამცემი ვალდებულია ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს.

თუ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, არქიტექტურული პროექტი, კონსტრუქციული ან/და ტექ-ნოლოგიური სქემა ჩაითვლება შეთანხმებულად. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დაცვა მოცემულ ობიექტთან მიმართებაში.

მოცემულ შემთხვევაში, ი--- ბე-----იშვილის მიერ წარდგენილი პროექტი და თანდართული დოკუმენტაცია ქ. ბათუმის მერიის მიერ მხოლოდ 2017 წლის 27 ნოემბერს გადაეგზავნა აჭარის ა.რ. კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს, ანუ დაგვიანებით.

ასევე, დადგენილი ვადების დარღვევით იქნა წარმოებული ი--- ბე-----იშვილის განცხადების განხილვა აჭარის ა.რ. კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მიერ, რამდენადაც მხარეთა განმარტებით, გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით შეთანხმებაზე, ან უარის შესახებ, მიღებული არ ყოფილა და ისე დაუბრუნდა განცხადება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს, ხოლო არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ სადავო აქტის (ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილების) გამოცემის დროისთვისაც რაიმე სახის გადაწყვეტილება ი--- ბე-----იშვილის განცხადებაზე, მიღებული არ ყოფილა.

 

6.3. სასამართლო მიიჩნევს, მოსარჩელე ი--- ბე-----იშვილის მიერ განხორციელებული ეს მოქმედება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის №2-- მითითების მიღების შემდეგ მან დაიწყო ზრუნვა სამართალდარღვევის გამოსწორებისა და აღმოფხვრისათვის. კერძოდ, 2017 წლის 10 ნოემბერს წარუდგინა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიას შესათანხმებლად, საცხოვრებელი სახლის აივნის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმებულ პროექტში ცვლილების შესატანი დოკუმენტაცია, თუმცა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილების გამოცემამდე არ იქნა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით დადგენილ ვადებში განხილული სამშენებლო დოკუმენტაცია და არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, მოსარჩელის უმოქმედობით არ არის გამოწვეული. თუ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო კანონით განსაზღვრულ ვადებში განიხილავდა საკითხს და დადებითად გადაწყვეტდა, ანუ წარდგენილ პროექტს შეითანხმებდა, მოსარჩელეს ჩაეთვლებოდა სამართალდარღვევა გამოსწორებულად, მითითებით დადგენილ ვადაში.

სასამართლო მიიჩნევს, მას შემდეგ, რაც ზედამხედველობის სამსახურისათვის ცნობილი გახდა, რომ ი--- ბე-----იშვილმა 2017 წლის 10 ნოემბერს თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას შესათანხმებლად წარუდგინა საცხოვრებელი სახლის აივნის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმებულ პროექტში შესატანი ცვლილების დოკუმენტაცია, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეცა გონივრული ვადა ი--- ბე-----იშვილისათვის, რომ მიეღო შესაბამისი შედეგი, წარდგენილი ცვლილების შეთანხმების განცხადებაზე.

ზედამხედველობის სამსახური არ დაელოდა ი--- ბე-----იშვილის განცხადებაზე არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის გადაწყვეტილებას და 2018 წლის 30 იანვარს მიიღო №1-- დადგენილება, რომლითაც სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მიმდინარე აივნის რეკონსტრუქცია-მიშენების გამო, მოსარჩელე დაჯარიმდა 1 000 ლარით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით, ანუ მთლიანობაში ზედამხედველობის სამსახურს სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მისაღებად გააჩნია 4 თვის ვადა.

კანონის ეს რეგულაცია მოცემულ შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახურს აძლევდა შესაძლებლობას, რომ ი--- ბე-----იშვილისათვის გაეგრძელებინა სამართალდარღვევის გამოსწორების ის ვადა, რაც 2017 წლის 22 სექტემბრის №2-- მითითებით იყო დათქმული.

 

6.4. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი - „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ი--- ბე-----იშვილის დაჯარიმების და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტის) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილება და ი--- ბე-----იშვილის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, ქალაქ ბათუმის მერის 2018 წლის 19 მარტის №0---- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

6.5.ზემოთ მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად სასამართლო დაასკვნის, რომ ი--- ბე-----იშვილის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენებამდე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი გახდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები, რაც უდავოდ მიუთითებდა დარღვევის აღმოფხვრის შესაძლებლობაზე და რაც გამორიცხავდა მისთვის სამშენებლო სამართალდარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას.

მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ცნობილი გახდა, რომ ი--- ბე-----იშვილი ითხოვდა აივნის რეკონსტრუქციის შეთანხმებულ პროექტში ცვლილების შეტანას, ნაწარმოებ მშენებლობასთან შესაბამისობით, ხოლო კანონით განსაზღვრული ვადების დარღვევით, აჭარის ა.რ. კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს და მუნიციპალიტეტის არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სამსახურს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდათ, ხოლო „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ ამავე დადგენილებით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, არქიტექტურული პროექტი, კონსტრუქციული ან/და ტექ-ნოლოგიური სქემა ჩაითვლება შეთანხმებულად.

მიუხედავად ამისა, 2018 წლის 30 იანვარს ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა №1-- დადგენილება დამღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, მაშინ, როცა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-13-მე-14 პუნქტების მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა 2 თვის ვადა (შემოწმების აქტის შედგენიდან) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მისაღებად, რაც მერიამ სრულად არ გამოიყენა, ამასთან მოტივირებული საფუძვლით მას შეეძლო მითითებული ვადის გაგრძელებაც, კიდევ 2 თვით. საქმის მასალები უდავოდ ადასტურებს, რომ სახეზე იყო არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები, რაც წარმოადგენდა მოტივირებულ საფუძველს დამრღვევის მიმართ დადგენილების გამოცემის კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადის გამოსაყენებლად და ასეთ შესაძლებლობას კანონი ითვალისწინებდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელების აკრძალვას. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ”ლ” ქვეპუნქტით, დისკრეციული უფლებამოსილება განმარტებულია, როგორც უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. მითითებული ნორმა, როგორც ქცევის ზოგადი წესი, განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას განსაზღვრული ურთიერთობა მოაწესრიგოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი პირის სამართლებრივი მდგომარეობა არ შეიძლება გადაწყდეს მეორე პირის სამართლებრივი მდგომარეობისაგან განსხვავებულად იმ ვითარებაში, როდესაც მათ შორის არსებული განსხვავება ვერ ამართლებს დადგენილ უთანასწორობას. ერთი და იგივე ნორმა სხვადასხვა პირთან მიმართებაში სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული განსხვავება იძლევა ამ უთანასწორობის დასაბუთების შესაძლებლობას.

სასამართლოს მიიჩნევს, რომ მართალია შემოწმების აქტის მიღებიდან ორი თვის ვადაში ადმინისტრაციულ ორგანოს ნებისმიერ დროს ჰქონდა უფლება მიეღო დადგენილება, ასევე მის დისკრეციას წარმოადგენდა გააგრძელებდა თუ არა დადგენილების გამოცემის ვადას, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას. ადმინისტრაციული ორგანოს თავისუფალი მოქმედების სფერო შებოჭილია კანონით და მთავრდება იქ, სადაც იწყება კანონით დადგენილი შეზღუდვები.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ასეთ პოზიციას, მისი დისკრეციის, როგორც განუსაზღვრელი უფლების თაობაზე, პირის უფლება - დაიცვას თავი, ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედებებისგან - იძენს ფიქტიურ შინაარსს და გამოდის სასამართლო კონტროლის ფარგლებიდან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-7 პუნქტით, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება.

მოცემულ შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და ქ. ბათუმის მერიამ (საჩივრის განხილვისას) ისე გადაწყვიტეს ი--- ბე-----იშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, არ გამოუკვლევიათ და სამართლებრივად არ შეუფასებიათ ზემოთ მითითებული მნიშვნელოვანი გარემოება, რის შედეგად პირდაპირი ზიანი მიადგა ი--- ბე-----იშვილის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერსებს.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილება და ქ. ბათუმის ვიცე მერის 2018 წლის 29 მარტის №0---- ბრძანება საქართველოს კონსტიტუციის, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“, სამოქალაქო კოდექსის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული, რამაც გამოიწვია მოსარჩელე რევაზ შანიძის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.

ამის შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი, „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ი--- ბე-----იშვილის დაჯარიმების და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტის) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილება და ი--- ბე-----იშვილის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, ქალაქ ბათუმის მერის 2018 წლის 19 მარტის №0---- ბრძანება.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი, 100 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ი--- ბე-----იშვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს: ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 29 მარტის №0---- ბრძანება.

2. მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი, 100 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე