გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.01.2019
საქმის ნომერი
080210018002701738
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
25.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210018002701738

#2/3570-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25.01.2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი-სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე- ე---------–---ი;

წარმომადგენელი- ა---------–-------ა;

მოპასუხე- შპს გ--–--–---;

წარმომადგენელი-რ---------------–--–--ა;

დავის საგანი: ხელფასის ანაზღაურება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს გ--–--–---ს მოსარჩელე ე---------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების გადახდა: 2016 წლის ოქტომბრის თვის 300 ლარის, ნოემბრის თვის 953,7 ლარის, 2017 წლის თებერვლის თვის 943.8 ლარის, მარტის თვის 1584 ლარის, ივნისის თვის- 1399.2 ლარის, ივლისის თვის- 739.2 ლარის, აგვისტოს თვის 699.6 ლარის, ოქტომბრის თვის 818.4 ლარის, ნოემბრის თვის 778.8 ლარი.

 

2018 წლის იანვრის თვის 778.8 ლარის, მარტის თვის 1729.2 ლარის, მაისის თვის 1161.6 ლარის და ივნისის თვის 1069.2 ლარის გადახდა.

 

1.2. შპს გ--–--–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი ხელფასის 0.07%-ის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელემ განმარტა, რომ შპს გ--–--–---ს და ე---------–---ს შორის 2016 წელს დაიდო ზეპირი შრომითი ხელშეკრულება. ე---------–---ი ივლისი და აგვისტოს თვეში მუშაობდა გ-----------–-–---–ის, თ------------–-–---–ისა და დ---------–-–---–ის ფიტნეს კლუბში, ხოლო 16 სექტემბრიდან, შპს გ--–--–---დ რეგისტრაციის შემდეგ იგი ოფიციალურად გახდა შპს გ--–--–---ს ინსტრუქტორი, როცა ისევ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე იმავე პირობებით მას გაუკეთეს შეთავაზება იგივე პიროვნებებმა. მის მიერ დაკავებულ პოზიციას ეწოდებოდა „ფიტნეს ინსტრუქტორი/ტრენერი„, თუმცა ე---------–---ის ფუნქციებს შეადგენდა 1. კლიენტების მოზიდვა და მონიტორინგი, 2. აბონიმენტებისა და კლიენტების აღრიცხვა, 3. პიარი, 4. აბონიმენტის ფასების განსაზღვრა, 5. დარბაზში გოგონებისათვის საჭირო ინვენტარის სიის შედგენა და კონტროლი, 6. კლიენტის ვარჯიში, კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სარეაბილიტაციო ვარჯიშების პერსონალური კონტროლი.

 

2016 წლის ივლისისა და სექტემბრის შეთანხმების თანახმად, ე---------–---ი, თუ სამუშაოდ გადავიდოდა შპს გ--–--–---ში მიიღებდა აერობიკის თანხიდან შემოსული ოდენობის 33%-ს, რაც დამოკიდებული იყო გოგონების რაოდენობასა და აღებული აბონემენტის ფასზე. აერობიკის ვარჯიშები განკუთვნილი იყო მხოლოდ გოგონებისათვის და მისი ფასები შეადგენდა: 1. 60 ლარიანი აბონემენტი - 13 ვარჯიში, 2. 80 ლარიანი აბონემენტი - ულიმიტო. 3. 6 ლარიანი პაკეტი ერთჯერადი ვარჯიშისთვის.

 

თითოეული ამ აბონემენტიდან/პაკეტიდან შემოსული საერთო თანხის 33% იქნებოდა ე---------–---ის ხელფასი. ამავდროულად შეთანხმებისას დამსაქმებლის მხრიდან მოხდებოდა უვადო ხელშეკრულებაზე აპელირება, ვინაიდან მათ ე---------–---ს განუცხადეს, რომ აღნიშნული პირობები არ შეიცვლებოდა არასდროს. ამასთან ე---------–---თან არ მომხდარა რაიმე ვადის დაზუსტება ხელშეკრულებაზე, შესაბამისად დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის მოხდა შეთანხმება 2 ძირითად პირობაზე: 1. ხელფასი- აერობიკაზე შემოსული თანხის 33% და 2. ვადა- უვადო.

 

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შპს „გ--–--–---ს„ დღემდე არ აქვს მისთვის გადახდილი ხელფასი: 2016 წლის ოქტომბრის თვის 300 ლარი (გადახდილი აქვს 390 ლარი), ნოემბრის თვის 953,7 ლარი, 2017 წლის თებერვლის თვის 943.8 ლარი, მარტის თვის 1584 ლარი, ივნისის თვის- 1399.2 ლარი, ივლისის თვის- 739.2 ლარი, აგვისტო თვის 699.6 ლარი, ოქტომბრის თვის 818.4 ლარი, ნოემბრის თვის 778.8 ლარი. 2018 წლის იანვრის თვის 778.8 ლარი, მარტის თვის 1729.2 ლარი, მაისის თვის 1161.6 ლარი და ივნისის თვის 1069.2 ლარი.

 

მოსარჩელემ არაერთხელ სცადა ზეპირსიტყვიერად და წერილობითი ფორმით დამატებითი ვადის მიცემით აღნიშნული ხელფასის მიღება, თუმცა უშედეგოდ, საბოლოოდ 2018 წლის 04 ოქტომბერს ე---------–---ი გაათავისუფლეს დაკავებული პოზიციიდან, შეუმცირეს ხელფასის ოდენობა 33%-დან 20%-მდე, რასაც დასაქმებული არ დათანხმდა, ხოლო დამსაქმებელმა იგი გაათავისუფლა დაკავებული პოზიციიდან. (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, თუმცა ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით პროცენტის შესაბამისად გადახდაზე შეთანხმება არ ყოფილა. ე---------–---ი შპს გ--–--–---ში დასაქმებული იყო გარკვეული ვადით და აღნიშნული ვადის გასვლაც იყო ერთგვარად გათავისუფლების საფუძველი, ხოლო ახალი ვადით დანიშვნაზე ვერ მოხდა შეთანხმება ანაზღაურების ოდენობის გამო. მისი გათავისუფლება განხორციელდა კანონიერად. გაურკვეველია საიდან ანგარიშობს მოსარჩელე მხარე მიღებულ და მისაღებ თანხებს, არ მიუთითებს რამდენი უნდა მიეღო, რამდენი მიიღო და რამდენი დარჩა მისაღები ყოველთვიურად. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მოსარჩელე ე---------–---ი ხელფას იღებდა წინასწარ, შესაბამისად შპს გ--–--–---ს მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება არ გააჩნია. (იხ. შესაგებელი. სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ე---------–---ი 2016 წლის ივლისიდან ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო გ-----------–-–---–თან, დ---------–-–---–თან და თ------------–-–---–თან ფიტნეს კლუბში, ხოლო 2016 წლის 01 აგვისტოდან დასაქმებული იყო შპს „გ--–--–---„-ში აერობიკის ინსტრუქტორის პოზიციაზე, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შპს „გ--–--–---„-ს მიერ გაცემული ცნობა;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ეკა ე---------–---ის თანამდებობრივი სარგო შპს „გ--–--–---„-ში შეადგენდა 600 ლარს, ხელზე ასაღები თანხა შეადგენდა 480 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს გ--–--–---ს ბრძანება #2;

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.2.2. ე---------–---ის ბოლო სამი თვის ხელფასის ოდენობამ დანამატთად ერთად შეადგინა 2018 წლის სექტემბრის თვეში 900 ლარი (300 ლარი წარმოადგენს დანამატს), 2018 წლის აგვისტოს თვეში 650 ლარი (150 ლარი წარმოადგენს დანამატს), 2018 წლის ივლისის თვეში 800 ლარი (200 ლარი წარმოადგენს დანამატს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს გ--–--–---ს მიერ 04.10.2018წ გაცემული ცნობა;

-შპს გ--–--–---ს 10.07.2018წ #6, 20.08.2018წ #8 და 15.09.2018წ #9 ბრძანებები;

 

3.2.3. 2018 წლის 04 ოქტომბრიდან ე---------–---ი გათავისუფლდა შპს „გ--–--–---„-ს აერობიკის ინსტრუქტორის პოზიციიდან ვადის გასვლის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა განმარტება;

- შპს „გ--–--–---„-ს 2018 წლის 04 ოქტომბრის ბრძანება;

 

3.2.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს გ--–--–---ს ე---------–---ის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება 2016 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვის, 2017 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, ოქტომბრის, ნოემბრის თვის. 2018 წლის იანვრის თვის, მარტის თვის, მაისის თვის და ივნისის თვის სახელფასო დავალიანება.

 

სადავო არ არის ე---------–---ის მუშაობის პერიოდში დამსაქმებლისგან შრომის ანაზღაურება, იმ თვეების შესაბამისად, რომელზეც იგი არ დავობს, თუმცა მოსარჩელეს არ ახსოვს ამ თვეებში რა ოდენობის ხელფასს უხდიდა დამსაქმებელი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვის შრომის ანაზღაურებიდან მიღებული აქვს 390 ლარი. კონკრეტულ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს, ე---------–---ის ხელფასის ოდენობა და მისი ანაზღაურება მოთხოვნილი თვეების შესაბამისად.

 

სასამართლოს დადგენლად მიაჩნია, რომ მოპასუხე შპს „გ--–--–---„-მ მოსარჩელე ე---------–---ის მიერ, შესრულებული სამუშაოსათვის შრომის ანაზღაურების გადახდის ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა. მოპასუხეს ე---------–---ის მიმართ სახელფასო დავალიანების სახით გადასახდელი აქვს 2016 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვის, 2017 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, ოქტომბრის, ნოემბრის თვის. 2018 წლის იანვრის, მარტის, მაისის და ივნისის თვის შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად ხელზე ასაღები თანხის 480 ლარის, ჯამში 5850 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის მტკიცებით, ე---------–---ის შრომის ანაზღაურება შეადგენდა აერობიკის აბონემენტებიდან მიღებული თანხის 33%-ს, აღნიშნულის დასტურად მოსარჩელე მხარე მიუთითებს 2016-2018 წ ჟურნალის ასლზე. მოსარჩელის მტკიცებით ე---------–---ი გამოცხადებული გოგონების აღრიცხვას აწარმოებადა სააღრიცხვო რვეულით, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ შპს „გ--–--–---„-ს დირექტორი და სხვა მეწილეები. აღნიშნული ჟურნალით მოსარჩელე ადასტურებს აერობიკიდან მიღებული შემოსავლის ოდენობას, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს მტკიცებულების სახით მისი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით.

 

მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო თავისი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა, რომ მისი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად შეადგენდა აერობიკის აბონემენტიდან მიღებული შემოსავლის 33%-ს. მოსარჩელე მხარეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია. მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის სრულად რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მის შრომის ანაზრაურებას სადავოდ გამხდარ თვეებში ყოველთვიურად შეადგენდა აერობიკიდან შემოსული თანხის 33%.

 

დადგენლია, და მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულზე ხელფასის ანაზღაურება ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით (ხელფასისის ხელზე გადახდის პრინციპით), რაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოსარჩელე მხარემ. ასევე მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის აგვისტოს თვეში დამსაქმებელმა გასცა ცნობა, სადაც მისი შრომის ანაზღაურება განსაზღვრული იყო 480 ლარის ოდენობით, ხოლო საგადასახადო სამსახურში მისი ხელფასის ოდენობა აღნიშნული იყო 600 ლარის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ ე---------–---ი დასაქმებული იყო შპს გ--–--–---ში, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოპასუხე მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა, ხოლო დამსაქმებლის მიერ, მოთხოვნილი შრომის ანაზღაურების ფაქტი მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ე---------–---ის შრომის ანაზღაურება შეადგენდა 600 ლარს, ხელზე ასაღები თანხა 480 ლარს. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა შრომის ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ საფუძვლიანია და მას უფლება აქვს მოითხოვოს შესრულებული სამუშაოს შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად 480 ლარის ოდენობთ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია მტკიცების სტანდარტი. დადგენილია, მხარეთა შორის მოთხოვნის საფუძვლიანობის მტკიცების განაწილების წესი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

კანონმდებლის აღნიშნული მითითებები ემყარება მხარეთა თანასწორობის პრინციპს, რადგანაც შეჯიბრებითი სამოქალაქო საპროცესო სამართლის ფარგლებში სასამართლო მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში ადგენს ფაქტებს და ახდენს მათ სამართლებრივ შეფასებას. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით: მათი სარწმუნოობისა და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისმოხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას, ამასთან სასამართლო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით.

 

შრომითი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს.

 

შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (იხ. შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი) შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას. (სუსგ ას-138-138-2018, 17/04/2018).

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავებთან დაკავშირებით არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვლასაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის თანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (სუსგ ას-138-138-2018, 17/04/2018).

 

მოცემულ საქმეში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ შრომის ანაზღაურების შესახებ მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხეს, რაც მოპასუხემ ვერ შეძლო.

 

ამდენად სასამართლოს დადგენილიად მიაჩნია, რომ მოსარჩელე ე---------–---ს არ მიუღია შრომის ანაზღაურება 2016 წლის ოქტომბრის თვის, ნოემბრის თვის, 2017 წლის თებერვლის, მარტის თვის, ივნისის თვის, ივლისის თვის, აგვისტოს თვის, ოქტომბრის თვის, ნოემბრის თვის. 2018 წლის იანვრის თვის, მარტის თვის, მაისის თვის და ივნისის თვის სახელფასო დავალიანება ყოველთვიურად ხელზე ასაღები თანხის 480 ლარის შესაბამისად. შესაბამისად დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „გ--–--–---„, მოსარჩელე ე---------–---ისათვის სახელფასო დავალიანების გადახდის დაყოვნებით არღვევს მის შრომით უფლებებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ე---------–---ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს შრომის კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.3. საქართველოს კონსტიტუციის 26.1. მუხლის მიხედვით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით; საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით;

 

შრომის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. შრომა, სოციალური გარემო არის ადამიანის ყოფიერების უმთავრესი ელემენტი, ხოლო ანაზღაურება - ღირსეული არსებობის მთავარი პირობა.

 

6.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

სშკ-ის 6.1. მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო შრომითი ხელშეკრულება ზეპირი ფორმით. შრომითი ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ, შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევისას შეწყვიტონ შრომითი ხელშეკრულება.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის საფუძველზე, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება ან განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების

უზრუნველყოფისათვის.

 

ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 22-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

დამსაქმებლის კანონისმიერი ვალდებულებაა, რომ შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება. მოპასუხის ქმედება (სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებს – სამართალურთიერთობის სტაბილურობის, კეთილსინდისიერების და კანონიერების პრინციპებს. გარდა ამისა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით, აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.

 

6.4. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი - ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით სამართლებრივ დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალური“ წესი. ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დაადასტურა, რომ 2016 წლის აგვისტოს თვეში დამსაქმებელმა გასცა ცნობა, სადაც მისი შრომის ანაზღაურება განსაზღვრული იყო 480 ლარის ოდენობით, ხოლო საგადასახადო სამსახურში ხელფასის ოდენობა აღნიშნული იყო 600 ლარის ოდენობით. ამდენად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე ე---------–---ის შრომის ანაზრაურება შეადგენდა 600 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები თანხა შეადგენდა 480 ლარს.

 

მოპასუხე მხარემ შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა, ე---------–---ის მიმართ შრომითი ანაზღაურების ვალდებულების შესრულების ფაქტი. მოპასუხის არგუმენტი, რომ დამსაქმებლის მიერ ე---------–---ის მიმართ შრომის ანაზღაურების დავალიანება არ გააჩნია, შესაბამისად მოსარჩელისთვის გადახდილი აქვს ყველა თვის შრომის ანაზღუარება არ წარმოადგენს ვარაუდის საფუძველსაც კი, რომ ე---------–---ის მიმართ 2016 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, 2017 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, ოქტომბერის თვის და 2018 წლის იანვრის, მარტის, მაისის, და ივნისის თვის ხელფასი ანაზღაურებულია. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელე ე---------–---ი წინასწარ იღებდა ხელფასს, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია, დამსაქმებელი მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა და თავისი პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე მტკიცებულება.

 

საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა შპს „გ--–--–---„-ს მიერ ე---------–---ის ხელფასის ანაზღაურების შესახებ მტკიცებულება, აღნიშნული კი მოპასუხის მტკიცების ტვირთია. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადგენდა ხელფასის გაცემას, საქმეში არ მოიპოვება. საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თვეების შესაბამისად შრომის ანაზღაურების დამადასტიურებელი მტკიცებულება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2. მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე მხარეს მოსარჩელის ე---------–---ის მიმართ, მის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის, შრომის ანაზღაურების გადახდის ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია. სასამართლომ დაადგინა, რომ ე---------–---ის მიმართ მოპასუხეს გადასახდელი აქვს 5850 ლარი, ყოველთვიურად 600 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები 480 ლარის შესაბამისად) მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი თვეების ხელფასის ანაზღაურების შესაბამისად, გარდა 2016 წლის ოქტომბრის თვისა, ვინაიდან მოსარჩელემ დაადასტურა, რომ 2016 წლის ოქომბერში დამსაქმებელმა გადაუხადა 390 ლარი, შესაბამისად ოქტომბრის თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 90 ლარს. (480-390=90).

 

სსკ-ის 317.1. მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით, ერთი მხარე, დასაქმებული (მოსარჩელე) იღებს ვალდებულებას, შეასრულოს სამუშაო კვალიფიკაციის, თანამდებობისა და დაკისრებული მოვალეობის გათვალისწინებით, შრომის ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა თავისი ქმედებებით, უგულებელყო დასაქმებული პირის შრომითი უფლებები და ქონებრივი ინტერესები.

 

6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 31.1. მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამავე კოდექსის 31.3. მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

დადგინდა, რომ დამსაქმებელი აყოვნებს, ყოფილი დასაქმებული _ ე---------–---ისათის, შრომის ანაზღაურების სრულად გადახდას. მოსარჩელე შრომის ანაზღაურების გადახდის დაყოვნებისთვის ითხოვს, მოპასუხე შპს გ--–--–---ს დაეკისროს ე---------–---ის სასარგებლოდ, ზემოაღნიშნულ პერიოდში შრომის ანაზღაურების თანხის _ დაყოვნების ყოველი დღისათვის, 0,07 პროცენტის გადახდა;

 

დადგენილია, რომ ე---------–---ს არ მიუღია 3.2.4. პუნქტში მითითებული თვების შრომის ანაზრაურება, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელფასის დაყოვნებისათვის 1559,33 ლარის გადახდა, კერძოდ:

 

2016 წლის ოქტომბრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 44,35 ლარის ოდენობით.

2016 წლის ნოემბრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 226,47 ლარის ოდენობით;

2017 წლის თებერვლის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 194,88 ლარის ოდენობით;

2017 წლის მარტის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 184,48 ლარის ოდენობით;

2017 წლის ივნისის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 153,55 ლარის ოდენობით;

2017 წლის ივლისის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 143,13 ლარის ოდენობით;

2017 წლის აგვისტოს თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 133,05 ლარის ოდენობით;

2017 წლის ოქტომბრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 112,22 ლარის ოდენობით;

2017 წლის ნოემბრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 102,14 ლარის ოდენობით;

2018 წლის იანვრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 91,05 ლარის ოდენობით;

2018 წლის მარტის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 80,64 ლარის ოდენობით;

2018 წლის მაისის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 51,40 ლარის ოდენობით;

2018 წლის ივნისის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 41,32 ლარის ოდენობით;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება მოსარჩელის მიმართ და არ უხდიდა მას ხელფასს იმ პერიოდში, როცა მოსარჩელე მასთან იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების 0.07%-ის ოდენობით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: 1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი.

 

სასამართლო დაამტებით განმარტავს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ ეს უპირატესობა სათანადოდ ვერ გამოიყენა და ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელეს მოპასუხე შპს „გ--–--–---სგან„ სრულად აქვს მიღებული კუთვნილი შრომის ანაზღაურება. რაც შეეხება მოსარჩელე მხარეს, მან ვერ წარმოადგინა ის მტკიცებულებები, რომლითაც ხელს შეუწყობდა სარჩელის საფუძვლიანობის სრულად დადასტურებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მიხედვით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 222,28 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ე---------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

2. შპს „გ--–--–---„-ს - მოსარჩელე ე---------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს 5850 ლარის ოდენობით.

 

3. შპს „გ--–--–---„-ს - მოსარჩელე ე---------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს დაყოვნებული თანხის (შესაბამისი თვეების მიხედვით) დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07%-ის 1559,33 ლარის გადახდა.

 

4. ე---------–---ის სარჩელი მოთხოვნის სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

5. შპს გ--–--–---ს - სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 222,28 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე