გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №3/5631-18
27 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა აფციაური
სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური
მოსარჩელე - ნი---------ა
წარმომადგენლები - ოთ------–-----ძე, ნი-------–-–---–ი
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - თა----------ა
მესამე პირი - სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
წარმომადგენელი - ბე-------–---ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 08 აგვისტოს №M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ნი---------ას სახელზე 2006 წლის 26 სექტემბერს გაცემული S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა, 2018 წლის 27 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამდენად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენელი დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საქართველოს შსს აკადემიის 2003 წლის 26 ივლისის №-- ბრძანების შესაბამისად, ნი---------ა ჩაირიცხა საქართველოს შსს აკადემიაში სამართალმცოდნეობის სპეციალობის დაუსწრებელ სწავლებაზე. საქართველოს შსს აკადემიის 2004 წლის 24 ივნისის №-- ბრძანებით, ნი---------ა გადაყვანილ იქნა მე-2 კურსზე. საქართველოს შსს აკადემიის 2005 წლის 26 აპრილის №-- ბრძანებით ნი---------ა გადაყვანილი იქნა სამართალმცოდნეობის სპეციალობის დაუსწრებელი სწავლების მე-3 კურსზე, 2005 წლის 13 ოქტომბრის №--- ბრძანებით მე-4 კურსზე, ხოლო 2006 წლის 18 იანვრის №- ბრძანებით მე-5 კურსზე.
საქართველოს შსს აკადემიის 2006 წლის 22 მაისის №--- ბრძანების შესაბამისად, ნი---------ა დაშვებულ იქნა სახელმწიფო-საკვალიფიკაციო გამოცდაზე, 2006 წლის 12 ივნისის №-- ბრძანებით კი, როგორც სამართალმცოდნეობის სპეციალობის დაუსწრებელი სწავლების 2006 წლის მაისის თვის კურსდამთავრებულს, მიენიჭა სამართალმცოდნეობის დიპლომირებული სპეციალისტის ხარისხი და იურისტის კვალიფიკაცია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 11 ივლისის №M---------------- ცნობა (ს.ფ. 75).
4.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ 2006 წლის 26 სექტემბერს ნი---------ას სახელზე გაიცა S------------ დიპლომი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2006 წლის 26 სექტემბრის S------------ დიპლომი (ს.ფ. 22).
4.1.3. 2018 წლის 06 ივლისს ნი---------ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ გაცემული S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 08 აგვისტოს №M---------------- გადაწყვეტილებით ნი---------ას უარი ეთქვა მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 06 ივლისის განცხადება (ს.ფ. 60-61).
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 08 აგვისტოს №M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 23-27).
4.1.4. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის №--- ბრძანებულების მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და დამტკიცდა მისი წესდება. წესდების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს სპეციალურ საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულებას.
2005 წლის 10 მარტის ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ჩაითვალა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 მაისის №--- ბრძანებულებით ცვლილება შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის №--- ბრძანებულებაში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია გახდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის 20 ივლისის №---- ბრძანებით დამტკიცდა სსიპ საქართველოს შსს აკადემიის დებულება და მისი სტატუსი განისაზღვრა, როგორც სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო და საარქივო დაწესებულება.
საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 2004 წლის 13 სექტემბრის №--- ბრძანებით განხორციელდა შსს აკადემიის კურსანტთა და მსმენელთა სწავლების განსხვავებულ ფორმაზე გადასვლა (რეორგანიზაცია) და 2004 წლიდან სსიპ საქართველოს შსს აკადემიამ შეწყვიტა უმაღლეს საგანმანათლებლო სპეციალობებზე სტუდენტთა (კურსანტთა) მიღება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
– სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №M---------------- ცნობა (ს.ფ. 70-71);
– საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი პასუხი (ს.ფ. 89-104).
4.1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს 2018 წლის 03 სექტემბრის №M---------------- ცნობით დგინდება, რომ ნი---------ა (პირადი ნომერი - 0----------) არის საქართველოს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი (საქმისმწარმოებელი).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს 2018 წლის 03 სექტემბრის №M---------------- ცნობა (ს.ფ. 28).
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის №--- ბრძანებულება, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 08 აგვისტოს №M---------------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციის შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას - უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
ამდენად, ზემოხსენებული ნორმებით განმტკიცებულია განათლების მიღების უფლება და შესაბამისად, აღნიშნული უფლების დაცვის ვალდებულება სახელმწიფოთა მხრიდან. მოცემული დებულებები უთითებს პირის მიერ მიღებული განათლების, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების, რეალიზების და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
7.3. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“, რომელიც არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა
ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
ხსენებული ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი).
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.
ზემოაღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
7.4. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2006 წლის 12 ივნისის №-- ბრძანების თანახმად, ნი---------ას მიენიჭა სამართალმცოდნეობის დიპლომირებული სპეციალისტის ხარისხი, იურისტის კვალიფიკაცია და 2006 წლის 26 სექტემბერს გაიცა S------------ დიპლომი.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მოსარჩელის კვალიფიკაციის აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ნი---------ასთვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირს – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებას ავალდებულებდა სახელმწიფო ინსტიტუციურ აკრედიტაციას და მხოლოდ მათ მიერ გაცემულ დიპლომს ცნობდა სახელმწიფო, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას კი 2005-2006 სასწავლო წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის, აკრედიტაციის გავლის მოთხოვნით, არ მიუმართავს.
საქმეზე დადგენილია, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის №--- ბრძანებულების 2007 წლის 26 მაისამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და დამტკიცდა მისი წესდება. ხსენებული წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომში - აკადემია) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, უმაღლესი სპეციალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულება. მითითებულ ბრძანებაში 2007 წლის 26 მაისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდეგში – აკადემია) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ლიცენზია არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება.
„საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში 2006 წლის 17 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველა ის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ლიცენზირებას ექვემდებარება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, ჩაითვლება ლიცენზირებულად.
შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს შსს აკადემია იყო უმაღლესი სპეციალური საგანმანათლებლო - სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც
ხსენებული საკანონმდებლო დანაწესის საფუძველზე, ჩაითვალა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად. ამდენად, ის ფაქტი, რომ სსიპ საქართველოს შსს აკადემია მოქმედებდა, როგორც კანონის საფუძველზე ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადავო არ არის.
ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88–ე მუხლის 11 პუნქტზე, რომლის თანახმად ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად, და განმარტავს, რომ, ვინაიდან სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას 2005-2006 სასწავლო წლებში არ მიუმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის აკრედიტაციის გავლის მოთხოვნით, 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისიდან მის მიერ კვალიფიკაციის მინიჭების საფუძველზე (2006წ.) გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 2004 წლის 13 სექტემბრის №--- ბრძანებაზე, რომელიც ითვალისწინებდა შსს აკადემიის კურსანტთა და მსმენელთა სწავლების განსხვავებულ ფორმაზე გადასვლას (რეორგანიზაციას), 2004 წლიდან სსიპ საქართველოს შსს აკადემიამ შეწყვიტა უმაღლეს საგანმანათლებლო სპეციალობებზე სტუდენტთა (კურსანტთა) მიღება. ამდენად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას 2005-2006 სასწავლო წლებში არ მიუმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის აკრედიტაციის გავლის მოთხოვნით.
სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს 2005 წლის სასწავლო წლის დასაწყისში მოქმედ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88–ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლითაც „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალნენ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაციის დაწყებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისა, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ყველა ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამა ჩაითვალოს აკრედიტებულად.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დადასტურებულია რა გარემოება იმის შესახებ, რომ საქართველოს შსს აკადემიამ 2004 წლის სასწავლო წლიდან შეწყვიტა სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება და ახორციელებდა რეფორმას, რომლითაც საქართველოს შსს აკადემიას აღარ ექნებოდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და გარდაიქმნებოდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, საფუძველს მოკლებულია მოპასუხის მოსაზრება მასზედ, რომ შსს აკადემია ყველა შემთხვევაში ვალდებული იყო მიემართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის სახელმწიფო ინსტიტუციური აკრედიტაციის მოთხოვნით. მით უფრო, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაშიც, ამ დაწესებულების მიმდინარე და მომდევნო სასწავლო წლის საგანმანათლებლო პროგრამის აღიარებულად მიჩნევისათვის და შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ პირთა მიერ სწავლის დასრულებისთვის, საკმარისი იყო მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის მოსაპოვებლად სამინისტროსთვის მიმართვა.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შსს აკადემია 2005–2006 წლებში ხელმძღვანელობდა ზემოთ მითითებული კანონმდებლობის შესაბამისად, რაც აძლევდა მას ხსენებულ წლებში (2005–2006 სასწავლო წლებში) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას.
7.5. ამასთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით განმარტოს, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და მეორეს მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის აღიარებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლო მიიჩნევს, რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი კვალიფიკაციის აღიარებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.
7.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამავე კოდექსის კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 08 აგვისტოს №M---------------- გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას. ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე, იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ნი---------ას სასარგებლოდ S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით, შესაბამისად მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელე - ნი---------ას სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნი---------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 08 აგვისტოს №M---------------- გადაწყვეტილება ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.
3. დაევალოს მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნი---------ას სახელზე 2006 წლის 26 სექტემბერს გაცემული S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
4. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს ნი---------ას სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №-) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა აფციაური