გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2018
საქმის ნომერი
080210017001936518
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1271-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 დეკემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი ია დვალიშვილი

მოსარჩელე - სს „პ----------იტ ბა---“;

წარმომადგენელი - ლელა ღონღაძე;

მოპასუხეები - მალხაზ და-----ე, დათო და-----ე, გონერი და-----ე, ჰამლეტი აფ---------ძე, გოჩა ყუ-----–--ლი;

წარმომადგენელი - ერმილე ჭეიშვილი;

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს მალხაზ და-----ეს, დათო და-----ეს, გონერი და-----ეს სს „პ----------იტ ბა---ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების თანხის 28270.13 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 20 948.83 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, 7321.3 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი.

1.2. სს „პ----------იტ ბა---ს“ სასარგებლოდ საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს: ჰამლეტი აფ---------ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მის: ქუთაისი გ. მაისურაძის ქ. 11 ბ. 23; უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0------------------) და გოჩა ყუ-----–--ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მის: ქ. ქუთაისი, ლეონიძის ქ 2, ბინა 14, ს/კ 0------------------) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.

1.3. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნა შესრულებულად ჩაითვალოს მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით ამონაგები თანხის შესაბამისი ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების მალხაზი და-----ის, გონერი და-----ის და დათო და-----ის კუთვნილ სხვა ქონებებზე.

1.4. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

2.მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა დათო და-----ემ, გოჩა ყუ-----–--ლმა, გონერი და-----ემ, ჰამლეტი აფ---------ძემ და მალხაზ და-----ემ სარჩელი არ ცნეს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მათ სესხი საერთოდ არ აუღიათ და თანხაც არასწორად არის დაანგარიშებული.

3.ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2012 წლის 30 მაისს სს „პ----------იტ ბანკსა“ და მალხაზი და-----ეს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება NFW1.430, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს განუსაზღვრა საკრედიტო ლიმიტი 30 000 აშშ დოლარის ოდენობით, 360 თვის ვადით, წლიური სარგებელის, არაუმეტეს 36 % დარიცხვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გენერალური ხელშეკრულება NFW1.430 (ს.ფ 44-53)

3.1.2. NFW1.430 გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად :

1) 2012 წლის 30 მაისს გაფორმდა N670232014-0222 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს „პ----------იტ ბა---ს“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ჰამლეტ აფ---------ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მის : ქუთაისი გ. მაისურაძის ქ. 11 ბ. 23 ; უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0------------------)

2) 2012 წლის 30 მაისს გაფორმდა N670475371-021 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს „პ----------იტ ბა---“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა გოჩა ყუ-----–--ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მის: ქ.ქუთაისი, ლეონიძეს ქ. 2 ბინა 14; უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0------------------)

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გენერალური ხელშეკრულება NFW1.430 (ს.ფ 44-53)

- 670232014-0222 იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 23-28)

- 670475371-021 იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 33-38)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 2013 წლის 29 მაისს მსესხებელ მალხაზი და-----ეს და სს „პ----------იტ ბანკს“ შორის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაფორმდა N21.2372 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 24990 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა- 17.50%. NFW1.430 გენერალური ხელშეკრულების მე-5 და N21.2372 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების 3.4-ე მუხლების, ასევე კრედიტის დაფარვის გრაფიკის თანახმად, მსესხებლებს უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი და მასზე დარიცხული პროცენტი. NFW1.430 გენერალური ხელშეკრულების 9.1.1, 9.1.2 მუხლების და N21.2372 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების 1.8 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მხრიდან სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში იგი ვალდებული იყო გადაეხადა პირგასამტეხლო პირველი ათი დღის ვადაგადაცილების განმავლობაში, შესაბამისი ვადაგადაცილებული თანხის არაუმეტეს 2 %- ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი ვადაგადაცილებული თანხის არაუმეტეს 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N21.2372 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ 39-40);

- გენერალური ხელშეკრულება NFW1.430 (ს.ფ 44-53)

3.2.2. 2012 წლის 30 მაისს გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ N600028364-041 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გონერი და-----ემ სს „პ----------იტ ბა---ს“ წინაშე იკისრა სოლიდარული ვალდებულება, მსესხებლის მიერ NFW1.430 გენერალური და მისგან გამომდინარე შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით წარმოშობილი ვალდებულების შესრულებაზე.ასევე, 2012 წლის 30 მაისს გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ N600028328-041 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დათო და-----ემ სს „პ----------იტ ბა---ს“ წინაშე იკისრა სოლიდარული ვალდებულება, მსესხებელის მიერ NFW1.430 გენერალური და მისგან გამომდინარე შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით წარმოშობილი ვალდებულების შესრულებაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N600028364-041 სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 28-3129-32)

- N600028328-041 სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 54-57)

3.2.3. კრედიტორმა მოპასუხეებს გაუგზავნა გამაფრთხილებელი წერილები, ვინაიდან ისინი არ ასრულებდნენ ნაკისრ ვალდებულებას 2014 წლის 29 ივლისიდან, დავალიანებამ შეადგინა 28270.13 აშშ დოლარი, საიდანაც 20 948.83 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, 7321.3 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საფოსტო შეტყობინებები (იხ. სფ. 65-71 );

- დავალიანების ცნობა (იხ.ს.ფ 22)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''პ----------იტ ბა---ს“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე 418-ე, 463-ე, 464-ე, 465-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, მუხლებით;

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2012 წლის 30 მაისს სს „პ----------იტ ბანკსა“ და მალხაზი და-----ეს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება NFW1.430, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს განუსაზღვრა საკრედიტო ლიმიტი 30 000 აშშ დოლარის ოდენობით, 360 თვის ვადით, წლიური სარგებელის, არაუმეტეს 36 % დარიცხვით. 2013 წლის 29 მაისს იგივე მხარეებს შორის, გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაფორმდა N21.2372 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 24990 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა- 17.50%.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მითითებას, რომ მალხაზ და-----ეს შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხი 249900 აშშ დოლარი არ მიუღია, აღნიშნულზე სასამართლო განმარტავს, რომ შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება სს „პ----------იტ ბანკსა“ და ი/მ მალხაზ და-----ეს შორის გაფორმდა მიმდინარე სესხის ხელშეკრულების რესტრუქტურიზაციის (გადაფარვის) მიზნით. რესტრუქტურიზაცია ბა---ს მომხმარებლის სესხის მომსახურების (მომსახურება გულისხმობს ვალის როგორც ძირი თანხის ასევე პროცენტის დაფარვასაც) პირობების ცვლილებას, რომელიც მისი ისეთი სახით გარდაქმნისკენ არის მიმართული, რომ მომხმარებელმა ვალის მომსახურება მარტივად შეძლოს. რესტრუქტურიზაციის ყველაზე გავრცელებული ფორმა, კლიენტის ყველა ვალდებულების გაერთიანება და მისი უფრო მეტ ვადაში გადანაწილებაა. თუმცა რესტრუქტურიზაცია არსებული სესხის მომსახურების პირობების ნებისმიერ სახეცვლილებას შეიძლება დაერქვას.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''პ----------იტ ბა---'' უფლებამოსილია მოპასუხისაგან მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადასახდელად დარჩენილი დავალიანების თანხა - 28 270.13 აშშ დოლარის ოდენობით.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ამავე კოდექსის 465-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

ამავე კოდექსის 895–ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ამავე კოდექსის 896–ე მუხლით, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

მოცემულ შემთხვევაში 2012 წლის 30 მაისს სს „პ----------იტ ბანკსა“ და გონერი და-----ეს, აგრეთვე სს „პ----------იტ ბანკსა“ და დათო და-----ეს შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები, რომლის 2.1 პუნქტის თანახმად, სოლიდარული მოვალე იღებდა ვალდებულებას მსესხებლის მიერ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით წარმოშობილი სრული ვალდებულება შეესრულებინა ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ დროში და პირობებით.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მათი დავალიანება შეადგენს 28 270.13 აშშ დოლარს, საიდანაც 20 948.83 აშშ დოლარი ძირითადი თანხაა, 7 321.3 აშშ დოლარი კი საპროცენტო სარგებელი, შესაბამისად, აღნიშნული თანხის გადახდა მსესხებელთან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ თავდებ პირებს გონერი და-----ეს და დათო და-----ეს.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

დადგენილია, რომ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს „პ----------იტ ბანკსა“ და ჰამლეტი აფ---------ძეს შორის 2012 წლის 30 მაისს გაფორმდა იპოთეკის ხელშრკრულება რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ჰამლეტ აფ---------ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მის : ქუთაისი გ. მაისურაძის ქ. 11 ბ. 23 ; უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0------------------, აგრეთვე 2012 წლის 30 მაისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება სს „პ----------იტ ბანკსა“ და გოჩა ყუ-----–--ლს შორის, რომლის საფუძველზეც სს „პ----------იტ ბა---“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა გოჩა ყუ-----–--ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მის: ქ.ქუთაისი, ლეონიძეს ქ. 2 ბინა 14; უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0------------------.

 

ვინაიდან მოპასუხეებმა არ შეასრულეს ის ვალდებულებები, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენდა იპოთეკა, კრედიტორს აქვს უფლებამოსილება მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების იძულებით რეალიზაციის გზით. ასევე დასაბუთებულია სს „პ----------იტ ბა---ს“ სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხის საკუთრებაში რიცხული სხვა ქონების რეალიზაციის თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით ვერ დაიფარება დავალიანება, რადგან ეს პირობა გათვალისწინებულია გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 7.5. პუნქტით.

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. დადგენილია, რომ 2012 წლის 30 მაისის გენერალური ხელშეკრულების 13-ე მუხლის 13.1 -ე პუნქტი, იპოთეკის ხელშეკრულებების 7.1 პუნქტის და სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებების 7.1 პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ დავის შემთხვევაში სსამართლო გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

7. საპროცესო ხარჯები

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვიანიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხის 2 055,97 ლარის გადახდა.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „პ----------იტ ბა---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

1.1. მოპასუხეებს - ი/მ მალხაზ და-----ეს, დათო და-----ეს და გონერი და-----ეს სს „პ----------იტ ბა---ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 28 270.13 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელდეს ჰამლეტი აფ---------ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მის: ქუთაისი გ. მაისურაძის ქ. 11 ბ. 23; უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0------------------) და გოჩა ყუ-----–--ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მის: ქ. ქუთაისი, ლეონიძის ქ 2, ბინა 14, ს/კ 0------------------) იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

1.3. იმ შემთხვევაში, თუკი იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით ვერ დაიფარება მოსარჩელის დავალიანება, აღსრულება მიქცეული იქნას მოპასუხეების მალხაზ და-----ის, გონერი და-----ის და დათო და-----ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე;

2. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყონებლივ აღსასრულებლად;

 

3. მოპასუხეებს - ი/მ მალხაზ და-----ეს, დათო და-----ეს და გონერი და-----ეს სს „პ----------იტ ბა---ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხის 2 055,97 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე