გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.10.2018
საქმის ნომერი
330310018002404185
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
28.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/2360-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი

სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი

მოსარჩელე: გ----–-–--------------------- (G------------------, ეროვნული პასპორტის N--------- - ა------------------------–---);

წარმომადგენელი: ლ-----------------–---–-;

მოპასუხე: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

წარმომადგენელი: რ------------–----;

მოპასუხე: სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი: ნ----------–---–----–-–-----–-------;

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 03 დეკემებრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია N--–------;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 03 დეკემბრის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი დოკუმენტის N-----------;

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 05.01.2018 წლის ბრძანება N---;

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.03.2018 წლის გადაწყვეტილება საჩივარზე N-----------.

 

სარჩელში აღინიშნა, რომ 2017 წლის 03 დეკემბერს დაახლოებით 13:00 საათზე აზერბაიჯანის მხრიდან ს.გ.პ. „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე შემოვიდა აზერბაიჯანის მოქალაქე გ----–-–--------------------- პასპორტის N---------, მეუღლის ვ--- მ-----------ის მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის" მარკის ავტომანქანით, რა დროსაც მანქანასთან წარსდგა მებაჟე-ოფიცერი, რომელიც მხოლოდ ქართულ ენაზე საუბრობდა და მოითხოვა პასპორტების და ნივთების წარდგენა. მოსარჩელემ ანიშნა, რომ მას არ ესმოდა ქართული ენა და საჭიროებდა თარჯიმანს. მებაჟემ არ გაითვალისწინა შექმნილი ვითარება და მოსთხოვა გადმოსულიყო ავტომანქანიდან. ვითარების გარკვევის მიზნით, მან წარუდგინა პასპორტი და აზერბაიჯანულ ენაზე დაუწყო ახსნა, რომ ისინი მიდიოდნენ შვილის საცოლეს დასანიშნად, რასაც ადასტურებდა მანქანაში არსებული ნივთები: საპატარძლო ხონჩა, საჩუქრები, სხვადასხვა ნამცხვრები და ტკბილეულობა, აგრეთვე ოქროს სამეული და ოქროს 2 ცალი ბეჭედი, რაც წარუდგინა მებაჟეს იმ გაგებით, რომ ეს ოქროული უნდა დაეტოვებინა პატარძლისათის, ხოლო რაც შეეხება ხელჩანთაში არსებულ ოქროს ნივთებს, მათი არსებობა არც გახსენებია, უფრო სწორად მებაჟე ოფიცრის უხეში, არაკორექტული, ძალადობრივი ქცევის გამო გ----–-–---------------------ს გულიც კი შეუწუხდა და სასწრაფოს გამოძახება გახდა სააჭირო. ჩამორთმეული ნივთები არის მისი საკუთრება, რომელსაც პირადად ხმარობს წლების მანძილზე. მგზავრობისას არ გაიკეთა, ჩანთით წამოიღო, ნიშნობის საღამოსთვის. თუკი მებაჟე მას მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნიდა თუ რა მოთხოვნა ჰქონდა მასთან ის უსათუოდ აჩვენებდა ყველა მის კუთვნილ ნივთს და დაადეკლარირებდა კიდეც. საბაჟო დეპარტამენტი აპელირებს, რომ გ----–-–--------------------- სისტემატიურად გადაადგილდებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, რასაც ეთანხმება, ვინაიდან ჰყავს ასაკოვანი დედა ხ----------------- საქართელოში და ხშირად ჩამოდის მის მოსანახულებლად. მას არასოდეს წარმოშობია პრობლემა საბაჟო გამსვლელ პუნქტზე, არასოდეს მიუღია რაიმე შენიშვნა, გაფრთხილებაც კი. ჩვეულებრივ სიტუაციაში ის მხოლოდ საქორწინო ბეჭედს ატარებდა. 2018 წლის 30 იანვარს საჩივარი შეიტანეს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რაზედაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის არ დაკმაყოფილებაზე. კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად იძულებული შეიქმნა მიმართოს სასამართლოს.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

 

2.2. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო. განმარტა, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო, იურიდიულად დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2017 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ უფლებამოსილმა პირმა შეადგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N--------, გ----–-–---------------------ს მიმართ

 

ოქმში აღინიშნა, შედგენის თარიღი და დრო: 03.12.2017; ოქმის შედგენის ადგილი: 69002 საბაჟო გამშვები პუნქტი წითელი ხიდი; ოქმის შემდგენი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა: ... მთავარი მებაჟე - ოფიცერი. საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი: ა/წ 3 დეკემბერს ს.გ.პ. ,,წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე აზრბაიჯანის მხრიდან შემოვიდა აზერბაიჯანის მოქალაქე G------------------- - პ----------------- აღნიშნული პიროვნება შეჩერებულ იქნა ეჭვის საფუძველზე, ინტერვიურებისას მან დაადეკლარირა 1 ოქროს სამეული და 2 ოქროს ბეჭედი, თუმცა მისი ხელბარგის დათვალიერების დროს აღმოჩნდა არადეკლარირებული ოქროს 1 ცალი ბეჭედი, 1 ცალი ყელსაბამი, 1 წყვილი საყურე და 1 ცალი სამაჯური, საერთო წონით 43,36 გრამი. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ ექსპერტის დასკვნა N------------ის მიხედვით შეადგინა 5756,97 ლარი, რის გამოც სსკ-ის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით აღნიშნულ პიროვნებას სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5756,97 ლარის ოდენობით. სამართალდამრღვევი პირი: აზერბაიჯანის რესპუბლიკა - G------------------- საბ. სერია P---------; შეფარდებული სანქცია: მუხლი 289 ნაწ 10, ჯარიმა 5756.97 ლარი (სახაზ. კოდი 101001000). ოქმი ხელმოწერილია. განიმარტა გასაჩივრების წესი და ვადა.

 

3.2. საქეში წარმოდგენილია 2017 წლის 03 დეკემბრის შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის" ექსპერტის დასკვნა N----------- - საქონლის რაოდენობის, საქობლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ, სადაც მითითებულია: ტვირთის მფლობელი: G------------------- პ/ნ P-------. ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები: საქონლის რაოდენობა, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა. ექსპერტიზის ჩატარების ადგილი: სგპ ,,წითელი ხიდი". განმარტება ექსპერტის შედეგებზე - წარმოდგენილი საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება შეადგენს 21125 აშშ დოლარს (5756.97 ექვივალენტი ლარში).

 

3.3. 2017 წლის 03 დეკემბრის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმის თანახმად, გ----–-–---------------------ს ჩამოერთვა ოქროს ნაკეთობები, ოთხეული 43.36 გრამი. საქონელი შესაბამისად გადეცა სგპ ,,წითელი ხიდის". საქონელი ჩამორთმეულია სანქციის უზრუნველყოფის მიზნით. ლუქის N-------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 03.12.2017 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N--------- (იხ.ს.ფ. 77-76);

-03.12.2017 წლის ექსპერტის დასკვნა N----------- (იხ. ს.ფ. 78);

- საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი (იხ. ს.ფ. 79);

- CD ჩანაწერი (ვიდეომასალა) (იხ. ს.ფ. 83).

 

3.4. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 05 იანვრის N--- ბრძანების (,,აზერბაიჯანის მოქალაქე G-------------------ს (პას. NP-------) 2017 წლის 08 დეკემბრის საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე") თანახმად, ზერბაიჯანის მოქალაქე G-------------------ს (პას. NP-------) 2017 წლის 08 დეკემბრის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

საჩივრის მოთხოვნა: 03.12.2017 წლის N-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება და ჩამორთმეული საქონლის დაბრუნება.

 

ბრძანებაში აღინიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2017 წლის 28 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი N124) განიხილა აზერბაიჯანის მოქალაქე G--------------------ს 2017 წლის 8 დეკემბრის საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 20 დეკემბრის N------------ წერილით წარმოდგენილი დასკვნითა და მასალებით იკვროდა, რომ 2017 წლის 03 დეკემბერს „წითელი ხიდის“ საბაჟო კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა ამავე ქვეყნის მოქალაქე G-------------------. პიროვნებამ ინტერვიურებისას დაადეკლარირა 1 ოქროს სამეული და 2 ცალი ოქროს ბეჭედი, თუმცა მისი ხელბარგის დათვალიერების დროს აღმოჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, კერძოდ: 1 ცალი ბეჭედი, 1 ცალი ყელსაბამი, 1 ცალი სამაჯური და 1 წყვილი საყურე, საერთო წონით 43,36 გრამი. სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 199-ე, 269-ე, 270-ე და 289-ე მუხლები.

 

3.5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით (საჩივარი N-----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანი: გ----–-–---------------------; მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.

დავის საგანი: საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: 1) შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 იანვრის N--- ბრძანება; 2) საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 03 დეკემბრის N----- ბრძანება;

დარიცხული თანხა: 5756.97 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის — გვერდის ავლით ან მისგან მალულად-იწვევს ვალდებული პირის (ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა) დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია „30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის | 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის“. - „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 ლის 26 ივლისის No290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ თუ ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე უხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავი რაოდენობასა და ღირებულებას, ფიზიკურ პირს წარმოეშობა დეკლარირების ვალდებულება.

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, საქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების დახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 ის 31 დეკემბრის No994 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მიხედვით: 1. მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგების შესახებ (გარდა ამ წესის 22-ე მუხლის მე უნქტისა და 236 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურისა) დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ მიმდინარე კონტროლის პროცედურების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი და გადასახადის გადამხდელი/მისი წარმომადგენელი, აგრეთვე პროცედურებში მონაწილე სხვა პირი, რომლებსაც უფლება აქვთ ოქმმის შენიშვნის გრაფაში დააფიქსირონ გამოვლენილი განსაკუთრებული ფაქტები და გარემოებები.

დადგენილია, რომ ,აზერბაიჯანის მოქალაქე G-------------------ს ინტერვიურებისას დაადეკლარირა 1 ოქროს სამეული და 2 ცალი ოქროს ბეჭედი, თუმცა მისი ხელბარგის დათვალიერების დროს აღმოჩნდა 43,36 გრამი, 5 756,97 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები. აღნიშნულზე მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ნაკეთობები განკუთვნილი იყო შვილის ნიშნობისთვის. არ ფლობს ქართულ და რუსულ ენებს, ასევე, არ იცნობს სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია პროცედურული მოთხოვნების დარღვევით.

მომჩივნის არგუმენტაცია ვერ გახდება მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი, ხოლო მის მიერ მითითებული პროცედურული დარღვევები არ არის მხედველობაში მისაღები, ვინაიდან, როგ,ორც სადავო სამართალდარღვევის, ისე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი შედგენილი და ხელმოწერილია უფლებამოსილი პირების მიერ. ამასთან მომჩივნის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია სადავო ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერითაც.

ამგვარად, ვინაიდან მომჩივანი საბაჟო საზღვარზე გადაადგილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დაუბეგრავ ღირებულებაზე მეტი ოდენობის საქონელს, მას წარმოეშვა კუთვნილი საქონლის დეკლარირების ვალდებულება, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა.

აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივნის მიმართ გამოყენებული სანქცია მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 იანვრის N--- ბრძანება (იხ.ს.ფ 19-20);

-საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 22-26).

 

სამოტივაციო ნაწილი ;

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე გ----–-–---------------------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანება ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

ამ კოდექსის 22.1. მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1.,,დ“ მუხლით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

6.4. სასამართლოს მოსაზრებით, სადავოდ გამხდარი - სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 03.12.2017 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (სერია N--–-----), 03.12.2017 წლის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი N-----------, სსიპ შემოსავლების სამსახურის 05.01.2018 წლის ბრძანება N--- და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.03.2018 წლის გადაწყვეტილება - წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1.,,დ“ მუხლით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს, რომელთა შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან უნდა შეფასდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დავის საგნის ფარგლებში.

 

6.5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამ კოდექსის 49.1. მუხლით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: ა) შეამოწმონ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტები, საბუღალტრო წიგნი, ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ფინანსური სახსრები,ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობანი, გაანგარიშებები, დეკლარაციები, გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის სხვა დოკუმენტები; ვ) გამოიყენონ სანქცია იმ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელმაც დაარღვია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა; თ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე სამართალდამრღვევთა მიმართ შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები და მიიღონ დადგენილებები ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების შესახებ;

 

ამ კოდექსის 51.1. ,,ი" მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: კ) გამოავლინონ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას, და აღკვეთონ საგადასახადო სამართალდარღვევები, აწარმოონ საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიყენონ პასუხისმგებლობის ზომები ამ კოდექსით დადგენილი წესით;

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199.,,დ" მუხლით დადგენილია ფიზიკური პირის იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების შემთხვევები. ამავე ნორმის ,,დ.ბ"

ქვეპუნქტით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია „30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის | 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის“.

 

6.6. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 ლის 26 ივლისის No290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 21.7.,,ბ" მუხლით, თუ ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე უხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავი რაოდენობასა და ღირებულებას, ფიზიკურ პირს წარმოეშობა დეკლარირების ვალდებულება.

ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში ჩამორთმეული საქონლის ღირებულებიდან (21125 აშშ დოლარი - 5756.97 ექვივალენტი ლარში) გამომდინარე მოსარჩელეს, როგორც ფიზიკურ პირს, რომელიც კანონიერად კვეთდა საქართველოს საბაჟო საზღვარს, წარმოეშვა საქონლის (საიუველირო ნაკეთობების) დეკლარირების ვალდებულება.

 

6.7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, ამ კარში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: გ) დეკლარანტი – პირი, რომელიც საქონლის დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება დეკლარირება ამ კარით დადგენილი წესით; ვ) მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც კანონიერად კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს; ზ) პირადი ნივთი – მგზავრის პირადი გამოყენებისა და მოხმარებისათვის განკუთვნილი საგანი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას გადაიზიდება ბარგით ან/და ხელბარგით; თ) საბაჟო გამშვები პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურები; კ) საბაჟო დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას; მ) საქონლის მფლობელი – პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ ოპერაციებში არის საქონლის მესაკუთრე, ან რომელსაც აქვს საქონლის განკარგვის მსგავსი უფლება, ან რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშაც არის საქონელი; ჟ) საქონლის დეკლარირება – ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას; ტ) საბაჟო კონტროლი – შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა; ფ) ხელბარგი – მგზავრის მიერ პირადად გადასატანი საგანი. ფ) ხელბარგი – მგზავრის მიერ პირადად გადასატანი საგანი. ქ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – შემოსავლების სამსახურის სპეციალურად შექმნილი საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც ხორციელდება საქონლის გაფორმება;

 

ამ კოდექსის 215.1. მუხლით, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე, ხოლო მე-3 ნაწილით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან შემოტანილი საქონლის წარდგენისას ხორციელდება ზოგადი დეკლარირება.

ამავე მუხლის მე-10 ნაწილით, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269.1. მუხლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ამავე ნორმის მე-7 ნაწილით, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

 

ამავე კოდექსის 271.1. მუხლით, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს შესაბამისი საგადასახადო ორგანო საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

ამავე ნორმის 11 ნაწილის მიხდვით, ამ კოდექსის 289-ე მუხლის პირველი−მე-3, მე-10−მე-19, 25-ე და 26-ე ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევებში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ, განიხილავენ და გადაწყვეტილებებს იღებენ ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართალდარღვევა საგადასახადო შემოწმების აქტშია დაფიქსირებული.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.10 მუხლის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის (ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა) დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

 

6.8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქცია".

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანების - ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" - 1.1. მუხლის თანახმად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, სასაზღვრო კონტროლის ზონები – საბაჟო გამშვები პუნქტია: „წითელი ხიდი“, ხოლო მე-4 ნაწილით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.

 

,,ინსტრუქციის" 21.1. მუხლის შესაბამისად, საქონლის დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით, ხოლო მე-3 ,,დ" ნაწილით, საბაჟო დეკლარაციის სახეებია: დ) ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია; ე) ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია.

 

,,ინსტრუქციის" XI თავით განისაზღვრა ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციისა და ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის ფორმა და შევსების წესი (მუხლები 49-50; დანართები: №XI–01; №XI–02; №XI–03).

 

,ინსტრუქციის" 49.1. მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია (დანართი №XI–01) ივსება საბაჟო გამშვებ პუნქტში, დეკლარაციის მე-3 ნაწილში მითითებული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე ბარგით ან/და ხელბარგით გადაადგილებისას, ფიზიკური პირის მიერ ან საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლის მიერ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფიზიკური პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია ივსება ფიზიკური პირის სურვილისამებრ – ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე. გაურკვევლად შევსებული დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს მიერ არ მიიღება, ხოლო მე-3 ნაწილით, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია ივსება: ა) წერილობით – ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საგადასახადო ორგანოს, ხოლო მეორე უბრუნდება ფიზიკურ პირს, ან ბ) ელექტრონულად, რომლის ამობეჭდილი ეგზემპლარი გადაეცემა ფიზიკურ პირს. ამასთან, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ყველა გრაფის დადგენილი წესით შევსების შემთხვევაში, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს მეშვეობით დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება ნომერი, რაც ნიშნავს დეკლარირების დასრულებას.

 

,,ინსტრუქციის" №XI–01 დანართის ( ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია) თანახმად, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში მიეთითება: I. გადაადგილების მიზანი; II. ინფორმაცია პირის შესახებ: III. ინფორმაცია საქონლის შესახებ.

,,ინსტრუქციის" დანართი №XI–01 III ნაწილის პირველი პუნქტის ,,ი “ქვეპუნქტის მიხედვით: ფიზიკური პირი, რომელიც კანონიერად კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს, ვალდებულია მიუთითოს: ,,თან მაქვს ან ბარგით/ხელბარგით გადავაადგილებ შემდეგ საქონელს ი) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონელი დიახ არა" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის შევსების წესის (დანართი №XI–01)-ის შენიშვნის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ: თუ დანართის მე-3 ნაწილის “ი“ ქვეპუნქტში დეკლარანტი აირჩევს დადებით პასუხს, (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს) მან უნდა შეავსოს „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა“, გარდა ამ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევისა.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანების - ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" - №XI–02 დანართით (დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა) დადგენილია დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონლის ნუსხა (საქონლის დასახელების, რაოდენობის, ზომის ერთეული სეს, ესნ-ის მიხედვით. ). ამასთან, №XI–03 დანართით (ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია) განისაზღვრა ფიზიკურ პირის ვალდებულება დაკლარაციაში მიუთითოს მის მიერ შემოტანილი დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელის საერთო რაოდენობა, მათ შორის - საიუველირო ნაკეთობები.

 

6.9. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 03.12.2017 წელს ს.გ.პ. ,,წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე აზრბაიჯანის მხრიდან შევიდა აზერბაიჯანის მოქალაქე G------------------- , რომელიც შეჩერებულ იქნა ეჭვის საფუძველზე, ინტერვიურებისას მან დაადეკლარირა 1 ოქროს სამეული და 2 ოქროს ბეჭედი. ამასთან, მისი ხელბარგის დათვალიერების დროს აღმოჩნდა არადეკლარირებული ოქროს 1 ცალი ბეჭედი, 1 ცალი ყელსაბამი, 1 წყვილი საყურე და 1 ცალი სამაჯური, საერთო წონით 43,36 გრამი, რაზედაც 03.12.2017 წელს უფლებამოსილმა პირმა შედგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N--–------. შეფარდებული სანქცია: მუხლი 289 ნაწ 10, ჯარიმა 5756.97 ლარი ექსპერტის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება შეადგენს 21125 აშშ დოლარს (5756.97 ექვივალენტი ლარში). 03.12.2017 წელს შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი, რომლის თანახმადაც მოსარჩელე გ----–-–---------------------ს ჩამოერთვა ოქროს ნაკეთობები, ოთხეული 43.36 გრამი. საქონელი ჩამორთმეულ იქნა სანქციის უზრუნველყოფის მიზნით. ლუქის N-------. 03.12.2017 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (N--–------) მოსარჩელემ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლები სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 05.01.2018 წლის N--- ბრძანებით აზერბაიჯანის მოქალაქე G-------------------ს (პას. NP-------) 2017 წლის 08 დეკემბრის საჩივრის არ დაკმაყოფილდა, რაც უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით (საჩივარი N-----------).

 

6.10. სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას მასზედ, რომ მას ხელჩანთაში არსებულ მისი კუთვნილი პირადი ნივთების ოქროს ნივთების (საიუველირო ნაკეთობები) არსებობა არ გახსენებია, რის გამოც არ მოახდინა მათი დეკლარირება.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ საქმის მასალებით დადგენილია და განსახილველ შემთხვევაში მხარეებიც სადავოდ არ ხდიან რომ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი (საიუველირო ნაკეთობები) იმყოფებოდა მოსარჩელე გ----–-–---------------------ს მფლობელობაში (ხელჩანთაში), ამასთან, მოსარჩელეს დედა ცხოვრობს საქართველოში, ქ. ბოლნისში და მოსარჩელეს ხშირად უწევს საქართველოში ჩამოსვლა. (რასაც არც მოსარჩელე უარყოფს). შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „ჟ“ პუნქტის, ამავე კოდექსის 215-ე მუხლის პირველი და მე-10 პუნქტების, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანების - ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" XI თავით განსაზღვრული ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის შევსების წესის იმპერატიული დანაწესის საფუძველზე, მოსარჩელე გ----–-–--------------------- ვალდებული გახლდათ, მოეხდინა მის მფლობელობაში არსებული საქონლის (საიუველირო ნაკეთობები) წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება.

 

6.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სასამართლო სხდომასა და სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში გამოთქმულ მოსაზრებებს დავის საგანთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

სასამართლოს მოსაზრებით, სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციუ-სამართლებრივი აქტები, არ ეწინააღმდეგება, ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების და არის კანონშესაბამისი. შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებროვი საფუძვლები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე გ----–-–---------------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.2. მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.

 

ამ კოდექსის 55.2. მუხლით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გ----–-–---------------------ს მიერ, წინამდებარე საქმეზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 174 (ა სამოცდათოთმეტი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 22-ე; 261.3.; 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე გ----–-–---------------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივaნი მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;

3. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი