განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1------18
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - ა----–----–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ----------------------------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 19---–-–----- დ---------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ვ-–----–----–-----------------–----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------------------–------------–ი.
ადვოკატი - ლ-–----------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 14 ივნისს, დღის პირველ ნახევარში, ქ.თბილისში, ა-–-------------------ი #3„ა“-ში მდებარე შპს „ო---------–---ი +“-ის ლომბარდში, გ--------------–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა აღნიშნული ლომბარდის დირექტორის - მ-----–------–--ის კუთვნილ ფულად თანხას 1 450 (ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა გ--------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ გ--------------–---–ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მ-----–------–--ის, ე-–-------------ის და ლ-–-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, შპს „ო---------–---ი +“-დან გ--------------–---–ის პირადობის მოწმობის, სალომბარდე ხელშეკრულებისა და სესხის დაფარვის დამადასტურებელი სალაროს შემოსავლის ორდერის ამოღების ოქმს, შპს „მისო გირო კრედიტიდან“ 20---–-–-------------------------ს სესხის ხელშეკრულებებს, მინდობილობისა და სესხის დაფარვის დამადასტურებელი სალაროს შემოსავლის ორდერის, „გირო კრედიტიდან“ თანხის გატანის დამადასტურებელი სალაროს გასავლის ორდერის ამოღების ოქმს, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულ დოკუმენტებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ გ--------------–---–ის მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაული, კერძოდ: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ადგენს, რომ გ--------------–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა შპს „ო---------–---ი +“-ის ლომბარდის დირექტორის - მ-----–------–--ის კუთვნილ ფულად თანხას 1450 (ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. გ--------------–---–ის დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულ მ-----–------–--ეს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
3.2. იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას. მოცემული დანაშაულის სპეციფიკურ გამოხატულებას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ გარეგნულად ქონების თუ ქონებრივი უფლების გადაცემა დამნაშავისათვის ხორციელდება ნებაყოფლობით, თავად დაზარალებულის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი ან გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.
3.3. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს.
3.4. სასამართლო განმარტავს, რომ: დანაშაულებრივ ქმედებაში თაღლითობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი მოტყუებით დაუფლებაც მოახერხა ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ მ-----–------–--ისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 1450 (ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და გ--------------–---–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
3.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--------------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. გ--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მისი წარსული არაფრით არ არის შებღალული, ასევე, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მან ნაწილობრივ აანაზღაურა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი და აქვს მისწრაფება, ზიანის დარჩენილი ნაწილი ბოლომდე აუნაზღაუროს დაზარალებულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ--------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, მათ უნდა დაენიშნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა 2500 (ორი ათასხუთასი) ლარის ოდენობით.
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების სასკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- შპს „ო---------–---ი“-დან ამოღებული გ--------------–---–ის პირადობის მოწმობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს გ--------------–---–ს.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე და 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. გ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
3. ნივთმტკიცებების გადაწყვეტა:
- სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- შპს „ო---------–---ი“-დან ამოღებული გ--------------–---–ის პირადობის მოწმობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს გ--------------–---–ს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი