გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.11.2018
საქმის ნომერი
330310118002453799
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----------------

საქმე №3/3050-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - შპს ,,მ---------------------ი“

წარმომადგენელი - ხ--------------ი (დირექტორი)

წარმომადგენელი - ლ--–-----–---ე

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენლები - თ--------–--ე, ს--–---------------ა, მა-------------–-–---–ი

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

წარმომადგენლები - ვ--–---------------ე, გ--------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 24 აგვისტოს №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 12 აპრილის №1-- ბრძანება შპს ,,მ---------------------ი“-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 12 აპრილის №1-- ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ქ. თბილისში, დ-----------–-----–-----------------ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2009 წლის 22 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 173.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 27.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 22.09.2009 (ტომი 1, ს.ფ. 294-295).

 

3.2. 2017 წლის 16 იანვარს, ერთის მხრივ ნ------------------სა და მ------------------ს (,,მეიჯარე’’), ხოლო მეორეს მხრივ შპს ,,მ---------------------ს’’ (,,მოიჯარე) შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ,,მეიჯარემ’’ გადასცა, ხოლო ,,მოიჯარემ’’ დროებით სარგებლობაში მიიღო ქ. თბილისში, დ-----------–-----–----------------ში მდებარე უძრავი ქონება (საერთო ფართი: 101.52 კვ.მ. ს/კ: №0----------------------). აღიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 წელი.

 

2017 წლის 08 დეკემბრის შეთანხმების თანახმად კი, გაგრძელდა ,,მხარეთა“ შორის 2017 წლის 16 იანვრის უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2 წლით და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 16 იანვარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 16 იანვრის უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 34-36);

- 2017 წლის 08 დეკემბრის შეთანხმება 2017 წლის 16 იანვრის უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულების გაგრძელებაზე (ტომი 1, ს.ფ. 33).

 

3.3. 2017 წლის 25 ივლისს ბადრი სექანიამ №A-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, დ-----------–-----–----------------ის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე ღია სეზონური საზაფხულო კაფის მოწყობის მიზნით წერილობითი ნებართვის გაცემა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 29 სექტემბრის №3------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა №A-------- განცხადება და განმცხადებელს ეცნობა, რომ რადგან წარდგენილი საპროექტო ტერიტორია მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, საკითხი განხილულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ, რომლის დასკვნის საუძველზე საკითხი გადაწყდა უარყოფითად. რეკომენდაცია: სასურველია, განთავსდეს მსუბუქი, ერთადგილიანი სკამები. ამავე გადაწყვეტილებით მხარეს განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული ოქმის რეკომენდაციების გათვალისწინებით ახალი განაცხადით წარადგენდა დოკუმენტაციას, საკითხს კვლავ განიხილავდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 29 სექტემბრის №3------ გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 208-209).

 

3.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შპს ,,მ---------------------ის’’ მიმართ 2017 წლის 09 აგვისტოს შედგენილ იქნა მითითება №0-----, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ქ. თბილისში, დ-----------–-----–----------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ მოწყობილია ღია სეზონური კაფე, კერძოდ: მაგიდები, სკამები, ქოლგები და საყვავილეები. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, შპს ,,მ---------------------ს’’ დაევალა ზემოხსენებული კონსტრუქციების განთავსების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან მათი დემონტაჟის განხორციელება და განთავსების ადგილიდან გატანა. ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 3 (სამი) კალენდარული დღის ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 09 აგვისტოს მითითება №0----- (ტომი 1, ს.ფ. 13).

 

3.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 14 აგვისტოს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0-----, რომლითაც დადგინდა, რომ შპს ,,მ---------------------მა’’ შეასრულა 2017 წლის 09 აგვისტოს №0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 აგვისტოს შემოწმების აქტი №0----- (ს.ფ. 14).

 

3.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2017 წლის 24 აგვისტოს №4-- მოხსენებითი ბარათის თანახმად, ობიექტის განმეორებით გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,მ---------------------ის’’ მიერ ქ. თბილისში, დ-------–-----–----------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ კვლავ უნებართვოდ იყო განთავსებული ღია სეზონური კაფე (მაგიდები და სკამები).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2017 წლის 24 აგვისტოს №4-- მოხსენებითი ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 155).

 

3.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 24 აგვისტოს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმად შპს ,,მ---------------------ი“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, დ-------–-----–----------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ღია სეზონური კაფის უნებართვოდ მოწყობისათვის, კერძოდ, მაგიდების და სკამების განთავსებისათვის. ამავე დადგენილებით შპს ,,მ---------------------ს“ დაევალა ქ. თბილისში, დ-------–-----–----------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე უნებართვოდ მოწყობილი ღია სეზონური კაფის (განთავსებული მაგიდების და სკამების) დემონტაჟი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 24 აგვისტოს №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ (ტომი 1, ს.ფ. 16-18).

 

3.1.8. 2017 წლის 11 სექტემბერს შპს ,,მ---------------------ის“ დირექტორმა ხ--------------მა №2---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 24 აგვისტოს №0----- დადგენილების ბათილად ცნობა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 12 აპრილის №1-- ბრძანებით შპს ,,მ---------------------ის’’ დირექტორის ხ--------------ის 2017 წლის 11 სექტემბრის №2---------------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 24 აგვისტოს №0----- დადგენილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,მ---------------------ის’’ დირექტორის ხ--------------ის 2017 წლის 11 სექტემბრის №2---------------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 120-122);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 12 აპრილის №1-- ბრძანება ,,შპს ,,მ---------------------ის’’ დირექტორის ხ--------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ (ტომი 1, ს.ფ. 21-29).

 

3.1.9. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 ნოემბრის №6------------- წერილით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთზე მაგიდებისა და სკამების განთავსება არ წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოებს, რომელთა განხორციელება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მხრიდან საჭიროებს წერილობითი დასტურის ან მშენებლობის ნებართვის გაცემას და მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული სარგებლობის უფლება (მოცემულ შემთხვევაში იჯარა) წერილობითი დასტურის გაცემის საჭიროების საკითხთან მიმართებით რაიმე სახის განმსაზღვრელ ფაქტორს არ წარმოადგენს.

 

ამავე წერილით სასამართლოს ეცნობა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მიწის ნაკვეთი ხვდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ღია კაფის მოწყობის საკითხის მიზანშეწონილობას აფასებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო, რომელსაც საკითხს განსახილველად წარუდგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 ნოემბრის №6------------- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 358-359).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ - შპს ,,მ---------------------ის’’ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’, ქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქიდანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება გულისხმობს, აქტის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას. აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ იგი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული, მატერიალური კანონიერება კი დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე - შპს ,,მ---------------------ის’’ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 24 აგვისტოს №0----- დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 12 აპრილის №1-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომელთა კანონიერების შეფასებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული იქნა თუ არა აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილი კი მოითხოვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედოს იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ. გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 44-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 10 000 ლარით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შპს ,,მ---------------------ის’’ მიმართ 2017 წლის 09 აგვისტოს შედგენილ იქნა მითითება №0-----, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ქ. თბილისში, დ-----------–-----–----------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ მოწყობილია ღია სეზონური კაფე, კერძოდ: მაგიდები, სკამები, ქოლგები და საყვავილეები. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, შპს ,,მ---------------------ს’’ დაევალა ზემოხსენებული კონსტრუქციების განთავსების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან მათი დემონტაჟის განხორციელება და განთავსების ადგილიდან გატანა. ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 3 (სამი) კალენდარული დღის ვადა.

 

დადგენილია ასევე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 14 აგვისტოს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0-----, რომლითაც დადგინდა, რომ შპს ,,მ---------------------მა’’ შეასრულა 2017 წლის 09 აგვისტოს №0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები, თუმცა 2017 წლის 24 აგვისტოს №4-- მოხსენებითი ბარათის თანახმად, ობიექტის განმეორებით გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,მ---------------------ის’’ მიერ ქ. თბილისში, დ-------–-----–----------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ კვლავ უნებართვოდ იყო განთავსებული ღია სეზონური კაფე (მაგიდები და სკამები).

 

შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 24 აგვისტოს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმად შპს ,,მ---------------------ი’’ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, დ-------–-----–----------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ღია სეზონური კაფის უნებართვოდ მოწყობისათვის, კერძოდ, მაგიდების და სკამების განთავსებისათვის. ამავე დადგენილებით შპს ,,მ---------------------ს’’ დაევალა ქ. თბილისში, დ-------–-----–----------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე უნებართვოდ მოწყობილი ღია სეზონური კაფის (განთავსებული მაგიდების და სკამების) დემონტაჟი.

 

მოსარჩელე არაკანონიერად მიიჩნევს მის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებას დაჯარიმების შესახებ და განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც შედგა შემოწმების აქტი და დადგინდა, რომ შპს ,,მ---------------------მა’’ შეასრულა 2017 წლის 09 აგვისტოს №0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები, ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ვალდებული იყო შეეწყვიტა მის მიმართ დაწყებული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

 

სასამართლო მიუთითების რომ მითითების აქტში განსაზღვრული პირობების შესრულება უნდა იწვევდეს საქმის წარმოების შეწყვეტას, მაგრამ აღნიშნული არ გამორიცხავს და არ უკრძალავს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტამდე, კიდევ გადაამოწმოს ობიექტის მდგომარეობა და მითითების აქტში არსებული დარღვევის ხელახალი აღმოჩენის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი დადგენილება, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, წარმოადგენდა თუ არა მაგიდების და სკამების განთავსება, სამშენებლო სამართალდარღვევას და იყო თუ არა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი ორგანო მიეღო დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.

 

მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შპს ,,მ---------------------ის’’ მხრიდან, სახეზეა სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ წარმოება და მოსარჩელეს სჭირდებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დასტური, ვინაიდან ადგილი ჰქონდა I კლასის დროებითი შენობა-ნაგებობის მშენებლობას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

 

მითითებული დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე), რომელიც დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად მშენებლობის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, დროებითი შენობა და ნაგებობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან ან/და წყალთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები (გარდა წყლის ტრანსპორტისა), ხოლო ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება არის ახალი მშენებლობა. თავის მხრივ, დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ახალი მშენებლობა განმარტებულია, როგორც მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარმოდგენილ 2018 წლის 11 ნოემბრის №6------------- წერილზე, რომლითაც სასამართლოს ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთზე მაგიდებისა და სკამების განთავსება არ წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოებს, რომელთა განხორციელება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მხრიდან საჭიროებს წერილობითი დასტურის ან მშენებლობის ნებართვის გაცემას და მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული სარგებლობის უფლება (მოცემულ შემთხვევაში იჯარა) წერილობითი დასტურის გაცემის საჭიროების საკითხთან მიმართებით რაიმე სახის განმსაზღვრელ ფაქტორს არ წარმოადგენს. ამავე წერილით სასამართლოს ეცნობა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მიწის ნაკვეთი ხვდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ღია კაფის მოწყობის საკითხის მიზანშეწონილობას აფასებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო, რომელსაც საკითხს განსახილველად წარუდგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო.

 

ამდენად, არქიტექტურის სამსახურის წერილში ცალსახად არის მითითებული, რომ შპს ,,მ---------------------ის’’ მიერ ქ. თბილისში, დ-----------–-----–----------------ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ღია სეზონური კაფე (მაგიდები და სკამები), არ წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოებს და შესაბამისად, არ ესაჭიროებოდა არქიტექტურის სამსახურის მხრიდან მშენებლობის ნებართვა ან წერილობითი დასტური, რომლის არ ქონის გამოც იქნა იგი დაჯარიმებული. შესაბამისად, ასევე ცალსახაა, რომ შპს ,,მ---------------------ის’’ მიერ ქ. თბილისში, დ-----------–-----–----------------ის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე ღია სეზონური კაფის მოწყობა, კერძოდ მაგიდებისა და სკამების განთავსება არ წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 24 აგვისტოს №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლიც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც მისი ბათილობის საფუძველს წარმოადგენს, თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს ყოველგვარი ნებართვისა და უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმების გარეშე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მით უფრო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში, მაგიდებისა და სკამების, ღია კაფეებისა და სხვადასხვა კონსტრუქციების მოწყობის შესაძლებლობას და მიუთითებს, რომ ასეთ შემთხვევაში დამრღვევის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 და 1501 (ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე-3, მე-4 ნაწილი) მუხლების საფუძველზე, რაც საშუალებას მისცემს შესაბამის ორგანოს გამოვლენისთანავე დააჯარიმოს სამართალდამრღვევი, რითაც ასევე თავიდან იქნება აცილებული დამრღვევის მიერ დარღვევის გამუდმებით ჩადენის შესაძლებლობა, რასაც სადავო შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

 

6.4. მოსარჩელე მხარის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 12 აპრილის №1-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ,,შპს ,,მ---------------------ის’’ დირექტორს ხ--------------ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე საფუძვლიანია, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 24 აგვისტოს №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 12 აპრილის №1-- ბრძანება ,,შპს ,,მ---------------------ის’’ დირექტორის ხ--------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინიტრაციულ სამართლაწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების გამო, მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მოსარჩელე შპს ,,მ---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მ---------------------ის’’ სარჩელი, დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 24 აგვისტოს №0----- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 12 აპრილის №1-- ბრძანება შპს „მ---------------------ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

 

4. მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მოსარჩელე - შპს ,,მ---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი