გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.02.2019
საქმის ნომერი
330310018002728101
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7221-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

 

მოსარჩელე - კა----- ას-----------

წარმომადგენელი - ვლ-------- ტა-------

 

მოპასუხე - სპეციალური პენიტენციური სამსახური

წარმომადგენელი - სა-–---- მე------–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 19 ოქტომბრის №----------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე კა----- ას-----------სათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით, 1995 წლის 26 ივნისიდან, 2013 წლის 25 სექტემბრამდე წელთა ნამსახურობის შეღავათიანი ანგარიშის შედგენაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.2. დაევალოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე კა----- ას----------ს წელთა ნამსახურობის საერთო ანგარიშში ჩაეთვლება 1995 წლის 26 ივნისიდან, 2013 წლის 25 სექტემბრამდე, სასჯელაღსრულების სისტემაში ნამსახურები პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე - სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე კა----- ას----------- 1995 წლის 26 ივნისიდან, 1999 წლის 11 მაისამდე მუშაობდა სა---------–----–--------------------------------------–---------–-----------------------------–-------–----------------–-----------–---–------–--------------- თანამდებობაზე, 2001 წლის 27 აგვისტოდან, 2004 წლის 25 თებერვლამდე მუშაობდა ს----------–-----------–--------------------------–----------–-------------------------------------–------–----------–-------------------- თანამდებობაზე, ხოლო 2004 წლის 25 თებერვლიდან 2013 წლის 25 სექტემბრამდე, მოსარჩელე კა----- ას----------- მსახურობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემაში კონტროლიორის თანამდებობაზე სპეციალური წოდებით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მოსარჩელე კა----- ას-----------ს სამსახურის გავლის ნუსხა (ს.ფ. 34-49);

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 27 ივნისის №----------------- წერილი (ს.ფ. 50-51);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.2. მოსარჩელე კა----- ას----------მა არაერთხელ, მათ შორის, 2018 წლის 10 ოქტომბერს, განცხადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტს და ითხოვა წელთა ნამსახურობის გაანგარიშება იმგვარად, რომ 1995 წლის 26 ივნისიდან, 2013 წლის 25 სექტემბრამდე, სასჯელაღსრულების სისტემაში ნამსახურები პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩათვლოდა კომპენსაციის მისაღებად.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 19 ოქტომბრის №----------------- წერილობითი მიმართვით, მოსარჩელ კა----- ას----------ს უარი ეთქვა 2013 წლის 25 სექტემბრამდე, შეღავათიანი პირობებით ნამსახურობის ნუსხის შედგენაზე იმ საფუძვლით, რომ მისი წელთა ნამსახურობა არ შეადგენდა 20 წელს, კომპენსაციის გაანგარიშება ხდებოდა საპატიმრო სასჯელთა აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე, ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას ჰქონდა ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი, ხოლო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლებოდა საერთო წელთა ნამსახურობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 20 კალენდარულ წელზე მეტი ექნება ნამსახურები. ამასთან, მისი სასჯელაღსრულების სისტემაში ნამსახურები პერიოდი უნდა დაანგარიშდეს მხოლოდ 2010 წლის 1 ოქტომბრამდე. შესაბამისად, მოსარჩელე კა----- ას-----------ს სასჯელაღსრულების სიტემაში ნამსახურები საერთო პერიოდი (2010 წლის 1 ოქტომბრამდე), შეღავათიანი დაანგარიშებით, 19 წელს, 04 თვეს და 06 დღეს შეადგენს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 19 ოქტომბრის №----------------- წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.3 მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კა----- ას-----------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და მისი პირველი დამატებითი ოქმი, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 19 ოქტომბრის №----------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე კა----- ას-----------სათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით, 1995 წლის 26 ივნისიდან, 2013 წლის 25 სექტემბრამდე წელთა ნამსახურობის შეღავათიანი ანგარიშის შედგენაზე უარის თქმის შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტია, იგი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს საკითხი იმის თაობაზე, გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, მოსარჩელე კა----- ას-----------ს მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად შეღავათიანი გაანგარიშებით ნამსახურობის ნუსხის შედგენის თაობაზე.

 

6.2. სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5), კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა და უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც საკუთრების უფლება.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოიცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის უარი, წელთა ნამსახურობის სადავო პერიოდის ჩათვლასთან დაკავშირებით გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

 

მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გათვალისწინებულია კომპენსაციის მიღების უფლება წელთა ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო, რომლის თანახმად, ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ოფიცერსა და რიგითზე, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე კა----- ას----------მა არაერთხელ, მათ შორის, 2018 წლის 10 ოქტომბერს, განცხადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტს და ითხოვა წელთა ნამსახურობის გაანგარიშება იმგვარად, რომ 1995 წლის 26 ივნისიდან, 2013 წლის 25 სექტემბრამდე, სასჯელაღსრულების სისტემაში ნამსახურები პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩათვლოდა კომპენსაციის მისაღებად.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 19 ოქტომბრის №----------------- წერილობითი მიმართვით, მოსარჩელ კა----- ას----------ს უარი ეთქვა 2013 წლის 25 სექტემბრამდე, შეღავათიანი პირობებით ნამსახურობის ნუსხის შედგენაზე იმ საფუძვლით, რომ მისი წელთა ნამსახურობა არ შეადგენდა 20 წელს, კომპენსაციის გაანგარიშება ხდებოდა საპატიმრო სასჯელთა აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე, ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას ჰქონდა ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი, ხოლო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლებოდა საერთო წელთა ნამსახურობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 20 კალენდარულ წელზე მეტი ექნება ნამსახურები. ამასთან, მისი სასჯელაღსრულების სისტემაში ნამსახურები პერიოდი უნდა დაანგარიშდეს მხოლოდ 2010 წლის 1 ოქტომბრამდე. შესაბამისად, მოსარჩელე კა----- ას-----------ს სასჯელაღსრულების სიტემაში ნამსახურები საერთო პერიოდი (2010 წლის 1 ოქტომბრამდე), შეღავათიანი დაანგარიშებით, 19 წელს, 04 თვეს და 06 დღეს შეადგენს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის ან სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება, აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის N214 დადგენილების 24-ე პუნქტის თანახმად, სასჯელთა აღმასრულებელი მთავარი სამმართველოს და მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულებების თანამშრომელთა დამაგრების, მოზიდვისა და სტიმულირების მიზნით, მუშაობაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი უნდა ჩაეთვალოთ წელიწადნახევრის ანგარიშით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის, განზრახვის ადეკვატურად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს, კერძოდ, ყოველი ნორმა განმარტებული უნდა იქნეს არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური მეთოდებით, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა.

 

ამრიგად, ზემოხსენებული ნორმების სისტემური, ლოგიკური და სიტყვა-სიტყვითი მეთოდებით შეფასები შედეგად, სასამართლო განმარტავს, რომ განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში. კანონმდებელმა სწორედ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე დააწესა შეღავათი სამომავლოდ კომპენსაციის მისაღებად და იმპერატიულად დაადგინა, რომ აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი უნდა ჩაეთვალოთ წელიწადნახევრის ანგარიშით. შესაბამისად, წელთა ნამსახურობის შეღავათიანი გაანგარიშება ისევე, როგორც ნამსახურების საერთო პერიოდი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზანს ემსახურება, რის გამოც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ შეღავათიანი პირობებით წელთა ნამსახურობის გაანგარიშება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს, თუ პირს აქვს 20 წელზე მეტი ნამსახურები შესაბამის სამსახურში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი და მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი, სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას უკავშირებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამსახურს და გამონაკლისს რაიმე პერიოდზე არ ითვალისწინებს. ამასთან, დადგენილია, რომ ,საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის N214 დადგენილება დღემდე არ არის ძალადაკარგული. შესაბამისად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე კა----- ას----------ს ნამსახურები წლები მხოლოდ 2010 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა დაუანგარიშდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე კა----- ას----------- 1995 წლის 26 ივნისიდან, 1999 წლის 11 მაისამდე მუშაობდა სა---------–----–--------------------------------------–---------–-----------------------------–-------–----------------–-----------–---–------–--------------- თანამდებობაზე, 2001 წლის 27 აგვისტოდან, 2004 წლის 25 თებერვლამდე მუშაობდა ს----------–-----------–--------------------------–----------–-------------------------------------–------–----------–-------------------- თანამდებობაზე, ხოლო 2004 წლის 25 თებერვლიდან 2013 წლის 25 სექტემბრამდე, მოსარჩელე კა----- ას----------- მსახურობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემაში (სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში) კონტროლიორის თანამდებობაზე სპეციალური წოდებით.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მითითება იმის თაობაზე, რომ შეღავათიანი გაანგარიშება ემატებოდა წელთა ნამსახურობას მხოლოდ 20 კალენდარული წლის ნამსახურობის შემდგომ და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისათვის, წელთა ნამსახურობა მხოლოდ 2010 წლის 1 ოქტომბრამდე ჩაითვლება, რის გამოც მოსარჩელე კა----- ას----------- არ წარმოადგენდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტს, არ შეესაბამება ზემოთ აღნიშნული კანონით დადგენილ მოწესრიგებას. სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელე კა----- ას-----------ს სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობის შრომითი სტაჟი, შეღავათიანი გაანგარიშების ნამსახურობაში ჩათვლის პირობებში, აღემატება 20 კალენდარულ წელს, რის გამოც იგი აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს შეღავათიანი პირობებით კომპენსაციის დასანიშნად.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კა----- ას-----------ს სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის ბათილად უნდა იქნას ცნობილი ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 19 ოქტომბრის №----------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე კა----- ას-----------სათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით, 1995 წლის 26 ივნისიდან, 2013 წლის 25 სექტემბრამდე წელთა ნამსახურობის შეღავათიანი ანგარიშის შედგენაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე კა----- ას----------ს წელთა ნამსახურობის საერთო ანგარიშში ჩაეთვლება 1995 წლის 26 ივნისიდან, 2013 წლის 25 სექტემბრამდე, სასჯელაღსრულების სისტემაში ნამსახურები პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. კა----- ას-----------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 19 ოქტომბრის №----------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე კა----- ას-----------სათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით, 1995 წლის 26 ივნისიდან, 2013 წლის 25 სექტემბრამდე წელთა ნამსახურობის შეღავათიანი ანგარიშის შედგენაზე უარის თქმის შესახებ;

 

3. დაევალოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე კა----- ას----------ს წელთა ნამსახურობის საერთო ანგარიშში ჩაეთვლება 1995 წლის 26 ივნისიდან, 2013 წლის 25 სექტემბრამდე, სასჯელაღსრულების სისტემაში ნამსახურები პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით წერეთელი