გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.02.2019
საქმის ნომერი
330210018002774687
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/36827-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 თებერვალი, 2018 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - გ-----ი ა-------------

წარმომადგენელი - მ-----– ე-–---–---–ი

მოპასუხე - ლ---- შ------–-–---–ი, რ----- შ------–-–---–ი

წარმომადგენელი - დ----- ხ------ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ლ---- შ------–-–---–ს მოსარჩელე გ-----ი ა-------------ის სასარგებლოდ 23 289 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე რ----- შ------–-–---–ს მოსარჩელე გ-----ი ა-------------ის სასარგებლოდ 23 289 აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 10 ივნისს, გამსესხებელ - შპს ,,მისო ლ-----------------’’-სა და მსესხებლებს - ლ---- შ------–-–---–სა და რ----- შ------–-–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა რო--- მა----–---ს, ხოლო შემდგომში - მოსარჩელის შვილის - სე----ი ა-------------ის კუთვნილი უძრავი ნივთები (ს/კ:0---------------; ს/კ:0---------------; ს/კ: 0---------------). აღნიშნული უძრავი ნივთები რო--- მა----–---ს სახელზე გაფორმებული იყო ფორმალურად, ხოლო მის რეალურ მესაკუთრეს წარმოადგენდა მოსარჩელის შვილი - სე----ი ა-------------ი. რო--- მი----–--მა, სე----ი ა-------------ის კუთვნილი თანხებით შეიძინა ზემოაღნიშნული უძრავი ნივთები და ვინაიდან სე----ი ა-------------ი რუ-----ს მოქალაქეა, ეს ნივთები გაფორმდა ფორმალურად რო--- მი----–---ს სახელზე. თავის მხრივ რო--- მი----–--მა, სე----ი ა-------------ის ნებართვის გარეშე, იპოთეკით დატვირთა ხსენებული უძრავი ქონება, სწორედ 2016 წლის 10 ივნისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

მოგვიანებით, 2016 წლის 04 ნოემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების მესაკუთრე გახდა მოსარჩელის შვილი - სე----ი ა-------------ი, რომელსაც რეალურად ეკუთვნოდა აღნიშნული უძრავი ქონებები.

 

მსესხებლები - ლ---- შ------–-–---–ი და რ----- შ------–-–---–ი არც 2016 წლის 04 ნოემბრამდე და არც მას შემდგომ არ ასრულებდნენ 2016 წლის 10 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, რის გამოც საფრთხის წინაშე აღმოჩნდა მოსარჩელის შვილის - სე----ი ა-------------ის უძრავი ნივთები. ვიანიდან მოსარჩელის შვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები დატვირთული იყო იპოთეკით, არსებობდა ამ უძრავი ქონებების აუქციონზე რეალიზაციის რეალური საფრთხე. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად გ-----ი ა-------------ი იძულებული გახდა 2017 წლის 01 თებერვალს თავისი შვილის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონებების იპოთეკისაგან გათავისუფლების მიზნით, გადაეხადა ლ---- და რ----- შ------–-–---–ების ვალი შპს ,,მისო ლ-----------------’’-ს წინაშე. ამ მიზნით მოსარჩელის მიერ შპს ,,მისო ლ-----------------’’-ს ანგარიშზე გადაირიცხა სს ჯამში 46 579 აშშ დოლარი, რითაც დაიფარა მოპასუხეთა ვალი და მოხდა მათი უსაფუძვლოდ გამდიდრება.

 

შესაბამისად, მოპასუხე ლ---- შ------–-–---–ის და რ----- შ------–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხის თითოეულს - 23 289 აშშ დოლარის გადახდა.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

2.1.მოპასუხეებმა დადგენილი წესით წარმოადგინეს შესაგებელი რომლითაც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს. მოპასუხეთა განმარტებით, მათ დაუკავშირდა რო--- მი----–--ი. ვინაიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მხოლოდ მას არ აძლევდა სესხს, მსესხებლებად მიეთითა ასევე ლ---- შ------–-–---–ი და რ----- შ------–-–---–ი, თუმცა მოპასუხეები რეალურად რო--- მი----–--ს დაუდგნენ თავდებში. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა სრულად მიიღო რო--- მი----–--მა. ასევე მან იკისრა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხისა და პროცენტის გადახდის ვალდებულება. მოპასუხეთა მითითებით, მათთვის უცნობია ის გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები რეალურად ეკუთვნოდა მოსარჩელის შვილს - სე----ი ა-------------ს. უძრავ ქონებებზე მოპასუხის საკუთრება დასტურდებოდა საჯარო რეესტრის ამონაწერით. შესაბამისად, სე----ი ა-------------ის მიერ მოხდა იპოთეკით დატვირთული ქონების შესყიდვა, რასთან კავშირიც მოპასუხეებს არ აქვთ. მოსარჩელის ქმედების შედეგად არ მომხდარა მათი უსაფუძვლო გამდიდრება, ვინაიდან მოპასუხეებს არ ეკისრებოდათ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 10 ივნისს შპს ,,მისო ლ-----------------’’-ს, როგორც გამსესხებელსა და რო--- მი----–--ს, ლ---- შ------–-–---–ს და რო--- შ------–-–---–ს, როგორც მსესხებლებს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (დამოწმებული 10/06/2016; რეესტრის რეგისტრაციის N16------8) რომლის თანახმადაც, მსესხებელმა ლ---- შ------–-–---–ს ასესხა 23 000 აშშ დოლარი, რ----- შ------–-–---–ს ასესხა 23 000 აშშ დოლარი, ხოლო რო--- მი----–--ს ასევე ასესხა 23 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-30);

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 33-36; 39-42; 45-48);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2016 წლის 10 ივნისს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რო--- მი----–--ის საკუთრებაში რეგისტრირებული სამი უძრავი ქონება (ს/კ 0---------------; ს/კ 0---------------; ს/კ 0------------). იპოთეკა უზრუნველყოფდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სრულად. ასევე სესხის თანხებზე დარიცხულ სარგებელსა და შესაძლო ზიანს (მათ შორის სააღსრულებო ფურცლის გაცემის საზღაურს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-30);

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 33-36; 39-42; 45-48);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2016 წლის 02 ნოემბერს რო--- მი----–--სა (იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე) და მოსარჩელე გ-----ი ა-------------ის შვილს - სე----ი ა-------------ს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, რო--- მი----–--მა სე----ი ა-------------ს მიჰყიდა მის საკუთრებაში არსებული შვიდი უძრავი ქონება, მათ შორის, 2016 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების ფარგლებში იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებაც (ს/კ 0---------------; ს/კ 0---------------; ს/კ 0------------).

 

ამავე შეთანხმების თანახმით განისაზღვრა შემდეგი: ,,მი----–--- რო---ი იღებს ვალდებულებას დაფაროს ვალდებულებები ქვემოთ ჩამოთვლილი სესხს და იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით, რეესტრის ნომერი, დამოწმების თარიღი 26/07/2016, ნოტარიუსი ლა-–---------–---–ი; სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება #37---6-21---5, #31---3-21---9, #37---5-21---7, რეესტრის ნომერი #16------8, დამოწმების თარიღი 10/06/2016, ნოტარიუსი თ.პო-–---–---–ი, თანხის საერთო რაოდენობა 189 000 აშშ დოლარი დადგენილ ვადებში, მაგრამ არაუგვიანეს 2016 წლის 31 დეკემბრისა. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გამყიდველის სხვა ფინანსური ვალდებულებები გირაოს და სხვა სახით ქვემოთ ჩამოთვლილი უძრავი ქონების ობიექტებზე, გამყიდველი იღებს ვალდებულებას გადაიხადოს ყველა არსებული დავალიანება 2016 წლის 31 დეკემბრამდე...’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეთანხმება (ს.ფ. 207-208);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2016 წლის 04 ნოემბერს, მოსარჩელე გ-----ი ა-------------ის შვილი - სე----ი ა-------------ი აღირიცხა 2016 წლის 10 ივნისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების(ს/კ 0---------------; ს/კ 0--------------- და ს/კ 0------------ - მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.37-38; 43-44; 49-50);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2017 წლის 01 თებერვალს, გ-----ი ა-------------ის მიერ შპს ,,მისო ლ-----------------’’-ს ანგარიშზე ლ---- შ------–-–---–ის ვალდებულების შესასრულებლად გადარიცხულია 23 289.64 აშშ დოლარი, ხოლო რ----- შ------–-–---–ის ვალდებულების შესასრულებლად ამავე თარიღში ასევე გადარიცხულია 23 289.64 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო დავალებები (ს.ფ.32-33);

- მოწმის ჩვენება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2016 წლის 10 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ---- შ------–-–---–ისა და რ----- შ------–-–---–ის ვალდებულებები შპს ,,მისო ლ-----------------’’-ს მიმართ შეასრულა გ-----ი ა-------------მა. ამასთან, გ-----ი ა-------------ი მოქმედებდა შვილის - ა------- ა-------------ს დავალებითა და მასთან შეთანხმებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო დავალებები (ს.ფ.32-33);

- მოწმის ჩვენება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 986-ე, 292-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელია მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სწორედ ამ საფუძველს და შესაბამის ფაქტებს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს სარჩელის საფუძველი. ეს დაარღვევს არა მარტო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას. თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ, ფაქტების მითითების ტვირთი აქვს, უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს სწორედ მოპასუხეთა უსაფუძვლო გამდიდრებაზე. მისი განმარტებით მოპასუხეთა უსაფუძვლო გამდიდრება განაპირობა მოსარჩელე გ-----ი ა-------------ის მიერ შეგნებულად სხვისი (მოპასუხეთა) ვალის გასტუმრებამ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015)

 

მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებელია უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე კონდიქციურ მოთხოვნათა ტიპოლოგიის გამოყოფა. კერძოდ, უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმები მოიცავს შესრულების კონდიქციას (სსკ-ის 976-981-ე მუხლები), ხელყოფის კონდიქციას (სსკ-ის 982-985-ე მუხლები), გაწეული ხარჯების კონდიქციას (სსკ-ის 986-987-ე მუხლები), სამი პირისურთიეთობებს (სსკ-ის 988-990-ე მუხლები) და უსაფუძვლო გამდიდრების გენერალურ დათქმას (სსკ-ის 991-ე მუხლი), რომელიც განსაზღვრავს მიღებულის უკან დაბრუნების ფარგლებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შესრულების კონდიქცია წარმოადგენს სახელშეკრულებო სამართლის განვრცობას, ხელყოფის კონდიქცია დელიქტური ქმედების სამართლის განვრცობას, ხოლო გაწეული ხარჯების კონდიქცია კი დავალების გარეშე სხვისი საქმის წარმოების განვრცობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.

 

მოხმობილი ნორმის მიხედვით, სხვისი ვალის გადახდა კონდიქციური ვალდებულების საფუძველი ხდება იმის გამო, რომ უსაფუძვლოდ დაიზოგა სხვისი ქონება. იგულისხმება, რომ პირი შეგნებულად ან შეცდომით აკეთებს ამას. ორივე შემთხვევაში, ვალის გადამხდელს უფლება აქვს, მოითხოვოს უსაფუძვლოდ დაზოგილის უკან დაბრუნება (იხ. სუსგ-ები # ას-1022-980-2014-10.03.2015წ.; # ას-303-285-2014, 30.10.2015წ.).

 

ზოგადად, კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის ერთდროულად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოვალის გამდიდრება; ამის შესაბამისად, კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი; კრედიტორიდან მოვალესთან სამართლებრივი სიკეთის გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად კი აუცილებელია, დადგინდეს, რომ არსებობს სხვისი ვალი და იგი არა მოვალემ, არამედ მესამე პირმა გაისტუმრა. თუმცა, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, მესამე პირის - ამ შემთხვევაში მოსარჩელის მოქმედება რით იყო ნაკარნახევი.

 

საქმის განხილვის შედეგად დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ გამსესხებლის ( შპს ,,მისო ლ-----------------’) წინაშე მოპასუხეთა ვალდებულებები მოსარჩელემ არა თავისი ინიციატივით, არამედ შვილის - ა------- ა-------------ის თხოვნითა და მასთან შეთანხმებით შეასრულა, რაც ცვლის საქმის ფაქტობრივ მოცემულობას და გასტუმრებული ვალის ფარგლებში მოთხოვნის უფლებას ანიჭებს იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრეს (ა------- ა-------------ს) სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. კერძოდ, მართალია, გ-----ი ა-------------ის მოქმედებით მოპასუხეებმა მიიღეს ქონებრივი სარგებელი ვალდებულებისაგან გათავისუფლების სახით, თუმცა, დანახარჯების კონდიქციის აუცილებელი ელემენტია ისიც, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადამხდელს არ უნდა ჰქონდეს არც კანონისმიერი და არც სახელშეკრულებო ვალდებულება სხვისი ვალის დაფარვისა, ვინაიდან, შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე კანონის სპეციალური დანაწესები მთელ რიგ შემთხვევებში ითვალისწინებენ მესამე პირის უფლებას დაფაროს სხვისი ვალი და ამ ვალის დაფარვის შემდეგ მოთხოვნის უფლების გადამხდელზე გადასვლას.

 

სწორედ ასეთ შემთხვევას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლი, რომლის თანახმად, უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოები მიუთითებს სწორედ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ შესრულება - კრედიტორისთვის თანხის გადახდა მოხდა მესაკუთრის ინტერესების შესაბამისად. მხოლოდ ის ფაქტი რომ უშუალოდ თანხის ჩარიცხვა განხორციელდა მოსარჩელის მიერ ვერ წარმოშობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მოპასუხეთა მიმართ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 1 828.30 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარი, რომელიც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, რადგან სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ-----ი ა-------------ის სარჩელი მოპასუხე ლ---- შ------–-–---–ის და რ----- შ------–-–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს:

 

2. მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელწმიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ რომლითაც აეკრძალა მოპასუხე ლ----ი შ------–-–---–ს მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის წილის, მდებარე: თბილისი, სოფელი ტა------–ა, გი-----ი კვ-------ის ქუჩა N6-, ს/კ:8----------- , გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია