გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.01.2019
საქმის ნომერი
330210118002664424
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/29033-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 იანვარი 2019წ თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - შპს ,,მ---------------------ი”

წარმომადგენელი - ნ--------------–--ე

მოპასუხეები - თ--------------ე, რ----------------–---–ი, დ----------–----ე

დავის საგანი-დავალიანების თანხის დაკისრება, გირავნობის საგნის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თ--------------ეს, რ----------------–---–ს, დ----------–----ეს, შპს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის - 4 378.87 ლარის გადახდა;

1.2. თ--------------ეს, რ----------------–---–ს, დ----------–----ეს შპს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სარგებელის - 3087.03 ლარის გადახდა;

1.3. თ--------------ეს, რ----------------–---–ს, დ----------–----ეს შპს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხის - 100 ლარის გადახდა;

1.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2017 წლის 24 აპრილს თ--------------ესა და შპს „მ---------------------ს“ შორის, გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს თვეში 5 %-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, გადასცა სესხი 7 419 ლარი. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში, იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ - ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს, სულ 449 ლარს, სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - აუ-----4. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება დამატებით აგრეთვე უზრუნველყოფილი იყო რ----------------–---–ისა და დ----------–----ის სოლიდარული თავდებობით.

 

მსესხებელმა ვალდებულება არ შეასრულა. 2017 წლის 02 აგვისტოს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის დაბრუნება და რეალიზაცია. მდგომარეობის გათვალისწინებით, ავტომობილი გაიყიდა 4 700 ლარად, რომლის გაქვითვაც განხორციელდა შემდეგნაირად: 450 ლარი - სრულად გაიქვითა დარიცხული პირგასამტეხლო, 1 209.87 ლარი - სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი, 3 040.13 ლარი - შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.

 

ვინაიდან, გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისთვის მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ სესხის ძირითადი თანხის ნაწილში ერიცხებოდა დავალიანება 7 419 ლარი, ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ მას კვლავ დარჩა დავალიანება - სესხის ძირითადი თანხა - 4 378.87 ლარი, რომელსაც, ხელშეკრულების შესაბამისად, ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 5 % -ის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან, ავტომობილის რეალიზაციიდან სარჩელის წარდგენის დღისთვის გასულია სრული 14 თვე (02.09.2017 და ყოველი მომდევნო თვე 02.10.2018) და 3 კალენდარული დღე (2018 წლის 02 ოქტომბრიდან), დარიცხული სარგებელი შეადგენს 3 087.03 ლარს.

 

ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში“. სესხის დარჩენილი ნაწილის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით 2018 წლის 02 ივლისს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნათ მოპასუხეებს და განესაზღვრათ დამატებითი ვადაც, თუმცა ვალდებულება არ შესრულებულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებს რ----------------–---–სა და თ--------------ეს სარჩელის შესახებ ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

 

მოპასუხე დ----------–----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ თ--------------ემ ნამდვილად აიღო სესხი მოსარჩელისგან, სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ავტომანქანა. თავად წარმოადგენს მხოლოდ თავდებს, უშუალოდ მას არ გამოუტანია სესხი და არც მისი კუთვნილი ავტომობილი იყო დაგირავებული.

 

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მსგავსი საფინანსო ორგანიზაციები სესხის ოდენობის განსაზღვრისათვის ახდენენ ავტომობილის შეფასებას საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასში და ამ ღირებულების დაახლოებით 50 % - ის ოდენობით გასცემენ სესხს. რეალურად სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული ავტომანქანის საბაზრო ღირებულება წარმოადგენდა მინიმუმ სესხის თანხაზე ორჯერ მეტ ოდენობას. თენგის ბუღაძემ ვეღარ შეძლო სესხის თანხის დროულად გადახდა, რის გამოც სესხის გაცემიდან ორ თვეში მოსარჩელემ წაიყვანა ავტომობილი. ამავდროულად აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თ--------------ემ ავტომანქანას ჩაუტარა რემონტი, უყიდა ახალი საბურავები, ე.წ. „კალოტკები“ შეიცვალა, შეღება ნაწილობრივ, შეიცვალა ძრავის ზეთი, შეაკეთა ძრავი და დააზღვია სადაზღვევო კომპანიაში. შესაბამისად, ავტომობილის საბაზრო ღირებულება გაკეთების შემდგომ გაიზარდა. სწორედ გაკეთებული ავტომობილი გადასცა მოსარჩელეს. როგორც ირკვევა ავტომანქანა 2017 წლის 18 ივლისს გადაეცა კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტს, ხოლო 2017 წლის 2 აგვისტოს ავტომანქანა გაყიდეს 4 700 ლარად რაც არის საკმაოდ დაბალი და არარეალური ფასი. ამას ემატება ისიც, რომ ამ თანხიდან მხოლოდ 3040 ლარით შეამცირეს სესხის ძირი თანხა, დარჩენილი თანხა გაქვითეს სარგებელსა და პროცენტში.

 

მოპასუხე სადაოდ არ ხდის მის თავდებად ყოფნის ფაქტს, თუმცა როგორც შესაგებელში აღნიშნავს მისთვის უცნობი იყო ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ, ამასთან, კომპანიის მხრიდან არ მომხდარა მისი ინფორმირება. ავტომობილის რეალიზება მოხდა სარჩელის წარდგენამდე 14 თვით ადრე, აშკარაა, რომ მოსარჩელემ სპეციალურად დიდი დროის გასვლის შემდეგ აღძრა სარჩელი რათა ხელოვნურად გაზრდილიყო პროცენტის და სარგებლის თანხა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 24 აპრილს, თ--------------ესა და შპს „მ---------------------ს“ შორის, გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს თვეში 5 პროცენტიანი სარგებლის დარიცხვის პირობით, გადასცა სესხი 7 419 ლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში, იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ - ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 449 ლარის ოდენობით, სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - აუ-----4.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 16 21-21);

 

3.2.2. 2017 წლის 24 აპრილს, საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება რობერტი ქობესაშვილსა და დ----------–----ესთან.

 

ხელშეკრულებით მათ სოლიდარულად ივალდებულეს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების სრული და ჯეროვანი შესრულება ზღვრული თანხის, 27 000 ლარის, ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- წერილობითი განცხადებები სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 24 - 25);

- ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 26 - 29)

 

3.2.3. მსესხებელმა დაარღვია სესხის გადახდის პირობები. 2017 წლის 02 აგვისტოს, მოსარჩელემ მოახდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია 4 700 ლარად, რომლიდანაც 450 ლარით გაიქვითა დარიცხული სარგებელი, სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი - 1 209.87 ლარი, სესხის ძირი თანხა შემცირდა 3 040.13 ლარით. გადასახდელად დარჩენილია სესხის ძირი თანხა 4 378.87 ლარი და სარგებელი 3 087.03 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- შეფასების აქტი (33 – 38);

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 40)

 

3.2.4 მოპასუხის დავალიანებიდან სესხის ძირი თანხა შეადგენს 4 378.87 ლარს, ხოლო სარგებელი 3 087.03 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 41 - 46)

- ცნობა (ს.ფ. 47)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 417-ე, 411-ე, 394-ე, 891-ე, 898-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების შესრულებას. ამავე მუხლის 2-ე პუნქტის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილია, რომ თ--------------ემ მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინა შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით. დადგენილია, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება. მას გაეგზავნა შეტყობინება დავალიანების დაფარვის შესახებ, თუმცა დავალიანება დაფარული არ არის. დადგენილია, რომ ძირი თანხის სახით, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 4 378.87 ლარს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას მიუღებელი შემოსავლისათვის. მოსარჩელე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას სარგებლის სახით, სარჩელის შემოტანამდე, რაც შეადგენს 3 087.03 ლარს.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898.1-ე მუხლით თავდები პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

დადგენილია, რომ რ----------------–---–მა და დ----------–----ემ სოლიდარულად თ--------------ესთან ერთად, იკისრეს მოსარჩელისათვის თანხის დაბრუნების ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ ვალდებულ პირს და მსესხებელთან ერთად, თავდებ პირს და მათ უნდა დაეკისროს თავდებობის ფარგლებში მოსარჩელისათვის თანხის გადახდა.

 

7. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები. ამავე კოდექსის 268.11-ე მუხლის მიხედვით კი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, გამოიწვევს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაჩიო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თუ რამ განაპირობა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღასრულებლად მიქცევა, რამაც შემდგომში შესაძლოა გააძნელოს მისი აღსრულება, ზოგადად ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კრედიტორისათვის ზიანის მოტანას, თუმცა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემისათვის ეს მნიშვნელოვანი ზიანი უნდა იყოს, სადაც მხედველობაში მიიღება გადაწყვეტილებით დადგენილი შესასრულებელი ვალდებულების შინაარსი და ხასიათი. მით უფრო როცა მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სხვა რაიმე უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 276.97 ლარი, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკა-ტისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ავტომობილის შეფასებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად არ არსებობს მისი დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 259-1, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს "მ---------------------ი" -ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. თ--------------ეს, რ----------------–---–ს და დ----------–----ეს, შპს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის - 4 378.87 ლარის გადახდა;

3. თ--------------ეს, რ----------------–---–ს და დ----------–----ეს, შპს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სარგებლის - 3087.03 ლარის გადახდა;

4. თ--------------ეს, რ----------------–---–ს და დ----------–----ეს, შპს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 276.97 ლარის გადახდა;

5. შპს "მ---------------------ი" -ს უარი ეთქვას ავტომობილის შეფასებისათვის გადახდილი 100 ლარის ანაზღაურებაზე;

6. შპს "მ---------------------"-ს უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე