გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2019
საქმის ნომერი
330210018002586428
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2-----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

მოსარჩელე - სს ,,დ-------------------–-------------------------"

წარმომადგენელი - ა------------------ი

მოპასუხეები - ნ-----–--------------ე, მ--–------------ე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ნ-----–--------------ესა და მ--–------------ეს მოსარჩელე სს ,,დ-------------------–-------------------------"-ს სასარგებლოდ დაეკისროთ 792 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხეებს ნ-----–--------------ესა და მ--–------------ეს მოსარჩელე სს ,,დ-------------------–-------------------------"-ს სასარგებლოდ დაეკისროთ სასამართლოს ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის 12 იანვარს ქ. თბილისში ც----------ის ქუჩაზე მ--–------------ის საკუთრებაში არსებული ,,დაიჰაცუ“-ს მარკის სატრანსპორტო საშუალებით სახ. ნომრით H------, ნ-----–--------------ე შეეჯახა სს ,,დ-------------------–-------------------------"-ში დაზღვეულ სსიპ ს-----------------------–----–ის კუთვნილ ,,რენო“-ს მარკის სატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით G------, სამართალდამრღვევ მძღოლად მიჩნეულია მოპასუხე ნ-----–--------------ე.

 

სს ,,დ-------------------–-------------------------"-მ სრულად შეასრულა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება და აუნაზღაურა დამზღვევს 832 ლარის ოდენობით ზიანი.

 

შპს ,,ავტოექსპერტიზის“ მიერ ზარალი შეფასდა 832 ლარად, იმავდროულად დადგინდა, რომ დაზიანებული ავტონაწილების ნარჩენმა ღირებულებამ შეადგინა 40 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნ-----–--------------ემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებისათვის მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია იმ ზიანთან შედარებით რომელიც რეალურად მიადგა ავტომანქანას, შესაბამისად, არასწორად მოხდა სადაზღვევო კომპანიის მიერ თანხის ანაზღაურება. ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით ნ-----–--------------ემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებისათვის გადაიხდის 100 ლარს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 28 თებერვალს სს ,,დ-------------------–-------------------------"-ს მიერ გაიცა სადაზღვევო პოლისი N-----------, რომლის საფუძველზეც დაზღვეული იქნა სსიპ ს-----------------------–----–ის კუთვნილ ,,რენო“-ს მარკის სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით G------. აღნიშნული სადაზღვევო პოლისის საფუძველზე, მოსარჩელემ იკისრა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაზღვევის პოლისი და დანართი N1;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2015 წლის 12 იანვარს ქ. თბილისში ც----------ის ქუჩაზე მ--–------------ის საკუთრებაში არსებული ,,დაიჰაცუ“-ს მარკის სატრანსპორტო საშუალებით სახ. ნომრით H------, ნ-----–--------------ე შეეჯახა სს ,,დ-------------------–-------------------------"-ში დაზღვეულ სსიპ ს-----------------------–----–ის კუთვნილ ,,რენო“-ს მარკის სატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით G------, სამართალდამრღვევ მძღოლად მიჩნეული იქნა მოპასუხე ნ-----–--------------ე. საჯარიმო ქვითარი მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა და გადახდილია დროულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.

- შემთხვევის ადგილის სქემა.

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

 

3.1.3. სსიპ ს-----------------------–----–ის კუთვნილ ,,რენო“-ს მარკის სატრანსპორტო საშუალებაზე სახელმწიფო ნომრით G------ მიყენებული ზარალი შპს ,,ავტოექსპერტიზის“ მიერ შეფასდა 832 ლარად, იმავდროულად დადგინდა, რომ დაზიანებული ავტონაწილების ნარჩენმა ღირებულებამ შეადგინა 40 ლარი. სს ,,დ-------------------–-------------------------"-მ სრულად შეასრულა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება და აუნაზღაურა დამზღვევს 832 ლარის ოდენობით ზიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 30.01.2015 წლის საგადასახადო დავალება N1254;

- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი N0076/15;

- შპს ,,ავტოექსპერტიზის“ 14.01.2015 წლის ხარჯთაღრიცხვის აქტი I001386;

- შპს ,,ავტოექსპერტიზის“ 23.07.2018 წლის საექსპერტო დასკვნა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. შპს ,,ავტოექსპერტიზი’’-ს 2015 წლის 14 იანვრის ხარჯთაღრიცხვის აქტითა და 2018 წლის 23 ივლისის საექსპერტო დასკვნით, 2015 წლის 12 იანვარს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სსიპ ს-----------------------–----–ის კუთვნილ ,,რენო“-ს მარკის სატრანსპორტო საშუალებისათვის (სახელმწიფო ნომრით G------) მიყენებული ზიანის (დაზიანებული დეტალების ჩამონათვალის და შესასრულებელი სამუშაოს ჯამი) ოდენობა შეადგენს 832 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შპს ,,ავტოექსპერტიზის“ 14.01.2015 წლის ხარჯთაღრიცხვის აქტი I001386;

- შპს ,,ავტოექსპერტიზის“ 23.07.2018 წლის საექსპერტო დასკვნა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 832-ე, 992-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: 1. ზიანი; 2. ასევე სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება - დადგენილია, რომ ნ-----–--------------ემ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია შეჯახება; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა მოპასუხის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, არ დაზიანდებოდა ავტომობილი და შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს არ მიადგებოდა ზიანი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხე ნ-----–--------------ის ნაწილში, ხოლო მ--–------------ის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ნ-----–--------------ის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულია, რომელიც წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან, ხოლო მ--–------------ეზე მხოლოდ რეგისტრირებულია ავტომანქანა, მაგრამ ის ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე არ ყოფილა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით) (იხ, სუსგ, 22 ივნისი, 2016 წელი, საქმე №ას-380-364-2016).

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოხდა მიყენებული ზიანის დამზღვევისათვის ანაზღაურება, რითაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გადავიდა მოსარჩელეზე, მზღვეველზე - სს ,,დ-------------------–-------------------------"-ზე. შესაბამისად მოპასუხე ნ-----–--------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 792 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე ნ-----–--------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-365-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,დ-------------------–-------------------------"- ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე ნ-----–--------------ეს სს ,,დ-------------------–-------------------------"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 792 ლარი;

 

3. სს ,,დ-------------------–-------------------------"- ს სარჩელი მ--–------------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს:

 

4. მოპასუხე ნ-----–--------------ეს სს ,,დ-------------------–-------------------------"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 50 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ, 21 ლარი საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოში გადახდილი საფასურის სანაცვლოდ და 60 ლარი ზიანის შეფასებისათვის გადახდილი თანხის სანაცვლოდ;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე