გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2/26647-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.02.2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი
მოსარჩელე სს თ--–---,წარმომადგენელი ზ---- ბ------,მოპასუხე გ--–- კ-–-----–---–-,დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ--–- კ-–-----–---–- დაევალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთის ს/კ. 0-.1-.1-.0--.1-- საზღვრებში, სს თ--–---- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიწის ნაკვეთის ს/კ. 0-.1-.1-.0--.0-- მომიჯნავედ, ჩამოჭრილი ფერდობის, სანებართვო პირობების დაცვით (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), ჩამოჭრილი ფერდის სიმაღლის დონეზე, რკინა-ბეტონის კონსტრუქციით გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ--–- კ-–-----–---–- წარმოადგენს მოპასუხე ნ--- ქ------- უფლებამონაცვლეს, რომელმაც სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი სასამართლოში არ წარმოადგინა. უფლებამონაცვლედ ცნობის შემდეგ, მოპასუხე გ--–- კ-–-----–---–-- სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს თ--–---- საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, მ-------ს დ-----–---, ნაკვეთის 6/1 ს/კ. 0-.1-.0--.0--, რ------------ის მიმდებარედ, სადაც განთავსებულია სს თ--–---- შენობა - ნაგებობები მათ შორის მაღალი ძაბვის ქვესადგური.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
საჯარო რეესტრის ამონაწერის ასლი ს. ფ. 17.
საკადასტრო გეგმის ასლი ს. ფ. 18.
მოსარჩელის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
შესაგებლის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შემოუტანლობის გამო არ მომხდარა მოპასუხის მხრიდან შედავება.
3.1.2. სს თ--–---- საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მოპასუხე ნ--- ქ------- უფლებამონაცვლე გ--–- კ-–-----–---–- და ამჟამად მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ს/კ. 0-.1-.1-.0--.1--. გ--–- კ-–-----–---–- რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ 15.06.2018 წლიდან, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
საჯარო რეესტრის ამონაწერის ასლი ს. ფ. 226-227.
მოსარჩელის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
შესაგებლის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შემოუტანლობის გამო არ მომხდარა მოპასუხის მხრიდან შედავება.
3.1.3. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #0-------- დასკვნით ქ. თბილისში, მ-------ს დ-----–---ში, სს თ--–---- კუთვნილებაში არსებული შენობის მარჯვენა ტორსული კედლის და ფერდობის დახრილობის მხარეს, ინდივიდუალური შენობების მშენებლობის გამო ფერდობი ჩამოჭრილია ვერტიკალურად, ყოველგვარი გამაგრების გარეშე (მარჯვენა ტორსული კედლის მხარეს ვერტიკალურად ჩამოჭრილ ფერდთან ალაგია საბურავები), რის გამოც მთლიანობაში ფერდობის მდგრადობა გაუარესებულია და საფრთხეს უქმნის როგორც სს თ--–---- კუთვნილებაში არსებულ შენობას, ასევე მშენებარე ინდივიდუალურ შენობებს, მითუმეტეს, რომ ძირითადი ქანები ძლიერ გამოფიტულია (იშლება ხელის შეხებით) და ზოგიერთ ადგილზე ქანების განლაგებას აქვს კატაკლინური ხასიათი.
თბილისში, მ-------ს დ-----–---ში სს თ--–---- კუთვნილებაში არსებული შენობის და მიმდებარე ტერიტორიის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მიწისძვრის ან ხანგრძლივი ინტენსიური ატმოსფერული ნალექების შემთხვევაში, შესაძლებელია მეწყერული პროცესების განვითარება, რასაც შესაძლოა მოჰყვეს გამოუსწორებელი შედეგები.
ფერდების დაზიანების მიზეზების და მისი შემდგომი უსაფრთხოების დასადგენად, აუცილებელია მიმდებარე ტერიტორიის ტოპო-გეოდეზიური და საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევების ჩატარება. მიღებული შედეგების მიხედვით, პროექტირების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ფერდობის მდგრადობის განსაზღვრა და ოპტიმალური მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების დამუშავება.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ექსპერტიზის დასკვნის ასლი ს. ფ. 29-60.
მოსარჩელის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
შესაგებლის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შემოუტანლობის გამო არ მომხდარა მოპასუხის მხრიდან შედავება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 174-ე, 175-ე, 177-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4-ე, 92-ე, 102-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე ნ--- ქ------- სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია, ამიტომაც სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ნ--- ქ------- უფლებამონაცვლე პირისთვის - მოპასუხე გ--–- კ-–-----–---–-- მიმართ მოთხოვნის ნაწილში დამტკიცებულად ითვლება შეუდავებლობის გამო.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრების უფლება მოიცავს პირის ყველა უფლებას, რომ ნამდვილმა მესაკუთრემ, თავისი სურვილით, თავისუფლად ისარგებლოს და ნებისმიერი ფორმით განკარგოს იგი. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს. სარგებლობის უფლება თავის თავში მოიცავს მესაკუთრის უფლებას არ ისარგებლოს მისით. დაუშვებელია პირს ფორმალურად ჰქონდეს საკუთრების უფლება და ფაქტობრივად ვერ სარგებლობდეს საკუთრებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.2-ე მუხლის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებული არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებული სამეზობლო ურთიერთპატივისცემის ვალდებულება გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ვალდებულებას, პატივი სცენ სხვის საკუთრებასა და სხვა სამოქალაქო უფლებებს. აღნიშნული ნორმა ავალდებულებს მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს თავისი უფლებები გამოიყენოს ისე, რომ ამით ზიანი არ მიაყენოს სხვათა უფლებებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლით კი დაშვებულია მეზობელი უძრავი ქონებიდან მომდინარე ზემოქმედების არსებობა, თუმცა აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ კანონით დასაშვებ ფარგლებში, ვინაიდან ამ ზემოქმედებათა თმენა სამეზობლო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც გულისხმობს მეზობელთა ურთიერთპატივისცემის მოვალეობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს მეზობელი ნაკვეთიდან შენობის ჩამოქცევის საფრთხე ემუქრება, მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს აუცილებელ ღონისძიებათა გატარება ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 177-ე მუხლი წარმოადგენს საკუთრების წინასწარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლებას და განსახილველ შემთხვევაში ასევე მოთხოვნის დამფუძნებელ სამართლის იმ ნორმას, რომელსაც სასარჩელო მოთხოვნა ემყარება. მოცემული ნორმა ეფუძნება მოსაზრებას, რომ სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლის შემადგენლობა შენობის მოსალოდნელი ჩამოქცევის შემთხვევაში არ არის მოცემული, რადგან 177-ე მუხლი მოიცავს არა ნაგებობის არსებობით გამოწვეულ ხელშეშლას, არამედ ბუნების კანონით გათვალისწინებულ შემთხვევას. ზოგადად, შენობის ჩამოქცევა შესაძლებელია, არა მხოლოდ ბუნების კანონებიდან გამომდინარეობდეს, არამედ შენობის მდგრადობის სიმცირის შედეგად იყოს გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ასევე სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლი.
იმისათვის რომ გამოყენებულ იქნეს ზემოაღნიშნული ნორმა სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ნორმის მიხედვით მიწის ნაკვეთს უნდა ემუქრებოდეს მეზობელი ნაკვეთიდან შენობის ჩამოქცევის საფრთხე. მოთხოვნის უფლება შეეხება მხოლოდ მეზობელი ნაკვეთიდან მომდინარე საფრთხეებს. მეზობელი ნაკვეთი ამ მუხლის გაგებით არის არა უშუალოდ მოსაზღვრე ნაკვეთი, არამედ ყველა ის ნაკვეთი, რომლებზეც, ობიექტური გარემოებების საფუძველზე საფრთხის განხორციელების დიდი ალბათობა არსებობს.
საფრთხე უნდა მოდიოდეს უკვე არსებული შენობის ფაქტობრივი მდგომარეობიდან. ამ გარემოების გამომწვევ მიზეზს არა აქვს მნიშვნელობა. ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არის შენობის მესაკუთრის ბრალეულობა და როგორც წესი, არა აქვს მნიშვნელობა იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიტანა წვლილი მესაკუთრის ბრალეულმა ქმედებამ შენობის ჩამოქცევის საფრთხის წარმოებაში. შენობის ფაქტობრივი მდგომარეობა შესაძლებელია საფრთხის წარმოშობის ერთადერთი გარემოება არც იყოს. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა ასევე იმ შემთხვევაში, თუ ბუნების ძალების ზემოქმედებით შენობის ჩამოქცევის საფრთხე განსაკუთრებულად იზრდება. მოთხოვნის უფლება მიმართულია საფრთხის თავიდან ასაცილებლად შენობის მესაკუთრის მიერ აუცილებელ ღონიძიებათა გატარებისკენ. კონკრეტულ შემთხვევებში ასეთი ღონისძიებები შეიძლება იყოს: შენობის გამაგრებითი სამუშაოების განხორციელება, ან შენობის მთლიანად ან მხოლოდ ნაწილის დანგრევა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო განმარტავს: მოთხოვნის მფლობელმა უნდა დაამტკიცოს, რომ მეზობელ ნაკვეთზე აღმართული შენობის ჩამოქცევის საფრთხე არსებობს. ასევე, მან უნდა დაამტკიცოს, რომ შენობის მესაკუთრეს არ განუხორცილებია საფრთხის თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 177-ე მუხლი არ უნდა იქნეს განმარტებულ მხოლოდ ისე, რომელ მხოლოდ მესაკუთრეს რომელსაც ემუქრება მეზობელი მიწის ნაკვეთიდან შენობის ჩამოქცევის საფრთხე უფლებამოსილია მეზობელს მოსთხოვოს საფრთხის აღკვეთა, არამედ განმარტებულ უნდა იქნეს იმდაგვარად, რომ იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრესაც, რომელზეც აღმართული შენობის ჩამოქცევის საფრთხე არსებობს უფლებამოსილია მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს მისი მიწის ნაკვეთზე ქმედების განხორცილება საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თუ მისი შენობის ჩამოქცევის საფრთხე წარმოიშვა მეზობელი უძრავის ქონებაზე არამრთლზომიერი ზემოქმედების შედეგად და აღნიშნული საფრთხის აღმოფხვრა შესაძლებელია მეზობელი უძრავი ქონების მესაკუთრის მიერ ქმედითი ღონისძიებების მიღების შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ სასამართლოში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დაადასტურა, მის უძრავ ქონებაზე აღმართული შენობის ჩამოქცევის საფრთხის არსებობს, რაც გამოწვეულია არა მისი მოუვლელობით ან სიძველით, არამედ მოპასუხის უძრავი ქონებაზე განხორციელებული ზემოქმედების შედეგად კერძოდ: ეროზიული კლდის ჩამოჭრით, რის გამოც დაიძრა მოსარჩელის უძრავ ქონებაზე აღმართული შენობა - ნაგებობა, რითაც საფრთხე ექმნება, როგორც მოსარჩელის საკუთრებას, ასევე მოპასუხის საკუთრებას თუ მოხდება მოსარჩელის შენობა - ნაგებობის ჩამოქცევა, რისი აცილებაც შეიძოება მოსარჩელის საკუთრებაში შემავალ პერიმეტრზე განლაგებული ეროზიული კლდის რკინა - ბეტონის კონსტრუქციის აღმართვის გზით, რა დროსაც შეჩერებული იქნება კლდის ეროზიული ქანების ჩამოშლა, კლდის ქანები, რომ ეროზიული და ჩამოედინება ამას გარდა მოსარჩელის ახსნა - განმარტებისა ისიც ადასტურებს, რომ ჩამოჭრილი ფერდის მთელს პერიმეტრზე საქმეში წარმოდგენელი ფოტოების მიხედვით, ჩალაგებულია საბურავები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ კლდის ფერდის სიმყარეს. რაც შეეხება იმ საკითხს ბრალი მიუძღვის თუ არა მოპასუხეს ფერდის ჩამოჭრაში, ვინაიდან მის მიერ უძრავი ქონების ყიდვის დროს ფერდი უკვე ჩამოჭრილი იყო არ აქვს არსებითი მნიშვნელობა დავის გადაწყვეტისათვის, ვინაიდა იგი წარმოადგენს ამ ეტაპზე უძრავი ქონების მესაკუთრეს, შესაბამისად მის უძრავ ქონებიდან მასზე განხორცილებული ზემოქმედების შედგად ირღვევა მოსარჩელის როგორც მეზობელი მიწის ნაკვეთი მესაკუთრის უფლებები. ასევე იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, ხოლო სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ მოპასუხე ნ--- ქ------- უფლებამონაცვლე გ--–- კ-–-----–---–-- მიმართ მოთხოვნის ნაწილში სახელმწიფო ბაჟი არ იქნა გადახდილი, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 120 ლარის გადახდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41.1 მუხლის "კ" პუნქტის გათვალისწინებით. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს გაწეული აქვს სასამართლოს გარეშე ხარჯი, კერძოდ ექსპერტიზის დასკვნის ღირებულების სახით გადახდილი აქვს 1000 ლარი. ამასთან, იმის გათვალისწინებით რომ ექსპერტის მიერ შეფასებული იქნა 5 მიწის ნაკვეთი და აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა გამოყენებულ იქნა ხუთივე საქმეში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საპროცესო ხარჯის სახით ექსპერტიზისათვის გაწეული ხარჯის 1/5 ნაწილი 200 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე სს თ--–---- სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე გ--–- კ-–-----–---–- დაევალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთის ს/კ. 0-.1-.1-.0--.1-- საზღვრებში, სს თ--–---- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიწის ნაკვეთის ს/კ. 0-.1-.1-.0--.0-- მომიჯნავედ, ჩამოჭრილი ფერდობის, სანებართვო პირობების დაცვით (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), ჩამოჭრილი ფერდის სიმაღლის დონეზე, რკინა-ბეტონის კონსტრუქციით გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება.
2. მოპასუხე გ--–- კ-–-----–---–- დაეკისროს მოსარჩელე სს თ--–---- სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის ნაწილის 200 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე გ--–- კ-–-----–---–- დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 120 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი