გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210018002755081
2-1280-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
1 მარტი, 2019 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე - კ----------------ძე
წარმომადგენელი - მ--------ძე
მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------------------------------------------------''
წარმომადგენლები - ო-–---------–-------------------ძე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეს დაეკისროს კ----------------ძის სასარგებლოდ 32004 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, სადაც მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 4 მაისის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება ძირითადად გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით. მისი შემდგომი ხანგრძლივი ექსლუატაციისათვის საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება; მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანია 32004 ლარი - ინდივიდუალური მეწარმე ზვიად გოგოლაძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა.
2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' სარჩელს არ ცნობს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მოსარჩელის სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით: - მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული ხარჯები არ გამომდინარეობს ექსპერტიზის დასკვნიდან. მას საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე უძრავ ნივთზე - 542 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე საკადასტრო კოდით 6----------- (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ.17-18);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის კუთვნილი სახლი დაზიანებულია და ის გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით.
მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.19-38), რომლის თანახმად, სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია, დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია სოფელ ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით და ნაწილობრივ - უხარისხოდ განხორციელებული მიშენებით. შემდგომი ხანგრძლივი ექსლუატაციისათვის საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება;
მოპასუხე მხარემ, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" და შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნები. ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად;
3.2.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა შეადგინა 32004 ლარი და 22 თეთრი;
მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახლზე არსებული დაზიანებების მხოლოდ ნაწილი - 25 პროცენტია გამოწვეული, სავარაუდოდ, სეისმური მოვლენების შედეგად, რაც 8 000 ლარია;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ვინაიდან, მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში არის ნაწილობრივი, შესაბამისად, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული ზიანის ოდენობა სრულად მოპასუხე მხარეს არ უნდა გადახდეს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ 20 000 ლარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მიზეზით; საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 32004 ლარი 22 თეთრი, ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია, ძირითადად, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, ასევე - ნაწილობრივ, - უხარისხოდ განხორციელებული მიშენებით, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით; ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, სარჩელში აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები II-III (საშუალო მნიშვნელოვნიდან მძიმემდე დაზიანება) ხარისხისაა და მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით. შენობის კედლებზე არსებული ბზარები ძირითადად გამოწვეულია სოფელ ქვიშხეთში საქართველოს რკინიგზის N9 გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმჯოქმნილი დინამიური დატვირთვებით, რამეთუ სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორები, რომლებიც შენობაზე ბზარების ქაოტურ განვითარებას გამოიწვევდა, სოფელ ქვიშხეთის ტერიტორიაზე არ შეინიშნება, ასევე, ნაწილობრივ, - უხარისხოდ განხორციელებული მიშენებით; მოპასუხემ, ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" და შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნები. ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად; მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა შეადგინა 32004 ლარი და 22 თეთრი; მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახლზე არსებული დაზიანებების მხოლოდ ნაწილი - 25 პროცენტია გამოწვეული, სავარაუდოდ, სეისმური მოვლენების შედეგად, რაც 8 000 ლარია; ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, კ----------------ძის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს. მის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი და შესაბამისად, სახლის დაზიანებები არ არის გამოწვეული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად; მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, როგორც მასშია აღნიშნული, შედგენილია სამთო-სამონტაჟო-აფეთქებადი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია ,,ექსორიქსის" 2017 წლის ივლისში შედგენილ დასკვნის ანგარიშებზე დაყრდნობით. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 4 მაისის დასკვნა შედგენილია უძრავი ნივთის ვიზუალური შესწავლის შედეგად, მიუთითებს სახლის დაზიანების მიზეზებზე და გამორიცხავს დაზიანების მაპროვიცირებელ სხვა მიზეზს; აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზების და ექსპლუატაციისათვის აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების საჭიროების შესახებ, - მიუთითებს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნიდან ჩანს, რომ ექსპერტიზა ჩატარდა კ----------------ძის სახლის დაზიანებების შესწავლის, მათი წარმოშობის მიზეზების და შესაძლო სეისმური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრის მიზნით. შინაარსის მიხედვით, ამ დასკვნით რევიზია გაუკეთდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, შენობაზე ბზარების ნაწილის წარმოქმნა მოსალოდნელი იყო მშენებლობის ნორმების დარღვევის გამო, სხვა ბზარები ნაწილობრივ უხარისხოდ განხორციელებული მიშენებით არის გამოწვეული და ნაწილობრივ, შესაძლებელია, გამოწვეული იყოს სეისმური მოვლენების შედეგად, თუმცა, ზუსტად მითითება თუ რომელ სეისმურ მოვლენას შეეძლო გამოეწვია დაზიანება, დადგენა შეუძლებელია; ამდენად, ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნა მიუთითებს უძრავი ნივთის დაზიანების სავარაუდო მიზეზზე და ზუსტად არ ასახავს მოსარჩელის სახლის ექსპლუატაციისათვის საჭირო აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების აღწერას; სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის, დასკვნას, რომლის თანახმად, სახლზე არსებული დაზიანებები, ძირითადად, მოპასუხის მიერ წარმოებული აეთქებითი სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით არის გამოწვეული, მასში აღწერილ დაზიანებებს ადარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით ჩასატარებელ სამუშაოებს, მიაჩნია, რომ აღწერილი დაზიანებების ნაწილია გამოწვეული მოპასუხის ბრალით, შესაბამისად, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებული სამუშაოების ნაწილია შესასრულებელი მოსარჩელის სახლის აღდგენა- გაძლიერებისათვის; ამდენად, დადგენილია, რა რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია, საჭიროებს აღდგენა-გაძლიერებით სამუშაოებს, დაზიანება გამოწვეულია, ძირითადად, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, სასამართლოს მიაჩნია, მოპასუხეს ეკისრება პასუხისმგებლობა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანისათვის. ამასთან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ს'' მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 20 000 (ოცი ათასი) ლარის გადახდა;
მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას იმ საფუძვლებზე მითითებით, რომ მოპასუხის სახლის დაზიანებები პროგრესირებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება, რადგან მოპასუხე, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, ამ ტიპის საქმეებზე, როგორც წესი, სააპელაციო და საკასაციო წესით ასაჩივრებს, მოპასუხე სხვა ქვეყნის საწარმოა და საქართველოში საქმიანობას ასრულებს. ასეთი გარემოებების არსებობისას კი, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება ან, საერთოდ, შეუძლებელი გახდება. წარმოადგინა ცნობა იმის შესახებ, რომ მოპასუხესა და სს ,,საქართველოს რკინიგზას" შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთის დასრულების ვადაა 2019 წლის ნოემბერი;
მოპასუხე არ ეთანხმება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მოთხოვნას, - მიუთითებს, რომ ასეთ შემთხვევაში აზრს დაკარგავს გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუ სასამართლო გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცემს, ასეთ შემთხვევაში, დაავალდებულოს მოსარჩელე უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება - დეპოზიტზე განათავსოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებით მიღებული თანხა; სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მოთხოვნის შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, - გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცეს მოსარჩელის სასარგებლოდ 8 000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, შემდეგი გარემოებების გამო: ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კ----------------ძის სახლის დაზიანება მე-2-მე-3 (საშუალო მნიშვნელოვნიდან მძიმემდე დაზიანება) ხარისხისაა. მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია, ასეთი გარემოების არსებობისას, გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მოსარჩელეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. არ არსებობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის გამომრიცხავი გარემოებები. ასევე, სასამართლო ითვალისწინებს დავის ფაქტობრივ გარემოებებს, - თვითონ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, სეისმური მოვლენების გამო მოსარჩელის სახლის დაზიანების შედეგად გამოწვეული ზიანის საორიენტაციო ღირებულებად მითითებულია 8 000 ლარი, მიაჩნია, გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფის მოთხოვნის აუცილებლობა არ არსებობს; 7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოსარჩელეს გადახდილი აქვს: სახელმწიფო ბაჟი - 961 ლარი (ს.ფ.58), ექსპერტიზის ხარჯი - 500 ლარი (ს.ფ.55); საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის - 700 ლარი (ს.ფ.56); წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 300 ლარი (ს.ფ.57); ხარჯების განაწილებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის 32004 ლარის დაკისრებას. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ს'' მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 (ოცი ათასი) ლარის (მოთხოვნილის 62.492%) გადახდა. შესაბამისად, მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ს'' მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პროცესის ხარჯები: - სახელმწიფო ბაჟის თანხა - 600 ლარი, ასევე - ექსპერტიზის ხარჯის 500 ლარის ნაწილი - 300 ლარი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯის 700 ლარის ნაწილი - 430 ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 300 ლარი (ს.ფ.57);
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლბით და
გადაწყვიტა:
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ს'' კ----------------ძის სასარგებლოდ გადახდეს 20 000 (ოცი ათასი) ლარი;
2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ს'' კ----------------ძის სასარგებლოდ გადახდეს მის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 600 (ექვსასი) ლარი, ექსპერტიზის ჩატარების ხარჯის ნაწილი - 300 (სამასი) ლარი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯის ნაწილი - 430 (ოთხას ოცდაათი) ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 300 (სამასი) ლარი;
3. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------სათვის" კ----------------ძის სასარგებლოდ 8 000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში;
4. გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება შეიძლება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში - ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, ვალდებულია გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი