გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,მ--–----ი"
წარმომადგენლები - გ--------–--ე, დ--------–----ე
მოპასუხე - ლ-–----------ე
წარმომადგენელი - თ------------------–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ლ-–----------ეს მოსარჩელე შპს „მ--–----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 5047 ლარის გადახდა.
სარჩელი შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ლ-–----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ. განაჩენით დგინდება, რომ მან 2012 წლის თებერვლიდან იმავე წლის სექტემბრამდე პერიოდში, შპს „მ--–----ში“ დისტრიბუტორის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საქონლის რეალიზაციის შედეგად მართლზომიერ გამგებლობაში მყოფი ფული - 5047 ლარი, რითაც მოსარჩელეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ გამორიცხა მოთხოვნის დაკმაყოფილება, და განმარტა, რომ გამოძიების დროს მოსარჩელის მხრიდან არ მომხდარა ფინანსური დოკუმენტაციის სრულად წარდგენა და მათში არ ასახულა 2012 წლის 23 სექტემბრის რიცხვში დაბრუნებული საქონლის ღირებულება - 1221,01 ლარი, ასევე მოსარჩელისთვის გადარიცხული 500 ლარი. გარდა ამისა, თავად მოსარჩელეს ჰქონდა მისთვის ასანაზღაურებელი ხელფასი, რაც 6 თვის მანძილზე არ გადაუხდია და დარჩენილი თანხა სწორედ გაუცემელ ხელფასს წარმოადგენდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2018 წლის 1 მარტის განაჩენით, ლ-–----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლებების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვას, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა, რამაც გამოწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
განაჩენის მიღებას წინ უძღოდა საქართველოს მთავარ პროკურატურის პროკურორსა და ლ-–----------ეს შორის 2018 წლის 1 მარტს დადებული საპროცესო შეთანხმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.03.2018 წლის განაჩენი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ-–----------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად შპს „მ--–----ისთვის“ მიყენებული ზიანი შეადგენს 5047 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი.
თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
მოსარჩელის მიერ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების დასადასტურებლად წარმოდგენილია კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლის თანახმად, დადგენილია, რომ 2012 წლის თებერვლიდან იმავე წლის სექტემბრამდე პერიოდში, შპს „მ--–----ის“ დისტრიბუტორმა ლ-–----------ემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ამავე საზოგადოების კუთვნილი, საქონლის რეალიზაციის შედეგად მის მართლზომიერ გამგებლობაში მყოფი ფულადი თანხა - 5047 ლარი.
სისხლის სამართლის საქმის საგამოძიებო ორგანოებში განხილვისას საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდა შპს „მ--–----ში“ ლ-–----------ის დანაკლისის ოდენობის დადგენა, რამაც შეადგინა 5047 ლარი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ აღნიშნულ თანხას უნდა გამოკლებოდა 2012 წლის 15 აგვისტოს შემოსავლის ორდერში ასახული 500 ლარი, ასევე 2012 წლის 23 სექტემბერს დაბრუნებული პროდუქციის ღირებულება. შემოსავლის ორდერით არ დგინდება, რომ თანხის მიმღები არის მოსარჩელე, სასამართლო სხდომაზე არც მოწმის სახით დაკითხულმა გ--------–--ემ (რომელიც არის შპს „მ--–----ის“ 25% წილის მფლობელი პარტნიორი) დაადასტურა ამ თანხის განაჩენში მითითებულ დავალიანებასთან კავშირი. ასევე ვერც დაბრუნებული პროდუქციის ღირებულება იქონიებს გავლენას ზიანის ოდენობაზე, ვინაიდან მოპასუხე ვერ ადასტურებს, რომ საგამოძიებო სამსახურების ექსპერტების მიერ არ მომხდარა ზიანის ოდენობის დაანგარიშებისას ამ თანხის გათვალისწინება, მით უფრო, როცა აღნიშნული დოკუმენტი გამოთხოვილი იქნა სისხლის სამართლის საქმიდან.
რაც შეეხება ზიანის თანხაში ასანაზღაურებელი ხელფასის დავალიანების გაქვითვას, ხელფასის მიღება/არმიღების საკითხი კონკრეტული დავის საგანი არ ყოფილა, მოპასუხეს ამ კუთხით მოთხოვნა არც შეგებებული სარჩელის აღძვრის ფორმით არ დაუდგენია და არც საქმის მასალებით დასტურდება, ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე რაიმე ვალდებულება შესასრულებელი.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენი არის კანონიერ ძალაში, მიღებული საპროცესო შეთანხმების დროს, რა დროსაც ბრალდებულის მიერ ხდება ბრალის აღიარება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ შპს „მ--–----ის“ სარჩელი უნდა დაკამყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე, 409-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამ ნორმის შესაბამისად, მოპასუხეს, რომ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ძირითადი პირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება, რაც გამოიხატება მისი კუთვნილი ნივთის დაუფლებაში, გამოწვეულია მოპასუხე ლ-–----------ის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედების შედეგად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესასრულებლად შპს „მ--–----ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს ლ-–----------ისგან 5047 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისაგან. რადგან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 151,41 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,მ--–----ი"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ლ-–----------ეს შპს ,,მ--–----ი"- ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 5047 ლარის გადახდა.
3. ლ-–----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 151.41 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე