გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.03.2019
საქმის ნომერი
330210118002610254
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
01.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/25469-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

7 თებერვალი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - მ----ა ჩ------–---–ი, მ-----– ჩ------–---–ი, რ--------- ჩ------–---–ი, ჯ---ი ჩ------–---–ი

წარმომადგენელი - თ-----------------–---–ი

მოპასუხე - ვ------------–---–ი

წარმომადგენელი - რ--------–-–---–ი

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ნოტარიუს ი------------ის მიერ 2018 წლის 26 ივნისს გაცემულ N1-------- სააღსრულებო ფურცელში შევიდეს ცვლილება სესხის ძირი თანხის 17 000 აშშ დოლარის ნაწილში და მოსარჩელეთა ვალდებულება სესხის ძირი თანხის ნაწილში განისაზღვროს 10 000 აშშ დოლარით.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

2016 წლის 19 აპრილს, მ----ა ჩ------–---–ს, მ-----– ჩ------–---–ს, რ--------- ჩ------–---–ს, ჯ---ი ჩ------–---–სა და რ---------------ეს (როგორც ვ------------–---–ის წარმომადგენელი) შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელეებს სესხად გადაეცათ 17 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, ყოველთვიური 2.5 % სარგებლის დარიცხვით და გადახდით. (სანოტარო აქტი დამოწმებული ნოტარიუს ი------------ის მიერ რ/რ N16------5), სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, დ--------------------------–ი, კორპუსი N 9, ბ N 22, საკადასტრო კოდით N01.1-.0-.0--.0--.01.0--.

 

2018 წლის 7 აგვისტოს, მოსარჩელეებს ჩაბარდათ აღმასრულებელ ბერ--------–-----ს წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ Nა1--------------, საიდანაც ირკვევა, რომ 2018 წლის 26 ივნისს რ---------------ეს (როგორც ვ------------–---–ის წარმომადგენელი) მიუმართავს ნოტარიუს ი------------ისთვის და მიუღია სააღსრულებო ფურცელი N1--------, ხოლო სააღსრულებო ფურცელში კრედიტორის სასარგებლოდ გადასახდელი თანხა შეადგენს სესხის ძირითადი თანხა 17 000 აშშ დოლარი და 2017 წლის 19 სექტემბრიდან პირგასამტეხლო 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდის, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 21 861 აშშ დოლარი.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2016 წლიდან - 2018 წლის ივლისის ჩათვლით მოსარჩელეებს სრულად აქვთ გადახდილი ყოველთვიური პროცენტი, უფრო მეტიც გადახდილი აქვთ ძირითადი თანხის თითქმის ნახევარი. აღსანიშნავია ის გარემოება, ასევე პროცენტის თანხის მიღების ფაქტი დადასტურებული აქვს კრედიტორს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბოლო გვერდზე, ასევე ნაწილი თანხები მიღებული აქვს საბანკო გადარიცხვის გზით, რაც ჯამში შეადგენს 7 000 აშშ დოლარს. კრედიტორი მოვალეებს ედავება უკვე მიღებულ თანხას განმეორებით მაშინ როდესაც მას მხოლოდ 10 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება გააჩნია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ სააღსრულებო ფურცლის მიხედვით სესხის ძირითადი თანხაა 17 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2017 წლის 19 სექტემბრიდან - 2018 წლის 26 ივნისის მდგომარეობით ( არის 279 დღე), ხოლო პირგასამტეხლო ყოველდღიური 0.1 % - 17 აშშ დოლარი. 279 დღგ - 17 აშშ დოლარზე = 4 743 აშშ დოლარი.

 

სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ წარმოდგენილი ქვითრებით თანხის გადარიცხვა დგინდება რ---------------ისათვის, რომელსაც ჰქონდა პირადი ურთიერთობები მოსარჩელე მხარესთან და ვ------------–---–ს არანაირი თანხა მიუღია მოვალეებისაგან. ამასთან, დამატებით განმარტა, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაადგენდა აღნიშნული თანხის გადახდებს მიჩნეულიყო პირგასამტეხლოს სახით გადახდილ თანხებად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 19 აპრილს მ----ა ჩ------–---–ს, მ-----– ჩ------–---–ს, რ--------- ჩ------–---–ს, ჯ---ი ჩ------–---–სა და რ---------------ეს (როგორც ვ------------–---–ის წარმომადგენელი) შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელეებს სესხად გადაეცათ 17 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, ყოველთვიური 2.5 % სარგებლის გადახდის პირობით. (სანოტარო აქტი დამოწმებული ნოტარიუს ი------------ის მიერ რ/რ N16------5), სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, დ--------------------------–ი, კორპუსი N 9, ბ N 22, საკადასტრო კოდით N01.1-.0-.0--.0--.01.0--.

 

ხელშეკრულების 19-ე მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მსესხებლის მიერ ვალდებულება არ შესრულდებოდა დადგენილ ვადაში, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო იძულებითი აღსრულების განხორციელების მიზნით, მიემართა ნოტარიუსისათვის და მიეღო სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-23);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 47-48);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მოსარჩელეებმა ვერ შეასრულეს 2016 წლის 19 აპრილს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვ------------–---–ის მიმართ. კერძოდ, სესხად მიღებული თანხა არ იქნა დაბრუნებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტება;

- სააღსრულებო ფურცელი (ს. ფ. 24 – 27);

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 28-32);

 

3.1.3. 2018 წლის 26 ივნისს, ნოტარიუს ი------------ის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია ვ------------–---–ი, ხოლო მოვალეები - რ--------- ჩ------–---–ი, მ-----– ჩ------–---–ი, მ----ა ჩ------–---–ი, ჯ---ი ჩ------–---–ი. სააღსრულებო ვალდებულებათა მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 17 000 აშშ დოლარის ოდენობით, პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯი 128.49 ლარი. აღსრულება მიექცა, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სააღსრულებო ფურცელი (ს. ფ. 24 - 27);

 

3.1.4. 2016 წლის 19 აპრილის სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მოვალეთა მიერ სრულად არის გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გადახდის ქვითრები (ს.ფ. 31-34);

- სააღსრულებო ფურცელი (ს. ფ. 24 - 27);

- მხარეთა განმარტებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ მოსარჩელეებმა კრედიტორის წარმომადგენელს, რ---------------ეს 2016 – 2018 წლებში საბანკო გადარიცხვებით გადაუხადეს საერთო ჯამში 6 425 აშშ დოლარი.

 

3.2.2. რ---------------ე წარმოადგენს ვ------------–---–ის წარმომადგენელ პირს 2016 წლის 19 აპრილის ხელშეკრულებასა და მასთან დაკავშირებით მიმდინარე სააღსრულებო საქმის წარმოების მასალებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გადახდის ქვითრები (ს.ფ. 33-45);

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-23);

- მხარეთა წერილობით და ზეპირი ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 361-ე, 373-ე, 302-ე, 374-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 2016 წლის 19 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ქვეპუნქტის მიხედვით კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 19 აპრილს ერთის მხრივ მ----ა ჩ------–---–ს, მ-----– ჩ------–---–ს, რ--------- ჩ------–---–ს, ჯ---ი ჩ------–---–ს და მეორეს მხრივ რ---------------ეს (როგორც ვ------------–---–ის წარმომადგენელი) შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელეებს სესხად გადაეცათ 17 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, ყოველთვიური 2.5 % სარგებლის გადახდის პირობით. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გამსესხებელს არ დაუბრუნეს სესხად მიღებული თანხა.

 

2018 წლის 26 ივნისს, ნოტარიუს ი------------ის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალეთა (მოსარჩელეთა) სააღსრულებო ვალდებულების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში განისაზღვრა 17 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯი 128.49 ლარი. აღსრულება მიექცა, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

 

მოსარჩელეები სესხის ძირი თანხის შემცირების მოთხოვნას ამყარებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მათ ვ------------–---–ისათვის გადახდილი აქვთ გარკვეული თანხა, რაც არ იქნა გათვალისწინებული სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროს. თანხის გადახდის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს რ---------------ის სახელზე საბანკო გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა მოპასუხის განმარტებით რ---------------ე არ წარმოადგენდა სესხის მიღებაზე უფლებამოსილ პირს და მას მოსარჩელეებთან ჰქონდა სხვა სამართლებრივი ურთიერთობა. ვ------------–---–ს კი აღნიშნული თანხა არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მსჯელობის საგანია უნდა ჩაითვალოს თუ არა რ---------------ის სახელზე თანხის გადახდა ვ------------–---–ის მიმართ ვალდებულების შესრულების ანგარიშში.

 

როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომრეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში. (სუს №ას-570-541-2015, 11 ნოემბერი)

 

სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 19.0-.2016 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებულია მოსარჩელეებს და მოპასუხე ვ------------–---–ის წარმომადგენელს რ---------------ეს შორის. ხელშეკრულების 2-ე პუნქტში აღნიშნულია, რომ სესხის სარგებელი, ერთი თვის, გადაეცა იპოთეკარს/წარმომადგენელს წინამდებარე ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე. რ---------------ემ, როგორც ვ------------–---–ის წარმომადგენელმა, მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა 19.0-.2016 წლის სეხხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სააღსრულებო ფურცლის გაცემა. ვ------------–---–ის წარმომადგენლად ის სააღსრულებო ფურცელშიც არის დაფიქსირებული. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე რ---------------ის მიერ თანხის მიღების უფლებამოსილებაზე. შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა ვ------------–---–ისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ფაქტი.

 

აღნიშნულის საპირიასპიროდ, მოპასუხემ ვერ დაადასტურა რ---------------ესა და მოსარჩელეებს შორის სხვა სახის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა და ამ ურთიერთობის ფარგლებში რ---------------ისათვის თანხის გადახდის მოსარჩელეთა ვალდებულება. ასევე დადასტურებული არ არის სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების ფაქტიც.

 

მხარეთა შორის სადავო არ არის სესხის სარგებლის მირების ფაქტი. სააღსრულებო ფურცლით კრედიტორი მოითხოვს სესხის ძირი თანხის 17 000 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს გადახდას.

 

სამოქალაქო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, თუ რამდენიმე ვალდებულებიდან უნდა შესრულდეს ერთ-ერთი (ალტერნატიული ვალდებულებანი), არჩევის უფლება აქვს მოვალეს, თუკი ხელშეკრულებიდან, კანონიდან ან ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულების ვადა გაგრძელებული არ არის. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ქვითრებზე გადახდის დანიშნულება არ არის მითითებული. მოსარჩელის განმარტებით ის პერიოდული გადახდებით ასრულებდა სესხის ძირი თანხის გადახდის ვალდებულებას, რასაც ზემოაღნიშნული მსჯელობის გამო სასამართლოც ეთანხმება.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეთა მიერ ხელშეკრულების ვადის გასვლის, შემდეგ კრედიტორისათვის გადახდილია 6 425 აშშ დოლარი, რაც უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითადი თანხის დაფარვის მიზნით გადახდილად. შესაბამისად, სესხის ძირი თანხა 17 000 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 6425 აშშ დოლარით და განისაზღვროს 10 575 აშშ დოლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელეს სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 590.79 ლარი.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 6 425 აშშ დოლარის ნაწილში, რაც შეადგენს მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის 91%-ს. შესაბამისი პროპორციით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 537.6 ლარის ანაზრაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ არ არსებობს მოცემულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ----ა ჩ------–---–ის, მ-----– ჩ------–---–ის, რ--------- ჩ------–---–ის და ჯ---ი ჩ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ცვლილება შევიდეს 2016 წლის 26 ივნისს ნოტარიუს ი------------ის მიერ გაცემულ N 1-------- სააღსრულებო ფურცელში სესხის ძირითადი თანხის ნაწილში და სესხის ძირითადი თანხის ოდენობა განისაზღვროს 10 575 აშშ დოლარით;

3. ვ------------–---–ს, მ----ა ჩ------–---–ის, მ-----– ჩ------–---–ის, რ--------- ჩ------–---–ისა და ჯ---ი ჩ------–---–ის სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 537.6 ლარის ოდენობით;.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე