გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.11.2018
საქმის ნომერი
330310118002463902
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3231-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე

მოსარჩელე- ჰა--------------–----------------------ი

წარმომადგენელი- ლ----------------------

მოპასუხე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი- გი------------–---–ი

დავის საგანი- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 8 ივნისის N02-01/05/13701 გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა წარმოდგენილ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 9 სექტემბერს ჰა--------------–----------------------მა (H------------------------------I; დაბ: 18.05.1984წ) განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (უფლებამონაცვლე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი) საქართველოში თავშესაფრის მინიჭების თხოვნით. განმცხადებელს ჩაუტარდა ანკეტირება და დარეგისტრირდა თავშესაფრის მაძიებელ პირად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- თავშესაფრის მაძიებლის განცხადება (ს.ფ. 200);

-თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა (ს.ფ. 191-199);

 

3.1.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჰა--------------–----------------------ის გასაუბრების თანახმად, ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე, ეთნიკურად არაბი, მუსლიმი, შიიტი, ჰ---------------–----------------------- დაიბადა 1984 წლის 18 მაისს ქ. ბაღდადში, ერაყში. ქვეყნის დატოვებმადე განმცხადებელი, დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა ქ. ბაღდადში, მაშთალის რაიონში. 2006-2007 წწ. იგი სწავლობდა ქ. მისანის სამედიცინო უნივერსიტეტში, პროფესიით არის თერაპევტი. 2007-2011 წწ. განმცხადებელი მსახურობდა სამხედრო სამსახურში, ქ. ბაღდადში. თავშესაფრის მაძიებელს ჰქონდა უმცროსი ლეიტენანტის სამხედრო ჩინი და მის ფუნქციებში შედიოდა სამხედროების მკურნალობა. თავშესაფრის მაძიებელი აღნიშნავს, რომ ერაყის არმიაში მსახურობის პერიოდში მონაწილეობდა პატრულირებასა და ტერორისტების აყვანის ოპერაციებში, რა დროსაც (იმყოფებოდა სამედიცინო სასწრაფო დახმარების მანქანაში, რომელიც ოპერაციის დროს ჯარისკაცებს თან დაჰყვებოდა. იგი აღნიშნავდა, რომ 2010 წელს ერთ ერთი ოპერაციის დროს, ტერორისტებმა ააფეთქეს მანქანა, რის შედეგადაც იგი მძიმედ დაშავდა. გარდა ამისა, 2009 წელს განმცხადებელს, თავის რაიონთან შეხვდა 2 ნიღბიანი პიროვენება, რომლებმაც სამსახურის დატოვება მოსთხოვეს. ისინი „მაჰდის“ არმიიდან იყვნენ. მუქარის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ იგი კოალიციურ ძალებთან თანამშრომლობდა და ერაყის არმაში ყოფნის დროს მათი სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნავდა. მისი სამხედრო სამსახურში ამერიკელებთან ერთად მუშაობა მიიჩნეოდა ღალატად. 2010 წელს განმცხადებელის სახლში მივიდა ორი პიროვნება და სახლის დატოვება მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრნენ. მიუხედავად მუქარისა, განმცხადებელმა კვლავ განაგრძო არმიაში მუშაობა, რადგან ძირითადად იქ იმყოფებოდა და შესაბამისად უსაფრთხოდ იყო, ამის შემდეგ, განმცხადებელს მისი პოლიციელი ძმის საშუალებით მოსთხოვეს სამსახურის დატოვება. აღნიშნული მუქარებისა და ინციდენტის შედეგად, განმცხადებელმა 2011 წლის მაისში სამსახური დატოვა, რის შემდეგაც სამსახურთან დაკავშირებით მას პრობლემა აღარ შექმნია. 2011 -2014 წწ. განმცხადებელი იყო მუშა. იგი ატარებდა სარემონტო სამუშაოებს და ამ საქმიანობით იყო დაკევებული წარმოშობის ქვეყნის დატოვებამდე. წარმოშობის ქვეყნის დატოვების მიზეზად განმცხადებელი იქ არსებულ არასტაბილურ მდგომარეობას ასახელებდა და აღნიშნავდა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხდებოდა ტერორისტული აფეთქებები, რომლის მსხვერპლიც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გამხდარიყო. თავშესაფრის მაძიებელი აცხადებდა, რომ ერაყში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლოა იქ არსებული ზოგადი არეულობის მსხვერპლი გამხდარიყო ან კიდევ, წარსულში, ამერიკელებთან ერთად ერაყის არმიაში მსახურობის გამო შექმნოდა პრობლემები. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ერაყში დაბრუნება შეუძლებელი იყო. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 7 თებერვალს განმცხადებელი შემოვიდა საქართველოში და 2014 წლის 9 სექტემბერს თავშესაფრის მისანიჭებლად განცხადებით მომართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა (ს.ფ. 191-199);

-თავშესაფრის მაძიებელ პირთან გასაუბრების ოქმი (186-190).

 

3.1.3. დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილებამ ჰა--------------–----------------------ის საქმეზე შეადგინა დასკვნა (N02–01/06-4338- 08.04.2015წ). დასკვნის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტები და მოვლენები, რომელიც თავად თავშესაფრის მაძიებელმა გადმოსცა სამინისტროში გასაუბრების დროს. ჰა--------------–----------------------ის საქმის განხილვისას შესწავლილ იქნა თავშესაფრის მაძიებლის შესაბამისობა კანონის მე-4 მუხლის (ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება) მოთხოვნებთანაც და დადგინდა, რომ ის აკმაყოფილებდა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2015 წლის 8 აპრილის N02–01/05/10231 შეტყობინებით ჰა--------------–----------------------ს აცნობა რომ მას მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე.

 

2016 წელს „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის და 2017 წელს - „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ჰა--------------–----------------------ს ერთი წლის ვადით გაუგრძელდა ჰუმანიტარული სტატუსი, რადგან კვლავ არსებობდა გარემოებები, რომელთა საფუძველზეც მას ეს სტატუსი მიენიჭა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნა (N02-01/06-4338- 08.04.2015 წ) (ს.ფ. 167 175);

-საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნა (N02–01/06-4987-31.05.2018 წ) (ს.ფ. 148 152);

-საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2015 წლის 8 აპრილის N02-01/05/10231 შეტყობინებით (ს.ფ 163-164).

 

3.1.4. სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსის მოხსენებითი ბარათით, მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს წარედგინა, თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების მიერ მომზადებული დასკვნა ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ---------------–-----------------------სათვის ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. აღნიშნული დასკვნის შესაბამისად, ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე: ჰ---------------–-----------------------სათვის (დაბ. 18.05.1984წ.) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანმონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ჰუმანიტარული სტატუსის გახანგრძლივების მიზანშეწონილობის დასადგენად, სამმართველოს მიერ შესწავლილი იქნა მისი წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია, რის საფუძველზეც იკვეთება, რომ ერაყის რესპუბლიკაში, მას შემდეგ, რაც ქვეყნის შიიტურმა მთავრობამ კონტროლი აღადგინა ერაყის ტერიტორიის თითქმის სრულ ნაწილზე, საგრძნობლად გაუმჯობესდა ზოგადი მდგომარეობა, დასტაბილურდა კრიმინოგენული ვითარება, საგრძნობლად იკლო დანაშაულების, უსაფრთხოების კუთხით არსებული ინციდენტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების შემთხვევების რიცხვმა.

 

მოპასუხე მიუთითებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) 2016 წლის 14 ნოემბრის პოზიციაზე, რომელიც სახელმწიფოებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ერაყელთა იძულებითი დაბრუნებისგან, თუ ისინი არიან ერაყის იმ რაიონებიდან, სადაც სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს; „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლებული ტერიტორიებიდან, სადაც სიტუაცია ჯერ კიდევ არასტაბილურია, ან ტერიტორიებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ „ისლამური სახელმწიფოს ხელშია“, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ეხება ერაყში 2015 წელს არსებულ ვითარებას, მას შემდეგ მდგომარეობა ერაყში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რასაც ადასტურებს სამინისტორს მიერ მოძიებული წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბლოგერი Joel Wing მის საკუთარ ბლოგზე - „Musings on Iraq“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის აპრილამდე, ერაყში უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს, იგი აღნიშნავს, რომ დღესდღეობით, ერაყის მასშტაბით ძალადობის მაჩვენებელმა იკლო, რაც ქ.მოსულის დასაბრუნებლად დაწყებული საბრძოლო კამპანიით არის გამოწვეული, ბაღდადში, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მეტი ინციდენტი ფიქსირდებოდა, მოსულისთვის დაწყებული საბრძოლო კამპანიის შედეგად, ინციდენტების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დავიდა. აღნიშნული კამპანიის შედეგად, ძალადობა მთელი ქვეყნის მასშტაბით შემცირდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება ქ. ბაღდადში, სადაც მუდმივად დაბალი მაჩვენებელი შენარჩუნდა. კერძოდ, 2016 წლის აღნიშნულ კამპანიამდე დედაქალაქში, დღეში საშუალოდ 8-9 ინციდენტი ფიქსირდებოდა, აღნიშნული კამპანიის შემდეგ კი მათი რაოდენობდა დღეში საშუალოდ 3.0 -მდე შემცირდა.

 

მოპასუხე ასევე აღნიშნავს, რომ ABC NEWS-ის თანახმად, ბაღდადის მიერ ერაყში დაჯგუფება „ისლამური სანელმწიფოს" დამარცხების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ აშშ-მა ქვეყნიდან ჯარის გაყვანა დაიწყო, ბოლო დღეებში ერაყიდან ავღანეთში თვითმფრინავებით ათობით ჯარისკაცი გადაიყვანეს. მედიის ცნობით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს და ერაყის ხელისუფლებამ ჯარის გაყვანის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმების თანახმად, ერაყის ტერიტორიაზე მხოლოდ 4000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება, რომლებიც ადგილობრივ სამხედროებს მოამზადებენ. გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა „ისლამური სახელმწიფოსგან“ მთლიანად გათავისუფლებულია. ამშ-მა პირველი ავია იერიში „ისლამურ სახელმწიფოზე“ ერაყში 2014 წლის აგვისტოში მიიტანა და მომდევნო წლებში სერიოზულ მხარდაჭერას უწევდა ერაყის არმიას ყველა მთავარ გამარჯვებაში, მათ შორის მოსულის გათავისუფლებაში, რომელიც ერაყის სიდიდით მეორე ქალაქია.“

 

Washington Post-ის თანახმად, ერაყის აღმშენებლობისთვის 30 მილიარდი დოლარი გამოიყო, რის შესახებაც გადაწყვეტილება ერაყის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს. ინფორმაცია ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეინ საბან ალ ნალედ ალ-ხამად ას-საბანმა დაადასტურა. ერაყის ეკონომიკის განვითარებისა და აღდგენითი სამუშაოებისთვის განკუთვნილ კონფერენციაში 51 ფონდი, 107 არასამთავრობო ორგანიზაცია და 76 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია მონაწილეობდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ერაყის განვითარებისთვის 300 მილიონ ევროს გამოყოფს. ერაყის ხელისუფლების მონაცემებით, ომისგან დაზარალებული ქვეყნის აღსადგენად 88.2 მილიარდი დოლარია საჭირო. ქუვეითში ერაყის რეკონსტრუქციის საერთაშორისო კონფერენცია 12-14 თებერვალს ჩატარდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტით დადგენილია, რომ ერაყის რესპუბლიკაში ადგილი აღარ აქვს შიდა შეიარაღებულ კონფლიქტს, ტერიტორია ფაქტობრივად სრულად გათავისუფლებულია „ისლამური სახელმწიფოსგან“ და ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის აღდგენასა და განვითარებას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის 2015 და 2016 წლის გადაწყვეტილებებში „ჯ.კ. და სხვები შვედეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, იმ მრავალრიცხოვან საქმეებში, რომელიც ენებოდა ერაყში დეპორტაციას, ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობა არ იყო იმდენად სერიოზული, რომ პირის ამ ქვეყანაში დაბრუნებას თავისთავად გამოეწვია კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა.

 

მოპასუხის მოსაზრებით, 2016 წლის შემდგომ პერიოდში კი, ერაყში არსებული ზოგადი სიტუაცია გაცილებით გაუმჯობესებულია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით (საქმე #3გ/1522-16; 330310015001107083) დაადგინა, რომ ერაყის მთავრობა აკონტროლებს ქვეყნის ტერიტორიას თითქმის სრულად (ბაღდადი, დიალა, ქერბალა, ბაბილი, ვასიტი, ნაჯაფი, ქადისია, დიქარი, მაისანი, მუთანა, ბასრა, სალაჰადდინი) და განსახილველ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე იყო შიიტი მუსლიმი ბაღდადიდან, არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული გარემოებები ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად. გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების თანახმად (საქმე #38/618-18; საქმე #330310017002038595), ერაყში არსებული ზოგადი მდგომარეობა, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ შეფასდეს, როგორც განურჩეველი ძალადობა. ზემოაღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის, ერაყის რესპუბლიკის მოქალაქის, შიიტი მუსლიმის, ჰ---------------–-----------------------ს მიმართ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჰუმანიტარული სტატუსის გადახედვის აუცილებლობა. ვინაიდან სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აღარ არსებობს საფუძველი, რის გამოც შესაძლოა, რომ შიიტი მუსლიმი საჭიროებდეს საერთაშორისო დაცვას საქართველოში, შესაბამისად, სამმართველომ 2018 წლის 18 მაისს ჰაიდერ აბდულსაჰიბ ჯებურ მაქსუსთან (დაბ. 18.05. 1984 წ.) ჩაატარა „თავშესაფრის პროცედურის“ 38-ე მუხლით დადგენილი გასაუბრება.

 

გასაუბრებისას ზემოაღნიშნულ პირს განემარტა გასაუბრების მიზანი, ასევე მიეწოდა ინფორმაცია ერაყის რესპუბლიკაში ამჟამინდელ მდგომარეობაზე, კერძოდ, რომ ვითარება ქვეყნის მასშტაბით არის სტაბილური, რა მიზეზითაც არ არსებობს ის გარემოებები, რის საფუძველზეც მას მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი საქართველოში. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჰაიდერ აბდულსაჰიბ ჯებურ მაქსუსმა განაცხადა, რომ მას ერაყის რესპუბლიკაში, თავისი ყოფილი საქმიანობიდან გამომდინარე (2007-2011 წლებში მსახურობდა ერაყის არმიაში უმცროსი ლეიტენანტად), წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, შეექმნება საფრთხე. გასაუბრებისას მას განემარტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სამინისტრომ იმსჯელა პირველი მიმართვის დროს და არ მიიჩნია აღნიშნულის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია სანდოდ. აქვე აღინიშნა, რომ ყოფილ სამხედროების მიმართ ერაყის მთავრობის წარმომადგენლების მიდგომა დღემდე ანალოგიურია, ამ კატეგორიის პირების მიმართ ერაყის რესპუბლიკაში არ ფიქსირდება დევნისა და შევიწროების ფაქტები, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის წყაროდ აღიარებული სახელმწიფო უწყებები თავიანთი უკანასკნელი წლების ანგარიშებში ამჟამადაც არაფერს წერენ ერაყში ყოფილი სამხედრო პირების მასობრივი დევნის შესახებ. აღნიშნულთან მიმართებაში გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2011 წლიდან ქვეყნის დატოვებამდე, 2014 წლამდე ჰ---------------–----------------------- უპრობლემოდ ცხოვრობდა ერაყის რესპუბლიკაში (ამუშავებდა სარემონტო სამუშაოების ბრიგადას), არც 2016 წელს შეჰქმნია პრობლემები, როდესაც მშობლების მოსანახულებლად გაემგზავრა წარმოშობის ქვეყანაში, სადაც 3 თვე დაჰყო.

 

გასაუბრების მასალებზე დაყრდნობით, სამმართველომ დაადგინა, რომ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ---------------–-----------------------ს ერაყის რესპუბლიკაში არ გააჩნია ინდივიდუალური პრობლემა. შესაბამისად, მოპოვებული ინფორმაციისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის - ჰაიდერ აბდულსაჰიბ ჯეზურ მაქსუსის (დაბ. 18.05. 1984 წ.) მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თავშესაფრისა საკითხთა სამმართველომ მიიჩნია, რომ ერაყის რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში იგი არ დადგება სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, სტატუსი დადგენის განყოფილების უფროსის ია პოზოვის მოხსენებითი ბარათი (07.06.2018 - N02-01/06 5293) (ს.ფ. 147);

- თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნა. (ს.ფ. 148-152);

- სტატუსის დადგენის გასაუბრების ოქმი (2018.06.01) (ს.ფ 153-158).

 

3.1.5. ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციის, თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნისა და თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრების გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 8 ივნისს მიღებული იქნა N02– 01/05/13701 შეტყობინება, რომლის თანახმად ჰაიდერ აბდულსაჰიბ ჯეზურ მაქსუსს ეცნობა, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ჰუმანიტარული სტატუსის ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ, რადგან აღარ არსებობდა ის გარემოებები, რის საფუძველზეც თავშესაფრის მაძიებელ პირს მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი.

 

სამინისტრომ ასევე მიუთითა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, იკვეთება, რომ ერაყის რესპუბლიკაში, მას შემდეგ, რაც ქვეყნის შიიტურმა მთავრობამ კონტროლი აღადგინა ერაყის ტერიტორიის თითქმის სრულ ნაწილზე, საგრძნობლად გაუმჯობესდა ზოგადი მდგომარეობა, დასტაბილურდა კრიმინოგენული ვითარება, საგრძნობლად იკლო დანაშაულებების, უსაფრთხოების კუთხით არსებული ინციდენტებისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების შემთხვევების რიცხვმა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული კი მიუთითებს, რომ ერაყის რესპუბლიკაში ადგილი აღარ აქვს შიდა შეიარაღებულ კონფლიქტს, ტერიტორია ფაქტობრივად სრულად გათავისუფლებულია „ისლამური სახელმწიფოსგან“ და ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის აღდგენასა და განვითარებას. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის 2015 და 2016 წლის გადაწყვეტილებებში „ჯკ. და სხვები შვედეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, იმ მრავალრიცხოვან საქმეებში, რომელიც ეხებოდა ერაყში დეპორტაციას, ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობა არ იყო იმდენად სერიოზული, რომ პირის ამ ქვეყანაში დაბრუნებას თავისთავად გამოეწვია კონვენციის მე-3 მუხლი დარღვევა. სამინისტრომ ასევე გაითვალისწინა თავშესაფრის მაძიებელ პირთა კანონით განსაზღვრული გასაუბრების შედეგი, რომლის შესაბამისადაც სამმართველომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს ერაყის რესპუბლიკაში არ გააჩნია ინდივიდუალური პრობლემა. შესაბამისად, სამინისტროს მიერ წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციასა და თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ერაყის რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელ პირს არ მიადგება სერიოზული ზიანი და იგი არ დადგება რეალური რისკის წინაშე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად, ჰა--------------–----------------------ს უარი ეთქვა ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 8 ივნისის N02– 01/05/13701 შეტყობინება (ს.ფ. 140-141);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო სასარჩელო განცხადებას, მოისმინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს არ ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (უფლებამონაცვლე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი) 2018 წლის 8 ივნისის N02–01/05/13701 გადაწყვეტილება (შეტყობინება), წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, გასაჩივრებული აქტის კანონიერების შემოწმებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისობა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ აქტებთან.

 

6.2. საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

 

„საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ჰუმანიტარული სტატუსი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს 1 წლის ვადით ენიჭება და აღნიშნული ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმავე ვადით, არაერთგზის, თუ კვლავ არსებობს გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც პირს ეს სტატუსი მიენიჭა.

 

ამავე კანონის 44-ე მუხლის მიხედვით უფლებამოსილი თანამდებობის პირი ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქმის შესაბამის მასალებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილების მიღების მომენტში არსებული გარემოებების გათვალისწინებით.

 

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილი პერიოდის გასვლის შემდგომ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ კვლავ ხდება იმ გარემოებების შეფასება, რაც თავდაპირველად საფუძვლად დაედო თავშესაფრის მაძიებელი პირისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს ჩაუტარდა ანკეტირება და გასაუბრება, რის შედეგადაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოებათა გამოკვლევის შედეგად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად დაედო თავად დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი მონაცემები, ასევე ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაცია. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოსარჩელის წარმოშობის ქვეყანაში მკვეთრად შეიცვალა მდგომარეობა, გათავისუფლებულია თითქმის ყველა დიდი ქალაქი და შემცირებულია ყოველდღიურად მომხდარ ინციდენტთა რაოდენობა. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ასევე ყველა რეიტინგული გამოცემა თუ ოფიციალური საინფორმაციო წყარო, ასევე თავად წარმოშობის ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოფიციალური განცხადებით "ისლამური სახელმწიფო" ფორმირებების უმეტესი ნაწილი განადგურებულია.

 

სასამართლო ასევე იზიარებს მოპასუხე მხარის მსჯელობას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ სიმართლეს არ შეესაბამება და არ დასტურდება თავშესაფრის მაძიებლის მიერ მითითებული გარემოება, რომ იგი იდევნება, რადგან მსახურობდა ერაყის სამხედრო ძალებში და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე. აღნიშნული გარემოება ჯერ კიდევ მოსარჩელისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ეტაპზე იქნა განხილული და არ იქნა მიჩნეული სანდოდ უსაფუძვლობის გამო. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2015 წლის 8 აპრილის N02–01/05/10231 შეტყობინებით ჰა--------------–----------------------ს მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე. ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის ნაწილში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გასაჩივრებულა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორად შეაფასა წარმოშობის ქვეყანაში არსებული ვითარება და ჰა--------------–----------------------ს უარი ეთქვა ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე, რადგან აღარ არსებს ის გარემოებები, რის საფუძველზეც თავშესაფრის მაძიებელ პირს მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 8 ივნისის N02-01/05/13701 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ---------------–-----------------------სთვის ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „უ” ქვეპუნქტების თანახმად, მოსარჩელე, ისევე როგორც მოპასუხე გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რაც როგორც შეცდომით გადახდილი ბაჟი მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე 13, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე, 2125-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-9, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ჰ---------------–-----------------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. მოსარჩელე ჰაიდერ აბდულსაჰიბ ჯებურ მაქსუსს უკან დაუბრუნდეს სარჩელზე ლოტბერდი კუპატაძის მიერ 2018 წლის 25 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით; (მიმღების დასახელება - ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში; მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22; მიმღების ბანკი - ქ. თბილისი, ,,სახელმწიფო ხაზინა”; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 15 დღის განმავლობაში სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერი გულუაშვილი