გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.03.2019
საქმის ნომერი
050310018002385252
კატეგორია
დავის ტიპი
საიჯარო ურთიერთობებიდან გამომდინარე
თარიღი
03.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 05-----18002385252

N3/4--18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13.12.2018 წელი ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გიორგი ზვიადაძე

სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი

 

მოსარჩელე: ა---------–------ძე

 

მოპასუხე: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი: გ-------–------–-ძე

 

დავის საგანი: დარიცული ჯარიმის (პირგასამტეხლოს) გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2016 წლის 10 მაისის N12/22--6 წერილით ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო მოიჯარე ა---------–------ძის სახელზე ჯარიმის სახით დარიცხული 1000 ლარი.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2016 წლის 10 მაისის N12/226-4წერილით ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო მოიჯარე ა---------–------ძის სახელზე ჯარიმის სახით დარიცხული 1000 ლარი.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ა---------–------ძეს შორის 2015 წლის 14 დეკემბერს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. (ხელშეკრულების საგანი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელ ქვემო ერკეთში მდებარე 12227 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი N2-.1-.2-.1-5.)

 

3.2. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ა---------–------ძეს შორის 2015 წლის 14 დეკემბერს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. (ხელშეკრულების საგანი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელ ერკეთში მდებარე 4524 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი N2-.1-.2-.1-9.)

 

3.3. აღნიშნული ხელშეკრულებების 3.1.1 პუნქტში მითითებულია: ,,მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ხელშეკრულების დანართი N2-ის შესაბამისად.

 

ხელშეკრულებების 3.1.2 პუნქტში მითითებულია: ,,მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულებით გაცემულ ქონებაზე ხუთ წელიწადში ერთხელ, ხოლო თუ იჯარის ვადის გასვლამდე დარჩენილია ხუთი წელი იჯარის ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.

 

ხელშეკრულებების 3.1.6 პუნქტში მითითებულია ,,მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს 3.1.1 მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღისა ,,მეიჯარისათვის’’ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარდგენა.

 

3.4. მოპასუხე მხარის განმარტებით სწორედ ხელშეკრულებების 3.1.1 და 3.1.2 პუნქტების საფუძველზე ა---------–------ძე იქნა დაჯარიმებული ხელშეკრულებების 6.3 და 6.4 პუნქტების შესაბამისად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე პრიმი მუხლი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი; საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე, მე-2, 23-ე, მე-3, 23-ე, მუხლები; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე, 601-ე და 96-ე მუხლები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და 33-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე პრიმი მუხლის პირველი თანახმად ,,სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა ხდება საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით.''

 

6.2. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე პრიმი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.''

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ,,ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.''

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად ,,პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.''

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 4-0-ე მუხლის თანახმად ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.''

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ გაფრთხილების მიღების შემდგომ სრულად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები, კერძოდ წარადგინა გამოკვლევის შედეგები და რეკომენდაციები, ინფორმაცია სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობზე პირველად პროდუქციის წარმოების/რეალიზაციის თაობაზე. (ამ შემთხვევაში მხედველობაში მისაღები ის გარემოება, რომ ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 14 დეკემბერს და დეკემბრის თხუთმეტი დღის განმავლობაში აქტიური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოება-რეალიზაციის შესაძლებლობა არ არსებობდა.)

ამდენად სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვევა ატარებდა ფორმალურ ხასიათს, აღმოიფხვრა გაფრთხილებისთანავე და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლები არ არსებობდა. (მოსარჩელემ შეასრულა ვალდებულება).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 36--ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2016 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება (N12/22646 წერილი) ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო მოიჯარე ა---------–------ძის სახელზე ჯარიმის 1000 (ათასი) ლარის დარიცხვის თაობაზე.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2016 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება (N12/226-4 წერილი) ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო მოიჯარე ა---------–------ძის სახელზე ჯარიმის 1000 (ათასი) ლარის დარიცხვის თაობაზე.

 

2. ა---------–------ძეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით შემდეგი ანაგარიშიდან: ბიუჯეტის შემოსულებების ერთიანი ანგარიში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 3-------0 (სახელმწიფო ბაჟის მიღების თარიღი 02.04.2018, საგადასახადო დავალება N12)

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14) მხარეთათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე გიორგი ზვიადაძე