განაჩენი

სისხლის სამართლის 03.03.2019
საქმის ნომერი
190100118002727536
თარიღი
03.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/815-18; (№012221018006)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 თებერვალი, 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე

სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე

 

პროკურორი: ანი ხუბეჯაშვილი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ზ---------------ი, დ----------–-------–-–---------–--ს, პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ---------------–-------–---–---------------–--–--------–-;

 

ადვოკატი: არჩილ ცაგურია ,თარჯიმანი: ეკატერინე ჩუბინიძე,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

ი------–-–---–ი და ზ---------------ი არიან და-ძმა და ცხოვრობენ ერთად ქ----------–-------–---–-----------------–--–---------------------------ში. ზ---------------ი სისტემატურად იღებს ალკოჰოლს და დას ი------–-–---–ს სისტემატურად აყენებს შეურაცხყოფას - აგინებს და ეუბნება უშვერ სიტყვებს, რამაც გამოიწვია ი------–-–---–ის ტანჯვა. 2018 წლის 22 ოქტომბერს, ზ---------------ი დილიდან იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და სთხოვა, რომ მიეცა მისთვის სიგარეტი, ხან ეუბნებოდა, რომ წასულიყო სახლიდან. როდესაც ი------–-–---–მა გადაწყვიტა ჩაცმა და სახლიდან გასვლა. მას საძინებელ ოთახში შეჰყვა ზ---------------ი და იდაყვი მი, უკნიდან თმებში მოსჭიდა ხელი და მოქაჩა. სასტუმრო ოთახში გამოსვლის შემდეგ კი ერთი ხელი მოუჭირა ყელზე, ხოლო მეორე - მარჯვენა მხარეს გვერდში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით ზ---------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 03 (სამი) წელი.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ხანგრძლივობით.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ზ---------------მა დაასრულა 2017 წლის 16 ოქტომბერს.

 

ი------–-–---–ი და ზ---------------ი არიან და-ძმა და ცხოვრობენ ერთად ქ----------–-------–---–-----------------–--–---------------------------ში. 2018 წლის 22 ოქტომბერს, ურთიერთშელაპარაკებისას, ზ---------------მა ი------–-–---–ი იდაყვით მიიმწყვდია კედელთან და ყელში მოუჭირა. შედეგად ი------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

 

ზ---------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს საღამოს საათებში სახლში იმყოფებოდა და დასთან მოუვიდა შელაპარაკება, მან საპასუხოდ სახეში ხელი წაავლო და გაკაწრა, მისი მოშორება უნდოდა და ამიტომ მოუჭირა ხელი. სიგარეტი არ უთხოვია და არც შეურაცხყოფა მიუყენებია. ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ დას სისტემატურად ამცირებს და მიმართავს უცენზურო სიტყვებით.

 

დაზარალებულმა ი------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული მისი ძმაა, შემთხვევის დღეს ნასვამ მდგომარეობაში იყო, როდესაც სიგარეტის გამო იჩხუბეს. მას სახლიდან წასვლა უნდოდა და გარეთ რომ გადიოდა, ზაურმა კედელთან მიიმწყვდია იდაყვით, მოუჭირა და სუნთქვის საშუალება არ ჰქონდა. ყვირილზე მეზობელი შემოვიდა და გააშველა. არ გამორიცხავს, რომ თავადაც უხეშად უპასუხა, მაგრამ სახეზე იმ დროს ჩამოკაწრა, როდესაც ყელში მოუჭირა. ოჯახის სხვა წევრებზე ბრალდებულს არ უძალადია, მხოლოდ მის მიმართ არის აგრესიული. არ ითხოვს მის მკაცრად დასჯას. ხელის მოჭერის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მოწმე გ--------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის დაკავებაში. შეტყობინების თანახმად, ადგილი ჰქონდა ოჯახში ძალადობას. ბინაზე მისვლის დროს სახლში იმყოფებოდა და მათ დანახვაზე აგრესიული გახდა. სახეზე ნაკაწრები ეტყობოდა და აღნიშნა, რომ დამ მიაყენა.

 

2018 წლის 22 ოქტომბერს დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მისამართზე ქ------------------–---–-----------------–--–---------------------------ში. დაზარალებულმა მიუთითა ის ოთახი, სადაც ძმამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმე ი-----–--–------ამ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა და დამატებით განმარტა, რომ ექსპერიმენტი ჩატარდა დაზარალებულის თანხმობით და მანვე მიუთითა ძმასთან მომხდარი კონფლიქტის ადგილზე. ექსპერიმენტი ფოტოგადაღებით დაასურათდა.

 

2018 წლის 26 ოქტომბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: ი------–-–---–ს ობიექტური შემოწმებით აღენიშნებოდა ნაჭდევები კისრის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ბ-------------–--ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვა, ამასთან დამატებით განმარტა, რომ ნაჭდევი არის კანის ზედაპირზე არსებული დაზიანება, რომელიც მიიღება რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება. სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას - პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.

 

ოჯახში ძალადობის დანაშაულის საკანონმდებლო კონსტრუქცია იმგვარია, რომ სავალდებულოდ ითხოვს დამდგარი შედეგის - ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის განცდის დადგენას, რაც სასამართლოს შეფასებით უნდა დადგინდეს არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით, არამედ იმ გარემოებების დადგენით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეეძლო თუ არა პირს ობიექტურად განეცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ტკივილი შეიძლება ობიექტურად შეფასდეს თუ დაზარალებულს აღენიშნება დაზიანებები, ასევე ძალადობის ჩასადენად სხვადასხვა საგნის გამოყენება და სხვა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ცემა და ძალადობა ისეთი ხასიათის მოქმედებებია, რომელიც შედეგად იწვევს ფიზიკურ ტკივილს და თავისი ინტენსივობით მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ფიზიკური ტკივილის შეფასების სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე სასამართლოს ამ შემთხვევაში დადგენილად მიაჩნია, რომ ყელზე იდაყვის მიჭერა, ისე, რომ დაზარალებულს სუნთქვა გაუჭირდა და ყვიროდა, ობიექტურად გამოიწვევდა ფიზიკურ ტკივილს, რასაც დაზიანებების მიხედვით ასევე ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

 

ბრალდების მხარემ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მომხდარი კონფლიქტის დასადასტურებლად, სასამართლოში წარმოადგინა თავად დაზარალებულის ჩვენება, ასევე იმ პირთა ჩვენებები, რომლებმაც საქმეზე ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები და მათ სასამართლოს დასადგენი ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ მისცეს ამომწურავი ჩვენება. მათი ჩვენებების შეფასებისას, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში არ გამოვლენილა ისეთი გარემოება, რაც სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველს მისცემდა. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა მხარეთა მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად გასცა პასუხი და მიუთითა ძალადობის დამადასტურებელ გარემოებებზე. მისი ჩვენებით უტყუარად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მას შემდეგ რაც სთხოვა მას სიგარეტი და იგი სახლიდან გადიოდა, იდაყვით მიაწვა ყელის არეში და ი------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ი------–-–---–ს ობიექტური შემოწმებით აღენიშნებოდა ნაჭდევები კისრის მიდამოში, რაც ასევე ამყარებს და ადასტურებს დაზარალებულის ჩვენებას. აღნიშნული გარემოებები კი ერთობლიობაში სრულად იძლევა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობის დადგენის შესაძლებლობას.

 

სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია რამდენჯერმე, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე, დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ასე შემდეგ. შეურაცხყოფა გულისხმობს დამცირებასაც, მაგრამ შეურაცხყოფისას დამცირება უფრო უწესო ფორმითაა გამოხატული. დამცირების დროს კი ოჯახის ერთი წევრი მეორეს ყოველდღიურ ურთიერთობაში აგრძნობინებს, რომ იგი არასრულფასოვანი პიროვნებაა.

 

აღსანიშნავია, რომ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება დასჯადი ქმედებაა ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, რითაც კანონმდებელი ხაზს უსვამს, რომ თუკი ორი ადამიანი დროის გარკვეული პერიოდი ცხოვრობს ერთად, აქვთ ნათესაური კავშირი ან ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, ერთი წევრის მიერ მეორეზე სისტემატური დამცირება, თრგუნავს დაზარალებულს და ყოველდღიურობა მისთვის აუტანელი ხდება, წუხს და განიცდის ტანჯვას, ოჯახის წევრის მხრიდან მუდმივად შეურაცხყოფა და დამამცირებელი მიმართვა ადამიანში იწვევს ნეგატიურ განცდას, უკარგავს საკუთარი თავის რწმენას.

 

მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ ზ---------------მა 2018 წლის 22 ოქტომბერს დას ი------–-–---–ს, მასთან სიგარეტის გამო მომხდარი კონფლიქტის დროს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თუმცა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ვერ მიუთითა ის ფაქტები, რაც შეურაცხყოფის სისტემატურ ხასიათზე მიუთითებს. სისტემატურობას ადგილი აქვს, როდესაც ქმედება ჩადენილია დროის გარკვეულ მონაკვეთში და ერთი შეურაცხყოფიდან მეორემდე მცირე დროა გასული. სისტემატურობა, ისევე როგორც სხვა სახის ფატქობრივი გარემოება, რომელიც შემდეგ უნდა შეესაბამებოდეს დანაშაულის ნიშნებს, ასევე საჭიროებს თითოეულ შემთხვევაში ეპიზოდის და კონკრეტული ინფორმაციის მითითებას, დროის, ადგილის, შემსწრე პირების, მოტივის, გამომწვევი ვითარების და სხვა გარემოებების ჩათვლით. მხოლოდ იმის აღნიშნვა, რომ სხვა დროსაც ეჩხუბა ძმამ დაზარალებულს, დანაშაულის სხვა ნიშნების შემცველი ფაქტების მითითების გარეშე, ძალადობის ამგვარი სახე ვერ ჩაითვლება დადგენილად. გარდა აღნიშნულისა, ცალკე შესაფასებელია შეეძლო თუ არა შეურაცხყოფას და დამცირებას გამოეწვია პირის ტანჯვა, რაც ასევე უნდა დადგინდეს ან დაზარალებულის ჩვენებით, ან სხვა სახის მტკიცებულებით, სწორედ ამიტომ სასამართლომ სისტემატურობის ხასიათი უნდა დაადგინოს და შეფასოს როგორც ცალკე, ისე მოქმედებათა ერთობლიობით, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---------------ს ბრალად არ უნდა შეერაცხოს ი------–-–---–ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება და აღნიშნული ეპიზოდი ვერ დაედება მის მსჯავრდებას საფუძვლად.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ზ---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია, ხოლო ბრალდების მიხედვით, მან დანაშაული ჩაიდინა ნასამართლობის (პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა) პერიოდში.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელი, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით. აღსანიშნავია, რომ ვერც შემაკავებელი ორდერები ვერ გახდა მისი სათანადო ქცევის გარანტი, მითითებული გარემოებები ერთობლიობაში იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისთვის აუცილებელია ბრალდებულის იზოლაცია და მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში და დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით, რა დროსაც ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

რაც შეეხება, სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის (2018 წლის 22 ოქტომბერი) სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით, ხოლო ამჟამად მოქმედი რედაქცია იგივე ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვინაიდან დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი, შესაბამისად სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონის იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს.

 

საბოლოო სასჯელთან მიმართებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი უნდა განისაზღვროს სსკ-ს 67-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად, რაც გულისხმობს პირობითი მსჯავრის გაუქმების აუცილებლობას და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრას, თუმცა კანონმდებელი სასამართლოს აკისრებს უფლებამოსილებას, სასჯელის მიზნიდან გამომდინარე, განსაზღვროს სასჯელთა შეკრების რომელი წესი უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი უნდა აისახოს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ---------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას რეციდივი მხედველობაში მიიღება, ვინაიდან იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და სასჯელი მას უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით.

 

5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

ზ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილიდან (3 წელი თ/ა) –1 (ერთი) წელი თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ზ---------------ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ზ---------------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 ოქტომბრიდან.

 

3. ზ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე