გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
3 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - შპს „ს----“
წარმომადგენლები - თა--------–----ა, და-------------–---–ი, ვუ-------------ი
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენლები - თო------------ე, და--------------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ალ-----------------ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 25 მარტის №------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის №----- ბრძანება;
1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება №---------- საჩივარზე (იხ. 2017 წლის 22 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 23 ოქტომბრის №----- ბრძანებით დაინიშნა შპს „ს----ს“ (ს/ნ 20------2, იურიდიული მისამართი: ის---------------–----------.№1) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 23 ოქტომბრის №----- ბრძანება (ს.ფ.161).
3.2. შპს „ს----ს“ დირექტორის 2015 წლის 23 ოქტომბრის ბრძანებით შეიქმნა შპს „ს----ს“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების საინვენტარიზაციო კომისია, რომელსაც დაევალა ბუღალტრული ნაშთის წარდგენა 2015 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით, 2015 წლის 23 ოქტომბრის 18:30 სთ-ის მდგომარეობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „ს----ს“ დირექტორის 2015 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება (ს.ფ.169).
3.3. შპს „ს----ს“ დირექტორის 2015 წლის 23 ოქტომბრის ხელწერილის თანახმად, შპს „ს----ს“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საყოფაცხოვრებო საქონლის იმპორტი, რეალიზაცია. ობიექტები განთავსებულია ქ.თბ--–---------------–----------------------------–-----------------------------------–----------------------------------–------------------------------ედ, კა---------------–-ლი. გარდა ზემოაღნიშნული ობიექტებისა სხვა ეკონომიკური საქმიანობის განმხორციელებელი ობიექტი და სასაწყობო მეურნეობა არ გააჩნიათ. ამასთან, შპს „ს----ს“ ტერიტორიაზე ინახება მხოლოდ საზოგადოების კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და ძირითადი საშუალება. აღნიშნულ ტერიტორიაზე არ ინახება სხვისი კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა და ძირითადი საშუალებები, ასევე, არც სხვაგან ინახება შპს „ს----ს“ საკუთრებაში არსებული სმფ-ები და ძირითადი საშუალებები. ინვენტარიზაციის დაწყების მომენტში ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში. ყველა დოკუმენტაცია ჩაბარებულია ბუღალტერიაში. ასევე, შპს „ს----ს“ ობიექტებში მიმდინარე წელს შიდა ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, ზედმეტობა ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია არ არის ასახული საგადასახადო ანგარიშგებაში და ინვენტარიზაციის დაწყებამდე არ არის მიწოდებული საგადასახადო ორგანოსათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ს----ს“ დირექტორის 2015 წლის 23 ოქტომბრის ხელწერილი (ს.ფ.167);
- შპს „ს----ს“ დირექტორის 2015 წლის 23 ოქტომბრის ხელწერილი (ს.ფ.168);
- შპს „ს----ს“ დირექტორის 2015 წლის 23 ოქტომბრის ხელწერილი (ს.ფ.170)
3.4. შპს „ს----ს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს და წარუდგინა შპს „ს----ს“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული ნაშთი, კერძოდ, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 30-ე მუხლის შესაბამისად №19 დანართით გათვალისწინებული „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის პირველი და მეორე ცხრილები, ასევე, აღნიშნული ოქმის დანართი.
შპს „ს----მ“ საგადასახადო ორგანოს წარუდგინინა, ასევე, შპს „ს----ს“ ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამონათალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ს----ს“ წარმომადგენლის განცხადება (ს.ფ.173);
- სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმის პირველი ცხრილი (ს.ფ.189);
- სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმის მეორე ცხრილი (ს.ფ.190);
- საბუღალტრო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმის დანართი (ს.ფ.174-188);
- შპს „ს----ს“ ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამონათალი (ს.ფ.191).
3.5. შპს „ს----ს“ დირექტორის 2015 წლის 23 ოქტომბრის ხელწერილის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 23 ოქტომბრის №----- ბრძანების საფუძველზე სრულად იქნა აღწერილი შპს „ს----ს“ კუთნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და ძირითადი საშუალებები. აღწერილ სმფ-ებს და ძირითადი საშუალებების რაოდენობას ეთანხმება და კომისიის წევრების მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ს----ს“ დირექტორის 2015 წლის 23 ოქტომბრის ხელწერილი (ს.ფ.172);
- 2015 წლის 23 ოქტომბრის №16 დანართი „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ ოქმი“ (ს.ფ.211-225);
- 2015 წლის 23 ოქტომბრის №16 დანართი „ძირითადი საშუალებების აღრიცხვის შესახებ“ ოქმი (ს.ფ.246).
3.6. შპს „ს----ს“ დირექტორმა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს და წარუდგინა „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ ოქმი (დანართი №21)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ს----ს“ დირექტორის განცხადება (ს.ფ.226);
- „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ ოქმი (ს.ფ.227-241).
3.7 შპს „ს----ს“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით 2016 წლის 6 მაისის ინფორმაციის თანახმად, შპს „ს----ს“ საინვენტარიზაციო კომისიის მიერ 2015 წლის 2 ნოემბერს წარდგენილი სმფ-ების ბუღალტრული თანხობრივი ნაშთი დაფიქსირებული იყო თვითღირებულებით 347060,01 ლარის (№19 დანართის პირველი და მეორე ცხრილი) ოდენობით, ხოლო სახეობრივი ნაშთი თვითღირებულებით - 196072,9 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი სმფ-ების სააღრიცხვო (ბუღალტრული) ნაშთი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ ჩაითვალა არასრულ შევსებულად, რის საფუძველზეც საგადასახადო ორგანოს მიერ მოხდა №19 დანართის პირველი და მეორე ცხრილების შევსება, საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული და დამატებით მოძიებული მონაცემების საფუძველზე. კერძოდ, საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა 2015 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (2015 წლის 23 ოქტომბერი) დროის პერიოდი; საანგარიშო პერიოდიში სმფ-ებ ს საწყისი ნაშთი - 345525 ლარი - გადამხდელის 2014 წლის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, ძირითადი საშუალებები 3187.69 ლარი ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით; საანგარიშო პერიოდის განმავლბაში ელ/ზედნადებებით და საბაჟო დეკლარაციებით მიღებული სმფ-ების პირვანდელი ღირებულება - 258417.35 ლარი და ძირითადი საშუალებების პირვანდელი ღირებულება 279 ლარი - ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, კერძოდ, აღებულ იქნა აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ მიღებული ელ/ზედნადებების და საბაჟო დეკლარაციების თანხების ჯამი (დღგ-ს გარეშე); 2015 წლის 1-9 თვეების განმავლობაში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების (დღგ-ს გარეშე) ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა დღგ-ს შესაბამისი თვეების დეკლარაციებში მითითებული დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები - სულ 293808,42 ლარი; (ამ პერიოდში ძირითადი საშუალებების რეალიზაცია არ ჰქონია); 2015 წლის 1-23 ოქტომბერის განმავლობაში რეალიზებული სმფ-ების საბაზრო ღირებულებად (დღგ-ს გარეშე) აღებულ იქნა საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემები (კორექტირებული დღგ-ს კოეფიციენტით) და უნაღდო ანგარიშსწორებით - 43341,1 ლარი - ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით; საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 43,40 % (დღგ-ს გარეშე), რომელიც გამოყენებული იქნა სმფ-ების სააღრიცხვო (ბუღალტრული) ნაშთის დაანგარიშების დროს და ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაკლებობის - დანაკლისის საბაზრო ღირებულების მისაღებად (ფატქობრივად აღწერილი სმფ-ების სარეალიზაციო და პირვანდელი ღირებულებიდან დადგინდა საშუალო ფასნამატი 43.40% (დღგ-ს გარეშე)).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ს----ს“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით 2016 წლის 6 მაისის ინფორმაცია (ს.ფ.153-157);
- №19 დანართის პირველი და მეორე ცხრილები (ს.ფ.209-210).
3.8. ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგა ოქმის პროექტი, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციით განისაზღვრა ძირითადი საშუალებების ნაშთი ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (პირვანდელი ღირებულებით) 3466.69 ლარი, ფაქტობრივად აღწერილი და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული ძირითადი საშუალებები (პირვანდელი ღირებულებით) 2997.23 ლარი. შესაბამისად, შპს „ს----ს“ გამოუვლინდა სხვაობა (პირვანდელი ღირებულებით) – 469.46 ლარი. ძირითადი საშუალებების დანაკლისი (საბაზრო ღირებულებით) – 553.96 ლარი.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით განისაზღვრა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ნაშთი ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (პირვანდელი ღირებულებით) 368814.43 ლარი, ფაქტობრივად აღწერილი და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (პირვანდელი ღირებულებით) 202343.08 ლარი. შესაბამისად, შპს „ს----ს“ გამოუვლინდა სხვაობა (პირვანდელი ღირებულებით) – 166471.36 ლარი, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი (საბაზრო ღირებულებით) – 281676.42 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის სამმართველოს 2016 წლის 23 თებერვლის შეტყობინება (ს.ფ.18-22).
3.9. შპს „ს----ს“ წარმომადგენელმა 2016 წლის 29 თებერვალს სსიპ შემოსავლების სამსახურში წარადგინა წერილობითი პოზიცია სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის სამმართველოს 2016 წლის 23 თებერვლის შეტყობინებასთან დაკავშირებით.
წერილობითი პოზიციის თანახმად, შპს „ს----ს“ ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამონათვალში ასახულია რეალური მონაცემები, მაგრამ რაც შეეხება სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ №19 დანართს (ორ ფურცელზე), რომელშიც ასახულია სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა საწყისი ნაშთი ყოველი თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით (პირვანდელი ღირებულებით), სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შეძენა/მიღება მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (პირვანდელი ღირებულებით), სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდება/ჩამოწერა (პირვანდელი ღირებულებით), მე-2 ცხრილში ასახულ მონაცემებს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა მიწოდების შესახებ 2015 წლის იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (ანუ 2015 წლის 23 ოქტომბრამდე), მათში ასახული გაანგარიშების საფუძვლები და წარმომავლობა არ ემყარება არსებულ ბუღალტრულ მონაცემებს და დასაბუთებას მოკლებულია, ამასთან, მათში ასახული მონაცემები ფასნამატებთან დაკავშირებით წინააღმდეგობაში მოდის საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის იმ პრინციპებთან, რაც დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლით. ასევე, მათემატიკურ სიზუსტეს არის მოკლებული „ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ“ ოქმის პროექტის მე-2 ცხრილში და „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ“ ოქმის მე-2 ცხრილში ასახული მონაცემები. უცნობია გაანგარიშების წყარო, საფუძვლები, წარმომავლობა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს 2016 წლის 9 მარტის №-- სხდომის ოქმის თანახმად, შპს „ს----ს“ წერილობითი პოზიცია არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ს----ს“ 2016 წლის 29 თებერვლის წერილობითი პოზიცია (ს.ფ.27-29);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს 2016 წლის 9 მარტის №-- სხდომის ოქმი (39-41).
3.10. ინვენტარიზაციის საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგა 2016 წლის 25 მარტის №------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე შპს „ს----ს“ ჯარიმის სახით განესაზღვრა 28167.64 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 25 მარტის მიმდინარე კონტრლის პროცედურების (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ) ოქმი (ს.ფ.158-159);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 25 მარტის №------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.160).
3.11. 2016 წლის 20 აპრილს შპს „ს----მ“ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 25 მარტის №------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება.
საჩივრის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გადასახადის გადამხდელის საინვენტარიზაციო კომისიის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო (ბუღალტრული) ნაშთი იყო შევსებული არასრულად, გაზიარებული არ უნდა იქნას, ვინაიდან საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს კომისიის მიერ მიეწოდათ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სრულად შევსებული ნაშთი, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობდა ამ პირთა მიერ სმფ-ების ნაშთის ხელახლა და თვითნებურად შევსებისა და გაანგარიშების აუცილებლობა, რის გამოც სმფ-ების ნაშთი, დანაკლისი და შესაბამისად ჯარიმა დარიცხულია სრულიად უსაფუძვლოდ. მით უფრო, რომ მათ მიერ შევსებულ სმფ-ების ნაშთს არ ახლავს დანართი, რის გამოც შეუძლებელია სმფ-ების იდენტიფიცირება საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემებთან, როგორიცაა საბუღალტრო დოკუმენტაცია, ზედდებულები და სხვა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის №----- ბრძანების თანახმად, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ს----ს“ 2016 წლის 20 აპრილის საჩივარი (ს.ფ.84-88);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის №----- ბრძანება (ს.ფ.89-92).
3.6. 2017 წლის 6 მარტს შპს „ს----მ“ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 25 მარტის №------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის №----- ბრძანების ბათილად ცნობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ს----სთვის“ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებათა დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 281676.64 (დღგ-ს ჩათვლით და 43.4% ფასნამატის გათვალისწინებით) ძირითადი საშუალებების დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 553.96 ლარი (დღგ-ს ჩათვლით). აღნიშნულზე 2016 წლის 25 მარტს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადამხდელ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დაერიცხა ჯარიმა 28167.64 ლარის ოდენობით. დავების განხილვის საბჭომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სასაქონლო ზედნადებებით საქონლის მიწოდების ფაქტი, სადაც საქონლის მიწოდება გამოცხადებულ ფასებზე ნაკლები საბაზრო ფასითაა დაფიქსირებული. აღნიშნული სასაქონლო ზედნადებები არ იქნა გათვალისწინებული, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 5 ოქტომბერს გადამხდელის ობიექტში განხორციელდა საქონლის საკონტროლო შესყიდვა, შესყიდულ იქნა 4 ერთეული ე.წ. პლასტმასის კალათა“ და 5 ერთეული ე.წ. „ბაკი“ (ვედრო), რაშიც გადახდილ იქნა 202 ლარი, ხოლო გამოწერილია სასაქონლო ზედნადები, სადაც გადასახადის გადამხდელმა დააფიქსირა რეალიზაცია 147.5 ლარად (ნაცვლად გადახდილი 202 ლარისა), აგრეთვე გაცემული იქნა საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკი თანხით 147.5 ლარი. მხარეთა არგუმენტაციის, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემმოწმებელთა ქმედება მართლზომიერია, დარიცხვა კანონშესაბამისი და არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ს----ს“ 2017 წლის 6 მარტის საჩივარი (ს.ფ.93-97);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება (ს.ფ.99-105).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „ს----ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 43-ე, 49-ე, 255-ე, 269-ე და 286-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 53-ე და 96-ე მუხლები, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სადავო, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 25 მარტის №------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის №----- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
მითითებული კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14)), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი, საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
ამდენად, კანონით ცალსახად არის დადგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო სანქციის შეფარდების ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საგადასახადო ორგანოს მიერ „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის პირველი და მეორე ცხრილების (№19 დანართი) შედგენის ფაქტს, რამაც გამოიწვია სადავო სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული დანაკლისის გამოვლენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლის განხორციელება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კონტროლი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რათა დაცულ იქნას სახელმწიფო ფინანსები, უზრუნველყოფილი იყოს გადასახადის გადამხდელთა მიერ მათზე დაკისრებული საგადასახადო ვალდებულების სრულყოფილი, დროული და ჯეროვანი შესრულება. საგადასახადო კონტროლი გულისხმობს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო კანონმდებლობის დანაწესებით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებას. აღსანიშანვია, რომ საგადასახადო კონტროლის პროცედურებს გააჩნიათ საქმიანობის საჯარო ხასიათი, რომელიც მკაცრად არის გაწერილი სამართლებრივი ნორმებით. საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვები თავისი არსით საგადასახადო კონტროლის ობიექტურობის დამატებითი გარანტიაა, რომელიც მნიშვნელოვანი ხარისხით ხელს უწყობს გადასახადის გადამხდელისა და საგადასახადო წარმოების სხვა მონაწილე პირების სამართლებრივ დაცვას.
განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია, განისაზღვროს, შპს „ს----სთვის“ ინვენტარიზაციის ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს ჰქონდა თუ არა უფლებამოსილება თავად შეედგინა „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის პირველი და მეორე ცხრილები (№19 დანართი). შესაბამისად, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილს, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს აქციზური საქონლის მფლობელი პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება (საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, არააქციზური საქონლის მფლობელი პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება გამოსცეს კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, ხოლო მე-3-ჯერ ინვენტარიზაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ბრძანებით). გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელმა (დირექტორმა) ინვენტარიზაციის გონივრულ ვადაში ჩატარების მიზნით, ბრძანების ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა შექმნას საინვენტარიზაციო კომისია. საინვენტარიზაციო კომისიაში შეყვანილი უნდა იქნენ ის პირები, რომლებიც კარგად იცნობენ საინვენტარიზაციო ქონებას, იციან მისი ფასი და პირველადი აღრიცხვა, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები ან/და მის მიერ მოწვეული სპეციალისტები. საინვენტარიზაციო კომისია ვალდებულია სრულად და დროულად აღრიცხოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ან/და ძირითადი საშუალებები წარმოებისა და შენახვის ადგილზე, შეუდაროს აღრიცხვის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამის მონაცემებს და ყოველივე ეს შეიტანოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების აღწერის ოქმში.
მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება. აღნიშნული ბრძანების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინვენტარიზაციის მიზანია დროის გარკვეული პერიოდისთვის მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (შემდგომში – სმფ), წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ-ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის (საქონლის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება.
სასამართლო ასევე, მოიხმობს ამავე ბრძანების 26-ე მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმად, ინვენტარიზაცია იწყება გადასახადის გადამხდელისათვის/მისი წარმომადგენლისათვის სმფ-ების ინვენტარიზაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობისთანავე, რომლის შემდგომ, შესაბამისი პროცედურების დაწყებამდე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია დალუქოს ის სათავსები, სადაც ინახება სმფ-ები, ძირითადი საშუალებები ან/და ბუღალტრული დოკუმენტები.
მითითებული ბრძანების 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ გადასახადის გადამხდელის ბრძანებით განსაზღვრული უნდა იქნეს, თუ რა ვადაში უნდა განხორციელდეს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობისა და მოცემული პერიოდისთვის ნაშთის სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენა (სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენა არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს).
აღნიშნული ბრძანების 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საინვენტარიზაციო კომისიის მიერ განსახორციელებელ სმფ-ების ინვენტარიზაციის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა (შემდგომში - ფაქტობრივი აღრიცხვა); ბ) სმფ-ების ნაშთის სააღრიცხვო დოკუმენტების მონაცემების დადგენა; გ) სმფ-ების ფაქტობრივი და სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ურთიერთშედარება და შედეგების გამოყვანა.
ამავე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, საინვენტარიზაციო კომისიის მიერ ინვენტარიზაციისას შედგენილი ოქმები დაუყოვნებლივ გადაეცემა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს. იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი არ არის საინვენტარიზაციო კომისიის წევრი, მის მიერ საინვენტარიზაციო კომისიის შედგენილ ოქმებზე ხელმოწერით დასტურდება, მხოლოდ ამ ოქმების მისთვის გადაცემის ფაქტი. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების (სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა და მათი ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენა) შესრულების შემდეგ, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია თვითონ მოახდინოს სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის და სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების შედეგების გამოყვანა და შეჯამება.
სასამართლო, ასევე მიუთითებს „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 30-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების აღრიცხვის წესსა და პირობებს, კერძოდ, 1. სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენისათვის, ინვენტარიზაციის დაწყების დღის მდგომარეობით დამთავრებული უნდა იყოს ფასეულობათა შემოსავალ-გასავლის ყველა დოკუმენტის დამუშავება, ნაწარმოები უნდა იყოს შესაბამისი ჩანაწერები ანალიზური აღრიცხვის ბარათებში (წიგნებში) და გამოყვანილი იყოს ნაშთები. 2. სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენის მიზნით სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) საინვენტარიზაციო კომისიას წერილობით შეატყობინოს, ინვენტარიზაციის დაწყებამდე ყველა შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტის ბუღალტერიაში ჩაბარების თაობაზე, აგრეთვე, ყველა მიღებული ფასეულობის შემოსავალში, ხოლო გაცემულის - გასავალში აღების თაობაზე; ბ) საინვენტარიზაციო უწყისებში შეცდომების აღმოჩენისას (მაგალითად, თუ სმფ-ების დანაკლისი ან მეტობა გამოწვეულია სმფ-ების დასახელებების შეცდომით ჩაწერის, გამოტოვების ან ანგარიშში ჩაუთვლელობის შედეგად), აღნიშნულის თაობაზე საინვენტარიზაციო კომისიას განუცხადოს დალუქული საწყობის გახსნამდე. 3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საინვენტარიზაციო კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია სმფ-ების დასახელების, რაოდენობის, ამ ფასეულობათა მიღების თარიღის, სასაქონლო ზედნადებების ელექტრონული რეესტრის (ასეთის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში) ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან სხვა დოკუმენტაციის თარიღისა და ნომრების, პირვანდელი ღირებულების და სხვა მონაცემების ჩვენებით. საინვენტარიზაციო კომისია, საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელთან ერთად ადგენს ამ ფასეულობების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემებს. 4. სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დაზუსტების შემდეგ, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ” (დანართი №19). 5. დანართი №19 შედგება I და II ცხრილებისგან. 6. დანართი №19-ის I ცხრილი ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სვეტში იწერება კალენდარული თვეები; ბ) მე-2 სვეტში იწერება სმფ-ების საწყისი ნაშთი ყოველი თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით (პირვანდელი ღირებულებით); გ) მე-3 - მე-6 სვეტებში იწერება მიმდინარე წლის განმავლობაში ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე შეძენილი/მიღებული სმფ-ების პირვანდელი ღირებულება შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების სახეობების მიხედვით. კერძოდ, სასაქონლო ზედნადებებით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (მათ შორის, სპეციალური ანგარიშ-ფაქტურებით), საბაჟო დოკუმენტაციებით და სხვა (მაგალითად: შესყიდვის აქტებით, საწარმოო და საბუღალტრო აქტებით, იმ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაციით, რომელიც ასახულია საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიწოდებული აქვს საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე და ა.შ.); დ) მე-7 სვეტში იწერება მე-3 - მე-6 სვეტების ჯამი; ე) მე-8 სვეტში იწერება მიმდინარე წლის განმავლობაში ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე მიწოდებული სმფ-ების პირვანდელი ღირებულება; ვ) მე-9 სვეტში იწერება მიმდინარე წლის განმავლობაში ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერილი სმფ-ების პირვანდელი ღირებულება; ზ) მე-10 სვეტში იწერება მე-8 - მე-9 სვეტების ჯამი; თ)მე-2 სვეტის ბოლო სტრიქონში იწერება სმფ-ის ნაშთი ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის (პირვანდელი ღირებულებით). 7. დანართი №19-ის II ცხრილი ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სვეტში იწერება კალენდარული თვეები; ბ) მე-2 სვეტში იწერება მიმდინარე წლის განმავლობაში ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე მიწოდებული სმფ-ების საბაზრო ღირებულება; გ) მე-3 - მე-8 სვეტებში იწერება მიმდინარე წლის განმავლობაში ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე მიწოდებული სმფ-ების საბაზრო ღირებულება მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ანგარიშწორების სახეობების მიხედვით. კერძოდ, ნაღდი (სსა-ებით, ჩგდ-ებით, საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურებით (მათ შორის სპეციალური ანგარიშ-ფაქტურებით), სალაროში ნაღდი ფულის მიღებით) და უნაღდო ანგარიშსწორებით, კონსიგნაციით. 8. დანართი №19-ით გათვალისწინებული „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმის“ დანართი ივსება სმფ-ების დასახელებების მიხედვით. 9. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დანართი №19-ის დადგენილ ვადებში შეუვსებლობის ან არასრულად შევსების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია შეავსოს დანართი №19 (მისი დანართის გარეშე) საგადასახადო ორგანოში აღნიშნული გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, დანართი №20 არ ივსება და სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შედეგად აღურიცხველი სმფ-ების გამოვლენის მიზნით, 5 კალენდარულ დღეში საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ” (დანართი №21).
ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის მიზანია, გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაშთების ფაქტობრვი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხული ნაშთებთან შედარება, აგრეთვე სააღრიცხვო დოკუმენტებში აღურიცხავი გადასახადით დასაბეგრი ობიექტების გამოვლენა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ინვენტარიზაციას ატარებს საინვენტარიზაციო კომისია, რომელიც ვალდებულია სრულად და დროულად აღრიცხოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ან/და ძირითადი საშუალებები და შეუდაროს აღრიცხვის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამის მონაცემებს. გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვამდე საინვენტარიზაციო კომისიამ სააღრიცხვო დოკუმენტების მონაცემების საფუძველზე უნდა დაადგინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 23 ოქტომბრის №----- ბრძანებით დაინიშნა შპს „ს----ს“ (ს/ნ 20------2, იურიდიული მისამართი: ის---------------–----------.№1) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. შპს „ს----ს“ დირექტორის 2015 წლის 23 ოქტომბრის ბრძანებით შეიქმნა შპს „ს----ს“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების საინვენტარიზაციო კომისია, რომელსაც დაევალა ბუღალტრული ნაშთის წარდგენა 2015 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით, 2015 წლის 23 ოქტომბრის 18:30 სთ-ის მდგომარეობით. შპს „ს----ს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს და წარუდგინა შპს „ს----ს“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული ნაშთი, კერძოდ, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 30-ე მუხლის შესაბამისად №19 დანართით გათვალისწინებული „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის პირველი და მეორე ცხრილები, ასევე, აღნიშნული ოქმის დანართი. შპს „ს----მ“ საგადასახადო ორგანოს წარუდგინა, ასევე, შპს „ს----ს“ ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამონათალი. გადასახადის გადამხდელის მიერ შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი სმფ-ების სააღრიცხვო (ბუღალტრული) ნაშთი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ ჩაითვალა არასრულ შევსებულად, რის საფუძველზეც საგადასახადო ორგანოს მიერ მოხდა №19 დანართის პირველი და მეორე ცხრილების შევსება, საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული და დამატებით მოძიებული მონაცემების საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო კონტროლის მიმართ მოქმედებს კანონიერების პირნციპი, რაც გულისხმობს საგადასახადო კონტროლის პროცესში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ საკანონმდებლო და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნების განუხრელად დაცვის აუცილებლობას. საგადასახადო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას.
სადავო სამართლებრივ აქტების მიხედვით და სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მიერ პროცესზე გაკეთებული განმარტების თანახმად, საგადასახადო ორგანოს მხრიდან №19 დანართის პირველი და მეორე ცხრილის შედგენის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის რაოდენობრივი ნაშთი არ იყო იდენტური ამავე ოქმის თანხობრივი ნაშთისა. თუმცა მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ოქმის პირველი-მეორე ცხრილებისა და დანართის გრაფების სრულყოფილად შევსების ფაქტი. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა აღნიშნულ არგუმენტს და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებული იყო დანაკლისის განსაზღვრისას ეხელმძღვანელა საინვენტარიზაციო კომისიის მიერ მიწოდებული №19 დანართის მიხედვით, რადგან განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 30-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ №19 დანართის არასრულ შევსების ფაქტს.
სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის განმარტებას, რომ №19 დანართის შევსებისას საწყისი ნაშთი გამოყვანილ იქნა 2014 წლის მოგების დეკლარაციის, თვეების მიხედვით მიღებული და რეალიზებული სმფ-ების შესაბამისად, ხოლო ფასნამატის განსაზღვრისას შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს №21 დანართისა და განმარტებული საბაზრო ფასით, ამასთან, შემმოწმებლების მიერ არ მომხდარა ზედნადებების გამოკვლევა, რადგან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 5 ოქტომბერს გადამხდელის ობიექტში განხორციელებული საქონლის საკონტროლო შესყიდვისას გამოვლინდა შემდეგი გარემოება - შესყიდულ იქნა 4 ერთეული ე.წ. პლასტმასის კალათა“ და 5 ერთეული ე.წ. „ბაკი“ (ვედრო), რაშიც გადახდილ იქნა 202 ლარი, ხოლო გამოიწერა სასაქონლო ზედნადები, სადაც გადასახადის გადამხდელმა დააფიქსირა რეალიზაცია 147.5 ლარად (ნაცვლად გადახდილი 202 ლარისა), აგრეთვე გაიცა საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკი თანხით 147.5 ლარი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-246-243(კ-14)).
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-463-451(კ-13), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არ მომხდარა №19 დანართის შევსება და ფასნამატის განსაზღვრა ინვენტარიზაციის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. კერძოდ, მხოლოდ ერთ საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკში და ერთ სასაქონლო ზედნადებში რეალიზებული საქონლის ღირებულების შემცირება ავტომატურად არ გულისხმობს სხვა სასაქონლო ზედნადებების გამოკვლევაზე უარის თქმას. საგადასახადო ორგანო ვალდებული იყო საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისის განსაზღვრისა და ფასნამატის დადგენის მიზნებისათვის გამოეკვლია სასაქონლო ზედნადებებში შეტანილი ინფორმაცია.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ხოლო, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 აგვისტოს განჩინებით (საქმეზე №---------) შპს „ს----“ წარმოდგენილ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა წინამდებარე საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „ს----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 25 მარტის N1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, 2016 წლის 22 ივნისის N1---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება N1--------- საჩივართან დაკავშირებით და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში;
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე