გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/33151-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ მიქავა
მოსარჩელე - ნ--------------ე
მოპასუხე - პ--------------ა
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე პ--------------ასთვის არასრულწლოვანი შვილების: ა----------ას (დაბადებული 2-----–-–------------) და ც--------------ას (დაბადებული 2----–-–-------------------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, 200-200 (ორასი-ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 14 ნოემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე;
ნ--------------ე და პ--------------ა იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში,, შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–------------ დაბადებული ა----------ა და 2----–-–------------------- დაბადებული ც--------------ა. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ 2016 წლის 25 აგვისტოდან. არასრულწლოვანი ბავშვები იზრდებიან დედასთან, ნ--------------ესთან. მართალია, მოსარჩელე მხარე დასაქმებულია, თუმცა მისი შემოსავალი არ არის საკმარისი არასრულწლოვანი ბავშვების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. არასრულწლოვან ა----------ას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, კერძოდ, მისი დიაგნოზია - ,,თირკმელში კენჭოვანი დაავადება“, რაც საჭიროებს მუდმივ კონტროლს და მკურნალობას. არასრულწლოვანი სარგებლობს საყოველთაო დაზღვევის პროგრამით და აღნიშნული არ ანაზღაურებს მოცემული დაავადების გამოკვლევას და მკურნალობას. არასრულწლოვან ც--------------ას კი აქვს ,,ბუდობრივი თმის ცვენა“, რაც ასევე მოითხოვს ინტენსიურ მკურნალობას და დაკავშირებულია მატერიალურ სახსრებთან. მოპასუხე მხარე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდა-განვითარებაში. იგი ვალდებულია, დაეხმაროს მათ მატერიალურად. მოპასუხის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება.
(სარჩელი, 2019 წლის 18 თებერვლის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე პ--------------ა ნაწილობრივ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, იგი თანახმაა არასრულწლოვანი შვილების, ა----------ას და ც--------------ას ალიმენტის სახით გადაიხადოს თვეში 100-100 (ასი-ასი) ლარი. მოპასუხეს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი და იგი ვერ შეძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნ--------------ე და პ--------------ა იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–------------ დაბადებული ა----------ა და 2----–-–------------------- დაბადებული ც--------------ა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 თებერვლის სხდომის ოქმი).
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 თებერვლის სხდომის ოქმი);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---- (ს.ფ. 14);
- მამობის დადგენის მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 15);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---------- (ს.ფ. 16).
3.1.2. მხარეები 2016 წლის 25 აგვისტოდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. არასრულწლოვანი ა----------ა და ც--------------ა ცხოვრობენ მოსარჩელესთან ნ--------------ესთან ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 თებერვლის სხდომის ოქმი).
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 თებერვლის სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამისად, მოსარჩელე ნ--------------ეს 2017 წლის იანვრის თვიდან უფიქსირდება შემოსავლის მიღება, კერძოდ, მის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 285.7 ლარს, თებერვლის თვეში - 271.25 ლარს, მარტის თვეში -250 ლარს, აპრილის თვეში - 250 ლარს, მაისის თვეში - 250 ლარს, ივნისის თვეში - 353.75 ლარს, ივლისის თვეში - 21.25 ლარს, ოქტომბრის თვეში - 125 ლარს, ნოემბრის თვეში - 250 ლარს, დეკემბრის თვეში - 375 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 125 ლარს, თებერვლის თვეში - 250 ლარს, მარტის თვეში - 250 ლარს, აპრილის თვეში - 250 ლარს, მაისის თვეში - 250 ლარს, ივნისის თვეში - 375 ლარს, სექტემბრის თვეში - 500 ლარს და ოქტომბრის თვეში - 750 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 27.11.2018 წლის მიმართვა N------------, დანართი (ს.ფ. 27, 29-30);
3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამისად, პ--------------ას უფიქსირდება შემოსავლის მიღება 2018 წლის თებერვლის თვეში - 109.17 ლარის ოდენობით. სხვა სახის შემოსავალი მოპასუხე პ--------------ას 2017 წლის იანვრიდან თვიდან სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, არ უფიქსირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 თებერვლის სხდომის ოქმი).
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 თებერვლის სხდომის ოქმი);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 27.11.2018 წლის მიმართვა N------------, დანართი (ს.ფ. 27-28).
3.2.3. მოპასუხე პ--------------ას განმარტებით, იგი არ არის სტაბილურად დასაქმებული. მოპასუხე პერიოდულად არის დასაქმებული სხვადასხვა კერძო სამუშაოებზე: ავეჯის დამზადება, მშენებლობა, ავტომანქანის ზეთებით ვაჭრობა. მოსარჩელის განმარტებით, იგი დღემდე მუშაობს ვ--------- სფეროში და ასევე, დ----------–--- სამსახურში, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის.
მოპასუხე არასტაბილურად დასაქმებულია სხვადასხვა პოზიციაზე და აქვს მინიმალური ანაზღაურება, თუმცა აღნიშნულს რეგულარული ხასიათი არ გააჩნია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 თებერვლის სხდომის ოქმი).
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 თებერვლის სხდომის ოქმი);
3.2.4. მოპასუხე პ--------------ას კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 თებერვლის სხდომის ოქმი).
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 თებერვლის სხდომის ოქმი);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ნ--------------ემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო ორი არასრულწლოვანი შვილი: 2----–-–------------ დაბადებული ა----------ა და 2----–-–------------------- დაბადებული ც--------------ა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ბავშვები, ა----------ა და ც--------------ა ცხოვრობენ დედასთან - ნ--------------ესთან და ძირითადად იმყოფებიან მის რჩენა-კმაყოფაზე. ამასთან, მოსარჩელეს ბავშვების აღზრდაში მატერიალურად ეხმარებიან მშობლები. თავად მოპასუხე მხარე არ იღებს სათანადო მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდაში. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამისად, მოსარჩელე ნ--------------ეს 2017 წლის იანვრის თვიდან უფიქსირდება შემოსავლის მიღება, კერძოდ, მის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 285.7 ლარს, თებერვლის თვეში - 271.25 ლარს, მარტის თვეში -250 ლარს, აპრილის თვეში - 250 ლარს, მაისის თვეში - 250 ლარს, ივნისის თვეში - 353.75 ლარს, ივლისის თვეში - 21.25 ლარს, ოქტომბრის თვეში - 125 ლარს, ნოემბრის თვეში - 250 ლარს, დეკემბრის თვეში - 375 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 125 ლარს, თებერვლის თვეში - 250 ლარს, მარტის თვეში - 250 ლარს, აპრილის თვეში - 250 ლარს, მაისის თვეში - 250 ლარს, ივნისის თვეში - 375 ლარს, სექტემბრის თვეში - 500 ლარს და ოქტომბრის თვეში - 750 ლარს. მოსარჩელე მხარის მითითებით, არასრულწლოვან ბავშვებს, ა----------ას და ც--------------ას აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ესაჭიროებათ ექიმის მეთვალყურეობა და მკურნალობა, რაც დაკავშირებულია სათანადო ხარჯებთან. გარდა ამისა, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება, ნ--------------ის განმარტებით, იგი არასრულწლოვან ა----------ას დამატებით ამზადებს სასკოლო საგნებში. იგი მშობლების ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფს ბავშვების აღზრდისათვის ნორმალური პირობების შექმნას.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამისად, პ--------------ას უფიქსირდება შემოსავლის მიღება 2018 წლის თებერვლის თვეში - 109.17 ლარის ოდენობით. სხვა სახის შემოსავალი მოპასუხე პ--------------ას 2017 წლის იანვრიდან თვიდან სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, არ უფიქსირდება.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხე დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეოებები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. განსახილველ შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას მოპასუხის დ----------–--- სამსახურში და ასევე, ავტომანქანების ზეთების ვ--------- დასაქმებისა და შემოსავლის მიღების თაობაზე. მოპასუხე პ--------------ას განმარტებით, იგი არ არის სტაბილურად დასაქმებული. მოპასუხე პერიოდულად არის დასაქმებული სხვადასხვა კერძო სამუშაოებზე: ავეჯის დამზადება, მშენებლობა, ავტომანქანის ზეთებით ვაჭრობა. მოპასუხე პერიოდულად არის დასაქმებული სხვადასხვა პოზიციაზე და აქვს შესაბამისი ანაზღაურება, რასაც სტაბილური ხასიათი არ გააჩნია.
არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მატ საუკეთესო ინტერესებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვების უფლება მიიღონ ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. არასრულწლოვანთა აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანთა რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. ამასთან, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა არ ამცირებს არასრულწლოვანთა მოთხოვნილებებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვების საუკეთესო ინტერესები. თუმცა ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარის მიერ სხვადასხვა წყაროებიდან (არარეგულარული სამუშაოდან) შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თავად მოპასუხე მხარე არ უარყოფს პერიოდულად დასაქმებისა და გარკვეული შემოსავლის მიღების ფაქტს. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში თითოეული არასრულწლოვანისათვის 120 (ასოცი) ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნ--------------ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. მოპასუხე პ--------------ამ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, შესაბამისად, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე პ--------------ას (პირადი N-----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების: ა----------ას (დაბადებული 2----–-–------------) და ც--------------ას (დაბადებული 2----–-–-------------------) სასარგებლოდ, ყოველთვიურად, ალიმენტის სახით, თითოეულზე 120-120 (ასოცი - ასოცი) ლარის, სულ 240 (ორას ორმოცი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 14 ნოემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.
3. მოპასუხე პ--------------ას (პირადი N-----------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა