განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5----18
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 თებერვალი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ონიანი
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - გი--------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ხვ----–---------ა - დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, დ-----------------------------–----------------------------; ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, დ------------------------–-----------------------------;
ადვოკატი - ა----–-–---–---–-
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, დ------------–-----------–-------------------ში მდებარე სს „ს----------–----------“ ფილიალში, ხა---------------–---–მა კუთვნილი პლასტიკური ბარათით (№5------------------) სცადა თავის ანგარიშზე არსებული თანხის - 900 ლარის განაღდება, ბანკომატმა დააბრუნა პლასტიკური ბარათი, ხოლო თანხა არ გასცა. ხა---------------–---–მა დატოვა ს----------–---------- ტერიტორია, რის შემდეგაც რამდენიმე წამში ბანკომატმა გასცა 900 ლარი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ს----------–---------- იმავე ფილიალში, ბანკომატის გვერდით განთავსებულ ჩასარიცხ აპარატთან მდგომი ხვ----–---------ა. აღნიშნული ქმედებით ხა---------------–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი 900 ლარის ოდენობით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ხვ----–---------ას მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ხა---------------–---–ის გამოკითვის ოქმს, მოწმეების - გი--------------–--ისა და მა-----–---------ას გამოკითხვის ოქმებს, სს ,,ს----------–-------------’’ გამოთხოვილ ინფორმაციას, გამოთხოვილი ინფორმაციის გახსნისა და დათვალიერების ოქმებს, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას, ხვ----–---------ას გამოკითხვის ოქმებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ხვ----–---------ას სისხლის სამართლის საქმეში არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს - კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ ხვ----–---------ას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2. ქმედების ფარულად განხორციელება, 3. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ხვ----–---------ას მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება გამოიხატა ქ. თბილისში, ე-------–------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა პირის ნივთის ქურდობაში. დადგენილია, რომ ხვ----–---------ას არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა დაუფლებული თანხის მიმართ. ქმედების ფარულად განხორციელება დადასტურდა საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით. ამასთან, ხვ----–---------ა სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში ხვ----–---------ას მიერ სხვისი მოძრავი ნივთების დაუფლება არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულებრივ ქმედებაში, ქურდობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი ფარულად დაუფლებაც მოახერხა დამნაშავემ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 150 ლარს. აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ხვ----–---------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რომლისთვისაც ხვ----–---------ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4 პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ხვ----–---------ამ ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. დამამძიმებელი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ გამოვლენილა.
5. სასჯელის დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლითაც მსჯავრი უნდა დაედოს ხვ----–---------ას სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ხვ----–---------ას პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ხვ----–---------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ), იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას და მან სრულად აუნაზღაურა დაზარალებულს მიყენებული ზიანი. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, მოტივს/მიზანს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაზარალებულს - მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს, ხვ----–---------ას კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, ასევე იმ გარემოებას, რომ არ არსებობს ხვ----–---------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, ასევე მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავს მეუღლე და ოთხი არასრულწლოვანი შვილი. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მას სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 63-64-ე მუხლების შესაბამისად უნდა ჩაეთვალოს პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებები:
· 3 (სამი) ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხვ----–---------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხვ----–---------ას მიმართ დანიშნული სასჯელი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.
ხვ----–---------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ხვ----–---------ას ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· სამი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი