გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2672353-2/784-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 თებერვალი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი’’
წარმომადგენელი - ლ--–- გ-------
მოპასუხე - ა------ მ---------ე, დ-------- ბ-------ი
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს ა------ მ---------ეს და დ-------- ბ-------ს სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო დავალიანების - 5993.43 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3401.19 ლარი, პროცენტი - 1459.24 ლარი, პირგასამტეხლო - 1133 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სს „ლ-------------სა“ და ა------ მ---------ეს შორის 2013 წლის 4 სექტემბერს გაფორმდა 0002/2013/09433 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 5633 ლარი, წლიური 17%· კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 60 თვე. პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულება. კერძოდ, 2013 წლის 4 სექტემბერს ბანკსა და დ-------- ბ-------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირმა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხიმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. თავდები პირის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 8402.09 ლარით.
მოპასუხეების ა------ მ---------ს და დ-------- ბ-------ის დავალიანება 09.10.2018 მდგომარეობით სს "ლ-------------ის" მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 5993.43 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 3401.19 ლარი, დარიცხული პროცენტი - 1459.24 ლარი, ხოლო ჯარიმა - 1133 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ა------ მ---------ემ სარჩელი ცნა ნაწილობრივ და მიუთითა, რომ გადასახდელად უნდა დაეკისროს მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა.
2.2. მოპასუხე დ-------- ბ-------მა სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2013 წლის 4 სექტემბერს სს ,,ლ-------------სა’’ და ა------ მ---------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0002/2013/09433, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 5633 ლარი, 60 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი წლიური - 17%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.2. დადგენილია, რომ 2013 წლის 4 სექტემბერს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 4 სექტემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დ-------- ბ-------მა იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 8402.09 ლარით.
3.1.3. მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების სესხის დაფარვის გრაფიკი. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 04.09.2013წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0002/2013/09433;
- 04.09.2013წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
- 04.09.2013წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;
- დ-------- ბ-------ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
- 04.09.2013წ. თავდებობის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 4.09.2013-31.12.2018წ;
- 09.10.2018წ. N03065/41110 ცნობა დავალიანების შესახებ;
- გაფრთხილებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე;
- საფოსტო გზავნილები;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოპასუხეების ა------ მ---------ის და დ-------- ბ-------ის დავალიანება სს ,,ლ-------------ის’’ მიმართ 04.09.2019წ. სესხის N0002/2013/09433 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 5993.43 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3401.19 ლარი, პროცენტი - 1459.24 ლარი; ჯარიმა 1133 ლარი;
3.2.2. მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო არაგონივრულია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლოს 133 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ა------ მ---------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ლ-------------სა’’ და ა------ მ---------ეს) შორის გაფორმებული 2013 წლის 4 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ა------ მ---------ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 5993.43 ლარი, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს და თავდებს). მოპასუხე ა------ მ---------ემ ცნო სარჩელი მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 1459.24 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.
6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისიწნებული გადახდები ნაწილობრივ არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 1133 ლარი უნდა შემცირდეს და ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 133 ლარით.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, სს ''ლ-------------სა'' და ა------ მ---------ეს შორის 2013 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ლ-------------სა'' და მეორეს მხრივ დ-------- ბ-------ს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - დ-------- ბ-------მა იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 8402.09 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2013 წლის 4 სექტემბრის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანების და პირგასამტეხლოს 133 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ა------ მ---------ემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის ნაწილში, რის გამოც ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან უნდა გათავისუფლეს. მოპასუხე დ-------- ბ-------მა სარჩელი არ ცნო, ხოლო მოპასუხე ა------ მ---------ემ სარგებლის და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე დ-------- ბ-------ს მოსარჩელე სს ლ-------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 102.03 ლარის გადახდა ასევე ა------ მ---------ეს და დ-------- ბ-------ს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 47.76 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ლ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ა------ მ---------ეს და დ-------- ბ-------ს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო დავალიანების - 4993.43 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3401.19 ლარი, პროცენტი - 1459.24 ლარი, პირგასამტეხლო - 133 ლარი.
3. მოპასუხე ა------ მ---------ეს და დ-------- ბ-------ს მოსარჩელე სს ლ-------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 47.76 ლარის გადახდა.
4. მოპასუხე დ-------- ბ-------ს მოსარჩელე სს ლ-------------ის სასარგებლოდ დაეკისრო გაწეული საპროცესო ხარჯის 102.03 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი