გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/33413-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 თებერვალი 2018 წელი თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - ანი ჯაჭვაძე
მოსარჩელე - შპს მ---------–--
წარმომადგენელი - ნ-----------–-–---–ი
მოპასუხე - თ----- ჯ-----ე
წარმომადგენელი - ბ------------–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე თ----- ჯ-----ეს მოსარჩელე შპს მ---------–--ს სასარგებლოდ დაეკისროს 5668.25 ლარის გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელის განმარტებით, შპს "მ-----------------------------–-------–--სა და თ----- ჯ-----ეს შორის, 1--------- წელს, ელექტრონული ფორმით დაიდო N1------- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, თ----- ჯ-----ეზე გაიცა სესხი 3500 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 370 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 71.2%, სესხის , - დაფარვა - გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა + პროცენტი) – 418.80 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 20 მაისს. გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შენატანის თანხები გადახდილი არ იქნა, ხოლო ბოლო გადახდა სესხზე (გადავადების მიზნით) დაფიქსირდა 2018 წლის 27 ივნისს, რის შემდეგაც, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მსესხებელი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. აღნიშნულის გამო, 14.11.2018-ის მდგომარეობით, გამსესხებლის წინაშე მისი ფულადი ვალდებულება შეადგენს 5668.25 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3500 ლარი, პროცენტი - წლიური საპროცენტო განაკვეთიდან ხელშეკრულების დარღვევამდე არსებულ პერიოდზე პროპორციულად დარიცხული - გადაუხდელი ოდენობა - 218.00 ლარი, პირგასამტეხლო - ნარჩენი ძირითადი თანხის დღიური 0.41% 2017 წლის 25 აგვისტოდან მოყოლებული ვადაგადაცილებულად დაფიქსირებულ დღეებზე (რომელშიც არ შედის ის დღეები, როდესაც მსესხებელი სარგებლობდა გადავადებით) -1950.25 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე თ----- ჯ-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხემ სადავოდ გახადა მის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობა და შესაბამისად, მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა.
მხარის განმარტებით, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა სესხის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით მოპასუხის მხრიდან ნების გამოხატვა. სესხის ხელშეკრულების ტექსტი შეიძლება განხილულ იქნას როგორც პროექტი და არა ხელშეკრულება. ხოლო წარმოდგენილი გადახდის ისტორია, ცნობა და სხვა მოსარჩელის მიერ ცალმხრივად შედგენილი საბუთებია და მას მტკიცებულებითი მნიშვნელობა ვერ ექნება შეცილების შემთხვევაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
3. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
3.2.1. დასაბუთებისა და მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მოპასუხისათვის 3500 ლარის ოდენობით თანხის საკუთრებაში გადაცემის სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არცერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ ითვალისწინებს, შესაბამისად, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებისათვის, რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება, გამოყენებულ უნდა იქნეს სსსკ-ის ზოგადი ნორმა (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი); ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი სესხის თანხის დაფარვით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა შპს ,,ს---–--სა“ და თ----- ჯ-----ეს შორის სესხის ხელშეკრულების დადების და თანხის გადაცემის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. ამასთან, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები: ხელშეკრულება, საგადასახადო ისტორია და თ----- ჯ-----ის საპასპორტო მონაცემები, ცნობა და მსესხებლის მიერ ჩარიცხული თანხებზე მოსარჩელის მიერ გაცემული ინფორმაცია ვერ ჩაითვლება მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებად.
შესაბამისად, მტკიცების ტვირთის სტანდარტის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარე არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, სარჩელის შედავებული ფაქტობრივი საფუძვლების მტკიცება მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებებით და ამ უკანასკნელის მიერ ცალმხრივად შექმნილი წერილობითი დოკუმენტაციით, ვერ მიიჩნევა სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებლად საკმარის მტკიცებულებად.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და მათი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს მ---------–--ს სასარჩელო მოთხოვნა თ----- ჯ-----ისათვის 5668.25 ლარის ოდენობით თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-418-ე, 623-624-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
განსახილველი სარჩელით შპს მ---------–-- ითხოვს მოპასუხისათვის 5668.25 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელის განმარტებით მხარეთა შორის წარმოშობილი იყო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, საიდანაც გამომდინარე ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს - სესხის დაბრუნება, ხსენებული სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, განხორციელებული უნდა იყოს მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები: მსესხებელს გადაცემული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული (სადავო) თანხა საკუთრებაში და უნდა კისრულობდეს განსაზღვრულ ვადაში, გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას. ხოლოდ ამ წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხად გადაცემული თანხის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი კი, ვალდებულია დააბრუნოს უკან სესხად მიღებული იმავე სახის, ხარისხისა და ოდენობის ნივთი.
ამდენად, მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნის საფუძვლიანობა წარმოადგენს.
სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს. მხოლოდ მხარეთა შეთანხმება სესხის თაობაზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას.
ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საკითხი, საკასაციო პალატამ შემდეგი განმარტება გააკეთა: ,,სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“( სუსგ№ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ.). სხვა საქმეში საკასაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას ანუ, იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშვება გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან ( სუსგ, საქმეზე №ას-361-343-2015, 14.12. 2015).
გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის სასესხო-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, რომლის საფუძველზეც მსესხებლის მიერ მოხდა კრედიტის თანხის ათვისება (მიღება) არ დასტურდება.
6.3. სარჩელით, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის როგორც სესხის ძირი თანხის, ასევე დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის როგორც სესხის ძირი თანხის, ასევე პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და შესაბამისად შპს მ---------–--ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 170.05 ლარის ოდენობით; შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს "მ-----------------------------–-------–--"-ს სარჩელი მოპასუხე თ----- ჯ-----ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს "მ-----------------------------–-------–---"ს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი