განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5----18
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ონიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა----------------–---ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გი-------------ე (დაბადებული - 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, ბ------------------; ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, გ-–-------------------------------------------------------------).
ადვოკატი - ხა------------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ტურისტული სააგენტოს, შპს „ფ----------------–--“ დირექტორს, ოს-------------ს სურდა, კომპანიის კლიენტებისთვის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების შეძენა. გი-------------ემ, რომელიც მუშაობდა შპს „ფ----------------––-“, I- თანამშრომლის პოზიციაზე, უთხრა ოს-------------ის, რომ კომპანია „ვ--------“ აწარმოებდა ბილეთების გაყიდვას და ოს-------------ის თანხმობით 2017 წლის ბოლოს უნდა დაეწყო მოლაპარაკება აღნიშულ კომპანიასთან. თუმცა, მან მოატყუა ოს-------------ი, თვითონ შექმნა კომპანია „ვ--------ს“ ყალბი ვებ გვერდი v---------------, აგრეთვე ყალბი ელექტრონული ფოსტის მისამართები --------------------- და ----------------------- და თითქოსდა აწარმოებდა მოლაპარაკებას ბილეთების შეძენის თაობაზე კომპანიასთან, შპს „ფ----------------–--“ სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტის მისამართიდან, info@f----------l--.c --, სადაც დააყენა ფილტრი, რომელიც ბლოკავდა გარკვეული მისამართებიდან შემოსულ წერილებს, რომელთა შორის იყო P------ის მისამართი და კომპანია „ვ--------ს“ ოფიციალური მისამართო. საერთო ჯამში „ვ--------სგან“ შეძენილი უნდა ყოფილიყო 575 ცალი ბილეთი, რისთვისაც უნდა გადაეხადა თანხა 103 000 აშშ დოლარის ოდენობით. ბილეთების ღირებულების გადახდისთვის ოს-------------ი თანხას ეტაპობრივად 2018 წლის 30 მაისამდე აძლევდა ხელზე გი-------------ეს, ჯამში 80 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც თანხა უნდა ჩაერიცხა მისი მეუღლის ან–--–-----------ს სს „თ------------“ ანგარიშზე, საიდანაც ელექტრონული გადახდის საშუალება P------ის მეშვეობით უნდა გადაერიცხა კომპანია „ვ--------სთვის“ და შეეძინა ბილეთები. თუმცა, მან თანხიდან მცირე ნაწილი გადარიცხა „ვ--------ს“ ანგარიშზე და შეიძინა მხოლოდ 4 ბილეთი. იმ მიზნით, რომ ოს-------------ს ეჭვი არ შეპარვოდა და არ მოეთხოვა თანხის დაბრუნება „ვ--------სგან“, გი-------------ე მის მიერვე შექმნილი ელ/ფოსტის მისამართებიდან პერიოდულად „ვ--------“ სახელით წერდა ოს-------------ს, რომ თუ 2018 წლის 30 მაისამდე არ იქნებოდა სრული თანხა გადახდილი, შპს „ფ----------------–-“ ვერ მიიღებდა ბილეთებს, ასევე არ დაუბრუნდებოდა გადარიცხული თანხა. საბოლოოდ შპს „ფ----------------–-“ ვ--------სთვის რჩებოდა გადასახდელი 23 000 აშშ დოლარი და იმ მიზნით, რომ 30 მაისამდე ოს-------------ს ვერ მოეხერხებინა 23 000 აშშ დოლარის მოძიება, გი-------------ემ შექმნა ელექტრონული ფოსტის მისამართი r--------.st9@gmail.c --, თითქოსდა შპს „ფ----------------–-“ შეუკვეთა ბილეთები და ყოველდღიურად პირდებოდა შეკვეთილი ბილეთების საფასურის 23 000 აშშ დოლარის გადმორიცხვას, თუმცა აჭიანურებდა გადახდის დროს. ამის შემდეგ ელექტრონული ფოსტიდან r--------.st9@gmail.c -- გამოაგზავნა თანხის გადმორიცხვის დამადასტურებელი ყალბი ქვითარი, რაც კომპანიის საბანკო ანგარიშზე რა თქმა უნდა არ ასახულა და გი-------------ე, ვინმე „რ---------“ სახელით ატყუებდა ოს-------------ს, თითქოსდა თანხა შეჩერებული იყო შუამავალ ბანკში. ასევე, 2018 წლის 07 ივნისს, გი-------------ემ ოს-------------ს წარუდგინა მისი მეუღლის ან–--–-----------ს ყალბი საბანკო ამონაწერი, თითქოსდა ბილეთების ღირებულების საფასური ნამდვილად იყო გადარიცხული. აღნიშნულით გი-------------ემ შპს „ფ----------------–-“ მიაყენა 80 000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გი-------------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ოს-------------ის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების ან–--–-----------სა და ქე-------------ს გამოკითხვის ოქმებს, გი-------------ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებს, ამოღებულ კომპიუტერულ ტექნიკას, ტოტალიზატორებიდან და სს „თ-----------------“ გამოთხოვილ ინფორმაციას, ბრალდებულ გი-------------ის გამოკითხვის ოქმს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გი-------------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობის ჩადენისათვის ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის მოტყუებით. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია, ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
მოცემულ შემთხვევაში განაჩენში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ გი-------------ე თაღლითურად, მოტყუებით (მცდარი ინფორმაციის მიწოდების გზით) დაეუფლა „ფ----------------–--“ კუთვნილ თანხას, რის შედეგადაც მას მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი (მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილი დიდი ოდენობით ზიანის 10 000 ლარიან ზღვარს). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობის) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი და აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება - დიდი ოდენობა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გი-------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, რისთვისაც გი-------------ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გი-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული [უნდა იყოს] თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რომლითაც გი-------------ეს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს გი-------------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი სახე და ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას გი-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა გამოძიების საწყის ეტაპიდანვე აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა სამართალდამცავ სტრუქტურასთან, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ), სასამართლო განხილვის დროს გამოავლინა კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევა; ასევე, მხედველობაშია მისაღები ბრალდებულის პირადი და მატერიალურ მდგომარეობა, არ არის ნასამართლევი, არის დაოჯახებული, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და ორსული მეუღლე. სასამართლო ასევე, ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, მოტივს/მიზანს (დაზარალებულისთვის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზანი), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (გი-------------ე თვეების მანძილზე, ორგანიზებულად, გეგმის მიხედვით, სხვადასხვა ყალბი მონაცემებისა და ელექტრონული საფოსტო მისამართების შექმნით დაზარალებულის ნდობას იპოვებდა, ატყუებდა და ეუფლებოდა მის კუთვნილ თანხას), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაზარალებულს - მიადგა დიდი ოდენობით ზიანი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, გი-------------ეს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, კანონით გათვალისწინებული სასჯელის ფარგლებში მინიმალური ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გი-------------ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
ü რვა ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ü გი-------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
ü გი-------------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მეხსიერების ორი ცალი მყარი დისკი, ,,ტ--–----“ ფირმის მეხსიერების ბარათი, ერთი ცალი კომპიუტერის პროცესორი, ერთი ცალი ,,ა------“ ფირმის ლეპტოპი, ერთი ცალი H--ის ფირმის ლეპტოპი, ერთი ცალი ,,ა-----ს“ ფირმის ლეპტოპი შესაბამის ელ/სადენებთან ერთად, ერთი ცალი მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
ü გი-------------ისგან ამოღებული ავტომანქანა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს
ü გი-------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 140 ლარის ოდენობით და გი-------------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 860 ლარის ოდენობით - დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით გადაეცეს დაზარალებულს, ოს-------------ს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გი-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
გი-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 სექტემბრიდან.
გი-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
ü რვა ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ü გი-------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
ü გი-------------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მეხსიერების ორი ცალი მყარი დისკი, ,,ტ--–----“ ფირმის მეხსიერების ბარათი, ერთი ცალი კომპიუტერის პროცესორი, ერთი ცალი ,,ა------“ ფირმის ლეპტოპი, ერთი ცალი H--ის ფირმის ლეპტოპი, ერთი ცალი ,,ა-----ს“ ფირმის ლეპტოპი შესაბამის ელ/სადენებთან ერთად, ერთი ცალი მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
ü გი-------------ისგან ამოღებული ავტომანქანა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს
ü გი-------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 140 ლარის ოდენობით და გი-------------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 860 ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს დაზარალებულს (ოს-------------ს).
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი