გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/11175-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2019 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი
მოსარჩელე - რა-------------
წარმომადგენლები - 1 - თა------------–---–ი
2 - მი------------------ე
მოპასუხე - ილ-------------------
წარმომადგენლები - 1 - და----------–---
2 - ან--------------ნი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გამოთხოვილ იქნეს მოსარჩელე რა------------ის საკუთრება, უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, წი----------–---–----------- მოპასუხე ილ-------------------ს უკანონო მფლობელობიდან და ქონება მოსარჩელეს გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
( 2019 წლის 28 იანვრის სხდომის ოქმი - 13:19:34 სთ).
1.2. მოპასუხეს დაეკისროს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, თვეში 1 000 ლარის გადახდა 2018 წლის იანვრიდან მოსარჩელისათვის მისი კუთვნილი ნივთს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნებამდე.
1.3. გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 იანვრის განკარგულების მიხედვით, მოვალე ილ-------------------ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, წი----------–---–--------------- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N---1--07.0---0---0----- - მესაკუთრე 2018 წლის 04 იანვარს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა რა-------------.
(მტკიცებულება: განკარგულება, ს.ფ. 16-17)
3.2.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა წი----------–---–--------- ფართი: 79.92 კვ.მ, საკადასტრო კოდი N---1--07.0---0---0----- - რეგისტრირებულია რა------------ის საკუთრებად. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: განკარგულება N----------------, დამოწმების თარიღი: 10/01/2018წ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიურო.
(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 18-19)
3.2.3. რა------------ის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთს, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა წი----------–---–--------- ფართი: 79.92 კვ.მ, საკადასტრო კოდი N---1--07.0---0---0----- - ფაქტობრივად ფლობს ილ-------------------.
(მტკიცებულება: სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება - 2019 წლის 28 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 2-15, 35-46, 102-108)
მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, სასამართლოს აზრით, მან ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ მხარის კუთვნილი ქონების ფლობის შედეგად, მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 1 000 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი, რაც შეიძლება გამოხატულიყო ბინის იჯარით გაცემის შედეგად სარგებლის მიღებაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის მიყენებაზე მსჯელობისას აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების შეუსრულებლობასა და ზიანის მიყენების ფაქტს შორის. ზიანის მიყენება, იქნება ეს პირდაპირ დამდგარი ზიანი თუ მიუღებელი შემოსავალი, უნდა ადასტუროს ამ მოთხოვნის მქონე პირმა და იმავდროულად უნდა ამტკიცოს და ადასტუროს კონკრეტული მტკიცებულებებით ზიანის ოდენობა, მისი მოცულობა. ზოგადად ვალდებულების შეუსრულებლობა, ყოველთვის ქმნის ზიანის მიყენების ვარაუდს, თუმცა მისი ანაზღაურების მოთხოვნისას, მომთხოვნი პირი ვალდებულია მიუთითოს და უტყუარად დაამტკიცოს როგორც ზიანი და მისი ოდენობა, ასევე უშულოდ ვალდებულების დარღვევის გამო ამ ზიანის წარმოშობა.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება მისი კუთვნილი ქონების ფლობასა და სარგებლობაში, ზიანს აყენებს მას, ვინაიდან ვერ ახერხებს ქონების იჯარით გაცემის შედეგად ყოველთვიურად 1 000 ლარის ოდენობით სარგებლის მიღებას. სარგებლის ოდენობის გაანგარიშების დასტურად კი მიუთითებს 2018 წლის 05 აპრილს შედგენილი ინდივიდუალური აუდიტორის მიერ გაკეთებულ შეფასების ანგარიშს (ს.ფ. 24-25).
სასამართლოს მიაჩნია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული სათანადო მტკიცებულების წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მხრიდან ზიანის მიყენებას. მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება კი ვერ გახდება ზიანის ფაქტის უტყუარად დადასტურების საკმარისი საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისაგან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 394-ე, 411-ე, 412-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-270-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს. დაუშვებელია პირს ფორმალურად ჰქონდეს საკუთრების უფლება და ფაქტობრივად ვერ სარგებლობდეს მისით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით აღძრული სარჩელი წარმოადგენს ვინდიკაციურ სარჩელს, რომლის საფუძველზეც მესაკუთრე უფლებამოსილია სხვისი უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს საკუთრება. ვინდიკაციური სარჩელის აღძვრა დასაშვებია იმ მოცემულობაში, როდესაც ილახება მესაკუთრის ნივთზე მფლობელობითი უფლება, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის სარგებლობაშია. მითითებული მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მას არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მითითებულ პირობათაგან რომელიმეს არარსებობა (დაუდასტურებლობა), გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადასტურდება, საჯარო რეესტრის ჩანაწერი მიიჩნევა ნამდვილად. ამასთან დადგენილია, რომ ქონება იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში და იგი ვერ მიუთითებს ქონების ფლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე. შესაბამისად, რა------------ის მოთხოვნა მოპასუხის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას, აუცილებელია ამ მოთხოვნის მქონე მხარემ მიუთითოს და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაამტკიცოს მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგეს და მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანის წარმომშობი ვალდებულებისათვის არის გათვალისწინებული. ამდენად, მიუღებელი შემოსავალი, ისევე როგორც ზიანი, ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Nას- 459-438-2015, 07.10.2015წ.).
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Nას-307-291-2011, 24.10.2011წ.).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მას მოპასუხის მიერ უძრავი ნივთის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობის შედეგად ადგება ზიანი და ვერ ღებულობს სარგებელს მისი იჯარით გაცემის შეუძლებლობის გამო, სასამართლოს მიერ არ იქნა მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად ზიანის ფაქტის დადასტურებისათვის.
სასამართლოს აზრით, ვალდებულების შეუსრულებლობა, ზოგადად ზიანის მომტანია პირისათვის, რადგან მესაკუთრეს ყოველთვის აქვს ქონებით სარგებლის მიღების შესაძლებლობა, მაგრამ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას მოდავე მხარემ კონკრეტული მტკიცებულებებით უნდა შეძლოს და დაადასტუროს მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. იმავდროულად, მიუღებელ შემოსავალზე მსჯელობისას, ზიანის სხვა კომპონენტებთან ერთად, აუცილებელია მოსარჩელის მიერ დადასტურდეს მოვალის წინასწარი მოლოდინი მისი მოქმედების შედეგად ზიანის მიყენების თაობაზე, მისი მოქმედების უშუალო კავშირი ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილ მიუღებელ სარგებელთან. ყოველივე აღნიშნული კი მოსარჩელის მიერ ვერ განხორციელდა.
ამდენად, მხარის მოთხოვნა მოპასუხისათვის მიუღებელი სარგებლის სახით 2018 წლის იანვრიდან, ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემამდე, ყოველთვიურად 1 000 ლარის დაკისრების შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული კი დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში, ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების წარმოშობიდან არ ხდება ნივთის გამოთავისუფლება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაუცემლობის შემთხვევაში, კვლავაც გაგრძელდება უფლებების ხელყოფა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს..
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 186 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ასევე მოითხოვს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 2 000 ლარის და აუდიტორული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 200 ლარის მოპასუხეზე დაკისრებას. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 60 ლარის გადახდა, ხოლო 60 ლარი კი უნდა დაუბრუნდეს მხარეს უკან, როგორც ზედმეტად გადახდილი. დარჩენილი სხვაობა - 66 ლარის ოდენობით კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება საროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სარჩელის დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 160 ლარს. რაც შეეხება აუდიტორული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 200 ლარის მოპასუხეზე დაკისრებას, ვინაიდან სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო მითითებული ხარჯი გაწეულ იქნა სწორედ ზიანის ოდენობის დადასტურების მიზნით, არ არსებობს საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი ამ თანხის მოპასუხისათვის დაკისრებისა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 268-270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. რა------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. გამოთხოვილ იქნეს მოსარჩელე რა------------ის საკუთრება, უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, წი----------–---–----------- მოპასუხე ილ-------------------ს უკანონო მფლობელობიდან და ქონება მოსარჩელეს გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
1.2. მოსარჩელის მოთხოვნა მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე თვეში 1 000 ლარის ოდენობით, 2018 წლის იანვრიდან მოსარჩელისათვის მისი კუთვნილი ნივთს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნებამდე, არ დაკმაყოფილდეს.
1.3. 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხე ილ------------------ს მოსარჩელე რა------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწფიო ბაჟის 60 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ილ------------------ს მოსარჩელე რა------------ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სახით 160 ლარის გადახდა.
4. მოსარჩელე რა-------------ს დაუბრუნდეს თა------------–---–ის მიერ 2018 წლის 17 აპრილს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 186 (ას ოთხმოცდაექვსი) ლარიდან 60 (სამოცი) ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სს „-------------, მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი: 3----------, ბანკის კოდი: T-------, საგადასახადო დავალება №-.
5. მოსარჩელე რა------------ის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 66 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ გასაჩივრდება კერძო საჩივრით დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი