გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.02.2019
საქმის ნომერი
330210018002485094
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/16942-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 თებერვალი, 2019 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი

მოსარჩელე - ავ--------–--------ე

წარმომადგენელი - თა------------–---------------------------

მოპასუხე - ლე--–----–-----ე

წარმომადგენლები - 1 - მე--------------ე

2 - და-–----------ე

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა

აღწერილობითი ნაწილი

1 სასარჩელო მოთხოვნა

1.1. აეკრძალოს მოპასუხე ლე--–----–-----ეს მოსარჩელე ავ--------–--------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით (ს/კ 01.1--1--00--01--0-----) სარგებლობის ხელშეშლა და დაევალოს მას მოახდინოს თბილისში, წ------------------------------ში უკანონოდ გამოჭრილი კარების დემონტაჟი (საკადასტრო კოდი 0--1--1--00--01--0--0--) ასევე მოპასუხის მხრიდან აღიკვეთოს ისეთი ქმედებები, როგორიცაა მოსარჩელის სარდაფის სახურავზე სიარული, სარდაფში ჩასასვლელი კიბით სარგებლობა და ყოველგვარი დაზიანების მიყენება, მათ შორის წყლის ჩასხმა სარდაფში.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ავ--------–--------ე და ლე--–----–-----ე არიან მეზობლები ქ. თბილისში, წყ----------------------ში. მოსარჩელის საკუთრებაშია სარდაფი, ხოლო მოპასუხის საკუთრებაში კი რეგისტრირებულია საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს სარდაფის თავზე. მოპასუხე მხარემ, შესაბამისი ნებართვების გარეშე გაჭრა შესასვლელი კარები კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, რომლით სარგებლობაც ხდება სარდაფის სახურავის გავლით. ამასთან, მოპასუხე სარგებლობს სარდაფში ჩასასვლელი კიბით. მოპასუხის მიერ დასხმული ბეტონის შედეგად, სარდაფის წინ გროვდება წყალი და ჩადის მასში, რითაც ზიანი ადგება მოსარჩელეს და ხელი ეშლება კუთვნილი ქონებით სარგებლობაში. ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაფრთხილება მიეცა მოპასუხეს და მოთხოვნილ იქნა კარების დემონტაჟი, რაც დროებით გამოასწორა მოპასუხემ, თუმცა დღეის მდგმომარეობით მოპასუხე კვლავაც იყენებს მას. მოსარჩელის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით დადგენილია, რომ სარდაფის ჭერზე და კედლებზე შეიმჩნევა წყლის პერიოდული ჩადინების კვალი, რაც ასევე გამოწვეულია მოპასუხის მოქმედებით. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე არ ახდენს დარღვევების გამოსწორებას, რის გათვალისწინებითაც მას უნდა დაევალოს უკანონოდ გაჭრილი კარის დემონტაჟი და უნდა აღიკვეთოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა მოსარჩელის კუთვნილ სარდაფის სახურავზე სიარული, სარდაფის ჩასასვლელი კიბით სარგებლობა და ყოველგვარი ზიანის მიყენება, მათ შორის სარდაფში წყლის ჩასხმა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენლებმა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ მართალია, მხარეები არიან მეზობლები და მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება სარდაფი, თუმცა საკუთრების უფლება მხარეს მოპოვებული აქვს ბათილი გარიგების საფუძველზე და აღნიშნულის თაობაზე საქმე განიხილება სასამართლოში. მოსარჩელე მხარის მოთხოვნა გაურკვეველია და არ დგინდება საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა მოპასუხის მხრიდან, რის გათვალისწინებითაც, მოთხოვნა დაუსაბუთებლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა წ--------------------------------------- სარდაფი, ფართი: 39.59 კვ.მ, საკადასტრო კოდი N0--1--1--00--01--0----- - რეგისტრირებულია ავ--------–--------ის საკუთრებად.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 19-20)

 

3.2.2. უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა წ-------------------------------- ფართი: 60.06 კვ.მ, საკადასტრო კოდი N0--1--1--00--01--0--0-- - რეგისტრირებულია ლე--–----–-----ის საკუთრებად.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 17-18)

 

3.2.3. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2018 წლის 31 მაისს გაცემული დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, წყ----------------------ში მდებარე სარდაფი წარმოადგენს რკინა-ბეტონის პანელური სინკარებით ნაშენ ნაგებობას, სადაც სარდაფის ჭერზე და კედლებზე შეიმჩნევა ზემოდან წყლის პერიოდულად ჩამოდინების კვალი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ატმოსფერული ნალექებით, ასევე პირველ სართულზე მცხოვრებთა მიერ სარდაფის სახურავზე სხვადასხვა ქმედებების შედეგად გამოწვეული და წარმოქმნილი წყლის მასებით. დასკვნის თანახმად, დაზიანებულია და დეფორმირებულია სარდაფის ჩასასვლელში მოწყობილი ლითონის კარი და დაზიანებები აღენიშნება სარდაფში ჩასასვლელი კიბის გადახურვასაც. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ვერ ხდება მსჯელობა თუ რა მოქმედებებით არის გამოწვეული დაზიანებები აღნიშნულ ნივთზე და რა ინტენსივობით ხდება წყლის ჩადინება სარდაფის სართულში, ასევე სარდაფის საძირკველში ჩასული წყალი აზიანებს თუ არა კორპუსის საძირკველს. აღნიშნულის დასადგენად საჭიროა სარდაფის ფუნდამენტში და საძირკვლებში გეოლოგიური და კონსტრუქციული კვლევების ჩატარება.

 

(მტკიცებულება: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა, ს.ფ. 21-29)

 

3.2.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წერილის თანახმად, ქ. თბილისში, წყ--------------–ი 2017 წელს სამსახურის მიერ გადამოწმდა ობიექტი და სიტყვიერი გაფრთხილების შედეგად გამოსწორდა სამშენებლო სამართალდარღვევა, კერძოდ, ობიექტი მოყვანილ იქნა საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში, რის გათვალისწინებითაც სამსახურში არ დაწყებულა ადმინისტრაციული წარმოება.

 

(მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წერილი, ს.ფ. 72)

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხდება მოსარჩელის კუთვნილი ნივთით სარგებლობის ხელშეშლა, ვინაიდან მოპასუხე თავის კუთვნილ ბინაში გაკეთებული კარით სარგებლობს მოსარჩელის კუთვნილი სარდაფის სახურავითა და სარდაფში ჩასასვლელი კიბით. ასევე დადგენილია, რომ სარდაფში არსებული დაზიანებების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს, როგორც ატმოსფერული ნალექები, ასევე პირველ სართულზე მცხოვრებთა მიერ სარდაფის სახურავზე სხვადასხვა ქმედებების შედეგად გამოწვეული და წარმოქმნილი წყლის მასები. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ იგი კუთვნილ ბინაში გაჭრილი კარიდან ხვდება მოსარჩელის სარდაფის სახურავზე და ასევე სარგებლობს სარდაფში ჩასასვლელი კიბით. მხარე მიუთითებს მხოლოდ სარდაფის კუთვნილების სადავოობაზე, რის თაობაზეც სასამართლოში მიმდინარეობდა დავა. მხარეთა ახსნა-განმარტებით კი დადგენილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დავა არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელე მხარის საკუთრება, საჯარო რეესტრის ჩანაწერის შესაბამისად არის ნამდვილი. ამდენად, მოპასუხე ვერ მიუთითებს რაიმე ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის გათვალისწინებითაც იგი უფლებამოსილი იქნება ისარგებლოს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სარდაფის სახურავითა თუ სარდაფის ჩასასვლელი კიბით, შესაბამისად უნდა აიკრძალოს სხვისი საკუთრებით სარგებლობის ნებისმიერი ფორმით ხელშეშლა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრების უფლება მოიცავს პირის ყველა უფლებას, რომ ნამდვილმა მესაკუთრემ, თავისი სურვილით, თავისუფლად ისარგებლოს და ნებისმიერი ფორმით განკარგოს იგი, არ დაუშვას ნებისმიერი პირის მხრიდან თავისი საკუთრებით რაიმე ფორმით სარგებლობა. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს. სარგებლობის უფლება თავის თავში მოიცავს მესაკუთრის უფლებას არ ისარგებლოს მისით. დაუშვებელია პირს ფორმალურად ჰქონდეს საკუთრების უფლება და ფაქტობრივად ვერ სარგებლობდეს საკუთრებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მას ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა წარმოადგენს საკუთრების საწინააღმდეგოდ მესაკუთრის საკუთრების უფლებაში ჩარევას. იმავდროულად ხელშეშლა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ხელშემშლელს არ უნდა გააჩნდეს ამის უფლებამოსილება რაიმე საფუძვლით. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი ყოველთვის უნდა დადასტურდეს სათანადო და კონკრეტული მტკიცებულებებით. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრული სარჩელზე, მოსარჩელის მტკიცების ვალდებულებას წარმოადგენს ხელშეშლის არსებობის ფაქტის დადასტურება. მომთხოვნი მხარის მიერ უნდა დადასტურდეს მისი ინტერესი და მოწინააღმდეგე მხარის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც ხელყოფს და აზიანებს მესაკუთრის საკუთრების უფლებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა წ--------------------------------------- სარდაფი, ფართი: 39.59 კვ.მ, საკადასტრო კოდით N0--1--1--00--01--0------ის მესაკუთრეს. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილი ქონების მომიჯნავედ მდებარეობს მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქალაქი თბილისი, ქუჩა წ-------------------------------- ფართი: 60.06 კვ.მ, საკადასტრო კოდი N0--1--1--00--01--0--0--. მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ მოპასუხეს კუთვნილ ბინაში გაჭრილი აქვს კარები, რომლით სარგებლობაც ხდება მოსარჩელის სარდაფის სახურავზე გავლით და სარდაფის ჩასასვლელი კიბის მეშვეობით, მესაკუთრის შესაბამისი თანხმობის გარეშე. ასევე დადგენილია, რომ სარდაფის ჭერი და კედლები დაზიანებულია წყლის პერიოდული ჩადინებით, რაც საქესპერტო დასკვნის თანახმად შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ატმოსფერული ნალექებით, ასევე პირველ სართულზე მაცხოვრებელთა მიერ სარდაფის სახურავზე სხვადასხვა ქმედებების შედეგად გამოწვეული და წარმოქმნილი წყლის მასებით.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოპასუხის მიერ ხდება მესაკუთრის თანხმობის გარეშე საკუთრებით სარგებლობა, მას უნდა აეკრძალოს სხვისის საკუთრებით სარგებლობა და უნდა აღიკვეთოს ხელშეშლის გამომწვევი მოქმედებები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის ანაზღაურება, ხოლო სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის ოდენობით კი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს უკან.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ავ--------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. აეკრძალოს მოპასუხე ლე--–----–-----ეს მოსარჩელე ავ--------–--------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით (ს/კ 0--1--1--00--01--0-----) სარგებლობის ხელშეშლა და დაევალოს მას მოახდინოს თბილისში, წ------------------------------ში უკანონოდ გამოჭრილი კარების დემონტაჟი (საკადასტრო კოდი 0--1--1--00--01--0--0--) ასევე მოპასუხის მხრიდან აღიკვეთოს ისეთი ქმედებები, როგორიცაა მოსარჩელის სარდაფის სახურავზე სიარული, სარდაფში ჩასასვლელი კიბით სარგებლობა და ყოველგვარი დაზიანების მიყენება, მათ შორის წყლის ჩასხმა სარდაფში.

 

2. დაეკისროს მოპასუხე ლე--–----–-----ეს მოსარჩელე ავ--------–--------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე ავ--------–--------ეს დაუბრუნდეს თა------------–--ის მიერ 2018 წლის 16 აპრილს სახ. ბიუჯეტში გადახდილი 120 ლარიდან 60 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: „თ----------ი“, მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი: T-------, სახაზინო კოდი 3----------, საგადასახადო დავალება N--

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი