განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2019
საქმის ნომერი
330100118002661505
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4----18

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

7 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ონიანი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნუ------------ძე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - და---------------ძე

 

ბრალდებული - ჯე---–------ძე, დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ლ---------------------------ში; ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი; 2. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); 2. ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2018 წლის 2------------, დაახლოებით 14:00 საათიდან 14:30 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. თბილისში, შ-------------–-- გამზირიდან მ---------- ქუჩამდე მოძრავ ა/მანქანაში, ჯე---–------ძემ, ხელისა და იდაყვის გამოყენებით, სახის არეში მრავალჯერადი დარტყმით ყოფილ მეუღლეს - ნი---------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ნი---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2018 წლის 2------------, დაახლოებით 14:00 საათიდან 14:30 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. თბილისში, შ-------------–-- გამზირზე ჯე---–------ძე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ნი---------–---–ის კუთვნილ 2000 ლარად ღირებულ „ა--------“ ფირმის მობილურ ტელეფონს.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2018 წლის 2------------, დაახლოებით 14:00 საათიდან 14:30 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. თბილისში, შ-------------–-- გამზირიდან მ---------- ქუჩამდე მოძრავ ა/მანქანაში, ჯე---–------ძემ, ხელისა და იდაყვის გამოყენებით, სახის არეში მრავალჯერადი დარტყმით, ყოფილ მეუღლეს - ნი---------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ნი---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ჯე---–------ძის მხრიდან ნი---------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონის აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ფაქტი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

3.1.1. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ნი---------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 27 იანვარს, სამსახურში ა/მანქანით მიაკითხა ყოფილმა მეუღლემ - ჯე---–------ძემ (მოწმეს ეს უკანასკნელი თავის ჩვენებაში მოხსენიებული ჰყავს, როგორც ბ----) და აჩუქა სამაჯური. ამასთან, სთხოვა შერიგება, რაზეც თავად უარზე იყო. მოწმის თქმით, აღნიშნულმა ფაქტმა ბრალდებული გააბრაზა, რის გამოც დაძრა კუთვნილი ა/მანქანა (სწორედ ჯე---–------ძის ა/მანქანაში მიმდინარეობდა მათ შორის საუბარი) და დაიწყო სწრაფი გადაადგილება შ-------------–-- ქუჩაზე. მოწმის განმარტებით, დაახლოებით ყოფილი ფოსტის შენობასთან, ჯე---–------ძემ მარჯვენა ხელით რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რა დროსაც მოწმემ განიცადა ტკივილი. დარტყმის მიზეზი იყო ეჭვიანობის გრძნობა, რომელიც ჯე---–------ძეს წარმოეშვა მას შემდეგ, რაც მოწმეს კუთვნილ მობილურ ტელეფონზე მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება (მოწმის თქმით, იმ მომენტში მის ყოფილ მეუღლეს ეგონა, რომ მოწმეს სხვა მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა). გზად, როდესაც მოწმე და მისი ყოფილი მეუღლე იმყოფებოდნენ რ----------–---–-- ქუჩაზე, ჯე---–------ძემ შეანელა სვლა, რა დროსაც მოწმე გადმოვიდა ღია კარებიდან. ა/მანქანიდან გადმოსვლისას იგი დაეცა მუხლებზე. მოწმის განმარტებით, იმ დროს მასთან უმალვე გაჩნდა ხალხი და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რომელთა დახმარებითაც გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც გაეწია სამედიცინო დახმარება.

 

3.1.2. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (27.08.2018 წ.) დგინდება, რომ ნი---------–---–მა დეტალურად მიუთითა ის ადგილები, სადაც ჯე---–------ძესთან ერთად გადაადგილდებოდა შემთხვევის დღეს, რა დროსაც ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით აღარ დაიკითხნენ აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ექსპერტები: გ------- უ-------–--- და ლ---- ბ-------–---–-, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მიერ პრეიუდიციად იქნა მიჩნეული აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი.

 

3.1.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე მა-------------–--ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 2------------, კუთვნილი ა/მანქანით გადაადგილდებოდა ქ. თბილისში რ----------–---–-- ქუჩაზე, რა დროსაც მისი ყურადღება მიიქცია ერთ-ერთმა მანქანამ, რომელსაც გადაადგილებისას ერთ კარი ჰქონდა ღია. აღნიშნული ა/მანქანა იდგა მისგან რამდენიმე ა/მანქანის წინ, რის გამოც მოწმე 100%-ით ვერ ხედავდა თუ რა ხდებოდა, თუმცა საცობის გათვალისწინებით ესმოდა აღნიშნული ა/მანქანიდან მომავალი გოგონას ხმა. სიტუაციაში გარკვევის მიზნით, მან გამორთო მუსიკა, ჩაწია ფანჯრები და გადაიწია წინ. მოწმის თქმით, მან დაინახა, რომ ხსენებული ა/მანქანის კარი ისევ ღია იყო, საიდანაც მოჩანდა გოგონას ფეხი, რომელიც ითხოვდა შველას. აღნიშნული ფაქტის შესახებ მოწმემ დაუყოვნებლივ აცნობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (შემდგომში - სსიპ) 112-ს. მოწმის განმარტებით, ამის შემდეგ, მან გააჩერა კუთვნილი ა/მანქანა, რათა გადმოსულიყო და ახლოდან ენახა შემთხვევის ადგილზე არსებული სიტუაცია. მან ადგილზე მისვლისას დაინახა შეშინებული, დამცირებული და საშინლად ნაცემი ახალგაზრდა გოგონა (აღნიშნულ გოგონას სახეზე ჰქონდა სიწითლე და შეშუპება), რომლის გარშემოც ხალხი შეკრებილიყო. მოწმის კითხვაზე - თუ ვინ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, გოგონამ მიუთითა თავის ყოფილ მეუღლეზე.

 

3.1.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე თე------------ს ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 2------------, მისთვის უცნობი ტელეფონის ნომრით დაუკავშირდა მისი შვილი - ნი---------–---–ი და უთხრა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ - ჯე---–------ძემ სცემა. იმ მომენტში მისი შვილი იმყოფებოდა ქ. თბილისში, მ---------- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თავად მალევე მივიდა. ადგილზე მისვლისას მოწმემ დაინახა თავისი შვილი, რომელსაც სახე ჰქონდა სისხლიანი და იყო განერვიულებული. მოგვიანებით მისმა ქალიშვილმა მოუყვა შემთხვევის დღეს მომხდარი ფაქტის დეტალები, კერძოდ, თუ როგორ დაარტყა ჯე---–------ძემ ხელი სახის არეში ეჭვიანობის ნიადაგზე. ამის შემდეგ, იგი გაჰყვა თავის შვილს სასწრაფო დახმარების ა/მანქანით საავადმყოფოში.

 

3.1.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ლე---------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 2------------, დაუკავშირდა მისი რძალი - თე------------ და უთხრა, რომ ჯე---–------ძემ იძალადა ნი---------–---–ზე, რის გამოც იმყოფებოდნენ საავადმყოფოში.

 

3.1.6. სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ ნი---------–---–ი სტაციონარში მოთავსების დროისთვის (2018 წლის 2------------ 15:31 საათი) უჩიოდა თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, შეშუპებას სახის არეში, ორივე თვალის წვას. მისი გადმოცემით, მას რამდენჯერმე დაარტყა ყოფილმა მეუღლემ. სამედიცინო გასინჯვის შედეგად ნი---------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ზედაპირული ტრავმა, სახის მრავლობითი ზედაპირული ტრავმა (დაჟეჟილობები), სუბკონიუნქტივალური სისხლჩაქცევა, მრავლობითი ექსკორაციების სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

 

3.1.7. სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 29 აგვისტოს ნი---------–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, ნაჭდევების და სისხლჩაქცევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

 

3.1.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე თა-----–------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 2------------, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად ჯე---–------ძე, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქ. თბილისი, ლ---------------------ში. ჯე---–------ძე დაკავებულ იქნა იმავე დღეს.

 

3.1.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაცვის მხარის მოწმე მე-----–----ის (ჯე---–------ძის დედა) ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 2------------, დაახლოებით 13:00 საათზე, ჯე---–------ძე (მოწმეს ეს უკანასკნელი თავის ჩვენებაში მოხსენიებული ჰყავს როგორც ბ----) გავიდა და დაახლოებით 15:00 საათისთვის დაბრუნდა სახლში. მოწმის განმარტებით, სახლში დაბრუნებისას მისი შვილი იყო საკმაოდ აღელვებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯე---–------ძემ უპასუხა, რომ ნი---------–---–თან ჰქონდა არასასიამოვნო საუბარი.

 

3.1.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ჯე---–------ძემ თავი ცნო უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 2------------, სამსახურში მიაკითხა ნი---------–---–ს, რომელსაც გადასცა საჩუქარი და შესთავაზა ერთად ესადილათ. გზად, როდესაც შ-------------–-- გამზირიდან გადაადგილდებოდნენ რ----------–---–-- ქუჩის მიმართულებით, ნი---------–---–ს მობილურ ტელეფონზე მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება. ე.წ. „სმს“ შეტყობინების მიღების შემდეგ, ეს უკანასკნელი დაიბნა, რაზეც მოწმემ უთხრა მიეწოდებინა ტელეფონი. მოწის განმარტებით, ნი---------–---–მა მას ყოველგვარი იძულების გარეშე მიაწოდა კუთვნილი ნივთი და აჩვენა, რომ იყო სარეკლამო ხასიათის შეტყობინება. მოწმის განმარტებით, დაახლოებით რ----------–---–-- ქუჩაზე ყოფნის დროს, ნი---------–---–მა გამოხატა უკმაყოფილება უნდობლობის გამო (რაც გამოწვეული იყო მოწმის მხრიდან ტელეფონის თხოვნითა და ე.წ. „სმს“ შეტყობინების გადამოწმებით) და სცადა ა/მანქანიდან გადასვლა. ამ დროს მოწმემ მოუწოდა მას დამშვიდებისკენ, რა დროსაც ადგილი ჰქონდა სიტყვიერ კამათს. ვინაიდან მოწმემ ვერ შეძლო მისი დამშვიდება, მალევე გაუჩერა ა/მანქანა და ნი---------–---–იც გადავიდა. მოწმის თქმით, მან დაინახა, თუ როგორ დაეცა ნი---------–---–ი ა/მანქანიდან გადასვლის დროს სახით, სხვა დაზიანებები კი არ შეუნიშნავს. მოწმის თქმით, მან ნი---------–---–ს გადასვლის შემდეგ ჰკითხა რამე ხომ არ დაგემართაო, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. ჩვენების მიცემისას მოწმემ კატეგორიულად უარყო შემთხვევის დღეს ნი---------–---–ზე ძალადობის ფაქტი.

 

3.1.11. სასამართლო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისას, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

 

3.1.12. სასამართლომ შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებები, აგრეთვე საქმეში წარმოდგენილი სხვა წერილობითი მტკიცებულებები) აღნიშნული სტანდარტის შესაბამისად და დადგენილად მიაჩნია, რომ ჯე---–------ძემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3.1.13. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულის ჩვენებაზე და განმარტავს, რომ ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები, კერძოდ, თუ როგორ დაარტყა ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე სახის არეში რამდენჯერმე, რა დროსაც განიცადა ტკივილი. დაზარალებულ ნი---------–---–ის ჩვენების სანდოობის შეფასებისას, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც თავის მხრივ, არის ძალიან თანმიმდევრული და დამაჯერებელი, სრულ თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხულ სხვა მოწმეთა (მათ შორის ნეიტრალური მოწმის) ჩვენებებთან. კერძოდ, ნი---------–---–ის მონათხრობი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თე------------მ, რომელიც მართალია ფაქტის შემსწრე მოწმე არ ყოფილა, თუმცა იყო პირველი, ვისაც ძალადობის განხორციელებიდან უმალვე დაურეკა მსხვერპლმა და უთხრა, რომ ჯე---–------ძემ სცემა. რაც შეეხება ნეიტრალური მოწმის - მა-------------–--ის ჩვენებას, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან თანხვედრის გამო, სასამართლოს მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს. კერძოდ, აღნიშნულმა მოწმემ ჩვენების მიცემისას დაადასტურა, თუ როგორ ცდილობდა ნი---------–---–ი (როგორც მოგვიანებით გაარკვია ვინაობა) გზად მიმავალი ა/მანქანიდან გადმოხტომას, რომელიც პარალელურად ითხოვდა შველას (აღნიშნულ ფაქტს მოწმე თვალს ადევნებდა საკუთარი ა/მანქანიდან). აღნიშნული ფაქტის შემყურე მა-------------–--ემ დაუყოვნებლივ, ისე, რომ არ გადმოსულა ა/მანქანიდან, აცნობა სსიპ 112-ს. ამის შემდეგ, იგი მივიდა უშუალოდ ნი---------–---–თან, რომელიც უკვე გადმომხტარი იყო ა/მანქანიდან. მოწმემ დადასტურებულად განაცხადა, რომ ამ უკანასკნელს, აშკარად ეტყობოდა ძალადობის კვალი. „გოგონა იყო შეშინებული, დამცირებული და საშინლად ნაცემი“ - ასე აღწერა მოწმემ ნი---------–---–ის მდგომარეობა. მანვე დამატებით განმარტა, რომ მის შეკითხვაზე, ნი---------–---–მა უპასუხა, რომ აღნიშნული დაზიანება ყოფილმა მეუღლემ მიაყენა (სასამართლო თე------------ს და მა-------------–--ის ჩვენებების შეფასებისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის თავად ბრალდებულ ჯე---–------ძის ჩვენებით, ცალსახად გამოირიცხა ნი---------–---–ის მხრიდან, ამ უკანასკნელის მიმართ რაიმე პირადი მოტივის არსებობა, რასაც შესაძლოა გამოეწვია მისთვის დანაშაულის დაბრალება). ნი---------–---–ის სახეზე არსებული დაზიანების კვალი დასტურდება, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებითაც, რაც ნი---------–---–ს გადაუღეს შემთხვევის დღეს, განყოფილებაში მისვლის დროს. რაც შეეხება დაზიანებებს, აღნიშნული ასახულია სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათსა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში (იხ. პუნქტი 3.1.6.- 3.1.7.).

 

3.1.14. სასამართლო იზიარებს ევროპული სასამართლოს მიერ განმტკიცებულ მოსაზრებას, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეთა მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003, № 37801/97, §34; ასევე Van De Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19/04/1994, §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93, 29/05/1997, §43). ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე და განმარტავს მათი გაუზიარებლობის საფუძვლებს.

3.1.15. საქმის არსებითი განხილვის დროს დაცვის მხარე ძირითადად აპელირებდა შემდეგ საკითხებზე: 1. მა-------------–--ის ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან იგი წარმოადგენს დაინტერესებულ პირს; 2. დაზარალებულმა ნი---------–---–მა სახეზე არსებული დაზიანება მიიღო ა/მანქანიდან გადასვლის მომენტში.

 

3.1.16. სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის პირველი არგუმენტი არ არის თანხვედრაში სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, თუმცა აღნიშნული არგუმენტის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან შედარებამდე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მიერ, დასკვნით სიტყვაში გაჟღერებულ გარემოებებზე, რაც საფუძვლად დაედო ზემოაღნიშნულ პოზიციებს. მოწმე მა-------------–--ის, რომელსაც სასამართლო აფასებს ნეიტრალურ მოწმედ, ჩვენების გაუზიარებლობის საფუძვლად დაცვის მხარემ მიუთითა მის სუბიექტურობაზე (დაცვის მხარის განმარტებით, იგი წარმოადგენს მოცემული საქმის შედეგით დაინტერესებულ პირს). კერძოდ, დაცვის მხარის მოსაზრებით, სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას, მა-------------–--ემ დაადასტურა, რომ სსიპ 112-ში დარეკვის ფაქტი განახორციელა ა/მანქანაში ყოფნის პერიოდში, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა თე------------მ - მა-------------–--ის მიერ სსიპ 112-ში დარეკვის ფაქტი შემთხვევის ადგილზე (მაშინ როდესაც ხალხი ტრიალებდა ნი---------–---–ის გარშემო და არა ა/მანქანაში ყოფნის პერიოდში), რითაც გამორიცხა მა-------------–--ის ჩვენების სისწორე. დაცვის მხარის განმარტებით, მა-------------–--ის სუბიექტურობას განსაკუთრებით ამყარებს ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილზე იგი გამოირჩეოდა აქტიურობით, რაც გამოიხატა ნი---------–---–ის ნების საწინააღმდეგოდ სსიპ 112-ში დარეკვაში.

 

3.1.17. სასამართლო დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას აფასებს უსაფუძვლოდ შემდეგ გარემოებათა გამო: 1) საქმის მასალების სიღრმისეული შესწავლის შედეგად მა-------------–--ის მხრიდან მოცემული სისხლის სამართლის საქმით დაინტერესება არ დადგენილა. სასამართლო განმარტავს: ზოგადად ის ფაქტი, რომ ძალადობის შემსწრე პირი აქტიურობს დანაშაულის ჩამდენი მოძალადის გასამჟღავნებლად, a priori არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მის მიკერძოებას. უფრო მეტიც, სასამართლოს მოსაზრებით, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა ყოველი მოქალაქის სამოქალაქო მოვალეობაა. განსაკუთრებით ოჯახურ დანაშაულებთან მიმართებაში, რომელიც თავისი ბუნებიდან გამომდინარე ლატენტური ხასიათისაა და ხშირად არ ექცევა სხვათა მხედველობის არეში; 2) მოცემულ შემთხვევაში, მა-------------–--ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სასამართლოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას. უფრო მეტიც, მან დეტალურად ასახა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები. რაც შეეხება აღნიშნული მოწმის ჩვენების „ვითომდა“ თე------------ს ჩვენებასთან წინააღმდეგობას, ასეთი ფაქტი საქმის განხილვისას არ დადგენილა. ადვოკატის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თე------------მ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა ქალბატონმა, სახელად ლ---- (და არა მა-------------–--ემ) უარყო ნი---------–---–ის მოთხოვნა - წასულიყო პატრული. მოწმის ამ განმარტებიდანაც ნათელია, რომ პატრული იმ მომენტში, მა-------------–--ის განმარტების შესაბამისად, უკვე გამოძახებული იყო. სასამართლოს ამ უკანასკნელის ჩვენების სისწორეში არწმუნებს სსიპ 112-ის სამსახურის შეტყობინების ბარათიც, რომლის შინაარსი ცალსახად მიუთითებს, რომ მა-------------–--ისგან სსიპ 112-ის სამსახურში შემავალი ზარი განხორციელდა ა/მანქანიდან და არა შემთხვევის ადგილიდან, როგორც ამას ამტკიცებს დაცვის მხარე.

 

3.1.18. სასამართლო არც დაცვის მხარის მეორე არგუმენტს მიიჩნევს სარწმუნოდ, რადგან აღნიშნული პოზიცია, ბრალდებულის ჩვენების გარდა არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით. სასამართლო განმარტავს: მართალია უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ბრალდების მტკიცების ტვირთი დაცვის მხარეზე არ გადადის, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც დაცვის მხარე სასამართლოს შესთავაზებს საკუთარ ვერსიას, მისი მტკიცების ტვირთი/დასაბუთების ვალდებულება სწორედ მას ევალება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. სასამართლოს მოსაზრებით, ნი---------–---–ის სახეზე არსებული ტრავმის ხასიათი და ლოკაციები, თანხვედრაშია დაზარალებულის ჩვენებასთან (დაზარალებულის განმარტებით, ა/მანქანიდან გადასვლის დროს დაეცა არა სახით, არამედ მუხლებით).

 

3.1.19. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ როგორც სადავოდ, ისე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც სანდოობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1.-2.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2. ძარცვა ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

3.2.1. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ნი---------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 27 იანვარს, სამსახურში ა/მანქანით მიაკითხა ყოფილმა მეუღლემ - ჯე---–------ძემ და სთხოვა შერიგება, რაზეც თავად უარზე იყო. აღნიშნულმა ფაქტმა ბრალდებული გააბრაზა. მოწმის თქმით, გაბრაზების მიზეზი იყო ეჭვიანობის გრძნობა, რომელიც ჯე---–------ძეს წარმოეშვა მას შემდეგ, რაც მოწმეს კუთვნილ მობილურ ტელეფონზე მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება. მოწმის გადმოცემით, მის ყოფილ მეუღლეს ეგონა, რომ მას სხვა მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა, რის გამოც ე.წ. „სმს“ შეტყობინების წასაკითხად გამოართვა კუთვნილი მობილური ტელეფონი, რაც მოწმემ გადასცა ნებაყოფლობით, თუმცა ვინაიდან იყო განერვიულებული ვერაფრის წაკითხვა შეძლო. გზად, როდესაც მოწმე და მისი ყოფილი მეუღლე იმყოფებოდნენ რ----------–---–-- ქუჩაზე, ჯე---–------ძემ შეანელა სვლა, რა დროსაც მოწმე გადმოხტა ღია კარებიდან. იმ მომენტში, მოწმე არ დაინტერესებულა ტელეფონით, შესაბამისად, ის დარჩა ა/მანქანაში. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას, მოწმემ კატეგორიულად გამორიცხა ჯე---–------ძის მხრიდან მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი.

 

3.2.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე თე------------ს ჩვენებით, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა ნი---------–---–ის მონათხრობს, დგინდება, რომ 2018 წლის 2------------, მის შვილსა და ჯე---–------ძეს შორის, ამ უკანასკნელის ა/მანქანაში მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ნი---------–---–ს მობილური ტელეფონი დარჩა ჯე---–------ძის ა/მანქანაში. მოწმემ კატეგორიულად გამორიცხა ჯე---–------ძის მხრიდან აღნიშნული ტელეფონის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი და განმარტა, რომ ეს ტელეფონი მის ქალიშვილს თავად ჯე---–------ძემ აჩუქა. იმ ფაქტს, რომ ჯე---–------ძეს არ შეიძლება ჰქონოდა ნი---------–---–ის მობილური ტელეფონის მისაკუთრების მიზანი, მოწმის გადმოცემით ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მისმა მაზლმა - ლე---------–---–მა, მათთან სახლში მიიტანა ჯე---–------ძის დედის მიერ ნებაყოფლობით გადაცემული ნი---------–---–ი მობილური ტელეფონი. მოგვიანებით მოწმეს დაუკავშირდნენ პოლიციის განყოფილებიდან, სადაც წარადგინეს ზემოხსენებული ტელეფონი.

 

3.2.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაცვის მხარის მოწმე მე-----–----ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 2------------, სახლში მისულ ჯე---–------ძეს ეცვა თეთრი მაისური, რომელსაც საყელო ჰქონდა დაზიანებული, ამასთან დაინახა, რომ ყელსაბამზე არ ეკეთა ჯვარი. მოწმის კითხვაზე - თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო ჯვარი, ჯ----–-- უპასუხა, რომ სავარაუდოდ ა/მანქანაში დავარდებოდა. ამის შემდეგ, მოწმე ჩავიდა ჯვრის მოსაძებნად. მოწმემ დაადასტურა, რომ როდესაც გააღო მძღოლის მხარეს არსებული კარი, დაინახა ჯვარი და მობილური ტელეფონი. მოწმემ აღნიშნული ნივთები აიტანა სახლში. ტელეფონის დანახვისას ჯე---–------ძემ თქვა შემდეგი ფრაზა: „ე--------------–--------, დარჩენია მანქანაში“-ო. ამის შემდეგ, მოწმემ შეინახა ტელეფონი, რომელიც იმავე დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე (ბრალდებულის დაკავებამდე) გადასცა მასთან მისულ ნი---------–---–ის ბიძას. დაახლოებით 22:00 საათზე, მასთან მობილურის მოსაძიებლად მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც განუცხადა, რომ მობილური ტელეფონი უკვე გადაცემული ჰქონდა ნი---------–---–ის ბიძისთვის.

 

3.2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ლე---------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 2------------, დაუკავშირდა მისი რძალი - თე------------ და უთხრა, რომ ჯე---–------ძემ იძალადა ნი---------–---–ზე, რის გამოც იმყოფებოდნენ საავადმყოფოში. ამის შემდეგ იგი მივიდა საავადმყოფოში, მოგვიანებით - პოლიციის განყოფილებაში, იქიდან კი - ჯე---–------ძის საცხოვრებელ სახლში ამ უკანასკნელისა და ნი---------–---–ის საერთო შვილის წამოსაყვანად, რა დროსაც ჯე---–------ძის დედამ - მე-----–----ემ გამოატანა ნი---------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ნი---------–---–ზე მისაცემად.

 

3.2.5. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით (27.08.2018 წ.) დგინდება, რომ ჯე---–------ძე დაკავებულ იქნა 2018 წლის 2------------. პირადი ჩხრეკისას ჯე---–------ძისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ნივთიერება ან საგანი, აგრეთვე ნი---------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ამოღებული არ ყოფილა.

 

3.2.6. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისა და ა/მანქანის ჩხრეკის ოქმებით (27.08.2018 წ.) დგინდება, რომ ჯე---–------ძის საცხოვრებელი ბინიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ნივთიერება ან საგანი, აგრეთვე ნი---------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ამოღებული არ ყოფილა.

 

3.2.7. ამოღების ოქმით (28.08.2018 წ.) დგინდება, რომ 2018 წლის 28 აგვისტოს, ნი---------–---–ისგან ამოღებულ იქნა „ა--------“ მოდელის მობილური ტელეფონი.

 

3.2.8. სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეთანხმების გამო, მოწმის სახით აღარ დაიკითხნენ 3.2.4. - 3.2.6. პუნქტებში ასახული საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე გამომძიებლები: რ------ კ-----------, ს------ კ--------, ზ------ ბ----–---–- და თ----- გ--–-–---–-, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეიუდიციად იქნა მიჩნეული მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებათა ამსახველი ოქმები.

 

3.2.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ჯე---–------ძემ თავი ცნო უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 2------------, ნი---------–---–მა მისი თქმის საფუძველზე, ნებაყოფლობით გადასცა საკუთარი მობილური ტელეფონი (იხ. პუნქტი 3.1.10.). მანვე დამატებით განმარტა, რომ აღნიშნული მობილური ტელეფონი სახლში მისვლის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინა დედამისმა, რაც იმავე დღეს გადასცეს ნი---------–---–ის ბიძას, მის ყოფილ მეუღლეზე მისაცემად.

 

3.2.10. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულების შეფასებისათვის საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილი კუმულაციურად ადგენს სამ გარემოებას, რომლის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს მისი: 1. რელ----ტურობის, 2. დასაშვებობის; 3. უტყუარობის თვალსაზრისით. შესაბამისად, მტკიცებულება შესაძლებელია აკმაყოფილებდეს პირველ ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო, არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მტკიცებულების უტყუარობის კონტექსტში მიმოიხილავს დაზარალებულ ნი---------–---–ის ჩვენებას. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ჩვენება არათუ აკმაყოფილებს უტყუარობის კრიტერიუმს, არამედ სრულად გამორიცხავს ჯე---–------ძის მხრიდან მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების განზრახვას. აღნიშნული დასკვნის გაკეთებისას, სასამართლოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულ ნი---------–---–ის განმარტება, რომ ჯე---–------ძემ მას ეჭვიანობის ნიადაგზე, იმ მომენტში მისული მოკლე ტექსტური შეტყობინების წასაკითხად, გამოართვა მობილური ტელეფონი. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა ბრალდებულს საკუთარი მობილური ტელეფონი გადასცა ნებაყოფლობით. რაც შეეხება აღნიშნული ნივთის ჯე---–------ძის ა/მანქანაში დატოვებას, რაც ბრალდების მხარისთვის გახდა ამ უკანასკნელისთვის დამამძიმებელ გარემოებებში ძარცვის ბრალდების წაყენების საფუძველი, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაზარალებულმა თავის ჩვენებაში ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ა/მანქანიდან გადახტომის მომენტში, იგი არ დაინტერესებულა თუ სად იყო მობილური ტელეფონი. მტკიცებულებათა „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით შეფასებისას, სასამართლოსთვის ასევე მნიშვნელოვანია დაზარალებულ ნი---------–---–ის ოჯახის წევრების ჩვენებებიც. კერძოდ, თე------------მ (ნი---------–---–ის დედა), მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ფაქტის შემსწრე პირი, კატეგორიულად გამორიცხა ჯე---–------ძის მიერ ნი---------–---–ის მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების განზრახვა და განმარტა, რომ სადავო მობილური ტელეფონი მის ქალიშვილს სწორედ ყოფილმა მეუღლემ აჩუქა. ამასთან, მისმა მაზლმა - ლე---------–---–მა აღნიშნული ნივთი, რომელიც გადასცა ჯე---–------ძის დედამ, ჯე---–------ძის დაკავებამდე მიიტანა სახლში. ეს უკანასკნელი ფაქტი დასტურდება ლე---------–---–ის, მე-----–----ის, ჯე---–------ძის ჩვენებებითა და ამოღების ოქმით. სასამართლოსთვის ასევე სარწმუნოა დაცვის მხარის მოწმე - მე-----–----ის (ჯე---–------ძის დედა) ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ ჯე---–------ძისთვის უცნობი იყო ნი---------–---–ის მიერ კუთვნილი ტელეფონის საკუთარ ა/მანქანაში დავარდნის ფაქტი (იხ. პუნქტი 3.2.3.) სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული ფაქტები ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს ჯე---–------ძის ქმედებაში ძარცვის, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ნიშნების არსებობას.

 

3.2.11. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდების მხარის პოზიციას ჯე---–------ძის დამნაშავედ ცნობის შესახებ, საფუძვლად არ უდევს საკმარისი მტკიცებულებითი ბაზა. შესაბამისად, ბრალდების მხარის ვერსია ჯე---–------ძის ბრალეული ქმედების შესახებ, რომ იგი აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნი---------–---–ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, ვერ სცდება ვარაუდს, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული, რადგან პირის ბრალდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს ეჭვებსა და ვარაუდებს, იგი უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. ჯე---–------ძის დანაშაულებრივი ქმედების (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი) შეფასებისას, სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს კონსტიტუციაზე, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებათა ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას განიხილავს. შესაბამისად, ოჯახური ძალადობა უნდა განვიხილოთ, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.

 

4.2. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნეს ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს მეორე პირის მიმართ ფიზიკური ძალადობის აქტების ჩადენით გამოხატული წინასწარგანზრახული ქცევა.

 

4.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. სუბიექტური მხრივ განზრახი დანაშაულია და ქმედების კვალიფიკაციისთვის მოტივსა და მიზანს მნიშვნელობა არ აქვს.

 

4.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4.5. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ჯე---–------ძე და ნი---------–---–ი იყვნენ მეუღლეები და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4.6. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (იხ. პუნქტები 3.1.1. – 3.1.10.) სიღრმისეული შეფასების შედეგად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჯე---–------ძის მიერ მისი ყოფილი მეუღლის - ნი---------–---–ის მიმართ განხორციელებული ქმედებები შეიცავს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს. რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ კრიტერიუმს, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით, რომელიც აღმოცენდა ეჭვიანობის ნიადაგზე. ჯე---–------ძის მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიზანს სწორედ ნი---------–---–ის მიმართ ძალადობის ჩადენა წარმოადგენდა, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში.

 

4.7. სასამართლოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, დადგენილად მიაჩნია, რომ ჯე---–------ძემ 2018 წლის 2------------, დაახლოებით 14:00 საათიდან 14:30 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. თბილისში, შ-------------–-- გამზირიდან მ---------- ქუჩამდე მოძრავ ა/მანქანაში, ხელისა და იდაყვის გამოყენებით, სახის არეში მრავალჯერადი დარტყმით ყოფილ მეუღლეს ნი---------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ნი---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

4.8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, რომელიც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სსკ-ით განმტკიცებულ საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. ძარცვის აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების ანგარებით დაუფლება ხდება თვალნათლივ. ამასთან, დამნაშავეს ცხადია გააზრებული უნდა ჰქონდეს მისი დანაშაულებრივი ქმედების მნიშვნელობა და მის მისაღწევად წინააღმდეგობის გადასალახად ძალადობის ხერხის გამოყენების შესაძლებლობა, რაც შეიძლება გამოიხატოს, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ზემოქმედებაში.

 

4.9. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

 

4.10. ევროპული სასამართლოს განმარტებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იქნეს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93). სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში. თავის მხრივ, მტკიცებულებათა სიმყარეს პირდაპირი სახის მტკიცებულებები ქმნიან.

 

4.11. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს. კერძოდ, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას. ამასთან, მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ იწვევდეს ბრალდებულის მიმართ.

4.12. მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჯე---–------ძის მიერ ნი---------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონის აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებას. აღნიშნულის გათვალისწინებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, არასაკმარისი ხასიათის გათვალისწინებით, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოების ინტერესში შედის არამხოლოდ ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ადეკვატური ღონისძიებების გატარება, არამედ უპირველესად, შესაბამის მტკიცებულებათა არ არსებობის ფონზე, პირის მსჯავრდების გამორიცხვა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისობის და უტყუარობის კრიტერიუმის დაუძლევლობის გათვალისწინებით, გამორიცხულია ჯე---–------ძის ბრალად წარდგენილი ქმედების დადასტურება. ამასთან, ვინაიდან არ არსებობს ქმედების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, სასამართლო არამართებულად მიიჩნევს მისი დამამძიმებელი გარემოებების შეფასებას.

 

4.13. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე ჯე---–------ძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმად, მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვლის №453აპ-15 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8; აგრეთვე 2015 წლის 16 აპრილის №510აპ-14 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 21). საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არათუ ერთი, არამედ არცერთი მტკიცებულება არ შეიძლება მივიჩნიოთ ჯე---–------ძის მხრიდან ძარცვის ბრალდების დამადასტურებლად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა არარსებობის გამო, ჯე---–------ძე უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.

 

5.3. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლზე და განმარტავს, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს სსკ-მა გაამკაცრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილისთვის, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისთვის, სისტემატური შეურაცხყოფისთვის, შანტაჟის ან დამცირებისთვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და სასჯელის სახით დააწესა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ან უამისოდ.

 

5.4. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროის განსაზღვრას მნიშვნელობა აქვს კანონის უკუძალის საკითხის გადასაწყვეტად, რადგან სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კანონი ამკაცრებს სასჯელს მას უკუძალა არ გააჩნია.

 

5.5. საქართველოს სსკ-ის 2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით, რომელიც მოქმედებდა ჯე---–------ძის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მომენტში, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი ისჯებოდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, დღეს მოქმედი რედაქციით ჯე---–------ძისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებისთვის სასჯელი დამძიმდა. შესაბამისად, ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის დღეს მოქმედი რედაქცია აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას - ამკაცრებს სასჯელს, ახალ კანონს უკუძალა ვერ მიენიჭება და ჯე---–------ძის ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა უნდა განისაზღვროს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით.

 

5.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულების პიროვნება. ამდენად, სასამართლო 2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული სასჯელიდან შეარჩევს რომელი მათგანი უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნების განხორციელებას.

 

5.7. სასჯელის კონკრეტული სახის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს ჯე---–------ძის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (სახეზეა მომეტებული საშიშროების მატარებელი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ჩადენილი ისეთ სივრცეში, რომელიც შესამჩნევია სხვა პირთათვის), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ჯე---–------ძემ რამდენჯერმე დაარტყა ხელი ნი---------–---–ს სახის არეში), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის სურვილს დაზარალებულისათვის დარტყმის განხორციელებით მიეყენებინა ფიზიკური ტკივილი), დამდგარ შედეგს (მსხვერპლმა ნი---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი), მის პირად ცხოვრებისეულ პირობებს (ჰყავს არასრულწლოვანი შვილი), ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ეჭვიანობის ნიადაგზე ძალადობის ჩადენას), აგრეთვე მის პიროვნებას (ჯე---–------ძე არის განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი) და მიიჩნევს, რომ ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, ზემოხსენებული პრინციპებიდან გამომდინარე, ჯე---–------ძეს სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება ქმედების შესაბამისი, რეალური და პროპორციული საშუალება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

5.8. სასამართლო სასჯელის ზომის განსაზღვრისას ყურადღებას გაამახვილებს დანაშაულის რეციდივზე. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებულია საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

5.9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8--------- განაჩენით, ჯე---–------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. აგრეთვე ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ჯე---–------ძეს მოხდილი აქვს ხსენებული განაჩენით დაკისრებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელი, თუმცა დღეის მდგომარეობით ითვლება ნასამართლევ პირად, რის გამოც სახეზეა დანაშაულის რეციდივი.

 

5.10. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ვინაიდან მოცემულ სიტუაციაში თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 1 წლით თავისუფლების აღკვეთას, სასამართლო ჯე---–------ძეს საბოლოო სასჯელს დაუნიშნავს მაქსიმალური ვადით.

 

6. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ, ნი---------–---–ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ჯე---–------ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ჯე---–------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ჯე---–------ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 27 აგვისტოდან.

 

ჯე---–------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ნი---------–---–ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი