გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.02.2019
საქმის ნომერი
330210018002419386
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
08.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/12427-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე - სა---------–----–-----------------------------

წარმომადგენელი - დ---------------

მოპასუხე - შპს „კ------------“

წარმომადგენელი - ან–--–-----------, ემ----------------

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „კ------------“-სათვის მოსარჩელე სა---------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 5 049.90 ლარის გადახდის დაკისრება. შ-----------------------------სა და შპს „კ------------“-სს შორის 2017 წლის 10 მარტს გაფორმდა N1-- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შ-----------------------------სათვის მიეწოდებინა ხის მასალა. ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 20 ივლისის ჩათვლით შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. მიმწოდებელი კომპანიის მიერ ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული მასალის პირველი და მეორე ეტაპის შემოტანა განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით. შპს „კ------------“-ის წერილით ასევე ირკვევა, რომ ვერ ხერხდება ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის სრულად მიწოდება (ბოლო ეტაპის). სა---------–----–-----------------------------სა და შპს „კ------------“-სს შორის 2017 წლის 10 მარტს გაფორმებული N1-- ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.4 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელს დააკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად განისაზღვრა 5 049.90 ლარით. შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 22 აგვისტოს განკარგულებით შპს „კ------------“ რეგისტრირებულ იქნა შავ სიაში.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „კ------------“ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით არ ცნობს სარჩელის მოთხოვნას და განმარტავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირველი ეტაპი შესრულდა გარკვეული ხარვეზით, რაც შეთანხმებული იყო მოსარჩელესთან და ორი დღის მანძილზე ხარვეზი აღმოფხვრილი იქნა. ვინაიდან პირველი ეტაპის თანხის გადახდა მოსარჩელის მიერ ორი თვის დაგვიანებით მოხდა, წერილობით ეცნობა, რომ მათთან წყვეტდნენ ხელშეკრულებას.

 

ხელშეკრულების შეწყვეტა შპს „კ--------“ მხრიდან გამოწვეული იყო მოპასუხის მიერ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, რაც გამოიხატა პირველი ეტაპის თანხის დაგვიანებით ჩარიცხვაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შ-----------------------------სა და შპს „კ------------“-სს შორის 2017 წლის 10 მარტს გაფორმდა N1-- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შ-----------------------------სათვის მიეწოდებინა ხის მასალა.

 

ხელშეკრულების მე- 3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 50 499 ლარით.

 

მხარეთა შორის 2017 წლის 10 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების 4.1. პუნქტისა და დანართი N1-ის თანახმად, მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 20 მარტის ჩათვლით და ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 20 ივლისის ჩათვლით შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

 

ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

 

ხელშეკრულების 10.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობებს ვერ შეასრულებს (შესრულების ვადა, ხარისხი) ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, შემსყიდველი უფლებამოსილია: ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით. ხოლო 10.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1-- ხელშეკრულება;

- ხელშეკრულების დანართი N1;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. 2017 წლის 23 მარტს შპს „კ------------“-მა სა---------–----–-----------------------------ს მიაწოდა 20 416 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო 2017 წლის 28 მარტს - 14 259 ლარის ღირებულების საქონელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 23.03.2017 და 28.03.2017 მიღება-ჩაბარების აქტი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. შპს „კ------------“-ს მიწოდების ვადის გადაცილების გამო, დაერიცხა ჯარიმა 1 211.98 ლარის ოდენობით. აღნიშნული ჯარიმა გადახდილია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 11.05.2017 საგადახდო დავალება N14-------7;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „კ------------“-ის 2017 წლის 22 მაისის წერილით, მხარეებს შორის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს ვალდებულების შესრულება.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს შესაძლებლობას,მოშალოს ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული ინსტიტუტის სამართლებრივ ასპექტებზე. ხელშეკრულების მოშლის ფუნქცია არის არა შესრულების შედეგად მიღებული შედეგების უკან დაბრუნება, არამედ მის შესრულებაზე მომავალში უარის თქმა, განსხვავებით ხელშეკრულებიდან გასვლის ინსტიტუტისა, რომლის მიზანია, შესაძლებლობა მისცეს კრედიტორს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, როცა მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაცაა, ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ. შესაბამისად, გამოიყენება 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი. განსხვავებით აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილისა, ეს დებულება მიმართულია უშუალოდ კრედიტორის ინტერესების დასაცავად, რადგან იგი ხელშეკრულების მოშლის წინაპირობად ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას უთითებს. განსხვავებულია, ასევე მათი გამოყენების რეჟიმიც: თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, პატივსადები მიზეზების შემთხვევაში მხარეებს პირდაპირ შეუძლიათ ხელშეკრულების მოშლა, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ამ უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. ამასთან, დამატებითი ვადა არ არის საჭირო, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ მოჰყვება ან კრედიტორი კარგავს ინტერესს შესრულების მიმართ.

 

ხელშეკრულებიდან გამომდინარე კონკრეტული ვალდებულებების შეუსრულობლობასთან დაკავშირებით, შემსრულებელს უნდა მიეცეს დამატებითი

ვადა ან გაფრთხილება ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად.

 

მოპასუხე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების საპირისპიროდ, სარჩელში მითითებული გარემოების უარსაყოფად, აპელირებს მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, მისი მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 22 მაისის წერილის თანახმად, შპს „კ------------“-ის დირექტორი აცნობებს სა---------–----–-----------------------------ს, რომ მასალის გაძვირებასთან და მყიდველის მიერ დარღვეული თანხის გადახდასთან დაკავშირებით უარს აცხადებენ შემდეგი პარტიის შემოტანაზე და წყვეტენ ხელშეკრულებას. (იხ. 2017 წლის 22 მაისის წერილი).

 

ამდენად, მოპასუხემ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლად მიუთითა, იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ პირველ ეტაპზე მიწოდებული საქონლის ღირებულება გადაიხადა დაახლოებით თვენახევრის დაგვიანებით. საქმეში წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნებიდან დგინდება, რომ სა---------–----–-----------------------------მ მოპასუხეს 2017 წლის 03 მაისს ჩაურიცხა, 23 მარტს მიწოდებული საქონლის ღირებულება 20 416 ლარი. 15 მაისს კი 28 მარტს მიწოდებული საქონლის ღირებულება - 14 259 ლარი. კონკრეტულ შემთხვევაში, საქონლის მიწოდებიდან 20 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, შპს „კ------------“-ს არ გაუფრთხილებია შემსყიდველი ვალდებულების შესრულების თაობაზე და ნება ხელშეკრულების მოშლის თაობაზე გამოავლინა, მხოლოდ ვალდებულების შესრულების შემდეგ 2017 წლის 22 მაისს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, არ არის დაცული ხელშეკრულების შეწყვეტის, სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდის ვადის გადაცილება, ვადაგადაცილების პერიოდის გათვალისწინებით, ვერ განიხილება არსებითი ხასიათის დარღვევად და ამ მოტივით ხელშეკრულებაზე უარის თქმა დაუშვებელია. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ ამავე 2017 წლის 22 მაისის წერილში მოპასუხე შემდეგი პარტიის შემოტანაზე უარის მოტივად მიუთითებდა მასალის გაძვირებაზე. აღნიშნული გარემოება მით უფრო ვერ გახდება ხელშეკრულების მოშლის საფუძველი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არ დგინდება მოსარჩელის მიერ

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, რაც შეიძლება გამხდარიყო მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის უპირობო საფუძველი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სა---------–----–-----------------------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე, 477-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

2017 წლის 10 მარტს სა---------–----–-----------------------------სა (შემსყიდველი) და შპს „კ------------“-სს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №1-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრული ხე-ტყის მასალის შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა - 50 499 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო შესყიდვის ობიექტის მიწოდება განეხორციელებინა დანართი №1-ით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.

 

შპს „კ------------“-მა ჯეროვნად არ შეასრულა მასსა და სა---------–----–-----------------------------ს შორის 2017 წლის 10 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი სრულად არ მიაწოდა. აღნიშნული გარემოება შემსყიდველს ანიჭებდა ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილებას, რომლის გამოყენების შემთხვევაში, ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.4. პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდევინება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 5049.90 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოპასუხემ სადავოდ გახადა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, ხოლო მის ოდენობაზე შედავება არ განახორციელა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოიხმოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, კერძოდ: „საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში სასამართლო მხოლოდ ხელმძღვანელობს მხარეთა შეჯიბრს. ამ პროცესში მონაწილეობენ მოთხოვნის კრედიტორი, რომლის მიმართაც დარღვეულია ვალდებულება და მოვალე/მოპასუხე, რომელიც მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებას - პირგასამტეხლოს მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალგანაკვეთად. ამ დროიდან, უკვე სასამართლო იწყებს პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას. საგულისხმოა, რომ ამ პროცესში მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი, თუმცა საგულისხმოა, რომ თუ მხარე სადავოდ არ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას (გონივრულობას), მაგრამ საერთოდ გამორიცხავს მისი დაკისრების წინაპირობების არსებობას, უპრიანია სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობაც შედავებულად მიიჩნიოს და შეაფასოს მისი გონივრულობა. ასეთ ვითარებაში ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს მხარის ნება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არათუ პირგასამტეხლოს ოდენობას ხდის სადავოდ, არამედ საერთოდ პირგასამტეხლოს დაკისრებას არ ეთანხმება“ (№ას-318-301-2017, 05.05.2017 წელი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით - 5 049.90 ლარის დაკისრება, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შემდეგი გარემოებების გამო:

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღვრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აქვს კანონიერი ნდობა სახელმწიფო ორგანოს ქცევის კეთილსინდისიერების მიმართ, რაც იმაში გამოიხატება, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებამ კომპანია გადახდისუუნარობის პირას არ უნდა მიიყვანოს. სანქციის სახით დაწესებული პირგასამტეხლო უნდა ატარებდეს იმ სამართლებრივ მიზანს, რაც მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ანიჭებს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ შემსყიდველს არ მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 15 824 ლარის ღირებულების საქონელი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს დარღვევის ხასიათს, ასევე იმ გარემოებას, რომ ვალდებულების დარღვევის გამო, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით ამ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი აქვს 1211.98 ლარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ნორმატიულ დანიშნულებიდან გამომდინარე, ის უნდა შემცირდეს ორჯერ და დასაკისრებელი თანხის ოდენობა ნაცვლად 5 049.90 ლარისა განისაზღვროს - 2 524.95 ლარით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება შემსყიდველის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოსარჩელე - სა---------–----–----------------------------- გათავისუფლებულია სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 75.74 ლარის გადახდა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. სა---------–----–-----------------------------ს სარჩელი შპს „კ------------“-ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე შპს „კ------------“-სს მოსარჩელე სა---------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 2 524.95 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე შპს „კ------------“-სს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 75.74 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია