გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.01.2019
საქმის ნომერი
330210118002362661
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
11.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/8581-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

11 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე

 

მოსარჩელე -მ--- ა--------ი

წარმომადგენელი - დ--------------–---–-

 

მოპასუხე - გ---- მ------–---–ი

წარმომადგენელი - ნ------------–---

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გ---- მ------–---–ს მოსარჩელე მ--- ა--------ის სასარგებლოდ დაეკისროს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე 15 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2014 წლის 14 ოქტომბერს, მოსარჩელის მამამ გაყიდა ბინა მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------ის მე-3 მ/რ, მე-2 კვარტალი, კორპუსი #-----------, 28 000 აშშ დოლარად, რა დროსაც 20 000 აშშ დოლარი აჩუქა მოსარჩელეს. აღნიშნული თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი მოსარჩელემ შეიტანა სს ,,თიბისი ბანკში“ და დადო ანაბარზე, ხოლო 10 000 აშშ დოლარი კი გაასესხა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.

2015 წლის იანვარში მოსარჩელემ გაიცნო მოპასუხე გ---- მ------–---–ი და იმავე წლის აპრილში გადაწყვიტეს ერთად (სამოქალაქო ქორწინება) ცხოვრება ოროთახიან ბინაში (გ---- მ------–---–ის დედის ბინა) მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ბ------------–--–-ის 9, ბინა #16. აღნიშნულ ბინაში მოსარჩელის სახსრებით და მამის ნაჩუქარი თანხებით გააკეთა რემონტი, სამზარეულოში, ლოჯში, საძინებელში ჩასვა მეტალო-პლასტმასის ფანჯრები, რაც დაუჯდა 1000 ლარი, გაიყვანა ახალი ელექტროობა. სამზარეულოსა და საძინებელში ჩასვა ახალი ემ-დე-ეფ კარი.

2015 წლის ივნისში, მ--- ა--------ს და გ---- მ------–---–ს მოპასუხის დედასთან მოუვიდათ კონფლიქტი და საცხოვრებლად გადავიდნენ მოპასუხის ერთოთახიან ბინაში მდებარე: ქ. თბილისი, ბ------------–--–-ის 4, ბინა #59. ბინა იყო სარემონტო მდგომარეობაში და მოსარჩელე იძულებული გახდა ბანკიდან გამოეტანა 2000 აშშ დოლარი და მოეხმარა ბინის კეთილმოწყობისთვის. 2015 წლიდან მოპასუხე მოსარჩელეს სთხოვდა გაეყიდა ბინა, რაზეც მოსარჩელე საბოლოოდ დათანხმდა. 2015 წლის სექტემბერში, მოსარჩელეს მოვალემ დაუბრუნა 12 400 აშშ დოლარი და ბანკიდან გამოიტანა თანხა, სულ შეუგროვდა 18 000 აშშ დოლარი.

2016 წლის მარტში, მოპასუხემ ნახა ბინა მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------–ი, მე-3 მასივი, კვარტალი 9, კორპუსი #2, ბინა #26, რომლის ღირებულებაც იყო 20 000 აშშ დოლარი. მოპასუხემ მოსარჩელეს უთხრა, რომ ამ ბინას თავის სახელზე გაიფორმებდა, ხოლო მოგვიანებით, როცა გამონახავდა თავისუფალ დროს, მის სახელზე გადააფორმებდა. მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 18 000 აშშ დოლარი და 14.03.2016 წელს გ---- მ------–---–მა 20 000 აშშ დოლარად შეიძინა ბინა, რომელიც გაფორმდა მის სახელზე.

2016 წლის 31 მაისს გარდაიცვალა გ---- მ------–---–ის დედა და ორმოცი დღის გასვლის შემდეგ, მოპასუხემ შესთავაზა მოსარჩელეს, რომ გადასულიყვნენ მისი დედის საკუთრებაში არსებულ ბინაში, ხოლო მის საკუთრებაში არსებული ბინა, რომელიც მოსარჩელემ თავის სახსრებით გაარემონტა, გაექირავებინათ, რაზეც მოსარჩელე დათანხმდა. სანამ გადავიდოდნენ, იმ ოთახებში, სადაც რემონტი გასაკეთებელი იყო, კიდევ გააკეთა მოსარჩელემ თავისი სახსრებით, შეიძინა სამზარეულოს ავეჯი და საჭირო ტექნიკა, ხოლო შემდეგ კი გადავიდნენ საცხოვრებლად. მოსარჩელე 2017 წლის განმავლობაში სთხოვდა მოპასუხეს ბინის გადმოფორმებას, რის გამოც ურთიერთობაც დაეძაბათ, მათ შორის მოხდა კონფლიქტი და მოსარჩელე დაბრუნდა მშობლების ბინაში საცხოვრებლად. ამის შემდგომ, მოპასუხე უარს აცხადებს ბინის გადაცემაზე და არც თანხას უბრუნებს მოსარჩელე, რის გამოც მ--- ა--------ი იძულებულია მიმართოს სასამართლოს.

საქმის განხილვის პროცესი მოსარჩელე მხარის მიერ შემცირებული იქნა მოთხოვნა, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით 15 000 აშშ დოლარამდე.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ---- ა--------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ მ--- ა--------ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ სასამართო განხილვისას სადავო არ გამხდარა მოსარჩელე მხარის კუთვნილი თანხის (15 000 აშშ დოლარი) გადაცემისა და ამ თანხით უძრავი ქონების შეძენის ფაქტი. მხარე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას, თუმცა არ იქნა მითითებული თუ რა ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი საფუძვლით მიაჩნია რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 14 მარტს ზუ------------ეს და გ---- მ------–---–ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ---- მ------–---–მა ზუ------------ისგან 20 000 აშშ დოლარად იყიდა საცხოვრებელი ბინა მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ვ---------–ის დასახლება, მასივი 3, კვარტალი 9, კორპუსი 2---------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 0----------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 14 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-18);

- 14/03/2018 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 34-35);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წამოადგენს, რომ უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------–ის დასახლება, მასივი 3, კვარტალი 9, კორპუსი 2---------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 0----------------------.) შეძენა ნაწილობრივ მოხდა მ--- ა--------ის ფულადი თანხით - 15 000 აშშ დოლარი და ნაწილობრივ გ---- ა--------ის ფულადი თანხით - 5500 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წსლი 19 იანვრის გასაუბრების ოქმი (ს.ფ.103-104);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. არსებული მდგომარეობით უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------–ის დასახლება, მასივი 3, კვარტალი 9, კორპუსი 2---------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 0----------------------. საკუთრების უფლებით ეკუთვნის მხოლოდ მოპასუხე გ---- მ------–---–ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 14/03/2018 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 34-35);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 991-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ერთი პირის გამდიდრება უნდა მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე მნიშვნელობას მოკლებულია ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე პირთა ბრალეულობა, კეთილსინდისიერება და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერება თუ მართლწინააღმდეგობა. ანაზღაურების მოთხოვნის არსებობისათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა-დაზოგვა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებებზე, რომ მოპასუხე გ---- მ------–---–მა, მის მიერ მიცემული 15 000 აშშ დოლარით საცხოვრებელი ფართი შეიძინა იმ პირობით, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებას შემდგომ გადააფორმებდა მის სახელზე საკუთრების უფლებით. უდავოა, ის გარემოება, რომ მოპასუხე გ---- მ------–---–ის მიერ ზემოაღნიშნული პირობა არ შესრულდა და ქონება დღემდე მის სახელზეა.

 

მოპასუხე გ---- მ------–---–ი სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ იგი უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა, თუმცა მისი მტკიცების ფარგლებში, ვერ მიუთითებს მოსარჩელე მ--- ა--------ის მიერ მისთვის გადაცემული 15 000 აშშ დოლარის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველზე. მეტიც, მოპასუხე მხარის მიერ ახსნა-განმარტებითაც კი არ განხორციელებულა კვალიფიციური შედავება და მხარის პოზიცია შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ არ ეთანხმება სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო მხარეთა პოზიციების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე გ---- მ------–---–მა ვერ შეძლო იმ ფაქტობრივი გარემოების მითითებას კი, რომ იგი მ--- ა--------ისგან მიღებული 15 000 აშშ დოლარით არ გამდიდრებულა, აღნიშნულ გადაცემას ჰქონდა რაიმე სხვა მიზანი ან/და მოტივი, რის გამოც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მ--- ა--------ის ხარჯზე მოპასუხე გ---- მ------–---–ის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტს და ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანი და დასაბუთებულია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1097.24 ლარის ოდენობით, უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, 300 ლარის ოდენობით. ასევე, საქმის მოსამზადებელ ეტაპზე შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან, მ--- ა--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.03.2018 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც გ---- მ------–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------–ი, მასივი 3, კვარტალი 9, კორპუსი 2, სართული 4, ბინა 26, ფართი: 32.14 კვ.მ., ს/კ 0---------------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე მ--- ა--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე გ---- მ------–---–ს მოსარჩელე მ--- ა--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 15000 აშშ დოლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე გ---- მ------–---–ს მოსარჩელე მ--- ა--------ის სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 1097.24 ლარის ანაზღაურება.

 

4. მოპასუხე გ---- მ------–---–ს მოსარჩელე მ--- ა--------ის სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 300 ლარის ანაზღაურება.

 

5. დაუბრუნდეს მოსარჩელე გ---- მ------–---–ს დ--------------–---–-ს მიერ 2018 წლის 21 მარტს სს "თიბისი ბანკში" # 0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1458 ლარიდან 360.76 ლარი (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150).

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე